საქმე №ას-243-2019 5 ივლისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.ბ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „ლ.ბ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე ან ბანკი) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1.1. მ.ბ–სა (შემდეგში: მოპასუხე, მოვალე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და შ.ც–ს სოლიდარულად დაეკისრათ 6 370.33 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 4 311.75 ლარია, სარგებელი - 2 008.58 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 50 ლარი (თავდები პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრა თავდებობის ზღვრული ოდენობის 8 372.56 ლარის ფარგლებში);
1.2. მოპასუხეებისთვის პირგასამტეხლოს სახით 1 387 ლარის დაკისრების თაობაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, სარგებლის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ აპელანტი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდა (ტ.1,ს.ფ. 99-107).
5. იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი - მოპასუხე, მხარე არაუგვიანეს 2018 წლის 15 ნოემბრისა სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად (იხ. სსსკ-ის 2591 მუხლი). დადგენილია, რომ მხარე სასამართლოში დასახელებულ ვადაში არ გამოცხადებულა, რის გამოც სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 -დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 16 ნოემბერს და ამოიწურა იმავე წლის 29 ნოემბერს, ხოლო მხარემ სააპელაციო საჩივარი 2018 წლის 24 დეკემბერს წარუდგინა სასამართლოს, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა (იხ. სსსკ-ის 59-ე, 63-ე მუხლები).
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.
7. კერძო საჩივრის პრეტენზიები მსგავსია სააპელაციო საჩივარში ასახული მოტივებისა, დამატებით მისი ავტორი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებას უსვამს ხაზს და განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი უფლება შეუზღუდავი არ არის და სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ რეგულაციებს ექვემდებარება, მხარეს არ უნდა შეეზღუდოს სასამართლოსადმი წვდომის უფლება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 29 მარტის განჩინებით აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
10. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
11. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.
12. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
13. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება და არც კერძო საჩივრის ავტორს მიუთითებია საპირისპირო, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებას პირადად ესწრებოდა, მას დასაბუთებული გადაწყვეტილება სათანადო ვადაში არ ჩაუბარებია, ხოლო სააპელაციო საჩივარი კი თითქმის ერთი თვის დაგვიანებით წარადგინა სასამართლოში.
14. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება). ამდენად, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 იანვრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ბ–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 იანვრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 იანვრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე