საქმე №ას-276-2019 17 მაისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ.ზ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ხ–ა, მ.ზ–ა, ჭ.ზ–ა (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემრბის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამკვიდროზე საკუთრების უფლების აღიარება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჭ.ზ–ას (შემდეგში: მოპასუხე, სადავო საგნის მესაკუთრე, დასაჩუქრებული, ვაჟი) საკუთრებას წარმოადგენს სადავო უძრავი ქონება, მდებარე ზუგდიდის რაიონის, სოფ. ......, ს/კ: ..... რეგისტრაციის საფუძველია უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება.
2. სადავო ქონების წინა მესაკუთრეები არიან ი.ხ–ა (დედა), მ.ზ–ა (ქალიშვილი) (შემდეგში: მოპასუხეები, სადავო ქონების წინა მესაკუთრეები) და ამჟამინდელი მესაკუთრე. მათი თანასაკუთრების რეგისტრაციის საფუძველია საკომლო წიგნების ჩანაწერები.
3. ზუგდიდის ადგილობრივ არქივში დაცული ზუგდიდის რაიონის სოფ. ….. საკრებულოს 1973-1975 წლების და 1976-1978 წლების საკომლო წიგნებში კომლის (შემდეგში: კომლი) უფროსია ს.ზ–ა (შემდეგში: კომლის უფროსი) და წევრი ვ.ზ–ა (შემდეგში: კომლის წევრი) - მეუღლე.
4. კომლის უფროსი გარდაიცვალა 1977 წლის 23 ივლისს, მიუხედავად აღნიშნულისა, სამკვიდრო კომლის საერთო ქონებაზე არ გახსნილა, რადგან ამ დროისთვის ცოცხალი იყო კომლის წევრი. კომლის წევრი გარდაიცვალა 1977 წლის 16 აგვისტოს.
5. მოპასუხე (დედა) (სადავო ქონების წინა მესაკუთრე; იხ. მე-2 პუნქტი) ცხოვრობდა კომლში. მის შესახებ (ლ. ი. ასული ზ–ას მონაცემებით) კომლში რეგისტრაციის ინფორმაცია არსებობს 1986-1990 წლების (ცვლილებები ნაწარმოებია 1995 წლის ჩათვლით), 1996-2000 წლების, 2001-2005 წლების საკომლო წიგნებში. ამ ჩანაწერებზე შედავება კანონით დადგენილი წესით არ განხორციელებულა. ჩანაწერები არ გაუქმებულა.
6. მოპასუხე (დედა) არის ვ. ზ–ას (კომლის უფროსის შვილიშვილის) მეუღლე, ხოლო მ.ზ–ა (ქალიშვილი) და ჭ.ზ–ა (ვაჟი) ი.ხ–ას და ვ. ზ–ას შვილები. ქალიშვილი დაიბადა 12.04.1978 წელს, ხოლო ვაჟი - 28.03.1980 წელს ზუგდიდის რაიონის სოფ. …… დადგენილია, რომ ქალიშვილი 1993-1995 წლებში, ხოლო ვაჟი - 1994-1996 წლებში სწავლობდნენ ზუგდიდის რაიონის სოფ. ….. საშუალო სკოლაში, რომელიც გეოგრაფიულად ახლოს მდებარეობს ზუგდიდის რ-ნის სოფ. …... ისინი ბებია-ბაბუის (კომლის უფროსის და კომლის წევრის) სახლში ცხოვრობდნენ და ამ მისამართზე იყვნენ კომლში რეგისტრირებული დედასთან ერთად.
7. მოსარჩელე კომლის უფროსის შვილიშვილია, იგი არასდროს ყოფილა რეგისტრირებული კომლში. მოსარჩელეს, 1998 წლის 20 სექტემბერს, მიწის რეფორმის ფარგლებში შეუვსეს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, მიმდებარედ არსებული თავისუფალი ნაკვეთის ხარჯზე, რაც ასევე ადასტურებს მის კავშირს სოფელთან. საქმეში არსებული ინფორმაციით დასტურდება, რომ 1979-1984 წლებში იგი ფიზიკურად შრომობდა ზუგდიდის რაიონის სოფ. …… კოლმეურნეობაში.
8. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელემ მიიღო ბაბუის (კომლის უფროსის) სამკვიდრო უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ….. მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფელ ……, თუმცა მოპასუხის (დედის) საჩივრის საფუძველზე იმავე სასამართლოს 2016 წლის 05 თებერვლის განჩინებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი, რაც შესულია კანონიერ ძალაში.
9. სარჩელის საფუძვლები
9.1. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა:
9.1.1. სადავო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
9.1.2. მისი აღიარება სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ, მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე და საკუთრების უფლების რეგისტრაცია;
9.2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებმა კანონის მოთხოვნათა დარღვევით მოიპოვეს თანასაკუთრების უფლება კომლის უფროსის სამკვიდროზე, საიდანაც შესაბამისი წილი მასაც ეკუთვნის, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს.
9.3. მოსარჩელის მტკიცებით სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება უკანონოდ გადაეცა დასაჩუქრებულს, რადგან გამსხვისებელმა არარსებული უფლება განკარგა.
10. მოპასუხეების პოზიცია
10.1. მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. მათი მტკიცებით, თანასაკუთრება სადავო უძრავ ქონებაზე კანონის შესაბამისად მოიპოვეს, როგორც სოფლად რეგისტრირებულმა კომლის წევრებმა. საერთო ქონების ორი თანამესაკუთრის მიერ თავისი წილის სხვა თანამესაკუთრისათვის გადაცემა ნამდვილი გარიგების საფუძველზე არ შეიძლება გაბათილდეს.
10.2. მოპასუხეთა განმარტებით, მოსარჩელეს არ გააჩნია ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლები, რომ მიიღოს საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე მემკვიდრეობის საფუძველზე.
11. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
11.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
11.2. რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 54-ე, 524-ე და 1507-ე მუხლებით, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის #949 დადგენილებით (შემდეგში: დადგენილება), სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის #29 დეკრეტით (შემდეგში: დეკრეტი), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-3, მე-4, 102-ე, 103-ე მუხლებით.
12. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
12.1. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
13.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
13.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.
13.3. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება და დამატებით განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა იმ საკითხის გარკვევა, დედა და მისი შვილები იყვნენ თუ არა მამკვიდრებლის (კომლის უფროსის) კომლის წევრები და, აქედან გამომდინარე, მათ სწორად მიიღეს თუ არა საკუთრება სადავო ქონებაზე, რადგან აღნიშნულ ქონებაზე პრეტენზიას აცხადებს კომლის უფროსის შვილიშვილი (მოსარჩელე).
13.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოდ დგინდებოდა, რომ მოპასუხე მესაკუთრეებმა კანონით დადგენილი წესით მიიღეს და გაასხვისეს მათ სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრება და ამ თვალსაზრისით საქმეში წარდგენილ მტკიცებულებებს მოსარჩელემ დაუპირისპირა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც მან მიიღო წილი ბაბუის (კომლის უფროსის) სამკვიდროდან, თუმცა, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ მითითებული სამკვიდრო მოწმობის გაცემას საფუძვლად დაედო სასამართლოს გადაწყვეტილება (სამკვიდროს მიღების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის თაობაზე), რომელიც მოგვიანებით ბათილად იქნა ცნობილი (იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი), რაც, თავის მხრივ, გამორიცხავდა განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
13.5. სააპელაციო სასამართლომ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტზე მიუთითა, რომლის მიხედვით „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, კომლს, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც თავის ძირითად საქმიანობას ახორციელებს სოფლის მეურნეობის სფეროში“, იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე, შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას“, მე-5 პუნქტის მიხედვით კი „საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული.“
13.6. კომლის წევრად მიღების წესს და პირობებს არეგულირებდა საქართველოს სსრ მიწის კოდექსი (მე-40-ე მუხლი), რითაც რეგულირებული იყო გარეშე პირის კომლის წევრად მიღების წესი და პირობები, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 122-125 მუხლები (1964 წლის რედაქცია), რითაც დადგენილი იყო, რომ საკოლმეურნეო კომლის ქონება მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდა, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილით.
13.7. საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 სახელმწიფო საბჭოს 1993წლის 21 ოქტომბრის №29 საფუძველზე 1993 წლიდან კომლს სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა (ამავე აქტების საფუძველზე დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების რეორგანიზაცია და სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ კანონით გათვალისწინებულ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა) და საკოლმეურნეო კომლები გაუქმდა, ხოლო ქონება, რომელიც კომლის ქონებას და შესაბამისად კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, სამოქალაქო კოდექსის (1964 წ. რედ.) 122-125-ე მუხლების შესაბამისად, თანასაკუთრების უფლებით გადანაწილდა იმ პირებზე, რომელიც იმ პერიოდისთვის კომლის წევრები იყვნენ.
13.8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საკომლო წიგნის ჩანაწერი უფლების დამდგენი საბუთია, იგი განსაზღვრავს პირის მიერ ქონების მართლზომიერ მფლობელობას, ხშირ შემთხვევაში ქონებაზე თანამესაკუთრეობას და წარმოადგენს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების წარმომშობ დოკუმენტს.
13.9. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც - „ა) საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს საკოლმეურნეო კომლის ქონებაში თანაბარი წილი ეკუთვნის ბ) რაც კომლის არსებობას აღარ აქვს სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, კომლი წყვეტს არსებობას და კომლის ქონება გარდაიქმნება კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულს თანაბარი წილი ეკუთვნის“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მარტის №ას-652-1029-06 და 2007 წლის 20 მაისის №ას-663-1040-06 განჩინებები).
13.10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ 1993 წლის მდგომარეობით მოპასუხეები საკომლო წიგნებში საერთო კომლის წევრებად იყვნენ რეგისტრირებულნი, კოლმეურნეობების გაუქმების მომენტში ისინი კომლის ქონების თანამესაკუთრეებს წარმოადგენდნენ თანაბარი წილის უფლებით და სწორედ აღნიშნულის საფუძველზე დარეგისტრირდნენ საჯარო რეესტრში სადავო ქონების თანამესაკუთრეებად.
13.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის შეფასებით სარეგისტრაციო ჩანაწერი თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე დაფუძნებული იყო უფლების დამდგენ დოკუმენტზე, რომლის კანონშეუსაბამობა სათანადო წესით ვერ დაამტკიცა მოსარჩელემ.
13.12. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მოთხოვნაზე ჩუქების გაუქმებასთან დაკავშირებით, და განმარტა, რომ მისი შედავება მოპასუხეებთან, იმ საფუძვლით, რომ მესაკუთრეებმა არამართლზომიერად მიიღეს და გაასხვისეს მოსარჩელის კუთვნილი წილი, ბაბუის (კომლის უფროსი) სამკვიდროდან, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.
14. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
14.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
14.2. კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განმარტეს სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც უკანონო გადაწყვეტილება მიიღეს.
14.3. კასატორის მტკიცებით, კომლის წევრები, მხოლოდ ბაბუა და მისი მეუღლე იყვნენ, რომელთა გარდაცვალების შემდეგ, მოპასუხეები ვერ მიიღებდნენ სადავო ქონებას ვინაიდან, კომლის ქონებაზე მემკვიდრეს თავად წარმოადგენდა, ხოლო მოპასუხეები ცალკე კომლის წევრები იყვნენ, ამასთან, მას სადავო ქონება მიღებული აქვს კანონით მემკვიდრეობის წესით.
15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
15.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
16. 15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-785-752-2016, 24.12.2018წ; # 1229-1149-2017, 09.02.2018წ.).
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
21. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საგანში შემავალ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს, სადავო უძრავ ქონებაზე, ისეთი უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც გამორიცხავდა ამ ქონების, მოპასუხეთა საკუთრებაში აღრიცხვისა და შემდგომ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობას, სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
22. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე და 102-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე მითითებით ,,სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (მე-4 მუხლი); თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (102-ე მუხლი)“, განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დროს, მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში კასატორმა ვერ შეძლო. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დასადასტურებლად, მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ პირი ამ უძრავ ქონებაში ცხოვრობდა, საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ კასატორის მოთხოვნა სამკვიდრო წესით ქონებიდან წილის მიღებას ემყარება. დადგენილია, რომ სამკვიდროზე წილის მიღება, მოპასუხის (დედის) საჩივრის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებითაა გაუქმებული (იხ. ტ.1,ს.ფ. 27-28;74-82; წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი და 13.4 ქვეპუნქტი).
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უდავოდ დგინდებოდა, კომლის უფროსისა და მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კომლს, რომელსაც სადავო ქონება გააჩნდა, წარმოადგენდა/ ხელმძღვანელობდა მოპასუხე (დედა), ხოლო მისი შვილები (თანამოპასუხეები) ამავე კომლში ირიცხებოდნენ, შესაბამისად, მიწის რეფორმის ფარგლებში, მოპასუხეების მიერ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება (ასეთი უფლების მოპოვების საფუძვლის გათვალისწინებით), წარმოადგენს სადავო ქონებაზე ნამდვილი უფლების შეძენას, რაც, თავის მხრივ, მესაკუთრეს ანიჭებს უფლებას,თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მის საკუთრებაში არსებულ ქონებას (იხ. სსკ-ის 170.1-ე მუხლი).
24. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის შედავება, ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობის ეჭვქვეშ დაყენების კუთხითაც დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ დასტურდება მოპასუხეთა რეგისტრირებული საკუთრების უფლების გაუქმების შემთხვევა, ან ამავე უფლების რაიმე სახით შეზღუდვა, რაც გამორიცხავდა მოპასუხეების (დედისა და ქალიშვილის) მიერ სადავო ქონების ამჟამინდელი მესაკუთრისათვის ამავე ქონების გადაცემას ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.
25. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ზ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე