Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-29-56-კს-03 5 სექტემბერი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: საქმეში მესამე პირებად ჩაბმა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 13 აგვისტოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ და მოითხოვა შპს “ო-ს” ქ. ქუთაისში ... მდებარე შენობის პირველი სართულიდან და სარდაფებიდან გამოსახლება, ქონების დაბრუნება, საიჯარო ქირისა და საბრუნავი საშუალებების თანხების ანაზღაურება 1685100 ლარის ოდენობით. შპს “ო-ს” დირექტორმა ნ. გ-ემ საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. შემდგომში სასამართლო სხდომაზე შპს “ო-ს” დირექტორმა იშუამდგომლა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს, როგორც არასათანადო მოსარჩელის შეცვლის თაობაზე სათანადო მოსარჩელით _ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დეპარტამენტის “საქთევზით”, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ უკანასკნელის საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე. სასამართლო კოლეგიის მიერ შუამდგომლობა ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული _ ქუთაისის სამმართველოს, როგორც არასათანადო მოსარჩელის შეცვლაზე შპს “ო-ს” დირექტორს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო, ხოლო “საქთევზი” საქმეში ჩაბმული იქნა მესამე პირად თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილისა.

2003წ. 18 მარტის სასამართლო სხდომაზე შპს “ო-ს” დირექტორმა სასამართლოს წინაშე აღძრა შუამდგომლობა საქმეში მესამე პირებად სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ჩაბმის შესახებ.

სასამართლოს კოლეგიამ 2003წ. 18 მარტის განჩინებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო: სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსათვის მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლო კოლეგიამ მიუთითა ამ სამინისტროს 2001წ. 22 მარტის წერილი, რომელშიც ეს უკანასკნელი აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს და დეპარტამენტ “საქთევზს” ქუთაისის საფირმო მაღაზია “ო-ს” მიმართ არავითარი უფლებები არ გააჩნია. შესაბამისად, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ამ სამინისტროს ინტერესებს.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან მიმართებაში სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოცემულ დავაში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს ამ სამინისტროს ტერიტორიული ორგანო _ ქუთაისის სამმართველო, რომელიც მის სტრუქტურულ ერთეულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლისა, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საქმეში მხოლოდ მოსარჩელის სტატუსით ჩაბმაა შესაძლებელი, ისიც იმ შემთხვევაში, თუ თავად მიიჩნევს ამას საჭიროდ.

სასამართლო კოლეგიის განჩინება კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივრა შპს “ო-ს” დირექტორმა ნ. გ-ემ, რომელმაც მიუთითა, რომ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 2001წ. 28 მარტის წერილი მინისტრის მოადგილის გ. ტ-ის პასუხია საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის თ. შ-სადმი და იქ საუბარია მხოლოდ საფირმო მაღაზია “ო-სთან და არა შპს “ო-სთან” დაკავშირებით. აღნიშნული სამინისტროს დეპარტამენტი “საქთევზი” უარს აცხადებს სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებაზე და მისი წარმომადგენლები არ ცხადდებიან სასამართლოზე. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნული სამინისტროს მესამე პირად ჩაბმის აუცილებლობას ასაბუთებს იმ გარემოებებით, რომ თავიდან იქნეს აცილებული საერთო სახელმწიფო ინტერესების შელახვა და გაირკვეს რა ბედი ეწია 1991წ. შემდეგ გაერთიანება “საქთევზმრეწვგასაღების” კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებას, თუ შპს “ო-ს” მფლობელობაში არსებული და სადავოდ გამხდარი ქონება ქუთაისის მერიის საკუთრებაა, ვინ, როდის, რის საფუძველზე გადასცა იგი. ამავე დროს საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 25 მაისის ¹334 ბრძანებულებით დამტკიცებული წესი “ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ობიექტების გადაცემის შესახებ” არეგულირებს თუ როგორ და რა ვითარებაში უნდა გადაეცეს სახელმწიფო საკუთრების ობიექტები ამ ორგანოებს. ამ წესის საფუძველზე მესამე პირად უნდა იქნეს ჩაბმული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროც. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს სასამართლო კოლეგიის 18 მარტის განჩინების გაუქმებას, მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილებას და დამატებით საქმეში მესამე პირად ქ. ქუთაისის მერიის ჩაბმას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს “ო-ს” კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ ქუთაისის საოლქო სასამრთლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 მარტის განჩინება და მთლიანად 2003წ. 23 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს (ამჟამად ეკონომიის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო) საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე და თვლის, რომ შპს “ო-ს” დირექტორის მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა, რადგან მოცემულ დავაში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს ამ სამინისტროს ტერიტორიული ორგანო და მისი სტრუქტურული ერთეული _ ქუთაისის ქონების მართვის სამმართველო. შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საქმეში მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნა იმ დროს, როდესაც მისი სტრუქტურული ერთეული მოსარჩელეს წარმოადგენს, უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

საკასაციო პალატა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საქმეში მესამე პირად ჩაბმასთან მიმართებაში აღნიშნავს, რომ სასამართლო კოლეგიამ განჩინებით მესამე პირად ჩააბა ამ სამინისტროს დეპარტამენტი _ “საქთევზი”. შესაბამისად, უსაფუძვლოა სასამართლო კოლეგიის მხრიდან სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 2001წ. 28 მარტის წერილზე მითითება, რადგან ამ შემთხვევაში არც “საქთევზი” უნდა ყოფილიყო ჩაბმული საქმეში მესამე პირად. ამავე დროს საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს უფლებებსა და ინტერესებს შეიძლება შეეხოს საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს ამ გარემოებებსაც, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ 2003წ. 23 აპრილის განჩინებაში მითითებული 1999წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილებაში დადგენილია და მიჩნეული, რომ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დეპარტამენტის “საქთევზი” არის “საქთევზმრეწვგასაღების” სამართალმემკვიდრე, ხოლო ზემოთ აღნიშნული წერილი სრულიად საწინააღმდეგო გარემოებებზე მიუთითებს, რის გამოკვლევასაც ითხოვს მოპასუხე შპს “ო.”. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საქმეში მესამე პირად უნდა იქნეს ჩაბმული სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.

საკასაციო სასამართლო განუმარტავს კერძო საჩივრის ავტორს, რომ საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს საქმეში მესამე პირად ქ. ქუთაისის მერიის ჩართვის თაობაზე, რადგან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულის შესახებ გაცხადებული არ ჰქონია და საქალაქო სასამართლოს არ განუხილავს აღნიშნული საკითხი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატა იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესი კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-16 მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ო-ს” დირექტორის ნ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 მარტის განჩინება მესამე პირად სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ჩაბმაზე უარის თქმის ნაწილში და 2003წ. 23 აპრილის განჩინება;

3. საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნეს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.