Facebook Twitter

საქმე №ას-1707-2018 17 მაისი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ი “ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – დივიდენდის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მიერ 1999 წელს რეგისტრირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,თბილისის №.. ბავშვთა პოლიკლინიკა“ (შემდეგში: შპს „მ–დი “, მოპასუხე ან პოლიკლინიკა), რომლის 100%-იანი წილის დამფუძნებელი პარტნიორია ქ. თბილისის მერია (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, მერია ან კასატორი) (ტ.1,ს.ფ. 16-25; 203).

2. ქ. თბილისის მთავრობამ (შემდეგში: მერია ან მთავრობა) 2010 წლის 2 ივლისს მიიღო დადგენილება მთავრობის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების 2009 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ და წარმოადგინა ანგარიშგება და მთავრობის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანიების 2009 წლის ფინანსური აქტივობის ამსახველი მაჩვენებლები, დივიდენდის სახით განისაზღვრა 7847 ლარი, რაც დადასტურებულია აუდიტორული დასკვნით (ტ.1,ს.ფ. 26-129; 126; 153-156).

3. მთავრობამ, 2011 წლის 27 ივნისს, მიიღო დადგენილება მთავრობის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების 2010 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ, პოლიკლინიკას 2010 წლის მოგებიდან დივიდენდის სახით განესაზღვრა 8066 ლარი, რაც დადასტურებულია ,,ინტერაუდიტის“ დასკვნით და საწარმოს 2010 წლის ბალანსით (ტ.1,ს.ფ. 156-169).

4. მთავრობამ, 2012 წლის 2 ივლისს მიიღო დადგენილება მთავრობის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების 2011 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ, აუდიტორული დასკვნებით, ბალანსით 2011 წლის მოგებიდან მთავრობის კუთვნილი დივიდენდის ოდენობა განისაზღვრა 4802 ლარის ოდენობით (ტ.1,ს.ფ.170-179; 184; 196-202).

5. ქალაქ თბილისის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2011 წლის 29 ნოემბერს გაცემულია საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლის თანახმად ვ.მ–ძეს (შემდეგში: ახალი მესაკუთრე) საკუთრებაში გადაეცა პოლიკლინიკის (ს/კ ….) კაპიტალში წილის 100% (ოქმით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით). აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით (ადმინისტრაციული დაპირება) მითითებულია აუქციონის განსაკუთრებული პირობები, კერძოდ: აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ლოტში მითითებულ მისამართზე მოემსახუროს ბენეფიციარებს, სამედიცინო პროფილის შენარჩუნებით, აუქციონის ჩატარებიდან ხუთი წლის განმავლობაში (ტ.1,ს.ფ. 262-266).

6. სარჩელის საფუძვლები

6.1. მერიამ, 2014 წლის 26 დეკემბერს, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა მოპასუხე პოლიკლინიკისთვის 2009 წლის მოგებიდან - 7 847 ლარის, 2010 წლის მოგებიდან - 8 066 ლარის, ხოლო 2011 წლის მოგებიდან 4 802 ლარის გადახდის დაკისრება დივიდენდის სახით.

7. მოპასუხის პოზიცია

7.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 198-ე და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 და 44-ე მუხლებით.

8.3. საქალაქო სასამართლომ დასახელებული ნორმების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა უფლება მოეთხოვა დივიდენდი, ვინაიდან მოპასუხემ, პოლიკლინიკის 100%-იანი წილი აუქციონზე შეიძინა, რის საფუძველზეც ამ უკანასკნელზე გადავიდა წილთან დაკავშირებული ყველა უფლება და მოვალეობა.

9. მერიის სააპელაციო საჩივარი

9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მერიამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინებით მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.-3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი), მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე და დამატებით განმარტა, რომ საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო დივიდენდის სამართლებრივი ბუნების გარკვევა.

10.3. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოგების წილის (დივიდენდის) მიღების უფლება მოიცავს დივიდენდის მიღების ზოგად უფლებას (დივიდენდის მიღების უფლება) და კონკრეტული სამეურნეო წლის ბოლოს პარტნიორის მიერ საზოგადოების მოგების ნაწილის მოთხოვნის უფლებას (დივიდენდის მოთხოვნის უფლება). მათ შორის განსხვავება იმაშია, რომ პირველი უფლება წარმოიშობა საზოგადოების პარტნიორად გახდომის მომენტიდან, ხოლო მეორე – საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან (იხ. სუსგ. საქმე №ას-1328-1170-2010).

10.4. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნულისა და სსკ-ის 198-ე მუხლის „მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს“ მოხმობით განმარტა, რომ დივიდენდის მიღების უფლება განუყრელადაა დაკავშირებული პარტნიორად ყოფნასთან და მისი სხვა პირისთვის გადაცემა წილისაგან დამოუკიდებლად დაუშვებელია. ამ უფლების გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ წილთან ერთად, ამიტომ წილის დათმობით ამ უფლების (დივიდენდის მიღების უფლების) დათმობაც ხდება, განსხვავებით დივიდენდის მოთხოვნის უფლების გადაცემისაგან, ვინაიდან, იგი დამოუკიდებელი უფლებაა და წილის გადაცემის შემთხვევაში ავტომატურად არ გადადის წილის მიმღებზე. ამდენად, წილის დათმობის (გასხვისების) დროს ხელშეკრულებაში სპეციალურად უნდა აღინიშნოს დივიდენდის მოთხოვნის უფლების გადაცემის თაობაზე.

10.5. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო პოლიკლინიკის 100%-იანი წილის გასხვისების ფაქტი, რაც საფუძველი გახდა, მოსარჩელეს დაეკარგა დივიდენდის მიღების ზოგადი უფლება, ხოლო შეინარჩუნებდა თუ არა დივიდენდის მოთხოვნის უფლებას, დამოკიდებული იყო იმაზე, არსებობდა თუ არა მხარეთა შორის სპეციალური შეთანხმება ან პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილება დასახელებულ საკითხზე, მერიის სასარგებლოდ. დადგენილია, რომ ასეთი გადაწყვეტილება ან მხარეთა ს შეთანხმება არ ყოფილა.

10.6. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე აპელანტის იმ პრეტენზიაზე, რომლის მიხედვითაც დივიდენდის მოთხოვნის უფლება მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებებს ემყარებოდა და განმარტა, რომ ახალმა მესაკუთრემ წილზე საკუთრების უფლება 2011 წლის 5 დეკემბერს დაირეგისტრირა, ხოლო მთავრობის დადგენილებები (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი) მიღებულია წილზე უფლების დაკარგვის შემდეგ, რაც გამორიცხავს მერიის უფლებამოსილებას დადგენილების მიღებაზე.

11. საკაციო საჩივრის საფუძვლები

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა (მერიამ), გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

11.2. კასატორის განმარტებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე არამართებულად ეთქვა უარი. მისი სარჩელი, წილზე საკუთრების უფლების, მოპასუხის მიერ რეგისტრაციამდე - 2011 წლის 5 დეკემბრამდე წარმოშობილ მოთხოვნებს ეხებოდა.

12. კასატორის განმარტებით, მოპასუხეს ჯამში 15 066 ლარი ჰქონდა დივიდენდის სახით გადასახდელი. აღნიშნულიდან, რამდენიმე თვეში - 2010 წლის მოგების დივიდენდის ნაწილი, 2011 წლის 5 სექტემბერს - 2 000 ლარი, 9 სექტემბერს - 1 500 ლარი, 4 ოქტომბერს - 1 500 ლარი, 4 ნოემბერს - 2 000 ლარი, ჯამში 7 000 ლარი დაფარა მოპასუხემ, შესაბამისად გადასახდელი დარჩა 8 066 ლარი.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

17. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის პასუხად მიუთითებს წინამდებარე საქმეზე დადგენილ გარემოებებზე (იხ. წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტები), სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებზე (იხ. წინამდებარე განჩინების 10.2-10.6 ქვეპუნქტები) იზიარებს მათ და დამატებით განმარტავს, რომ კასატორის მოთხოვნები საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში, რომლებიც მთავრობის დადგენილებებიდან გამომდინარეობდა (იხ. მთავრობის 2010 2 ივლისის, 2011 წლის 27 ივნისის, 2012 წლის 2 ივლისის დადგენილებები) უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

18. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების „1. მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. 2. ძველი მფლობელი ვალდებულია ახალ მფლობელს გადასცეს მფლობელობაში არსებული ყველა საბუთი, რომლებიც ეხება მოთხოვნებსა და უფლებებს და ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია ამ მოთხოვნებისა და უფლებების გამოყენებისთვის“ და მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის 51 პუნქტის მოხმობით განმარტავს, რომ წილზე საკუთრების უფლების წარმოშობის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ ახალმა მესაკუთრემ აუქციონზე შეიძინა ქონება ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე (გარდა წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტით დადგენილი პირობისა), ასევე დადგენილებები, რომლის საფუძველზეც მერია მოპასუხისგან დივიდენდის გადახდას ითხოვს, მიღებულია ამ უკანასკნელის მიერ წილზე საკუთრების უფლების მოპოვების შემდეგ, რაც ვერ გახდება მოთხოვნის ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება დადგენილებებს, რომლებიც მიღებულია, ახალი მესაკუთრის მიერ, წილზე საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე, თავისთავად ვერ გახდება მოპასუხისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების საფუძველი, ვინაიდან დასახელებული დროისთვის საწარმოს დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი სწორედ მოსარჩელე იყო.

19. საკასაციო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), ვერ შეძლო დასაბუთებული და სამართლებრივად წონადი არგუმენტებით დაეძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები, რაც მერიის საკასაციო განაცხადის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

20. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე