საქმე №ას-1720-2018 5 ივლისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.ბ–ი, ნ.ბ–ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.უ.ბ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება და ფულადი ვალდებულების მოცულობის დადგენა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით გია და ნ.ბ–ების (შემდეგში: მოსარჩელეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) სარჩელი ნ.ბ–ძის (შემდეგში: მოპასუხე) წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა.
2. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 356.2 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენა, განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში.
5. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინება, 2018 წლის 8 ოქტომბერს, აპელანტების წარმომადგენელ - ნ.ლ–ძეს პირადად ჩაჰბარდა (იხ. სსსკ-ის 70-78-ე მუხლები), შესაბამისად, ხარვეზის აღმოფხვრისათვის დადგენილი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 9 ოქტომბერს და დასრულდა იმავე წლის 15 ოქტომბერს (13-14 ოქტომბერი ემთხვეოდა შაბათ-კვირას). დადგენილია, რომ დროის დასახელებულ მონაკვეთში აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა (იხ. სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368-ე მუხლები). ამასთან, აპელანტების წარმომადგენელმა, სააპელაციო სასამართლოს, 2018 წლის 17 ოქტომბერს, განცხადებით მიმართა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
6. დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს აპელანტებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვეს.
7. კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელმა განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა. წარმომადგენლის განმარტებით, დავის საგნიდან გამომდინარე (აპელანტებს ფულადი ვალდებულება ჰქონდათ შესასრულებელი) ნათლად ჩანდა, რომ მხარეს არ გააჩნდა ფინანსური შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო ბაჟი გადაეხადა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
12. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლის პრეტენზია, სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობაზე აპელანტთა მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორეს, ხოლო შუამდგომლობით ხარვეზის აღმოფხვრის ვადის გაგრძელების შესახებ, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის შემდეგ მიმართეს (ტ.1,ს.ფ. 172). ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არც სააპელაციო საჩივარში მოუთხოვიათ აპელანტებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, შემცირება ან გადახდისაგან გათავისუფლება (იხ. ტ.1,ს.ფ. 153-162).
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტა: „საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები:# ას-1033-2018, 30.10.2018წ; # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2016წ; 3ას-21-2019, 21.01.2019წ.)“.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ბ–ის და ნ.ბ–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის, განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე