Facebook Twitter

საქმე №ას-1926-2018 24 მაისი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ. ..“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს უფლებამონაცვლე; შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, შემსყიდველი, სამინისტრო ან კასატორი) და შპს ,,მ…’’ (შემდეგში: მოპასუხე, მენარდე) შორის, 2014 წლის 29 ოქტომბერს, დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N142–70 (შემდეგში: ხელშეკრულება). ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 126 985,02 ლარს დღგ–ის ჩათვლით (ტ.1, ს.ფ. 12–17).

2. ხელშეკრულებით განისაზღვრა შემდეგი პირობები:

2.1. მე–3 მუხლით განისაზღვრა სამუშაოს შესრულების ვადები. 3.1. მუხლის თანახმად – სამუშაოს შესრულების ვადა შეადგენდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგიანეს 60 კალენდარული დღეს. ,,მიმწოდებელს’’ აღნიშნულ ვადაში უნდა მოეხდინა მშენებლობადასრულებული ობიექტის ექსპლუატაციაში შეყვანასთან დაკავიშრებით სს ,,ე.პ–ჯ–თან’’ შეთანხმება, აშენებული 6 კვ–ის ეგხ–ის 24 საათიანი, ხოლო სატრასფორმატორო ქვესადგურის 72 საათიანი საცდელი ძაბვის ქვეშ დაყენება და მის მიერ შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ექსპერტიზის ჩატარება სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში’’. მე–6 მუხლი ითვალისწინებდა მხარეთა პასუხისმგებლობას. ამავე მუხლის 6.3 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ,,მიმწოდებლის’’ მიერ მისი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 2%-ის ოდენობით, რისი დაანგარიშებაც მოხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ვადის დასრულებიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე.

2.2. მე-11 მუხლით განსაზღვრული იყო ფორს-მაჟორული გარემოებები: იმავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მიზნებისთვის ,,ფორს–მაჟორი’’ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რაც დაკავშირებული არ არის მიმწოდებლის და/ან შემსყიდველის შეცდომებსა და დაუდევრობასთან. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იყოს ომით; სტიქიური მოვლენით; ეპიდემიით; კარანტინით; ემბარგოს დაწესებით; საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.

2.3. 11.2 ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორს–მაჟორული გარემოებების შედეგი.

2.4. მენარდემ, 2014 წლის 24 ნოემბერს, N11/–25 წერილით მიმართა სამინისტროს და განუმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო მოედნის ადგილზე დათვალიერებითა და დაკვალვის შედეგად დადგინდა, რომ სოფელ ლ–ის ელექტროენერგიით მომარაგება კევლიანის ხაზიდან გადის ურთულეს ტრასას და ძირითადად შეხება აქვს სატყეო ფონდის ტერიტორიებთან, რაც იწვევდა ტყის კაფვას, ხოლო მის მიერ მოიძებნა უფრო მარტივი ტრასა, რაც საჭიროებდა ახალი ტექნიკური პირობის აღებას გლდანის ქვესადგურიდან გამავალი ხაზის მიერთებაზე. ასევე აღნიშნა, რომ ხსენებული ტრასა მაქსიმალურად სცილდება სატყეო ფონდს და არ იწვევს ტყის კაფვას, ასევე, ამარტივებს სამშენებლო სამუშაოების წარმოებას. მენარდის მითითებით, მის მიერ მოძიებული ელექტროგადამცემი ხაზის ტრასა უფრო საიმედოა კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ვიდრე ამას პროექტი ითვალისწინებდა. აღნიშნული წერილით მენარდემ ითხოვა, ნება დართვოდა კონსულტაციებზე, რათა შემდგომში განხორციელებულიყო პროექტის ცვლილება, მიწოდებოდა ახალი ტექნიკური პირობა გლდანის ქვესადგურიდან გამომავალ ხაზზე მიერთებისთვის. მოპასუხის განმარტებით, ხსენებული ცვლილება არ გამოიწვევდა სამშენებლო სამუშაოების ღირებულების გაზრდას, პირიქით ოდნავ შეამცირებდა კონტრაქტით გათვალისწინებულ სამშენებლო სამუშაოების ღირებულებას (ტ.1, ს.ფ. 109).

2.5. მენარდემ, 2014 წლის 3 დეკემბერს, N77/8 წერილით/თხოვნით მიმართა სამინისტროს, რომ განსაზღვრულ დროში ობიექტის ჩაბარების მიზნით, დაბალი ძაბვის ოთხკუთხა რკინაბეტონის 9 მეტრიანი ბოძები შეცვლილიყო მრგვალი რკინაბეტონის ბოძებით, ვინაიდან ქარხნები ვერ ასწრებენ დიდი რაოდენობის ოთხკუთხა რკინაბეტონის ბოძების გამოშვებას. მენარდე იძლეოდა გარანტიას, რომ 7 წლის განმავლობაში მოემსახურებოდა ბოძების ექსპლუატაციას, მექანიკური დაზიანების გარდა (ტ.1, ს.ფ. 110).

2.6. მენარდემ, 2014 წლის 8 დეკემბერს, N77/11 წერილით მიმართა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, მოითხოვა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ლარის კურსის მკვეთრად დაცემისა და სამშენებლო მასალების საბაზრო ღირებულების გაზრდის (მასალის ძირითადი მიმწოდებლები არიან უცხოური ფირმები) გამო, პროპორციულად გაზრდილიყო ხელშეკრულების ღირებულებაც. ამასთან, კლიმატური პირობების გაუარესებასთან დაკავშირებით ითხოვა, სამუშაოების ჩაბარება გადაწეულიყო ორი კვირით (ტ.1, ს.ფ.112).

2.7. მოსარჩელემ, 2014 წლის 15 დეკემბერს, მოპასუხის 2014 წლის 9 დეკემბრის N77–23 წერილის საფუძველზე (რაც ეხებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის უშუქო სოფელ ლ–ის ელექტროფიცირებისათვის ასაშენებელი ხაზობრივი ნაგებობის ტრასაზე არსებული ცალკეული ხეების გაკაფვის ნებართვის მიღებას) მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ითხოვა, მხედველობაში მიეღოთ სამინისტროს მიერ უშუქო სოფლების ელექტროფიკაციის პროგრამის აქტუალურობა, სოციალური მნიშვნელობა და დავალებოდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ შესაბამის სამსახურებს, უმოკლეს ვადებში მომხდარიყო აუცილებელი პროცედურების განხორციელება კომპანიის მიერ საჭირო ნებართვის მისაღებად (ტ. 2, ს.ფ. 19).

2.8. მენარდემ, 2014 წლის 22 დეკემბერს, N77/29 წერილით მიმართა სამინისტროს და განუმარტა, რომ მრავალჯერ, წერილობითი თხოვნით მიმართვის მიუხედავად, გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან არ ჰქონდათ პასუხი მიღებული ტყის გადაბელვაზე, რის გამოც სამუშაოები მიმდინარეობდა შეფერხებით. შეფერხებას იწვევდა უამინდობაც (ტ. 2, ს.ფ. 16).

2.9. სამინისტრომ 2014 წლის 29 დეკემბრის N06/4948 წერილით მიმართა მენარდეს და განუმარტა, რომ ხელშეკრულების დადების დღიდან არუგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში უნდა შესრულებულიყო შემსყიდველისათვის ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები. ამასთან, მენარდეს განემარტა, რომ ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო, მას დაეკისრა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1 ქვეპუნქტი; ტ.1, ს.ფ. 25).

2.10. მენარდემ, 2015 წლის 6 იანვარს, N77/36 წერილით მიმართა სამინისტროს და ითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა, ვინაიდან ვერ ახერხებდა აღებული ვალდებულების შესრულებას, კერძოდ: პროექტის თანახმად, აღნიშნულ უბანზე არ იყო გათვალისწინებული ტყის მასივის გაკაფვა და გადაბელვა, მოგვიანებით შევიდა შესწორება პროექტში ტყის გაკაფვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც აცნობეს წერილობით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, რასაც რეაგირება და ნებართვა გაკაფვაზე არ მოჰყოლია, რის გამოც გაჭიანურდა სამუშაოები. ამასთან, მენარდე კომპანიის დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად იყო გაუარესებული (ტ.1, ს.ფ. 26).

2.11. მხარეთა შორის 2015 წლის 6 იანვარს შედგენილია შეთანხმება N1 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2014 წლის 29 ოქტომბრის N142–70 ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, რაც მხარეთა ხელმოწერითაა დადასტურებული (ტ.1, ს.ფ. 27).

2.12. სამინისტრომ, 2015 წლის 8 იანვარს, N06/30 წერილით მიმართა მენარდეს და განუმარტა, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოების შესრულების ვადების დარღვევის გამო დაეკისრა პირგასამტეხლო, რაც 22 857, 30 ლარს შეადგენდა, რომელიც მენარდეს წერილში მითითებულ ანგარიშის ნომრებზე უნდა გადაეხადა (ტ. 1, ს.ფ. 28).

2.13. სამინისტრომ, 2015 წლის 13 თებერვალს, N06/519 წერილით მიმართა მენარდეს და განუმარტა, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოების შესრულების ვადების დარღვევის გამო, პირგასამტეხლო დაეკისრა შეუსრულებელი ვალდებულების 2%–ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 22 857, 30 ლარს შეადგენდა. ამის შესახებ ადრეც, 2014 წლის 8 იანვარს N06/30 წერილით ეცნობა და თანხა უნდა გადაეხადა წერილში მითითებულ ანგარიშის ნომრებზე (ტომი 1, ს.ფ. 29).

2.14. მენარდემ, 2015 წლის 18 თებერვალს, N77/45 წერილით მიმართა სამინისტროს, ითხოვა, რომ გაუქმებულიყო დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 2%–ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 22 857, 30 ლარს შეადგენდა, რადგან მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოხდა ობიექტზე სამუშაოების გაგრძელება და დროულად დამთავრება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, რამაც მენარდე იძულებული გახადა, შეეწყვიტა დადებული ხელშეკრულება (ტ. 2, ს.ფ. 12).

3. სარჩელის საფუძვლები

3.1. სამინისტრომ, 2015 წლის 24 თებერვალს, სარჩელი აღძრა სასამართლოში მენარდის წინააღმდეგ, მოითხოვა პირგასამტეხლოს - 22 857.3 ლარის დაკისრება.

3.2. მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად, წინამდებარე განჩინების 1-2.14 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ მოპასუხეს ეცნობა ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის თაობაზე, რის გამოც უნდა გადაიხადოს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო.

4. მოპასუხის პოზიცია

4.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, საჯარიმო სანქციების გამოყენების საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორს-მაჟორული გარემოებებით.

5. მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

5.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

5.1.1. მენარდეს, სამინისტროს სასარგებლოდ, 5 714.57 ლარის გადახდა დაეკისრა;

5.2. რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 629-ე, 417-420-ე მუხლებით.

6. სამინისტროს სააპელაციო საჩივარი

6.1. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამინისტრომ, ამ გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

6.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა პირგასამტეხლოს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქცია და არასწორად შეაფასა ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშოების შესრულების ვადების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები (იხ. წინამდებარე განჩინების 1-2.14 პუნქტები და ქვეპუნქტები) და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

7.3. სააპელაციო სასამართლომ დამატებით საქმისათვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება:

7.3.1. მენარდის მიერ სამუშაოების შესრულების გაჭიანურება მოხდა იმ გარემოების გამო, რომ პროექტის თანახმად ამ უბანზე არ იყო გათვალისწინებული ტყის მასივის გაკაფვა და გადაბელვა, რაზედაც მოგვიანებით შევიდა შესწორება პროექტში ტყის გაკაფვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ეცნობა გარემოს დაცვის სამინისტროს, ამ უკანასკნელისგან კი კომპანიას ნებართვა არ მიუღია.

7.3.2. მენარდეს მიღებული აქვს ხელშეკრულების ღირებულება - 126 985.02 ლარი, საიდანაც შესრულებული აქვს 37 000 ლარის ღირებულების სამუშაო. აღნიშნულის გამო, 2015 წლის თებერვალში, მენარდემ სამინისტროს 90 000 ლარი დაუბრუნა.

7.4. სააპელაციო სასამართლომ, ზემოაღნიშნულ გარემოებებსა და სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის, 417-ე „პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის“, 418-ე „ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა“ და 420-ე „სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო“ მუხლების გათვალისწინებით განმარტა, რომ აპელანტის მოთხოვნა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან გამოთვლილიყო პირგასამტეხლო უსაფუძვლო იყო.

7.5. სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნების, მისი ფუნქციისა და გამოყენების ფარგლების განმარტების მიზნით უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკაზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე №.ას 848-814-16, №ას-816-767-15, №ას-953-918 ას-708-678-2016).

8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სამინისტრომ, გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

8.2. კასატორის განმარტებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 2%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, რომლის დაანგარიშებაც ვალდებულების შესრულების ვადის დასრულებიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე მოხდებოდა, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულება, მას უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს 22 857.30 ლარის გადახდა.

8.3. კასატორის განმარტებით, გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებას სამინისტრო მხოლოდ 9 დღის ფარგლებში ითხოვდა, რის გამოც სასამართლოს მსჯელობა მის მაღალ ოდენობაზე დაუსაბუთებელი იყო.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის განჩინებით სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

15. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია:

15.1. ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

15.2. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

16. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ - (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).

17. ამდენად, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

18. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები: 2015 წლის 6 მარტის №ას-1342-1380-2014 განჩინება; 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება; 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება; 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება; 2012 წლის 28 დეკემბრის №ას-1560-1463-2012 განჩინება).

19. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას გაამახვილებს წინამდებარე საქმეზე დადგენილ გარემოებებზე (იხ. წინამდებარე განჩინების 1-2.14 პუნქტები) სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებზე (იხ. წინამდებარე განჩინების 7.2-7.5 ქვეპუნქტები) და განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესრულების გართულება (არაჯეროვანი შესრულება) პროექტში ცვლილებების შეტანამ და შესაბამისი ორგანოს მიერ მოპასუხის არაერთი მიმართვისა და მოთხოვნის რეაგირების გარეშე დატოვებამ გამოიწვია (იხ. წინამდებარე განჩინების 2.5-2.8 ქვეპუნქტები), ამასთან, ფაქტობრივად შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების თანხა მოპასუხეს დაბრუნებული აქვს სამინისტროსათვის (იხ. წინამდებარე განჩინების 7.3.1.-7.3.2. ქვეპუნქტები). საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მიუხედავად შესასრულებელი სამუშაოს მნიშვნელობისა, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით მართებულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე.

20. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

21. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე