საქმე №ას-1778-2018 15 მაისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს ''ფ–ი'' (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობა, "შპს ''ს.კ.უ–ი'' (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საბანკო გარანტიით დადგენილი საგარანტიო თანხის გადახდისგან გათავისუფლება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს ,,ფ–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, მენარდე, მიმწოდებელი კომპანია, პრინციპალი ან აპელანტი, კასატორი) და თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობას (შემდეგში: მოპასუხე, შემსყიდველი, შემკვეთი, ბენეფიციარი ან გამგეობა) შორის, 2014 წლის 14 თებერვალს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N2.9.11/30/012, რომლის ღირებულებამ 49 498.10 ლარი შეადგინა. ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების ავარიული ელემენტების აღდგენა-გამაგრების სამუშაოების შესრულებაზე (ტ.1,ს.ფ. 18-31).
2. დასახელებული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, მენარდესა და სს ,,ს.კ.უ–ს“ (შემდეგში: გარანტი) შორის 2014 წლის 14 თებერვალს დაიდო N1204455 საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, იმავე დღეს გაიცა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია, საგარანტიო თანხით - 4 950 ლარი. საბანკო გარანტიით ბენეფიციარს გამგეობა წარმოადგენს (ტ.1,ს.ფ.32).
3. მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულა. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება 2014 წლის 10 ივლისს შეწყდა.
4. მენარდის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო, გამგეობამ გარანტისგან მოითხოვა ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული საგარანტიო თანხის - 4 940 ლარის გაცემა, რაც გარანტს არ შეუსრულებია.
5. სარჩელის საფუძვლები
5.1. მენარდემ, 2014 წლის 18 აგვისტოს, სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, მოითხოვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული:
5.1.1. საბანკო გარანტიის თანხის - 4 950 ლარის გადახდისგან გათავისუფლება;
5.1.2. შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება;
5.2. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაეკისრა პირგასამტეხლო - 2 573.9 ლარი, ხოლო 2014 წლის 24 ივლისს მოპასუხემ გარანტისგან საგარანტიო თანხის გაცემა მოითხოვა.
6. მოპასუხე გარანტის შესაგებელი
6.1. მოპასუხე გარანტმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო და მიუთითა, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საგარანტიო თანხის მოთხოვნის დროისთვის, მისთვის ცნობილი გახდა მენარდის სურვილის შესახებ სარჩელით მიემართა სასამართლოსთვის, თავი შეიკავა საგარანტიო თანხის გაცემისგან.
7. მოპასუხე გამგეობის შესაგებელი
7.1. გამგეობამ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულია, როგორც პირგასამტეხლოს, ისე, საბანკო გარანტიის მოთხოვნა.
7.2. მოპასუხის განმარტებით, კომპანიამ ვალდებულება ნაწილობრივ და ვადაგადაცილებით შეასრულა, რის გამო პირგასამტეხლო დაერიცხა, ხოლო შეუსრულებელი ვალდებულების ნაწილში საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გაცემა მოითხოვა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით მენარდის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე-317-ე, 361-ე, 879-ე-881-ე მუხლებით.
9. კომპანიის სააპელაციო საჩივარი
9.1. მენარდემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ივლისის განჩინებით, მენარდის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
10.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).
10.3. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ საქმის მასალებით დასტურდებოდა ბენეფიციარის მიერ, გარანტიის მოქმედების ვადაში, გარანტისათვის მოთხოვნის წერილობით წარდგენა, პრინციპალის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო და საგარანტიო თანხის ანაზღაურების მოთხოვნა.
10.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით გამოკვეთილი იყო საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულების შესრულების განმაპირობებელი ყველა წინამძღვარი:
10.4.1. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების არსებობა, რომლითაც გარანტი უზრუნველყოფდა ხელშეკრულების შესრულებას პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში;
10.4.2. პრინციპალის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც საკმარისი საფუძველია საბანკო გარანტიის ამოქმედებისათვის;
10.4.3. საბანკო გარანტიით დადგენილ ვადაში ბენეფიციარის მოთხოვნის წარდგენა გარანტორისათვის.
10.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც პირგასამტეხლო, ასევე - მოვალის გარანტია მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებს წარმოადგენს და ისინი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების რისკის პრევენციას ახდენენ, მათ შორის, მკვეთრად არსებული სხვაობის გამო, კრედიტორის მიერ მათი ერთდროულად გამოყენება არ ლახავს მოვალის უფლებებს, არ იწვევს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრებას და, შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგო ხასიათს არ ატარებს.
10.6. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 879-ე მუხლის „საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე“ მოხმობით განმარტა, რომ საბანკო გარანტია წარმოადგენს ფულად ვალდებულებას, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას აძლევს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, გარანტს წერილობით მიმართოს, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად (სუსგ №ას-1038-999-2016, 2017 წლის 1 თებერვალი). სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე (სუსგ №ას-562-871-09, 2009 წლის 20 ოქტომბერი; სუსგ №ას-782-739-2015, 2015 წლის 19 ოქტომბერი; სუსგ №ას-781-996-08, 2009 წლის 17 მარტი). საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.
10.7. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის პრეტენზია საბანკო გარანტიასთან ერთად პირგასამტეხლოს მოთხოვნის თაობაზე, არ გაიზიარა და განმარტა, რომ დასახელებული ორივე უზრუნველყოფის საშუალების გამოყენების მოთხოვნა განსახილველი შემთხვევისთვის ვერ ჩაითვლება ორმაგი პასუხისმგებლობის დაკისრებად. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა მენარდის სარჩელი.
11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
11.1. მენარდემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ივლისის განჩინება, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
11.2. კასატორის განმარტებით გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები.
11.3. კასატორის განმარტებით ერთდროულად პირგასამტეხლოსა და საბანკო გარანტიის დაკისრება ორმაგი პასუხისმგებლობაა მხარისთვის, რაც დაუშვებელია და მხოლოდ კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრებას ემსახურება.
11.4. კასატორმა სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილიზე მიუთითა და განმარტა, რომ მოპასუხის მიერ უფლების განხორციელება არაკეთილსინდისიერად და ბოროტად ხდება, რის გამოც კომპანია მძიმე მდგომარეობაში ვარდება.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით მენარდის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მენარდის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
18. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის პასუხად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, მიუთითებს მათზე (იხ. წინამდებარე განჩინების 10.2-10.7 ქვეპუნქტები) და დამატებით განმარტავს, წინამდებარე შემთხვევაში კასატორის მიერ სადავოდაა გამხდარი პირგასამტეხლოს დაკისრებისა და იმავდროულად საგარანტიო თანხის მოთხოვნის მართლზომიერება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ორივე ზემოაღნიშნული უზრუნველყოფის საშუალება, გათვალისწინებულია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა ან არაჯეროვანი შესრულებისთვის.
19. წინამდებარე შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არაჯეროვნად შესრულდა (მენარდე თავადაც ადასტურებს აღნიშნულს), შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეში არსებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (იხ. ტ.1,ს.ფ. 198-201) მენარდეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ხოლო ბენეფიციარის მიერ გარანტისათვის მიმართვა, აკმაყოფილებს კანონმდებლობით საბანკო გარანტიის მოთხოვნის ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებსა და ფორმებს (იხ. სსკ-ის 879-ე-881-ე, 885-ე მუხლები), მენარდის პრეტენზია შეთანხმებული უზრუნველყოფის ორივე სახის ერთდროულად გამოყენების აკრძალვის (დაუშვებლობის) თაობაზე დაუსაბუთებელია (გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ განსახილველ შემთხვევაში გარანტის მიერ ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის ან ასეთი ვალდებულების შეწყვეტის კანონისმიერი საფუძვლები სახეზე არ არის; იხ. სსკ-ის 887-ე, 889-ე მუხლები)- შდრ. სუსგ-ებს: #ას-1900-2018, 12.03.2019წ; #ას-1511-2018, 26.03.2019წ.
20. ამდენად, საკასაციო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), ვერ შეძლო დასაბუთებული და სამართლებრივად წონადი არგუმენტებით დაეძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები, რაც საკასაციო განაცხადის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ფ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ფ–ის" (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ.გ–ის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება N0, გადახდის თარიღი 2018 წლის 19 ნოემბერი), 70% – 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე