საქმე №ას-1890-2018 24 მაისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს ''ს.ფ–ა'' (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.შ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა
საკითხი რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ.შ–ძე (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული ან აპელანტი) შპს „ს.ფ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, კომპანია ან კასატორი) სისტემაში მუშაობს 1989 წლიდან.
2. მხარეთა შორის, 2014 წლის 7 ივლისს, გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დასაქმებული დაინიშნა კომპანიის სერვის ცენტრების მართვის სამსახურის ხელვაჩაურის სერვისცენტრის კურიერის თანამდებობაზე. მისი ხელფასი თვეში 437.5 ლარს შეადგენდა (ტ.1,ს.ფ.19-25).
3. დამსაქმებელმა, 2017 წლის 8 მაისს, დასაქმებულს აცნობა, რომ კომპანიის სერვისების გაუმჯობესებისა და სერვისცენტრის სამოქმედო ტერიტორიის სოფლებში კორესპონდენციის სწრაფად ჩაბარების მიზნით დასაქმებულ პირს აუცილებლად უნდა ჰქონოდა ,,A“ კატეგორიის მართვის მოწმობა და გადაადგილებულიყო კომპანიის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით. ,,A“ კატეგორიის მართვის მოწმობის წარსადგენად დასაქმებულს განესაზღვრა ვადა 2017 წლის 10 ივნისამდე (ტ.1,ს.ფ. 66). დასაქმებულმა მართვის მოწმობა ვერ წარადგინა.
4. კომპანიამ, 2017 წლის 28 ივნისს, დასაქმებულს გაუგზავნა შეტყობინება, რომლითაც აცნობა, რომ 2017 წლის 1 აგვიტოდან შრომითი ურთიერთობა შეწყდებოდა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძოდ, დასაქმებულის კვალიფიკაციის შეუსაბამობის გამო. კვალიფიკაციის შეუსაბამობად მოპასუხემ ის მიიჩნია, რომ დასაქმებულმა ვერ წარადგინა ,,A” კატეგორიის მართვის მოწმობა და აღნიშნულის გამო, სამუშაოს შესრულების დროს, ვერ შეძლებდა ტრანსპორტით გადაადგილებას.
5. კომპანიამ 2017 წლის 28 ივნისს გამოსცა ბრძანება დასაქმებულის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რომლითაც ეს უკანასკნელი, იმავე წლის 1 აგვისტოდან გათავისუფლდა თანამდებობიდან.
6. სარჩელის საფუძვლები
6.1. დასაქმებულმა, 2017 წლის 8 სექტემბერს, სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა:
6.1.1. კომპანიის 2017 წლის 28 ივნისის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ №15/8/7-560 შეტყობინების და მის საფუძველზე გამოცემული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ №15-02/899 ბრძანების ბათილად ცნობა;
6.1.2. სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა;
6.1.3. დამსაქმებლისთვის, დასაქმებულის სასარგებლოდ, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდური ხელფასის - თვეში 625 ლარის ანაზღაურება;
6.1.4. დამსაქმებლის ქმედების შეფასება სქესის ნიშნით დისკრიმინაციად და აღნიშნული ქმედების შედეგის აღმოფხვრის დავალება;
6.2. მოსარჩელის განმარტებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა. დამსაქმებლის მიერ მართვის მოწმობის ასაღებად განსაზღვრული ვადა გონივრული და მისი ასაკითვის შესაბამისი არ იყო.
7. მოპასუხის პოზიცია
7.1. დამსაქმებელმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კომპანიის სერვისების გაუმჯობესების მიზნით შეიძინა სკუტერები და საფოსტო გზავნილის ჩაბარება განსაზღვრა ტექნიკური საშუალების გამოყენებით, რის გამოც, აუცილებელი გახდა, დასაქმებულ პირებს ჰქონოდათ შესაბამისი მართვის მოწმობები. გაფრთხილების მიუხედავად, დასაქმებულმა მართვის შესაბამისი კატეგორიის მოწმობა ვერ წარადგინა, რის გამოც იგი, სათანადო კვალიფიკაციის არ ქონის საფუძვლით, დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლდა.
8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
8.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით (შემდეგში: სსსკ) და სშკ-ით.
9. დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი
9.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასაქმებულმა, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
9.2. აპელანტის განმარტებით, მას, სამუშაო საათებისა და ადგილმდებარეობის გამო, გონივრული ვადა არ ჰქონდა მართვის მოწმობის ასაღებად, ამასთან, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ დასაქმებულს პირველ აგვისტომდე შეეძლო მართვის მოწმობის წარდგენა, ვინაიდან, 2017 წლის 8 მაისს ერთთვიანი ვადა მიეცა მართვის მოწმობის ასაღებად, ხოლო იმავე წლის 28 ივნისის ბრძანებით გათავისუფლდა.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
10.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
10.1.1. დადგინდა კომპანიის მიერ დასაქმებულის სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი;
10.1.2. ბათილად იქნა ცნობილი კომპანიის დირექტორის 2017 წლის 28 ივნისის შეტყობინება დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
10.1.3. ბათილად იქნა ცნობილი კომპანიის დირექტორის 2017 წლის 1 აგვისტოს ბრძანება დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;
10.1.4. კომპანიას, აპელანტის სასარგებლოდ, დაეკისრა ყოველთვიურად, 625 ლარის გადახდა 2017 წლის 1 აგვისტოდან, ამ ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
10.1.5. აპელანტის მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
10.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე (იხ. წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტები) და დამატებით განმარტა:
10.2.1. დამსაქმებელმა კომპანიამ 2016 წლის 15 მარტის შემდეგ შეიძინა 285 მოტოსკუტერი;
10.2.2. მოტოსკუტერების გამოყენების დანერგვას მოჰყვა საშტატო განრიგის ცვლილებები. სკუტერების გამოყენება საფოსტო გზავნილების ჩასაბარებლად ხელვაჩაურის სერვისცენტრში 2017 წლის აგვისტოს თვიდან დაიწყო. იმავე წლის 31 ივლისის მდგომარეობით ხელვაჩაურის სერვისცენტრში სამი საშტატო ერთეული იყო, კერძოდ, ერთი - მენეჯერი, ერთი - ოპერატორი და სამი - კურიერი. კურიერთაგან ერთ-ერთი მოსარჩელე იყო (ხოლო დანარჩენი ორი - ნ.ქ–ძე და რ.ბ–ძე იყვნენ). 2017 წლის 1 აგვისტოდან სერვისცენტრში საშტატო განრიგით გათვალისწინებულია კურიერის ორი შტატი;
10.2.3. კომპანიის მოთხოვნა მართვის მოწმობის ,,A” კატეგორიის წარდგენის თაობაზე ეხებოდა მხოლოდ მოსარჩელესა და ნ.ქ–ძეს, აღნიშნული არ შეხებია რ.ბ–ძეს.
10.2.4. სერვისცენტრში, 2017 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით, დასაქმებულია ერთი მენეჯერი, ერთი ოპერატორი და ორი კურიერი. დასაქმებული ორი კურიერიდან ერთი მართავს ავტომანქანას და აქვს ,,B” კატეგორიის მართვის მოწმობა, მეორე მართავს სკუტერს და აქვს ,,A” კატეგორიის მართვის მოწმობა.
10.2.5. საქმის განხილვის მომენტისათვის სერვისცენტრში ადრესატისთვის ფოსტის ჩაბარება განსაზღვრულია მხოლოდ სკუტერის ან ავტომობილის საშუალებით.
10.3. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით კომპანიის განვითარება, ტექნოლოგიური ან სხვაგვარი ცვლილებები არ შეიძლება გახდეს მესამე პირთა გადასაწყვეტი, მათ შორის, არც დასაქმებულების შეხედულებაზე არაა იგი დამოკიდებული. ამდენად, დამსაქმებლის კრიტიკა მოტოსკუტერების შეძენასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და ალოგიკურია. მათი შეძენის მიზანი ბუნებრივია და სხვა ახსნა, გარდა საფოსტო გზავნილების ეფექტური ჩაბარებისა, არ მოეძებნება. ნებისმიერი საწარმო მუდმივად ორიენტირებული უნდა იყოს განვითარებაზე, ხოლო დასაქმებულმა პირებმა დანერგილი ტექნიკური პროგრესი უნდა გაითავისონ.
10.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმ ნაწილში, რომელშიც იზიარებდა, მოსარჩელის არგუმენტს მართვის მოწმობის ასაღებად განსაზღვრული ვადის არაგონივრულობაზე, თუმცა, მისაღები იყო მოპასუხე კომპანიის პოზიცია, რომ კურიერს უნდა ჰქონოდა მართვის მოწმობა, რათა მოპედების მართვა შეძლებოდა, ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის ვადა არასწორად განისაზღვრა, მაშინ იმ ვადაში მართვის მოწმობის წარუდგენლობა, არ უნდა შეფასებულიყო დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერ საფუძვლად.
10.5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, თუ რაში მდგომარეობდა მოპასუხის მტკიცების ტვირთი და არც დააკისრა მოპასუხეს იმის მტკიცების ტვირთი, რომ თანაბარ პირობებში მყოფ პირთა მიმართ არათანაბარი მოპყრობა არ მომხდარა.
10.6. სააპელაციო სასამართლომ სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე „შრომით... ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერ სახის დისკრიმინაცია... სქესის... გამო“, იმავე მუხლის მე-4 ნაწილსა „დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება... რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით“ და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტზე „ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით... გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად“ მიუთითა.
10.7. სსსკ-ის 3633-ე მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
10.8. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლეოდა, რის საპირისპიროდაც, მოპასუხემ (დამსაქმებელმა), განსხვავებული მოპყრობის მართლზომიერების დასაბუთებისთვის მიუთითა, რომ იმავე სერვისცენტრში დასაქმებულ მამაკაცს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა ჰქონდა და იგი საწარმოს კუთვნილ ავტომობილს მართავდა კიდეც.
10.9. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოხსენებული გარემოება დასაქმებულის (აპელანტის) მიმართ განსხვავებულ მოპყრობას არ ამართლებდა - თუ საწარმოში საქმიანობისათვის „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარი და მოწმობა საკმარისი იყო, დამსაქმებელს, მხოლოდ ქალი დასაქმებულისათვის მაინცდამაინც მოტოსკუტერის მართვის მოწმობა არ უნდა მოეთხოვა.
10.10. სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე მიუთითა, რომელთა განმარტებების საფუძველზე უტყუარად დგინდებოდა, რომ 2017 წლის მაისში მოპასუხე საწარმოს კუთვნილი ავტომობილით არა რ.ბძე, არამედ სერვისცენტრში დასაქმებული სხვა პირი სარგებლობდა, „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა კი ნ.ქ–ძესაც გააჩნდა და იგი ავტომობილს მართავდა კიდეც; სააპელაციო სასამართოომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, თუ და რატომ უნდა ემოძრავა ავტომობილით, მაინცდამაინც, საწარმოში დარჩენილ მამაკაც კურიერს, ამ უკანასკნელს რატომ არ მოსთხოვეს „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა და რატომ ჩააყენეს იგი აპელანტთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში.
10.11. სააპელაციო სასამართლომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღებად დადგენილი ასაკი 17 წელია“, იმავე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის „ „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღებად დადგენილი ასაკი - 24 წელი“, მე-5 მუხლის 42-ე პუნქტისა, 54-ე მუხლისა და იმავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „125 სმ3 მუშა მოცულობის მოტოციკლები „A1“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს მიეკუთვნება“ მოხმობით განმარტა, რომ კანონმდებლის აზრით „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვა „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვასთან შედარებით უფრო მეტ სირთულესთან და მომეტებულ საფრთხესთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც აშკარა იყო, რომ მოპასუხემ დასაქმებული ქალი (აპელანტი) საწარმოში დასაქმებულ მამაკაცთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში არამართლზომიერად ჩააყენა. ამასთან, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მაინცდამაინც „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მოთხოვნის არავითარი აუცილებლობა არსებობდა.
10.12. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხის (დამსაქმებლის) მიერ, თავისი პოზიციის მართლზომიერების დასადასტურებლად, მხოლოდ მამაკაცი კურიერების მართვის მოწმობებზე მითითება, ასევე ის გარემოება, რომ ამავე კურიერებს „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება არ გააჩნდათ, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს დამატებით ადასტურებდა, რისი გაქარწყლებაც მოპასუხემ ვერ შეძლო.
10.13. სააპელაციო სასამართლომ სარჩელის ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას, დასაქმებულისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინებაზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ სშკ-ით გათვალისწინებული წინასწარი შეტყობინება, რომელიც მხარეს 3 დღით ადრე მაინც ბარდება, არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სახით, მეტიც ასეთი შეტყობინების მიუხედავად მხარეთა შორის შესაძლოა გაგრძელდეს ურთიერთობა.
10.14. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებელმა მოსარჩელე 2017 წლის 28 ივნისს გააფრთხილა, შრომითი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე ნება იმავე წლის 1 აგვისტოს გამოავლინა, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება დასაქმებულს 2017 წლის 10 აგვისტოს ჩაჰბარდა. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი 2017 წლის 8 სექტემბერს არის აღძრული, ხანდაზმულად ვერ ჩაითვლება (იხ. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილი - დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ).
10.15. სააპელაციო სასამართლომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“ მოხმობით განმარტა, რომ უდავო იყო, საქმის განხილვის მომენტისთვის, აპელანტს კვლავ არ გააჩნდა მართვის მოწმობა და არც მოპედის მართვის უნარი, შესაბამისი სერვისცენტრი კი მომხახურებას მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა, შესაბამისად პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ან ტოლფასი სამუშაოთი მისი უზრუნველყოფის ნაცვლად, მოპასუხეს, მის სასარგებლოდ უნდა დაჰკისრებოდა კომპენსაციის გადახდა.
10.16. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზე „კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სსკ-ის 976-991-ე მუხლები). კომპენსაციის საკითხი ლოგიკურად წყდება იმ შემთხვევებში, როდესაც დასაქმებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში უკანონოდ გათავისუფლდა. ასეთ ვითარებაში მას კომპენსაცია მიეცემა იძულებითი მოცდენის მთელი იმ პერიოდისთვის, რომელსაც დასაქმებული ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე მიიღებდა, მაგრამ დამსაქმებლის ბრალეული ქმედების გამო ვერ მიიღო (იხ. სუსგ: #ას-1327-1265-2017; #ას-1276-1216-2014)“ მიუთითა.
11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
11.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა კომპანიამ, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
11.2. კასატორის განმარტებით სარჩელი ხანდაზმული იყო, ვინაიდან მხარეს შეტყობინება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ჩაჰბარდა 2017 წლის 28 ივნისს, რომელიც მხარეს დაუყოვნებლივ ჩაჰბარდა, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო სწორედ ამ თარიღიდან და არა - 2017 წლის 10 აგვისტოდან, როდესაც მხარეს ჩაჰბარდა ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
11.3. კასატორის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებითაც ხანდაზმული იყო, ვინაიდან სსსკ-ის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში, პირს 3-თვიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ მიმართოს სასამართლოს, იმ დროიდან, როდესაც მან გაიგო ან უნდა გაეგო სადავო ფაქტის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტისთვის, იმის თაობაზე, რომ მის სამუშაო ადგილზე მომუშავე მამაკაცისთვის არ მოუთხოვიათ მართვის მოწმობა, 2017 წლის 10 მაისს იყო ცნობილი, შესაბამისად, სარჩელის წარდგენის დროისთვის ამ ნაწილშიც ხანდაზმული იყო მოთხოვნა.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს წინამდებარე საქმეზე დადგენილ გარემოებებზე, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებზე (იხ. წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტები და 10.1-10.16 ქვეპუნქტები), იზიარებს მათ და დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორი სარჩელის ხანდაზმულობაზე გამოთქვამს პრეტენზიას, საფუძვლად კი მიუთითებს დასაქმებულისათვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე შეტყობინებაზე, რომელიც 2017 წლის 28 ივნისით თარიღდება. ამასთან, მოსარჩელის პრეტენზიის, შრომითი ურთიერთობის დისკრიმინაციული საფუძვლით შეწყვეტის შესახებ, პასუხად მიუთითებს, რომ ასევე, დარღვეულია სარჩელის წარდგენის კანონით დადგენილი 3 -თვიანი ვადა.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს გათავისუფლების თაობაზე ბრძანება ჩაჰბარდა 2017 წლის 10 აგვისტოს (ტ.1,ს.ფ. 69), შესაბამისად, სასამართლოსათვის მიმართვის 30 დღიანი გასაჩივრების ვადა, სწორედ აღნიშნული თარიღიდან უნდა აითვალოს (იხ. სსკ-ის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი). იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი წარდგენილია იმავე წლის 8 სექტემბერს, სადავო საკითხის წარმოშობიდან 28-ე დღეს, სარჩელი ხანდაზმულად ვერ ჩაითვლება. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, დისკრიმინაციული საფუძვლით დაყენებულ სასარჩელო მოთხოვნაზე, მოცემულ შემთხვევაში, 3- თვიანი ვადის გავრცელების მოსაზრებას, ვინაიდან, დავის საგანი შრომითი ურთიერთობის დისკრიმინაციული საფუძვლით შეწყვეტას ეხება, იმ დაშვებითაც, 3-თვიანი ხანდაზმულობის ვადა რომ დაუწესდეს განსახილველ შემთხვევას, კასატორის მითითება, რომ მოსარჩელემ 2017 წლის მაისში უკვე იცოდა, რომ სხვა კურიერს დამსაქმებელმა არ მოსთხოვა „A“ კატეგორიის მართვის მოწმობა, ვერ გამოდგება წინამდებარე შემთხვევაში ვარგის მტკიცებულებად, მისი პრეტენზიის დასაბუთებისთვის, რადგან მოსარჩელემ მისი სარჩელის მე-6 ფაქტობრივ გარემოებაში მიუთითა, რომ სხვა სერვისცენტრებში კურიერის პოზიციაზე მუშაობენ პირები, რომლებსაც არ აქვთ მოსარჩელისათვის მოთხოვნილი კატეგორიის მართვის მოწმობა; მოსარჩელემ 19 აგვისტოს მოსთხოვა დამსაქმებელს შესაბამისი ინფორმაცია, რაზედაც მას უარი ეთქვა მოთხოვნილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის მოტივით (იხ. სარჩელი - ს.ფ. 4). საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს მოპასუხის შესაგებელზე, რომელშიც მოსარჩელის მიერ მითითებული ზემოხსენებული მე-6 ფაქტობრივი გარემოების პასუხად, კომპანიამ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ არა მხოლოდ მოსარჩელე, არამედ სხვა პირებიც გათავისუფლდნენ იგივე საფუძვლით და მხოლოდ ორი კურიერი მუშაობს შესაბამის სერვისცენტრში (იხ. შესაგებელი - ს.ფ.56). საკასაციო სასამართლოს შეფასებით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დასაბუთებული და კანონიერი მსჯელობაა ასახული სასარჩელო მოთხოვნის განხორციელებადობის თაობაზე.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1125 ლარის 70% – 787,5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ს.ფ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ს.ფ–ას" (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1125 ლარის (საგადასახადო დავალება N153286, გადახდის თარიღი 2019 წლის 1 თებერვალი), 70% – 787,5 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე