Facebook Twitter

საქმე №ას-686-2019 19 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „მ. წ.“ (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს “A.’’ (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოპასუხე შპს „მ. წ.“ (შემდეგში: მოპასუხე ან მოპასუხე კომპანია აპელანტი ან კასატორი) მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 2010 წლის 10 მარტიდან.

2. მოპასუხე კომპანიის 25-25% წილის მფლობელი პარტნიორია ა. ჯ-ია და დ. ბ-ძე, ხოლო 50%-ის ი. წ-ია. საწარმოს დირექტორია-ლ. ნ-ია.

3. მოპასუხე კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენს მინერალური (გაზიანი და უგაზო) წყლის ჩამოსხმა და რეალიზაცია.

4. შპს ,,A.” (შემდეგში: მოსარჩელე ან მოსარჩელე კომპანია ან მოწინააღმდეგე მხარე) 2008 წლის 8 ივლისს ჩამოყალიბდა შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიად და რეგისტრირებულია ინგლისისა და უელსის კომპანიების რეგისტრაციის ბიუროში.

5. მოსარჩელე კომპანიის დირექტორი და კომპანიის აქციონერია დ. ბ-ე. კომპანიის იურიდიული მისამართია - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ლონდონი,V1S 1YH, ... ქუჩა N..., მე-3 სართული.

6. 2010 წლის 1 იანვრიდან-2014 წლის 30 ივნისამდე, მოსარჩელე კომპანია მოპასუხე კომპანიას პერიოდულად ურიცხავდა სხვადასხვა ოდენობის თანხას, რამაც ჯამში 610 972 აშშ დოლარი შეადგინა.

7. მოსარჩელე კომპანიამ სარჩელი აღძრა მოპასუხე კომპანიის წინააღმდეგ 610 972 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 394-ე და 623-ე მუხლები].

8. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მხარეთა შორის დაიდო ზეპირი სესხის ხელშეკრულება, რომლითაც სესხის დაბრუნების ვადა მხარეთა მიერ განსაზღვრული არ ყოფილა. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე კომპანია 2010 წლის 07 ოქტომბრიდან-2013 წლის 30 იანვრამდე პერიოდში, მოპასუხე კომპანიამ სესხის სახით, პერიოდულად გადაურიცხა ჯამში, 610972 აშშ დოლარი, რაც დასტურდება თანხების გადარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერებით, სადაც ასევე მითითებულია გადარიცხული თანხის დანიშნულება. მიუხედავად მოსარჩელის წერილობითი მოთხოვნისა, მოპასუხის მიერ თანხის დაბრუნების ვალდებულება შეუსრულებელია.

9. მოპასუხემ, როგორც სარჩელზე, ასევე დაზუსტებულ სარჩელზე წარადგინა მარტივი წერილობითი შესაგებელი, სადაც დააფიქსირა: „არ ვეთანხმები“, „არანაირი თანხა არ მიგვიღია სესხის სახით, ვინაიდან მხარეებს შორის არ არსებობს და არასოდეს არ არსებულა სასესხო ურთიერთობა, „აღნიშნული თანხა დამფუძნებლის მიერ ნამდვილად იქნა შემოტანილი“ (ტ.1.ს.ფ.173-180, 264-270). საქმის არსებითი განხილვისას სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელისაგან მის საბანკო ანგარიშებზე სხვადასხვა დროს თანხის, ჯამში 610 972 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტი, თუმცა იმავდროულად აღნიშნა, რომ ეს თანხა არ წარმოადგენდა მოსარჩელე კომპანიის საკუთრებას, თანხა არც სესხის სახით არ ჩარიცხულა. შესაბამისად, სარჩელი უარსაყოფი იყო. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული თანხა ეკუთვნოდა სხვა, ამჟამად გარდაცვლილ პირს - ნ. ჯ-ას, რომელიც რუსეთში ბიზნეს საქმიანობით დაგროვილ თანხას რიცხავდა დ. ბ-ის (მოსარჩელე კომპანიის დირექტორის) კონტროლირებად კომპანიებში და მისი მეშვეობით ახდენდა თანხის საქართველოში შემოტანას. მოსარჩელე კომპანიის მიერ მოპასუხე კომპანიისათვის სადავო თანხის ჩარიცხვაც წარმოადგენდა ამ სქემის ნაწილს, რაც უნდა მიმართულიყო მოპასუხე კომპანიის ფუნქციონირებისა და განვითარების უზრუნველსაყოფად.

10. სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 610 972 აშშ დოლარის გადახდა.

11. სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელსაც უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით.

12. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ამ განჩინების პპ: 1-6 ში მითითებული და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

13. ასევე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე კუთვნილი ანგარიშიდან, 2010 წლის 1 იანვრიდან - 2014 წლის 30 ივნისამდე, მოპასუხეს პერიოდულად, ურიცხავდა 610 972 აშშ დოლარს (შემდეგში - სადავო თანხა). უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული სადავო თანხის მოსარჩელესათვის დაუბრუნებლობას.

14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეები სადავოდ ხდიან თანხის მიღების სამართლებრივ საფუძველს და აქედან გამომდინარე, მისი უკან დაბრუნების ვალდებულების არსებობა-არასებობას.

15. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის მოთხოვნათა შესაბამისად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და ყურადღება გაამახვილა სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებსა და მათზე მოპასუხის მიერ განხორციელებული შედავების ხარისხზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გარემოებები, რომლებსაც სარჩელი ეფუძნებოდა იყო შემდეგი:

16. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას მოსარჩელე კომპანია აფუძნებდა მოპასუხისათვის 610972 აშშ დოლარის გადაცემას. სადავო თანხა მოპასუხე კომპანიისათვის გადარიცხული იყო საბანკო გზით. მიუხედავად იმისა, რომ სესხის დაბრუნების დრო მხარეთა მიერ არ იყო განსაზღვრული, მოპასუხემ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მოსარჩელეს არ დაუბრუნა სადავო თანხა.

17. სააპელაციო სასამართლომ სარჩელში მოცემული ზემოაღნიშნული გარემოებები სსკ-ის 623-ე, 624-ე, 626-ე მუხლების სამართლებრივი შედეგის საფუძველზე მოთხოვნის მართბულობის შესამოწმებლად რელევანტურად მიიჩნია.

18. რაც შეეხება შემდეგ სტადიას, აღნიშნულ ეტაპზე სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა შესაგებლის არსებითობა (კვალიფიციურობა) სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემობების გაქარწყლების თვალსაზრისით და ყურადღება მიაქცია შემდეგს: მოპასუხე შესაგებელში აღიარებდა თანხის მიღების ფაქტს, თუმცა, უარყოფდა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობას (სადავოდ ხდიდა თანხის გადაცემის მიზნობრიობას). აღნიშნული კი, მოპასუხე კომპანიის მოსაზრებით გამორიცხავდა თანხის მოთხოვნის უფლების სასამართლო წესით რეალიზაციას.

19. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოგვიანებით, მოპასუხის მიერ სასამართლო სხდომაზე დამატებით განმარტებულ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, მოსარჩელე კომპანიის დირექტორი დ. ბ-ე მოპასუხე კომპანიას ურიცხავდა ფიზიკური პირის-ნ. ჯ-ას კუთვნილ თანხას, რაც თავდაპირველად ირიცხებოდა დ. ბ-ის კონტროლირებად სხვა კომპანიაში-ჰერბერტრონში, შემდეგ კი დ. ბ-ე მოსარჩელე კომპანიის მეშვეობით რიცხავდა მოპასუხე კომპანიაში. ამასთან, გადარიცხული თანხა მიზნობრივად კომპანიის განვითარებისთვის იყო განკუთვნილი, რაც დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა.

20. სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების მიმართ განხორცილებული მოპასუხის შედავების შინაარსის მიხედვით, სასამართლომ შეაფასა არსებითი იყო არა მოპასუხის შედავება; მიუთითებდა, თუ არა შესაგებელი სარჩელის გამომრიცხავ ან შემაფერხებელ გარემოებებზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ დადგენილი გარემოებების პირობებში, რომლის მიხედვით დასტურდებოდა თანხის გადაცემის ფაქტი, მაგრამ სადავო იყო საამართლებრივი საფუძველი, იმ გარემოების დადგენა თანხის მიღების საფუძველს წარმოადგენდა თუ არა სესხის ხელშეკრულება, განპირობებული იყო მოპასუხის შედავებით. მოპასუხე კი წარმოდგენილ შედავებაში მიუთითებდა, რომ: „არ ვეთანხმები“, „არანაირი თანხა არ მიგვიღია სესხის სახით, ვინაიდან მხარეებს შორის არ არსებობს და არასოდეს არ არსებულა სასესხო ურთიერთობა, „აღნიშნული თანხა დამფუძნებლის მიერ ნამდვილად იქნა შემოტანილი“, აღნიშნული კი წარმოადგენდა მარტივ შედავებას და როგორც აღინიშნა, ჯეროვან ოპონირებას ვერ უწევდა სარჩელს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სასამართლო პრაქტიკაზე - სუსგ 19/02/2018 წლის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-1062-1022-2016.

21. მოცემულ საქმეში, სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე იმსჯელა ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობებში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე უთითებს სესხზე, როგორც მოპასუხისათვის თანხების გადაცემის საფუძველზე, მოპასუხის მხრიდან შესაგებლით სასესხო ურთიერთობის, მხოლოდ უარყოფა არ არის საკმარისი მის საწინააღმდეგოდ ამოქმედებული პრეზუმფციის გასაქარწყლებლად, რომ მან ეს თანხა მიიღო სამართლებრივი საფუძველით. განსახილველ მოცემულობაში (როცა მოპასუხე არ უარყოფს სადავო თანხების მიღების ფაქტს და არც ის არის სადავო რომ მან ეს თანხები მოსარჩელეს არ დაუბრუნა), მოპასუხის მიერ თანხის მიღების ფაქტი, როგორც ასეთი, თავისთავად უკვე წარმოშობდა ორ სავარაუდო შემთხვევას: ა) მოპასუხემ ეს თანხა მიიღო სამართლებრივი საფუძველით; ბ) მოპასუხემ ეს თანხა მიიღო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

22. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე მოპასუხე კომპანიის შედავების იმ ნაწილს, რომელშიც მოპასუხემ მიუთითა მოსარჩელისაგან განსხვავებით თანხის ჩარიცხვის სხვა საფუძველზე, კერძოდ, აღნიშნა, რომ: სადავო თანხა ეკუთვნოდა სხვა ფიზიკურ პირს, ამჟამად გარდაცვლილ ნ. ჯ-ას, რომელმაც რუსეთში, ბიზნეს საქმიანობით დაგროვილი თანხა საქართველოში შემოიტანა მოსარჩელე კომპანიის დირექტორის, დ. ბ-ის კონტროლირებადი კომპანიის მეშვეობით, რაც უნდა მიმართულიყო მოპასუხე კომპანიის ფუნქციონირებისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, და რომ ეს თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ, შესაგებლის წარდგენის შემდეგ, შესაბამის საპროცესო ეტაპზე განახორციელა შედავება სარჩელში მითითებული იმ ფაქტების უარსაყოფად, რომ სადავო თანხის მიღება განპირობებული იყო სესხის საფუძველზე, ვიდრე, სათანადო მტკიცებულებებით არ დაადასტურებდა თანხის მიღების სხვა სამართლებრივ საფუძველს (მაგალითად, ჩუქება და სხვ.) ივარაუდებოდა, რომ მოსარჩელეს მიერ მითითებული საფუძველი (სესხი) იყო ნამდვილი.

23. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ კი, არაკვალიფიციური არაკვალიფიციური შედავებით ვერ გააქარწყლა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობების არსებობის პრეზუმფცია.

24. რაც შეეხება მოპასუხე მხარის შუამდგომლობით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, სააპელაციო სსამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის გასაქარწყლებლად სსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებულ უტყუარი სახის სათანადო მტკიცებულებას, რაც გამორიცხავს მოპასუხის მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობას. შესაბამისად, მოპასუხის სარჩელი სასესხო ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ საფუძვლიანია.

25. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად შეაფასა სახელშეკრულებო - სესხის ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი საფუძვლით. ასევე, სააპელაციო სასამართლომ დამატებით, არასახელშეკრულებო (კონდიქციური) საფუძვლითაც მიიჩნია სარჩელი წარმატებულად.

26. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს მიღებული თანხების დაბრუნება მოსარჩელეს სასარგებლოდ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით შეიძლებოდა დაჰკისრებოდა.

27. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს მიღებული თანხების დაბრუნება მოსარჩელეს სასარგებლოდ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით შეიძლებოდა დაჰკისრებოდა, რამდენადაც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები უზრუნველყოფს არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ Nას-74-71-2016, 2016 წლის 25 მაისი). სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მსგავს საქმეზე სუს 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-74-71-2016 და აღნიშნა, რომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს სწორედ მოპასუხეთა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი და, აქედან გამომდინარე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებულის უკან დაბრუნება წარმოადგენდა. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, შესრულების კონდიქციას არ აფერხებდა მოპასუხის შედავება, გამომდინარე იქედან, რომ რადგან მასში არ იყო მითითება დაბრუნების კონდიქციის შემაფერხებელი, სსკ-ის 976- ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული, რომელიმე წანამძღვრის არსებობაზე.

28. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით მოპასუხემ წარმოადგინა საკასაციო საჩივარი.

29. კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არ არის დასაბუთებული, თუ რა ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით მიიჩნეს დადებულა არ არსებული სესხის ხელშეკრულება; გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული და მასში არ არის ასახული, თუ რა საფუძვლით მიიჩნია სასამართლომ ხელშკრულება დადებულად.

30. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამართლებრივი ნორმები, ასევე არასწორი ინტერპრეტაცია მისცა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

31. კასატორის განცხადებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ თითქოს მოპასუხე არ უთითებდა, ჰქონდა თუ არა თანხის მიღების რაიმე სამართლებრივი საფუძველი და გადაწყვეტილება დააფუძნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის №ას-1062-1022-2016 გადაწყვეტილებაზე. თუმცა, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ მოპასუხე უარყოფდა თანხის მიღების ფაქტს, ასევე, არ განმარტავდა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით ჩაერიცხათ მათ აღნიშნული თანხა.

32. კასატორი აღნიშნავს, რომ მათ შემთხვევაში, არაერთხელ და ვრცლად იქნა განმარტებული აღნიშნული თანხის დანიშნულებისა და მიზნის შესახებ, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე, სააპელაციო სასამართლოშიც. აღნიშნული დადასტურებულ იქნა მოწმეთა მიერაც. მოპასუხე კომპანიაში გადმორიცხული თანხები წარმოადგენდა მისი შექმნისა და განვითარებისთვის განკუთვნილ თანხას, რომელიც გადმორიცხული იყო სწორედ აღნიშნული მიზნით და არ ექვემდებარებოდა დაბრუნებას.

33. კასატორი ციტირებს გასაჩივრებული განჩინების 4.8 პუნქტს და განმარტავს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი. მისი განმარტებით, მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა სესხის სახით გაცემულ თანხას. პირველ რიგში, სწორედ აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე უნდა ესაუბრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

34. აღნიშნულ საკითხთან - მტკიცების ტვირთის გადანაწილებასთან დაკავშირებით, კასატორი ციტირებს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 06 ივლისის №ას-515-515-2018 გადაწყვეტილებას.

35. კასატორი ციტირებს სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლებს და განმარტავს, რომ სწორედ მოსარჩელე მხარეს ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი, მას უნდა ემტკიცებინა სესხის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი, რადგანაც მოთხოვნის წარმოშობიოს საფუძველს, მათი განმარტებით, წარმოადგენდა სესხი, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე არ უსაუბრია სააპელაციო პალატას.

36. კასატორის განცხადებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ზეპირი სესხის ხელშეკრულება და დასკვნა დააფუძნა მხოლოდ გადარიცხვის ქვითრებს, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, მოსარჩელე 3 წლის განმავლობაში რიცხავდა სესხის სახით დარჩეს 17 ტრანზაქციით თანხებს.

37. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ არ იცოდა როდის დაიდო ზეპირი სესხის ხელშეკრულება, ვინ ესწრებოდა ხელშეკრულების დადებას და რა პირობებზე შეთანხმდნენ მხარეები. მიუხედავად აღნიშნულისა, მხოლოდ გადარიცხული ქვითრებით მიიჩნია სასამართლომ ზეპირი სესხის ხელშეკრულება დადებულად.

38. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაფუძნებულია იმაზე, რომ მიუხედავად კასატორის მიერ წარდგენილი არაერთი მტკიცებულებისა და მოწეთა ჩვენებისა, რადგანაც თავდაპირველად მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი იყო მარტივი შესაგებელი, აღნიშნული იძლეოდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

39. კასატორი ციტირებს სსკ-ის 623-ე მუხლს და განმარტავს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, რათა დაებრუნებინა გადმორიცხული თანხა. კასატორი არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ რადგანაც მოპასუხის მიერ არ გაპროტესტებულა დანიშნულებაში მითითებული „სესხი“ ადასტურებდა იმას, რომ ის დაეთანხმა სესხის აღებას და პირობებს.

40. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის მხრიდან სრულიად არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება საკითხის მიმართ, როდესაც თავდაპირველად წერილით განაცხადა, რომ სესხისთვის გათვალისწინებული იყო ასევე პროცენტი და თანხაც გაცილებით მეტი იყო, თუმცა, შემდგომ აღმოჩნდა, რომ თითქოს სესხი სარგებლის გარეშეა. სასამართლომ უგულვებელყო სსკ-ის 623-ე მუხლის მე-3 ნაწილი. ასევე, სააპელაციო სასამართლომ უგულვებელყო მოპასუხე კომპანიის წესდება, რომლის 5.3-ე პუნქტის მიხედვით, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას სესხისა და კრედიტის აღების თაობაზე, შესაბამისად, დ. ბ-ე, როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ინფორმირებული იყო აღნიშნულის თაობაზე, თუმცა, პარტნიორთა კრება სესხის აღების თაობაზე არ შემდგარა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

41. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

42. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

43. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა.

44. ამ მიზნით, საქმის განხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შემოაწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. მხოლოდ ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით).

45. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სადავო თანხის მოპასუხისათვის დაკისრება და სარჩელის ფაქტობრივი გარემოება ეფუძნება სხვადასხვა დროს მოპასუხისათვის თანხის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვას.

46. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოექსის მე-3-მე-4 მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში.

47. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხის (ძირი თანხა) დაბრუნების მოთხოვნა - სსკ-ის 623-ე მუხლი [სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი], თანმიმდევრობით განხორციელებული უნდა იყოს მოთხოვნის საფუძვლის განმაპირობებელი შემდეგი წინაპირობები: მსესხებელს გადაცემული უნდა ჰქონდეს განსაზღვრული (სადავო) თანხა საკუთრებაში და უნდა კისრულობდეს განსაზღვრულ ვადაში, გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას.

48. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეში, რომელშიც სადავო იყო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საკითხი, საკასაციო პალატამ შემდეგი განმარტება გააკეთა: „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“ (შდრ: სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ.; №ას-361-343-2015, 14.12. 2015).

49. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი (მოპასუხე კომპანია) სადავო თანხის მიღებას - საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვას სადავოდ არ ხდის. მისი საკასაციო პრეტენზია შეეხება თანხის სესხად მიღებას. მაშასადამე, კასატორი სადავოდ ხდის დავის სამართლებრივ მოწერიგებას (დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიკაციას) სსსკ-ის 393-ე უხლის მე-2 ნაწილის საპროცესო სამართლებრივი დანაწესით. კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხე კომპანიას არ უკისრია თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება, ხელშეკრულება დადებულია ზეპირად და მოსარჩელე ვერ ადასტურებს სადავო თანხაზე უკუმოთხოვნის უფლების არსებობას (იხ., საკასაციო საჩივარი).

50. საკასაციო პალატა ხაზს უსვამს სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმით გათვალისწინებულ მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესს [სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი], რომლის თანახმად თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება ანუ, გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით ან თანხის სხვა სამართლებრივ საფუძველზე მიღებით.

51. საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს {სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი} (შდრ. სუსგ Nას-279-264-17, 21.04.2017წ.) „მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული.

52. მოცემულ საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 2010 წლის 10 მარტიდან. მოპასუხე კომპანიის 25-25% წილის მფლობელი პარტნიორია ა. ჯ-ია და დ. ბ-ე, ხოლო 50%-ის იური წულაია. საწარმოს დირექტორია-ლ. ნ-ია. კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენს მინერალური (გაზიანი და უგაზო) წყლის ჩამოსხმა და რეალიზაცია.

53. მოსარჩელე კომპანია 2008 წლის 8 ივლისს ჩამოყალიბდა შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიად და რეგისტრირებულია ინგლისისა და უელსის კომპანიების რეგისტრაციის ბიუროში. მოსარჩელე კომპანიის დირექტორი და კომპანიის აქციონერია დ. ბ-ე. კომპანიის იურიდიული მისამართია - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ლონდონი,V1S 1YH, ... ქუჩა N..., მე-3 სართული.

54. უდავოა, რომ 2010 წლის 1 იანვრიდან-2014 წლის 30 ივნისამდე, მოსარჩელე კომპანია მოპასუხე კომპანიას პერიოდულად ურიცხავდა სხვადასხვა ოდენობის თანხას, რამაც ჯამში 610 972 აშშ დოლარი შეადგინა.

55. მოსარჩელე კომპანიამ სარჩელი აღძრა მოპასუხე კომპანიის წინააღმდეგ 610 972 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით. სარჩელის განხილვისას მოპასუხემ დაადასტურა თანხის მიღება, თუმცა უკან დაბრუნების ვალდებულება წარმოშობილად არ მიიჩნია და აღნიშნა, რომ თანხა არ წარმოადგენდა სესხს და ამ უკანასკნელს არც მისი უკან დაბრუნების ვალდებულება უკისრია მოსარჩელე კომპანიის წინაშე.

56. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნულზე შედავება საფუძვლად ვერ დაედება თანხის უკუმოთხოვნის უფლების გამორიცხვას, რამდენადაც როგორც დოქტრინალურსამართლებრივი განმარტებებითა და ასევე, სასამართლო პრაქტიკის ანალიზი გვიჩვენებს სესხის ხელშეკრულება რეალური გარიგებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამსესხებლის მტკიცების საგანში შედის თანხის გადაცემის და არა მარტოოდენ თანხის სესხად გადაცემაზე წერილობითი ან ზეპირი შეთანხმება (იხ., საქართველს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის კომენტარი <http://www.gccc.ge> სუსგ Nას-1062-1022-2016, პ- 34).

57. როგორც განსახილველ საქმეზეა დადგენილი და აღნიშნულს არც მოპასუხე კომპანია შედავებია სადავო თანხა მოსარჩელეს გადაცემული აქვს მოპასუხისთვის საბანკო ანგარიშსწორების საფუძველზე. საქმის გარემოებების ამგვარი მოცემულობის პირობებში, მნიშვნელობა ენიჭება იმას, მოპასუხე რამდენად არყევს და აბათილებს იგი სესხის ხელშეკრულების არსებობაზე მოსარჩელის განმარტებების საფუძველზე შექმნილ ვარაუდს (იხ., სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების მეთოდიკა, შ. შმიტი, ჰ. რიხჰტერ, თბ., 2013, 14). საკასაციო სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 12 მარტის Nას-664-635-2016 წლის გადაწყვეტილებაში (პ-202) აღნიშნულია, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების მიხედვით, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები“. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს.

58. ამასთან, მოპასუხის შედავება დაუშვებელია (აბსტრაქტულია), თუკი მასში არაფერია ნათქვამი ცალკეულ საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებზე. მოპასუხეს მოეთხოვება შედავების დაკონკრეტება სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების საფუძველზე, რომ მისთვის არ დადგეს არახელსაყრელი გადაწყვეტილება (იხ., სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების მეთოდიკა, შმიტი შ, რისჰტერ ჰ, თბ., 2013, 16, 17). თუ დაშვებული იქნებოდა ისეთი ზოგადი და აბსტრაქტული ხასიათის შედავება შესაგებლით, როგორც ეს განსახილველ საქმეშია სარჩელზე წარმოდგენილი (იხ., ტ.1. ს.ფ. 174-175), მოსარჩელეს არ ექნებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას არ ეთანხმება მოპასუხე და შესაბამისად, რისი მტკიცება მოუწევდა მას გაურკვეველი დარჩებოდა, რითაც არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩავარდებოდა მოსარჩელე და ხელი შეეშლებოდა საერთო სასარჩელო წესით უფლების რეალიზებაში (სსსკ-ის მე-3, მე-4, 102-ე მუხლები; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, ციტ: სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების მეთოდიკა, შ. შმიტი, ჰ. რიხჰტერ ჰ, თბ., 2013, 17). შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მოპასუხის მარტივი შედავება „არ ვეთანხმები“ არ არის საკმარისი სარჩელის უარყოფისთვის (იხ., სარჩელზე წარდგენილი შესაგებელი - ტ.1. ს.ფ 174-175; აგრეთვე იხ., სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების მეთოდიკა, შ. შმიტი, ჰ. რიხჰტერ, თბ., 2013, 16). ასეთ შემთხვევაში წარმოიშობა ვითარება, როცა მოპასუხის შედავების არსი მიუთითებს იმაზე, რომ მან თანხა მიიღო, მაგრამ არ სურს ამ თანხის დაბრუნება და არც უთითებს ჰქონდა თუ არა მისი მიღების რაიმე საფუძველი. ეს ყოველივე წარმოშობს სამართლებრივი არგუმენტაციის ორი მიმართულებით განხორცილების შესაძლებლობას:

59. პირველი, ესაა სასესხო ურთიერთობის წარმოშობილად კვალიფიკაცია და მაშასადამე, სარჩელის წარმატებისათვის ერთდროულად უნდა იყოს განხორციელებული სსკ-ის 623-ე მუხლის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, რაც მოცემულ საქმეზე დადგენილად და მაშასადამე, განხორციელებულად მიიჩნევა (იხ., საკასაციო პალატის მსჯელობის ნაწილი - ამ განჩინების პპ: 47-58). სადავო ურთიერთობის სესხად კვალიფიკაცია კი, მოპასუხეს წარმოუშობს თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას სსკ-ის 623-ე და 427-ე მუხლების საფუძველზე.

60. ამასთან იმ მოცემულობის პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ სასესხო ურთიერთობა მხარეთა შორის მხოლოდ ზეპირად დაიდო და ვალდებულების შესრულების ვადა არ იყო განსაზღვრული, მოქმედებს სსკ-ის 626-ე მუხლის პირველი ნაწილის ნორმატიული დანაწესი, რომლის მიხედვით თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არაის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას.

61. და მეორე, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება წინამდებარე განჩინებას პ-27-ში განვითარებულ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო თანხის დაბრუნების მოთხოვნას მოპასუხის მიერ განხორციელებული მარტივი შედავების პირობებში, ვარგისი სამართლებრივი საფუძველი გააჩნია შესრულების კონდიქციის მარეგულირებელ ნორმათა საფუძველზეც (სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი და 979-ე მუხლის პირველი ნაწილი).

62. საკასაციო პალატა კასატორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ: „სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ზეპირი სესხის ხელშეკრულება მოსარჩელე კომპანისა და მოპასუხე კომპანიაშ შორის და აღნიშნული გადაწყვეტიელბა დააფუძნა მხოლოდ და მხოლოდ გადარიცხვის ქვითრებზე და რომ გადარიცხული თანხები წარმოადგენდა მოპასუხე კომპანიის შექმნისა და განვითარებისათვის განკუთვნილ თანხას, რომელიც გადმორიცხული იყო სწორედ აღნიშნული მიზნით და დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა (იხ., საკასაციო საჩივარი)“, არ იზიარებს დაუსაბუთებლობის გამო და აღნიშნავს შემდეგს: „კონდიქციური ვალდებულების არსებობისას, არ გაითვალისწინება არც კონტრაჰენტის კეთილსინდისიერება და არც ბრალეულობა. ამ ვალდებულების მიზანი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადანაცვლებულ მატერიალურ/არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეთა ისე აღდგენაა, რომელიც იარსებებდა, რომ არ შექმნილიყო კონდიქციური ვალდებულების მახასიათებელი წინაპირობები. ქონებრივი წონასწორობის აღდგენის მიზნით, კანონი “განსაზღვრავს უსაფუძვლოდ გადაცემულის დაბრუნებას, რათა ხელი შეეწყოს სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას და ბრუნვის მონაწილე რომელიმე მხარე იმგვარ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, რომელსაც სამართლებრივი წინაპირობები გამდიდრების ეტაპზე არ გააჩნია“ (ციტ: ახალაძე მ, უსაფუძვლო გამდიდრება 2015-2018 წლის პირველი ნახევარი), საქართველოს უზენაესი სასამართლოს გამომცემლობა, თბ., 2019, 32 <http://www.supremecourt.ge>).

63. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის ერთი პირი უნდა მდიდრდებოდეს მეორის ხარჯზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად წარმოიქმნა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არა აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ ჩადენილი მოქმედებების მართლზომიერებასა თუ მართლწინააღმდეგობას.

64. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე იზრდება. სხვა სამოქალაქო საქმეზე, სადაც მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებდა სესხის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას, ხოლო თანხის გადაცემის მიზნობრიობა და მოპასუხის შემხვედრი ვალდებულება გადაცემული თანხის დაბრუნების შესახებ იყო სადავო, საკასაციო პალატამ იმსჯელა სსკ-ის 623-ე და 624-ე მუხლების განმაპირობებელ გარემოებებზე და სარჩელი წარმატებულად სწორედ უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი სსკ-ის 976-ე მუხლით მიიჩნია (იხ., სუსგ Nას-74-71-2016, 25.05.2016, პპ: 21,35-37).

65. ამდენად, ნიშანდობლივია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმების დაცვითი ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი _ მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

66. საკასაციო პალატის აზრით, უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე.

67. ამდენად, სკ-ის 976-ე მუხლი აწესრიგებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ასრულებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე. მაშასადამე, საკასაციო პალატა უბრუნდება წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებულ მსჯელობას, რომლის მიხედვით იმ ვითარებში, როდესაც დადასტურებულია და მოპასუხის მიერ არაა უარყოფილი თანხის მიღება, იმის მტკიცების ვალდებულება და სათანადო სამართლებრივი საფუძვლის მითითება, რომ მიღებული თანხის საკუთრებაზე წარმოეშვა მოპასუხეს უფლება, მისივე მტკიცებისა და მითითების ტვირთია. ამგვარ მტკიცებად კი, ვერ იქნება მიჩნეული მოპასუხის განმარტება პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, რომლის მიხედვით: სადავო თანხა არ წარმოადგენდა მოსარჩელე კომპანიის საკუთრებას, თანხა არც სესხის სახით არ ჩარიცხულა. თანხა ეკუთვნოდა სხვა, ამჟამად გარდაცვლილ პირს - ნ. ჯ-ას, რომელიც რუსეთში ბიზნეს საქმიანობით დაგროვილ თანხას რიცხავდა დავით ბუაძის (მოსარჩელე კომპანიის დირექტორის) კონტროლირებად კომპანიებში და მისი მეშვეობით ახდენდა თანხის საქართველოში შემოტანას. მოსარჩელე კომპანიის მიერ მოპასუხე კომპანიისათვის სადავო თანხის ჩარიცხვაც წარმოადგენდა ამ სქემის ნაწილს, რაც უნდა მიმართულიყო მოპასუხე კომპანიის ფუნქციონირებისა და განვითარების უზრუნველსაყოფად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა თანხის უკუმოთხოვნის გამომრიცხველლი გარემოებები (შდრ: სუსგ Nას-74-71-2016, 25.05.2016).

68. რაც შეეხება კასატორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე კომპანიას მისივე წესდების მოთხოვნათა შესაბამისად, ესაჭიროებოდა პარტნიორთა კრება სესხის აღების თაობაზე, რაც არ შემდგარა, ხოლო ამგვარი შეთანხმების არარასებობა დამატებითი საფუძველია სარჩელის უსაფუძვლობის დასადასატურებლად, საკასაციო პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება, როგორც სარჩელის უარყოფის საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ის რასაც კასატორი წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხველ გარემოებად მიიჩნევს, გავლენას ვერ მოახდენს მოცემული დავის ფარგლებში სარჩელის უარყოფაზე, რადგან წარმოადგენს შიდა კორპორატიული მართვის საგანს (მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 91 მუხლი - პარტნირთა კრების კომპეტენცია). შესაბამისად, რომც არ იყოს ასეთი შეთანხმება (თანხმობა) აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს მე-3 პირთან (კონკრეტულ შემთხვევაში - მოსარჩელე კომპანიასთან) დადებული გარიგების ნამდვილობაზე.

69. აღსანიშნავია ისიც, რომ პროცესუალური კუთხით კასატორს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საპირისპოროდ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია [სსსკ-ის 407.2]. შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

70. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

71. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. სესხის ხელშეკრულებათან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილი ასახულია განჩინებაში.

72. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

73. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მ. წ.“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „მ. წ.“ (ს/კ: 435428...) უკან დაუბრუნდეს 28.05.2019 საგადასახადო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (8000 ლარი) 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე