Facebook Twitter

საქმე №ას-1086-2019 25 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. მ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს სადაზღვევო კომპანია „უ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სს სადაზღვევო კომპანია „უ.“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. მ-ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ სადაზღვევო პრემიის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაზეც საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის საოქმო განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამავე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ამავე კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივნისის განჩინება კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა საქმეში არსებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ს. ც. ქ. ..., ბ. .... გზავნილი ჩაბარდა ირაკლი მენაბდის ოჯახის წევრს, შვილს - ოთარ მენაბდეს 2019 წლის 25 ივნისს (იხ. ს.ფ. 7, სააპელაციო წარმოება).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორისათვის განჩინების გასაჩივრების 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს, 2019 წლის 26 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 7 ივლისს. ვინაიდან 7 ივლისი იყო არასამუშაო დღე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გასაჩივრების ვადა ამოიწურა მომდევნო სამუშაო დღეს, 2019 წლის 8 ივლისს. საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2019 წლის 10 ივლისს (იხ. ს.ფ. 8-17, სააპელაციო წარმოება), ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კერძო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 416-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი. მ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური