Facebook Twitter

საქმე №ას-784-2019 26 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დ. და ხ. მ-ები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ. ბ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს „კ. ბ.“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დარეჯან მუმლაძის (შემდგომ – მსესხებელი, კასატორი მოპასუხე), ხ. მ-ის (შემდგომ – თავდები, კასატორი მოპასუხე), კ. ბ-ისა და ბ. კ-ის (შემდგომ – მოპასუხეები) მიმართ ოთხივე მოპასუხისათვის სოლიდარულად დავალიანების თანხის – 7776.74 ლარის გადახდის შესახებ, საიდანაც ძირი თანხაა 5189.64 ლარი, დარიცხული პროცენტი – 1702.75 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა – 389.16 ლარი, ჯარიმა – 386.37 ლარი (0.27%), ჯარიმა – 75.90 ლარი (5%), საკომისიო – 32.93 ლარი. კასატორ მოპასუხეებს კი დაეკისროთ სოლიდარულად დავალიანების – 1313.83 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 785.99 ლარი, დარიცხული პროცენტი – 311 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა – 42.72 ლარი, ჯარიმა – 124.01 ლარი (0.27%), 40 ლარი – 5%-იანი ჯარიმა და 10.11 ლარი – საკომისიო.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 11 თებერვალს მსესხებელ მოპასუხეს გაუფორმა სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც სესხად გადასცა 7000 ლარი 36 თვის ვადით, 1.49% ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით.

3. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის ხელშეკრულების 3.9 პუნქტის თანახმად, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა (პირგასამტეხლო): ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ძირი თანხის 0.27% მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში. 2016 წლის 11 თებერვალს დანარჩენ მოპასუხეებთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მათ იკისრეს ვალდებულება, სოლიდარულად ეგოთ პასუხი კრედიტორის წინაშე მსესხებლის მიერ ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე, თუ ძირითადი მოვალე გადააცილებდა გადახდის ვადას და უშედეგოდ ჩაივლიდა გაფრთხილება, ანდა მისი გადახდისუუნარიბა აშკარა გახდებოდა, თავდები ვალდებული იყო, თვითონ დაეფარა ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, მაშინაც კი, როცა არ მოხდებოდა იძულებითი აღსრულება ძირითადი მოვალის მიმართ.

4. 2016 წლის 10 ივნისს მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მსესხებელს გადაეცა 1000 ლარი 24 თვის ვადით, თვეში 2.73% საპროცენტო სარგებლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის ხელშეკრულების 3.9 პუნქტის თანახმად, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო) – ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ძირი თანხის 0.27%, მაქსიმუმ – 275 დღის განმავლობაში.

5. 2016 წლის 10 ივნისს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად ეგო პასუხი კრედიტორის წინაშე მსესხებლის მიერ ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე, თუ ძირითადი მოვალე გადააცილებდა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნებოდა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარიბა იქნებოდა აშკარა, თავდები ვალდებულიას კისრულობდა, თვითონ დაეფარა ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, მაშინაც კი, როცა არ მოხდებოდა იძულებითი აღსრულების ძირითადი მოვალის მიმართ.

6. მსესხებელმა მოპასუხემ სესხის გადახდის გრაფიკი მრავალგზის დაარღვია, იგი გაფრთხილებულ იქნა წერილობით, მაგრამ ვალდებულების შესრულებას თავი აარიდა.

მოპასუხის პოზიცია:

7. მოპასუხეებმა სარჩელი ძირითადი დავალიანების ნაწილში ცნეს, დანარჩენ ნაწილში კი მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მხარეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება თავდები მოპასუხისა და მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული 7778,74 ლარიდან ჯარიმის – 462,27 ლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 11 თებერვალს მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, „ხელშეკრულებაში აღწერილი ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მსესხებელს სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისიო გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელებთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა..“ (ს.ფ 20-21).

11. 2016 წლის 11 თებერვალს მოსარჩელის მიერ თავდებობის ხელშეკრულებებით თავდებმა პირებმა იკისრეს სოლიდარული თავდებობა მსესხებელი მოპასუხის მიერ 2016 წლის 11 თებერვალს მოსარჩელესთან დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე.

12. თავდებობის ხელშეკრულებების 3.2 პუნქტის თანახმად: ,,თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია, თვითონ გადაიხადოს მსესხებლის გადასახდელი თანხა გამსესხებლის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარულ დღეში“.

13. თავდებობის ზღვრული თანხა ხვიჩა მუმლაძესთან და ბექა კერესელიძესთან განისაზღვრა 11233,66 ლარით, კონსტანტინე ბაღდასაროვთან კი 11485 ლარით (ს.ფ 24, 26, 28).

14. მსესხებელი მოპასუხის სესხის ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, სესხზე მისი ბოლო გადახდა განახორციელა 2017 წლის 31 მარტს (ს.ფ 44).

15. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევისა და მიმდინარე დავალიანების თაობაზე მოსარჩელის მიერ მსესხებელი გაფრთხილებულ იქნა წერილობით, რაც პირადად ჩაბარდა 2017 წლის 21 ოქტომბერს.

16. მსესხებლის მიერ სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევისა და მიმდინარე დავალიანების თაობაზე თავდები პირები მოსარჩელემ გააფრთხილა წერილობით, რაც თავდებ მოპასუხეს ჩაბარდა 2017 წლის 21 ოქტომბერს, ხოლო დანარჩენ თავდებებს – 2017 წლის 24 ოქტომბერს (იხ. წერილობითი გაფრთხილებები და საფოსტო უკუგზავნილები ს.ფ 38-43).

17. 2017 წლის 21 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი წარადგინა სასამართლოში, რომლითაც, ძირითად დავალიანებასთან ერთად, ასევე მოითხოვა, მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დარიცხული დავალიანების – 7776.74 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა – 5189.64 ლარი, დარიცხული პროცენტი – 1702.75 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა – 389.16 ლარი, 0.27% ჯარიმა ძირზე – 386.37 ლარი, 5% ჯარიმა ძირზე – 75.90 ლარი, საკომისიო – 32.93 ლარი (ს.ფ.44).

18. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს 2016 წლის 11 თებერვლის სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან.

19. დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეფასების საგანს წარმოადგენს მსესხებლის მიერ მოსარჩელესთან დადებული სესხისა და მის საფუძველზე გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს, გარდა სესხის ძირი თანხისა, აქვს თუ არა მოპასუხეებისათვის საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.

20. სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 316-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 361-ე მუხლის მეორე ნაწილის, 402-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან სესხით სარგებლობისათვის სესხის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დარიცხული საპროცენტო სარგებელი ყველა შემთხვევაში გადასახდელი იყო, ამასთან, თავდებმა პირებმა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდაზე, სსკ-ის 624-625-ე, 891-ე და 895-ე მუხლების შესაბამისად, როგორც ძირითადი მოვალის, ისე თავდები პირებისათვის 2017 წლის 27 ნოემბრამდე დარიცხული საპროცენტო სარგებელის – 1702.75 ლარის დაკისრება საფუძვლიანია, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.

21. რაც შეეხება მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების დასაბუთებას, სააპელაციო პალატამ გაიზიარა თავდები პირების სააპელაციო პრეტენზიას.

22. სსკ-ის 401-ე და 902-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, როგორც თავდებობის ხელშეკრულებების 3.2 პუნქტებით ირკვევა, თავდები ვალდებული იყო, გადაეხადა ძირითადი მსესხებლის დავალიანება გამსესხებლის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარულ დღეში.

23. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მსესხებელმა მოპასუხემ სესხზე ბოლო გადახდა განახორციელა 2017 წლის 31 მარტს, ხოლო მის მიერ გადახდის გრაფიკის დარღვევისა და მიმდინარე დავალიანების თაობაზე მოსარჩელემ თავდებ პირებს წერილობით აცნობა მხოლოდ 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს.

24. ამდენად, მსესხებელი მოპასუხის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების – სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობისათვის 2017 წლის ნოემბრამდე დარიცხული ჯარიმის (პირგასამტეხლოს) – 462,27 ლარის გადახდაზე თავდები პირების მიმართ მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს აღარ გააჩნია (სსკ-ის 902 -ე მუხლი).

25. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თავდები პირებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ჯარიმის დაკისრების ნაწილში არასწორია, რაც ამ ნაწილში მისი გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია.

26. რაც შეეხება თავად მსესხებელი მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრებას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილება დასაბუთებულია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

27. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა პირგასამტეხლოს – 1313 ლარის დარიცხვის ნაწილში შემდეგი საფუძვლებით:

28. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ის ნორმა, რომელიც ამ დავის გადაწყვეტისას უნდა გამოეყენებინა, არ დაასაბუთა, რატომ არ უნდა გაეზიარებია კასატორების მიერ წარდგენილი მტკიცებულება დავალიანების ჩამოწერის თაობაზე.

29. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მოპასუხეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებაზე დავალიანების სახით არსებული 1313 ლარის დავალიანებიდან ამორიცხვაზე მაშინ, როცა წარდგენილი იყო ინფორმაცია სხდომაზე ვალი.გე ოფიციალური ვებგვერდიდან კასატორთათვის ვალის ჩამოწერის შესახებ და ამ თანხას სადავოდ არ ხდის მოპასუხე, რასაც ადასტურებს მის მიერ 2019 წლის 16 იანვარს გაცემული ცნობა.

30. კასატორთა მითითებით, არ შეიძლებოდა სასამართლოს გადასახდელად დაეტოვებინა ის თანხა, რომელიც უკვე ჩამოწერილ ვალად აქვს მოპასუხეს მიჩნეული. ამით დაირღვა სსსკ-ი და დაუსაბუთებელია, რატომ არ ამორიცხა ეს თანხა დავალიანებიდან სასამართლომ. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მსესხებელმა მოპასუხემ სრულად არ გადაიხადა დავალიანება, პროცენტი და ჯარიმის თანხა დაანგარიშებულია 2017 წლის მარტიდან სარჩელის შეტანის დღემდე. სასამართლომ პირგასამტეხლოს ნაწილში თავდებების მოთხოვნა დააკმაყოფილა და გაიზიარა მოპასუხეთა მოსაზრება 15 დღით წინასწარი შეტყობინების თაობაზე, თუ ძირითადი მოვალე აგვიანებდა გადახდას ან არ ასრულებდა ვალდებულებას. იგივე პერიოდი არის მითითებული მსესხებელი მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პროცენტის დაკისრებაზე, თუმცა გაფრთხილება დავალიანების გადახდევინებაზე მსესხებელ და თავდებ მოპასუხეებს არ მისვლიათ 2017 წლის ნოემბრამდე, დავალიანებას კი არიცხავდა ბანკი იმ დროს, როცა მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება გრაფიკის დანიშვნით თანხის გადახდაზე. რადგან თავდების მიმართ გამოიყენა ეს გარემოება სასამართლომ, იგივე გარემოება უნდა გამოეყენებია კასატორების მიმართ პროცენტის და ჯარიმის შემცირების საკითხში.

31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით კასატორი მოპასუხეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

32. საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის განჩინებით კ. ბ-ისა და ბ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

33. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

35. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 11 თებერვალს მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, „ხელშეკრულებაში აღწერილი ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მსესხებელს სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისიო გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელებთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა..“

36. 2016 წლის 11 თებერვალს მოსარჩელის მიერ თავდებობის ხელშეკრულებებით თავდებმა პირებმა იკისრეს სოლიდარული თავდებობა მსესხებელი მოპასუხის მიერ 2016 წლის 11 თებერვალს მოსარჩელესთან დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე.

37. თავდებობის ხელშეკრულებების 3.2 პუნქტის თანახმად: ,,თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია, თვითონ გადაიხადოს მსესხებლის გადასახდელი თანხა გამსესხებლის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარულ დღეში“.

38. თავდებობის ზღვრული თანხა ხ. მ-ესთან და ბ. კ-ესთან განისაზღვრა 11233,66 ლარით, კონსტანტინე ბაღდასაროვთან კი 11485 ლარით.

39. მსესხებელი მოპასუხის სესხის ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, სესხზე მისი ბოლო გადახდა განახორციელა 2017 წლის 31 მარტს.

40. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევისა და მიმდინარე დავალიანების თაობაზე მოსარჩელის მიერ მსესხებელი გაფრთხილებულ იქნა წერილობით, რაც პირადად ჩაბარდა 2017 წლის 21 ოქტომბერს.

41. მსესხებლის მიერ სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევისა და მიმდინარე დავალიანების თაობაზე თავდები პირები მოსარჩელემ გააფრთხილა წერილობით, რაც თავდებ მოპასუხეს ჩაბარდა 2017 წლის 21 ოქტომბერს, ხოლო დანარჩენ თავდებებს – 2017 წლის 24 ოქტომბერს.

42. წინამდებარე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს საკასაციო იხილავს მხოლოდ კასატორი მოპასუხეების მიმართ.

43. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

44. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

45. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.

46. ვალდებულების შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

47. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

48. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

49. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

50. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

51. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

52. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

53. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

54. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და კასატორმა დასაშვები და დაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარადგინა იმ გარემოების გასაბათილებლად, რომ მსესხებელ მოპასუხეს გააჩნდა მოსარჩელის მიმართ დაუფარავი დავალიანება, მან ხელშეკრულების პირობა დაარღვია და წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

55. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს სესხის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა.

56. რაც შეეხება კასატორების მოსაზრებას ჩამოწერილი დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა მხარეს შეუძლია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე.

57. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

58. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

59. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

60. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

61. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. და ხ. მ-ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური