საქმე №ას-1077-997-2017 31 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „...“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2014 წლის 16 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა (შემდგომში „მოპასუხე“, „შემსყიდველი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და შპს „...“-ს (შემდგომში „მოსარჩელე“, „მიმწოდებელი“ ან „მიმწოდებელი ორგანიზაცია“) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №102 ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“ ან „№102 ხელშეკრულება“), რომლის საფუძველზე მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა სოფელ ობშკვითისა და სოფელ ქვედა მესხეთის კლუბების სარემონტო სამუშაოები. შესასრულებელი სამუშაოების ნუსხა მოცემული იყო ხელშეკრულების ტექნიკურ დავალებაში.
2. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 23 752 ლარს, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან - 2014 წლის 16 ივლისის ჩათვლით პერიოდს.
3. ხელშეკრულების თანახმად,
3.1. სამუშაოს მიღება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივი ან/და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაფორმებით;
3.2. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება უნდა მომხდარიყო სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. შესყიდვის ობიექტის (მისი ნაწილის, ეტაპის) მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველეყო მიმწოდებელს. ობიექტი დასრულებულად ითვლებოდა საექსპერტო ან შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე;
3.3. მიმწოდებლის ვალდებულებებს შეადგენდა სამუშაოს შესრულება ჯეროვნად, საპროექტო დოკუმენტაციის, ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, მსგავსი სამუშაოებისათვის უკვე არსებული სტანდარტებისა და შემსყიდველის მოთხოვნების შესაბამისად. წესებიდან და ნორმებიდან ნებისმიერი გადახვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო არ მიეღო სამუშაო ან/და მიმწოდებლის მიმართ გამოიყენებინა ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები;
3.4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო საჯარიმო სანქციები, სახელდობრ: შესასრულებელ სამუშაოთა არაჯეროვნად შესრულებისათვის მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური/საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით, ხოლო, თუ მიმწოდებელი გადააცილებდა შესასრულებელ სამუშაოთა დასრულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური/საერთო ღირებულების 0,2%-ის ოდენობით;
3.5. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის მიმწოდებლის დაჯარიმების შემთხვევაში, შემსყიდველი იტოვებდა უფლებას ფაქტიურად გაწეული სამუშაოს ასანაზღაურებელი თანხიდან საჯარიმო სანქციის თანხა პირდაპირ გადაერიცხა არასაგადასახადო ანგარიშსწორების ერთიან ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინაში.
4. 2014 წლის 17 ივლისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა დაათვალიერეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ 17 ივლისისათვის სამუშაოები სრულად არ იყო დასრულებული. აღნიშნულზე შედგა აქტი, რომელზეც ხელი მოაწერა მიმწოდებელი ორგანიზაციის დირექტორმა, ამირან ბარდაველიძემ.
5. 2014 წლის 18 ივლისს მიმწოდებელმა წერილობით აცნობა შემსყიდველს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოების დასრულების შესახებ.
6. 2014 წლის 31 ივლისს მიმწოდებელმა განმეორებით მიმართა შემსყიდველს, წარუდგინა საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა N54/2014 და მოითხოვა N102 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიღება და შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება.
7. 2014 წლის 1 სექტემბრის N31/564 წერილით მიმწოდებელს ეცნობა, რომ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 24 ივლისის №31/106 ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ. ამავე წერილით მიმწოდებელს განემარტა, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზები მას უნდა აღმოეფხვრა დაუყოვნებლივ. ამავე დროს, სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარებამდე მიმწოდებელს ეკისრებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,2%, ხოლო სამუშაოთა არაჯეროვნად შესრულებისათვის - პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 5%.
8. 2014 წლის 1 სექტემბრის N31/564 წერილზე თანდართული 2014 წლის 21 აგვისტოს აქტისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 22 აგვისტოს დასკვნის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ იყო შესრულებული. კერძოდ, არ იყო დამონტაჟებული დენის მრიცხველი, ფითხით შესრულებული სამუშაოები სვეტებზე არ იყო სრულყოფილი, ასევე ამსტრონგის ფილებით შესრულებული სამუშაოები არ იყო დამაკმაყოფილებელი.
9. 2014 წლის 2 ოქტომბერს ინსპექტირების ჯგუფმა განმეორებით შეამოწმა ობიექტები და 2014 წლის 16 ოქტომბერს შეადგინა დასკვნა სამუშაოების დასრულების შესახებ. ხოლო 2014 წლის 17 ოქტომბერს შედგა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითისა და ქვედა მესხეთის კლუბების სარემონტო სამუშაოების მეორე ეტაპის საბოლოო მიღება- ჩაბარების აქტი.
10. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებისა და შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის 2014 წლის 25 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, საქმის მასალები ფინანსურ ანგარიშსწორებამდე გადაიგზავნა განსახილველად შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურში, რომელმაც არ გასცა რეკომენდაცია სამუშაოების ანაზღაურებაზე იმის გამო, რომ შპს „სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრის“ 2014 წლის 31 ივლისის №54/2014 დასკვნაში დაშვებული იყო უზუსტობა და იგი არ შეესაბამებოდა ინსპექტირების ჯგუფის აქტებს.
11. ხელშეკრულებით განსაზღვრული სარემონტო სამუშაოები დასრულდა 2014 წლის 2 ოქტომბერს და მიმწოდებლის მიერ სამუშაოთა შესრულების ვადაგადაცილებამ შეადგენდა 77 დღე, შესაბამისად, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, მიმწოდებელს დაკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,2%, რაც საერთო ჯამში 3657 ლარს შეადგენდა.
12. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 22 ივნისის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სოფელ ქვედა მესხეთის კლუბის სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 3 422.77 ლარს, სოფელ ოფშკვითის კლუბის სარემონტო სამუშაოების ღირებულება - 19 965.35 ლარს. ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე სოფელ ოფშკვითის კლუბის სარემონტო სამუშაოების ფარგლებში დაფიქსირდა შემდეგი ხარვეზები: ამსტრონგის ჭერის ზოგიერთი ფილა დეფორმირებულია და მჭიდროდ არ ზის მიმმართველებით შექმნილ ჩარჩოში, მიმმართველების მონტაჟისას დარღვეულია სწორხაზოვნება, კედლების ლესვისას რიგ ადგილებში არ არის დაცული ზედაპირის სისწორე, ლესვის ზედაპირზე რიგ ადგილებში ფიქსირდება ბზარები. სამუშაოების ხარისხი ვერ აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებით დადგენილ კრიტერიუმებს.
13. მიმწოდებელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შემსყიდველის მიმართ და მოითხოვა ნარდობის ხელშეკრულების შესრულებიდან მიუღებელი თანხის, 4370 ლარისა და სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების დაგვიანების გამო აღებული სასესხო ვალდებულებებისათვის გადახდილი სარგებლის, 1 193.02 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
14. სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ #102 ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები დაასრულა 2014 წლის 18 ივლისს, თუმცა შემსყიდველმა განგებ გააჭიანურა ობიექტების მიღება-ჩაბარება და მან მხოლოდ 2014 წლის დეკემბერში ჩაურიცხა მიმწოდებელს შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილი, 5466 ლარი. მოპასუხეს კიდევ გადასახდელი აქვს 4370 ლარი, რომელსაც არ იხდის. მოსარჩელემ სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების დაგვიანების გამო აიღო სესხი და მის სარგებელს დღემდე იხდის, რითაც ადგება ზიანი.
15. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო 712.50 ლარის მოთხოვნის ნაწილში და განმარტა, რომ როგორც სახელმწიფო შესყიდვის ობიექტების მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილმა კომისიამ დაადგინა, მოსარჩელემ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები არ დაასრულა ვადაში, ამასთან, შესრულებული სამუშაოები იყო უხარისხო, რის გამოც მას ჯარიმის სახით დაუკავდა 4 370 ლარი, საიდანაც გაანგარიშებაში დაშვებული უზუსტობის გამო აუნაზღაურდება 712.50 ლარი. სესხის ხელშკრულებიდან გამომდინარე სარგებლის გადახდით მიყენებული ზიანის დაკისრების ნაწილში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა სესხის აღების მიზნობრიობა, ასევე ის გარემოება, რომ აღნიშნული თანხა ხელშეკრულებით განსაზღვრული ობიექტების სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა.
16. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 712.50 ლარის გადახდა; სასესხო ვალდებულებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის სარგებლის დაკისრების ნაწილში წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.
17. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დამატებით 3293 ლარის გადახდა.
19. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, შეაფასა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებები და დაასკვნა, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა ვადის დარღვევით, თუმცა ის ხარვეზები, რაც დაშვებული იყო მუშაობისას და რისთვისაც მოპასუხემ დააკისრა პირგასამტეხლო, მოგვიანებით ეტაპობრივად გამოასწორა. სასამართლომ დაადგინა, რომ შემსყიდველმა ნაცვლად ხელშეკრულებით განსაზღვრული 2014 წლის 16 ივლისისა, ობიექტი ჩაიბარა 2014 წლის 2 ოქტომბერს, ჩაუბარებლობის მიზეზი კი შესრულებული სამუშაოების უხარისხობა იყო. შესრულებული სამუშაოს მოცულობა იყო 23 584.07 ლარი, საიდანაც მოსარჩელეს ანაზღაურებული აქვს 19 213 ლარი, ხოლო რაც შეეხება ამ თანხებს შორის სხვაობას, რაც პირგასამტეხლოს სახით გამოუქვითა მოპასუხემ მოსარჩელეს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო აღნიშნული ოდენობით შეუსაბამოდ მაღალი იყო და სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, ექვემდებარებოდა შემცირებას.
20. სააპელაციო პალატამ ხელშეკრულებაში მითითებული პირგასამტეხლო - 0.2% შეამცირა 0.02%-მდე და საბოლოო ჯამში მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხა განსაზღვრა 3 293 ლარით.
21. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის სახით მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე (იმის გამო, რომ მან ბანკიდან აიღო სესხი და იხდიდა საპროცენტო სარგებელს), სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი საკმარისი და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.
22. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
23. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი და შეუსაბამოდ მაღალ საპროცენტო განაკვეთად მიიჩნია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი - 0.2% მაშინ, როდესაც მხარეთათვის წინასწარ იყო ცნობილი ხელშეკრულების დადებისას მასში გათვალისწინებული პირობები, მათ შორის, ვალდებულების დროულად შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, იმის მიუხედავად, ვალდებულების დარღვევისას კრედიტორმა განიცადა თუ არა ზიანი. სასამართლომ კი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო უსაფუძვლოდ შეამცირა და არ გამოუკვლევია როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები უხარისხო იყო და ვერ აკმაყოფილებდა სამშენებლო ნორებს, ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ობიექტების სარემონტო სამუშაოები საერთო ჯამში შეადგენდა 23 583 ლარს, საიდანაც მოხდა თანხის მოსარჩელისათვის ანაზღაურებაც და პირგასამტეხლოს თანხის დაკავებაც.
24. კასატორის აზრით, პირგასამტეხლოს 0.02%-მდე შემცირება ეწინააღმდეგება მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკას.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
26. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
29. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს უსაფუძვლოდ შემცირებასთან დაკავშირებით და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გამოყენებაც ხდება ვალდებულების დარღვევისას.
31. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციადქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
32. ამასთან, პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმებისას გასათვალისწინებელია ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ და სხვ. ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან პირგასამტეხლოს მოთხოვნით შედავების პერიოდამდე, რაც დაეხმარება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში.
33. მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
34. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე (იხ. სუსგ საქმე №ას-577-552-2016, 9 სექტემბერი, 2016 წელი).
35. საგულისხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვ. (იხ. სუსგ საქმე Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; საქმე №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; საქმე №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).
36. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ, მართალია, ვადის დარღვევით (ხელშეკრულება შესრულდა 77 დღის ვადაგადაცილებით), თუმცა საბოლოოდ, 23 752 ლარის ღირებულების სამუშაოდან შეასრულა 23 584.07 ლარის ღირებულების სამუშაო, რომელიც შემსყიდველმა მიიღო და საიდანაც მიმწოდებელს აუნაზღაურდა 19 213 ლარი. ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების (შესრულებული სამუშაოის უხარისხობის) გამო შესრულებული სამუშაოს ღირებულებასა და ანაზღაურებულ თანხას შორის სხვაობა - 4370 ლარი მოპასუხემ მოსარჩელეს ჩაუთვალა პირგასამტეხლოს ანგარიშში, ხოლო ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო 712.50 ლარის ნაწილში, საბოლოოდ, დავა გაგრძელდა მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს სახით დაკავებულ 3 658 ლარზე.
37. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, შესრულების ვადაგადაცილების, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხის მიერ დაკავებული პირგასამტეხლო - 3658 ლარი მართებულად მიიჩნია არაგონივრულად. საკასაციო პალატის მოსაზრებით, 365 ლარის სახით (3658ლარს-3293ლარი=365ლარს) პირგასამტეხლოს გამოქვითვა სავსებით უზრუნველყობდა ზიანის იმ მინიმალურ სახეს, რის მაკომპენსირებელ ნორმატიულ საშუალებასაც სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ამავე კოდექსის 394-ე მუხლთან ერთობლიობაში წარმოადგენს. აღნიშნული კი, გამორიცხავს კასატორის პოზიციის გაზიარების საფუძველს სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს არამართლზომიერ ჩარევასთან მიმართებით.
38. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის 0.02%-მდე შემცირება ეწინააღმდეგება მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკას. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლოს განსაზღვრის კრიტერიუმები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფასდება ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების (ხელშეკრულების შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობის) გათვალისწინებით, რის საფუძველზეც, სასამართლოს შეუძლია დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
39. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა ადეკვატურია, როგორც დარღვევის ვადისა, ისე - უზრუნველყოფს პირგასამტეხლოს ფუნქციის შენარჩუნებას და არ იწვევს კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-318-301-2017, 5 მაისი, 2017 წელი).
40. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე