საქმე №ას-1218-1138-2017 28 ივნისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ს.ტ-გ–ვი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “L.N.”, ე.კ–ა, კ.კ–ძე (მოპასუხეები).
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, მისასვლელი გზის აღდგენა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს, თ.ტ–სა და ს.ტ–ას (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) შორის 1998 წლის 25 ივნისს დადებული ხელშეკრულებით თ.ტ–სა და მოსარჩელეს გადაეცათ ქ. თბილისში, ......, ბაზრის ტერიტორიის მიმდებარე შენობაში განთავსებული 90.08 კვ.მ ფართობი (ტ. 1, ს. ფ. 18-19).
2. თ.ტ–მა 2002 წლის 21 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული უძრავი ნივთიდან კუთვნილი ნაწილი მოსარჩელეს მიჰყიდა (ტ. 1, ს. ფ. 24-27).
3. საჯარო რეესტრიდან 2010 წლის 26 იანვრის ამონაწერით (ს/კ ....) დგინდება, რომ ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებულ უძრავ ქონებაზე არსებულ 204 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული (ტ. 1, ს. ფ. 75-76).
4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობის 1995 წლის 17 ნოემბრის #25.25.12330 დადგენილებით ქ. თბილისის, სამგორის რაიონის გამგეობას დაუმაგრდა ..... და ..... ქუჩებს შორის არსებული მიწის ნაკვეთი, ავტოგასამართი სადგურისა და შერეული ბაზრობის მოსაწყობად, როგორც დროებითი ღონისძიება (ტ. 1, ს. ფ. 31-32).
5. სამგორის რაიონის გამგეობის 1996 წლის 24 იანვრის #24.01.07 გადაწყვეტილებით ზემოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთი გადაეცა შპს „ ... “-ს შერეული ბაზრობის მოსაწყობად, მაგრამ გადაწყვეტილების 2.5 პუნქტით მათ დაევალათ, ქალაქის ან რაიონის პირველივე მოთხოვნისთანავე, გაეთავისუფლებინათ ტერიტორია კომპენსაციის გარეშე, ხოლო თბილისის, სამგორის რაიონის გამგეობის 2000 წლის 26 იანვრის #0110 გადაწყვეტილებით გაუქმდა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების 2.5 პუნქტი და შპს „ვ“-ს მიეცა უფლება, კერძო საკუთრებაში მიეღო მიწის ნაკვეთი (ტ. 1, ს. ფ. 33-36).
6. საჯარო რეესტრიდან 2000 წლის 23 მაისისა და 2008 წლის 8 დეკემბრის ამონაწერით შპს „ვ“-ის საკუთრება იყო ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ..... ქუჩაზე მდებარე 9175 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ......). საჯარო რეესტრიდან 2008 წლის 8 დეკემბრის ამონაწერში ასევე მითითებულია, რომ მეზობელ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი მიწის ნაკვეთი ფართობით 127 კვ.მ დაიტვირთოს სერვიტუტით (ტ. 1, ს. ფ. 37-39).
7. საჯარო რეესტრიდან 2009 წლის 30 მარტის ამონაწერის თანახმად (ს/კ ..... დ.ა–ძისა და ე.კ–ას (შემდეგში: პირველი მოპასუხე) საკუთრებაშია ქ, თბილისში, ....., შპს „ვ“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 433.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საიდანაც პირველი მოპასუხის საკუთრებაშია 20 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ტ. 1, ს. ფ. 40-41).
8. სარჩელის საფუძვლები
8.1. მოსარჩელემ 2010 წლის 15 იანვარს სარჩელი აღძრა შპს „ვ“-ის, დ.ა–ძისა და პირველ მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა შპს „ვ“-ს აეკრძალოს მოსარჩელის საკუთრებაზე ხელშეშლა და დაევალოს მოსარჩელის კუთვნილი შენობა-ნაგებობის წინ განლაგებული ჯიხურების აღება; აეკრძალოს დ.ა–ძესა და პირველ მოპასუხეს მოსარჩელის საკუთრებაზე ხელშეშლა მოსარჩელის შენობაზე მიშენებული ნაგებობის გადატანის გზით; დაევალოთ მოპასუხეებს შპს „ვ“-ს, დ.ა–ძესა და პირველ მოპასუხეს მოსარჩელის საკუთრებასთან მისასვლელი გზის აღდგენა; დაევალოს შპს „ვ“-ს მოსარჩელის კუთვნილი შენობა-ნაგებობის აღდგენა.
8.2. მოსარჩელის განმარტებით რეგისტრაციის დროისათვის ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებულ მიწის ნაკვეთს ჰქონდა მისასვლელი გზა, რითაც ხდებოდა მისი დაკავშირება ცენტრალურ გზასთან. თუმცა შპს „ვ“-მა მისთვის დროებით გამოყოფილი მიწის ნაკვეთი დაარეგისტრირა საკუთრებაში, რის შედეგადაც მან მოსარჩელეს გადაუკეტა თავის კუთვნილ შენობა-ნაგებობასთან მისასვლელი გზა, ხოლო შენობის წინ ჯიხურები განალაგა.
8.3. მოსარჩელის კუთვნილ შენობა-ნაგებობას მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებმა უკანონოდ მიაშენეს თავიანთი ნაგებობა, რითაც გააუქმეს მოსარჩელის კუთვნილი შენობა-ნაგებობის სავენტილაციო არხი. მოგვიანებით კი მეზობელი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში დაირეგისტრირეს დ.ა–ძემ და პირველმა მოპასუხემ, რომელთაც გადაკეტეს მოსარჩელის საკუთრებასთან მისასვლელი გზა.
8.4. მოსარჩელის განმარტებით, მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობა დარჩა მისასვლელი გზისა და ვენტილაციის გარეშე.
9. მოპასუხეთა შესაგებელი
9.1. მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელემ უკვე მოახდინა ჯიხურების დემონტაჟი, შესაბამისად, ამ უკანასკნელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება აღარ არსებობს. ხოლო მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან აუცილებელი მისასვლელი გზა შპს „ვ“-ის განმარტებით მის კუთვნილ ნაკვეთზე არასდროს გადიოდა. მოსარჩელე ვერ ასაბუთებს პირველ მოპასუხისა და დ.ა–ძის მიერ საკუთრების ხელშეშლის ფაქტს, ხოლო რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, მოპასუხეებმა ის შეიძინეს მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან აუცილებელი მისასვლელი გზის გარეშე.
10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
10.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10.2. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის კუთვნილი შენობა-ნაგებობის წინ შპს „ვ“-ის ტერიტორიაზე განთავსებულია ერთი სავაჭრო ჯიხური, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით მოვაჭრეთა დახლები, ამასთან, დახლები განთავსებულია მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, რომელზეც მისასვლელი გზის აღდგენას მოითხოვს მოსარჩელე.
10.3. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ პირველი მოპასუხისა და დ.ა–ძის კუთვნილი შენობის კედლად გამოყენებულია მოსარჩელის კუთვნილი შენობის კედელი. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები იმის თაობაზე, რომ მოპასუხეთა კუთვნილი ნაგებობა აფერხებს სავენტილაციო არხის მუშაობას, არხი ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას, ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელის კედელი სველდება დ.ა–ძისა და პირველი მოპასუხის კუთვნილი ნაგებობიდან ჩამონადენი წყლით საქმის მასალებით არ დასტურდება, ასევე, არ დასტურდება შპს „ვ“-ის მიერ მოსარჩელის კუთვნილი შენობის სახურავის დაზიანების ფაქტი.
10.4. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე, 180-ე, 183-ე, 247-ე, 248-ე, 311-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
11. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
11.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი შპს „ვ“-ის მიმართ დაკმაყოფილდა. ამ უკანასკნელს დაევალა აპელანტის სასარგებლოდ საკუთრებასთან მისასვლელი გზის აღდგენა; მასვე დაევალა აპელანტის კუთვნილი შენობა-ნაგებობის სახურავის აღდგენა.
12.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე 2012 წლის 16 ივლისს სააღსრულებო ფურცელი გაიცა.
12.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 აგვისტოს საოქმო განჩინებით დ.ა–ძის საპროცესო უფლებამოცვლედ ცნობილ იქნენ კ.კ–ძე (შემდეგში: მეორე მოპასუხე) და მ.ს–ძე.
12.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მარტის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა შპს „ვ“-ის მიმართ სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში გაუქმდა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი შპს „ვ“-ის მიმართ და აპელანტის სარჩელი შპს „ვ“-ის მიმართ განუხილველად დარჩა.
12.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მ.ს–ძის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს „L.N.“ (შემდეგში: მესამე მოპასუხე).
12.6. შპს „ვ“-ის წარმომადგენელმა 2014 წლის 9 ოქტომბერს საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2011 წლის 14 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
12.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბერს მიმართა შპს „ვ“-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2011 წლის 14 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. იმავე განცხადებით შპს „ვ“-მა მოითხოვა ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება განცხადების განხილვამდე.
12.8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინებით შპს „ვ“-ის განცხადება, გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა.
12.9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წის 27 ნოემბრის განჩინებით შპს „ვ“-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
12.10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წის 23 იანვრის განჩინებით შპს „ვ“-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველად. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინება (იხ. ამ განჩინების 12.8 ქვეპუნქტი).
12.11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12.12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოწინააღმდეგე მხარეები არიან პირველი, მეორე და მესამე მოპასუხეები. აპელანტის მოთხოვნაა მისასვლელი გზის აღდგენა, მოპასუხეების კუთვნილი ნაგებობის გადატანა.
12.13. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად მხარის მიერ მითითებული იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხის მიერ გამოყენებულია მოსარჩელის ნაგებობის კუთვნილი კედელი, რითაც ზიანი ადგება მოსარჩელეს, ასევე იმის დადასტურება, რომ არსებობს სამართლებრივი საფუძველი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) მოპასუხეთა საკუთრების უფლების იმგვარად შეზღუდვის, რომ მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთით ისარგებლოს მოსარჩელემ, სწორედ მოსარჩელის მტკიცების ტვირთია (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, მე-4, 102-ე მუხლები).
12.14. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 170-ე, 172-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე მოთხოვნა დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნეგატორული სარჩელის სამი საფუძველი: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე არ უნდა იყოს სადავო ნივთის მფლობელი და მისგან უნდა მომდინარეობდეს საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა.
12.15. მოსარჩელის პრეტენზიის საწინააღმდეგოდ მოპასუხემ განმარტა, რომ კედელი, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებს, წარმოადგენდა ბაზრობის ტერიტორიის მყარ მიჯნას - ღობეს, რომელსაც როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხემაც ნაგებობები მიაშენეს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება არც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ადგილზე ჩატარებული დათვალიერების შედეგად დადასტურდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმეში წარდგენილი მასალებით არ დგინდება, რომ მოპასუხეების კუთვნილი შენობა მიშენებულია უშუალოდ მოსარჩელის კუთვნილ კედელზე. ამ გარემოების საპირისპიროდ საქმეში წარდგენილია თბილისში, მე-3 მასივში, მე-7 კვარტალში მდებარე ბაზრობის ტერიტორიის საკადასტრო რუკა, რომელზეც მოსარჩელისა და მოპასუხეების კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვართან ერთად დატანილია ღობის პირობითი ნიშანი. ის გარემოება, რომ საზღვარზე არსებობდა მყარი მიჯნა, მოწმედ დაკითხულმა ც.ყ–მაც დაადასტურა.
12.16. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 182-ე მუხლზე მიუთითა და მიიჩნია, ის გარემოება, რომ მოპასუხეების კუთვნილი შენობა-ნაგებობის ერთ კედლად გამოყენებულია სწორედ მოსარჩელის კუთვნილი კედელი, საქმის მასალებით არ დასტურდება.
12.17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა საკუთრების უფლება სადავო არ არის, მოსარჩელე არ მოითხოვს აუცილებელ გზას, რაც აუცილებელი გზის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვისაა გათვალისწინებული. მოსარჩელე მიუთითებს არა სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობაზე და მტკიცებულებაზე, არამედ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სააპელაციო სასამართლოს 6 ივნისის სხდომაზე განმარტავს, რომ არსებობს გზის სხვა, მაგრამ უფრო გრძელი მონაკვეთი, ვიდრე იგი მოითხოვს, ასევე მიუთითებს, რომ მას არასდროს უსარგებლია იმ გზით, რომელიც, მისივე განმარტებიდან გამომდინარე, მოუხერხებელი და არახელსაყრელია მხარისათვის.
12.18. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 247-ე მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეები არ იმყოფებიან მოყვანილი ნორმებით გათვალისწინებული არც სახელშეკრულებო, არც კანონისმიერი შებოჭვის ფარგლებში, რაც უფლებას მისცემდა მოსარჩელეს, ესარგებლა მოპასუხეების კუთვნილი მიწის ნაკვეთით და გამოეყენებინა იგი თავისი მიწის ნაკვეთთან დამაკავშირებელ გზად.
13. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
13.1. აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მისი გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.
13.2. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსსკ-ის 131-ე მუხლი. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა მიმართა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს იმის დასადგენად, რომ მოპასუხეებს ნამდვილად ჰქონდათ გამოყენებული მოსარჩელის კუთვნილი კედელი, მაგრამ ვინაიდან მოპასუხეებმა დაადასტურეს აღნიშნული გარემოება და აღიარეს, რომ კასატორის კუთვნილი ნაგებობის ჩრდილოეთი კედელი გამოყენებული აქვთ თავიანთი ნაგებობის კედლად, აპელანტმა გააუქმა ხელშეკრულება ექსპერტიზის ბიუროსთან. სააპელაციო სასამართლომ კი არასწორად არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის აღიარება და მიუთითა, თითქოს სადავო კედელი წარმოადგენდა ბაზრობის ტერიტორიის მყარ მიჯნას - ღობეს, რომელსაც როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ ნაგებობები მიაშენა.
13.3. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სსკ-ის 182-ე მუხლი, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხეებმა თავიანთი უკანონო რკინის კონსტრუქციის ნაგებობა უკანონოდ მიაშენეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობის ჩრდილოეთ კედელზე, რაც დავის დაწყების საფუძველი გახდა.
13.4. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ დავის საგანი ვერ განსაზღვრა, როცა მიუთითა, რომ მოსარჩელე აუცილებელი გზის დადგენას არ ითხოვდა. მოსარჩელე მოპასუხეთა მიერ გადაკეტილი მისასვლელი გზის დადგენას, ე. ი. აუცილებელი გზის აღდგენას ითხოვდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგი მოტივაციით:
14. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოსარჩელემ მოითხოვა მის კუთვნილ შენობა-ნაგებობასთან მისასვლელი გზის აღდგენა და მოპასუხეთა კუთვნილი ნაგებობის გადატანა (იხ. ამ განჩინების 12.2 ქვეპუნქტი).
16. მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ასევე, სასამართლომ უნდა შეამოწმოს სსკ-ის 180-ე მუხლის წინაპირობები, თუმცა, საამისოდ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტებისა და მოპასუხეთა შესაგებელში აღწერილი ფაქტების მიხედვით (სსსკ-ის 177-178-ე და 201-ე მუხლები), საკითხის დამატებითი გამოკვლევა და შესწავლაა საჭირო, რაც მოითხოვს სპეციალურ ცოდნას. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე მხარეთა ახსნა-განმარტებები, პირველი ინსტანციის სასამართლოს ადგილზე დათვალიერების ოქმი (დათვალიერებას არ ესწრებოდა სპეციალისტი, სსსკ-ის 123-ე მუხლი, ტ. 1, ს. ფ. 208-210), მოწმის ჩვენება და საკადასტრო ნახაზი არ არის საკმარისი (იხ. ამ განჩინების 12.5 ქვეპუნქტი), რის გამოც სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიყენოს სსსკ-ის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესაძლებლობა: „თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია“.
17. სასამართლომ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე მითითებული ფაქტები, უწინარესად, შეამოწმა სარჩელსა და მის პასუხად წარდგენილ შესაგებლებში მითითებული ფაქტების მიხედვით, რათა უზრუნველყოფილიყო მხარეთა დისპოზიციურობის, შეჯიბრებითობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპები. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ განსაზღვრა მოსარჩელის მიერ მისაღწევი შედეგის (მოთხოვნის) სამართლებრივი საფუძველი (იხ. წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტი), შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დამატებით უნდა შეამოწმოს და გამოიკვლიოს ექსპერტის სპეციალური ცოდნის გამოყენებით, შემდეგი საკითხები:
17.1. მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს აქვს თუ არა მისასვლელი გზა, რომლითაც მოხდება მისი დაკავშირება ცენტრალურ გზასთან;
17.2. მოსარჩელის კუთვნილ შენობა-ნაგებობას მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებმა (მოპასუხეებმა) მიაშენეს თუ არა თავიანთი ნაგებობა, რამდენად კანონიერია მიშენება და ჩაკეტა თუ არა მან ის სავენტილაციო არხი, რომლითაც მოსარჩელე სარგებლობს.
18. იმ შემთხვევაში, თუკი გამოირიცხება სსკ-ის 172-ე მუხლით დადგენილი წინაპირობების საფუძველზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი შესაძლოა გამომდინარეობდეს სსკ-ის 180-ე მუხლიდან, ამ მიზნით, სააპელაციო სასამართლომ ექსპერტის სპეციალური ცოდნის გამოყენებით უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს:
18.1. არსებობს თუ არა სხვა ალტერნატიული გზა, რომელიც საჯარო გზასთან დააკავშირებს მოსარჩელის მიწის ნაკვეთს და მისცემს მოსარჩელეს მისი საკუთრებით იმგვარად სარგებლობის შესაძლებლობას (არა მხოლოდ ფეხით სიარულის, არამედ ავტომანქანის შეყვანას და საკუთრების უფლების განკარგვის საშუალებას), რომ არ შეილახოს სხვა პირთა (მ.შ. მოპასუხეების) საკუთრების უფლება (იხ. ამ განჩინების 12.7 ქვეპუნქტი).
19. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებული გარემოებების გამოკვლევის გარეშე, შეუძლებელია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, რაც მოცემულ შემთხვევაში სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველია (სსსკ-ის 412-ე მუხლი).
20. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ტ–გ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე