საქმე№ა-2046-შ-51-2019 30 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ.კ–ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – სომხეთის რესპუბლიკის, არარატის და ვაიოც ძორის ოლქების საერთო იურიდიული პირველი ინსტანციის სასამართლოს, 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება Nავდ/1176/02/17
დავის საგანი – იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სომხეთის რესპუბლიკის, არარატის და ვაიოც ძორის ოლქების საერთო იურიდიული პირველი ინსტანციის სასამართლოს, 2017 წლის 30 ოქტომბრის Nავდ/1176/02/17 გადაწყვეტილებით, ლ.კ–ას განცხადება, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადასტურების მოთხოვნის შესახებ დაკმაყოფილდა; დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი პირთა ნათესაური კავშირის შესახებ - ლ.ი. ასული კ–ა არის ეროვნებით ბერძენი ი.კ. ძე კ–სა და ეროვნებით ბერძენი ა. ს. ასული კ–ს ღვიძლი ქალიშვილი.
2. 2019 წლის 30 აპრილს ლ.კ–ას წარმომადგენელმა ე.ლ–მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სომხეთის რესპუბლიკის, არარატის და ვაიოც ძორის ოლქების საერთო იურიდიული პირველი ინსტანციის სასამართლოს, 2017 წლის 30 ოქტომბრის Nავდ/1176/02/17 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. გადაწყვეტილების ტექსტში მითითებულია, რომ ის კანონიერ ძალაშია შესული.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინებით ლ.კ–ას ხარვეზი დაუდგინდა შუამდგომლობაზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ლ.კ–ას ან ე.ლ–ის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა და სომხეთის რესპუბლიკის, არარატის და ვაიოც ძორის ოლქების საერთო იურიდიული პირველი ინსტანციის სასამართლოს, 2017 წლის 30 ოქტომბრის Nავდ/1176/02/17 გადაწყვეტილების, ამავე სასამართლოს მიერ სათანადოდ დამოწმებული ასლი. ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ მოცემული განჩინებით მითითებულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დატოვებული იქნებოდა განუხილველად.
5. შუამდგომლობაზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი პირადად ჩაჰბარდა ლ.კ–ას წარმომადგენელ ე.ლ–ძეს 2019 წლის 1 ივნისს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ლ.კ–ას შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის, არარატის და ვაიოც ძორის ოლქების საერთო იურიდიული პირველი ინსტანციის სასამართლოს, 2017 წლის 30 ოქტომბრის Nავდ/1176/02/17 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
7. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ.კ–ამ და მოითხოვა სომხეთის რესპუბლიკის, არარატის და ვაიოც ძორის ოლქების საერთო იურიდიული პირველი ინსტანციის სასამართლოს, 2017 წლის 30 ოქტომბრის Nავდ/1176/02/17 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და შუამდგომლობის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ლ.კ–ას ან ე.ლ–ძის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა და სომხეთის რესპუბლიკის, არარატის და ვაიოც ძორის ოლქების საერთო იურიდიული პირველი ინსტანციის სასამართლოს, 2017 წლის 30 ოქტომბრის Nავდ/1176/02/17 გადაწყვეტილების, ამავე სასამართლოს მიერ სათანადოდ დამოწმებული ასლი. ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ მოცემული განჩინებით მითითებულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დატოვებული იქნებოდა განუხილველად.
9. შუამდგომლობაზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი პირადად ჩაჰბარდა ლ.კ–ას წარმომადგენელ ე.ლ–ძეს 2019 წლის 1 ივნისს.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 30-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 2 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 1 ივლისს.
11. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს.
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
14. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ.კ–ას შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის, არარატის და ვაიოც ძორის ოლქების საერთო იურიდიული პირველი ინსტანციის სასამართლოს, 2017 წლის 30 ოქტომბრის Nავდ/1176/02/17 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.კ–ას შუამდგომლობა, სომხეთის რესპუბლიკის, არარატის და ვაიოც ძორის ოლქების საერთო იურიდიული პირველი ინსტანციის სასამართლოს, 2017 წლის 30 ოქტომბრის Nავდ/1176/02/17 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: ე. გასიტაშვილი