Facebook Twitter

საქმე №ა-2667-შ-74-2018 31 ივლისი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – კომპანია "А.б.р. р." (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ბ–ვა (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელარუსის, შუმილინსკის რაიონის, ვიტებსკის ოლქის, 2010 წლის 9 აგვისტოს N2-518/2010 გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. კომპანია "А.б.р.р."-სა (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი ან შუამდგომლობის ავტორი) და გ.ბ–ვას (შემდეგში: მოპასუხე, მოვალე ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის 2008 წლის 26 სექტემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება). ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 2 000 000 რუბლი, წლიური 16 %, რომლის დაბრუნების ვადად 2010 წლის 26 მარტი განისაზღვრა.

2. კრედიტორმა სარჩელი აღძრა მოვალის წინააღმდეგ და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება, კერძოდ, მოპასუხისათვის კრედიტორის სასარგებლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის 507 520 რუბლისა და სასამართლო ხარჯის - 23 672 რუბლის დაკისრება მოითხოვა.

3. ბელარუსის, შუმილინსკის რაიონის, ვიტებსკის ოლქის, 2010 წლის 9 აგვისტოს N2-518/2010 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) დადგენილია, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ. მოპასუხე საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა.

4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კრედიტორის სარჩელი მოვალის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა:

4.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის - 507 520 რუბლის გადახდა;

4.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო ხარჯის - 23 672 რუბლის ანაზღაურება.

5. მოსარჩელემ, 2018 წლის 8 ივნისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარება-აღსრულება ითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 53 (ორმოცდაცამეტი) რუბლისა და 11 (თერთმეტი) კაპიკის დაკისრების ნაწილში.

6. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. 2018 წლის 26 მარტის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება 53 რუბლსა და 11 კაპიკს შეადგენს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

8. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების ასლი შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა და განემარტა, რომ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ასევე, მას შეუძლია, მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.

9. არაერთი მცდელობის მიუხედავად სასამართლოს გზავნილი მოწინააღმდეგე მხარეს ვერ ჩაჰბარდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით მოვალეს კრედიტორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის თაობაზე ეცნობა საჯარო გამოქვეყნების გზით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისს 78-ე მუხლი). საჯარო შეტყობინება საკასაციო სასამართლოს ვებ-გვერდზე 2019 წლის 8 ივლისს განთავსდა. განჩინებით დადგენილ 7-დღიან ვადაში კი შეტყობინება მოწინააღდეგე მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება.

10. მოწინააღმდეგე მხარეს, სასამართლოს მიერ, დადგენილ ვადაში, შუამდგომლობასთან დაკავშირებით, აზრი არ გამოუთქვამს და არც საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა მოუთხოვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და იძულებითი აღსრულების შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

13. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი და აღსასრულებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, იმ ნაწილში რაც შუამდგომლობითაა მოთხოვნილი (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი).

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის არ არის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი დახმარების თაობაზე და ამიტომ წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას დაეყრდნობა „მინსკის კონვენციის“ მოწესრიგებას.

15. „მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლად მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.

16. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.

17. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნილია უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარება და აღსრულება მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის - 53 რუბლისა და 11 კაპიკის ნაწილში.

18. საქმის მასალებში წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებისა და ცნობების მიხედვით დგინდება, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იქნა ინფორმირებული სასამართლო განხილვის შესახებ, თუმცა, ის სხდომაზე არ გამოცხადდა.

19. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს. ამ მიზნით საკასაციო სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი საპროცესო შესაძლებლობა, რათა მოპასუხისათვის ჩაებარებინა განსახილველი შუამდგომლობა, თანდართულ მასალებთან ერთად (იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი). მოპასუხეს არ მოუმართავს შუამდგომლობით ან რაიმე სხვა სახის მოთხოვნით საკასაციო სასამართლოსათვის, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებული სპეციალური კანონის 68-ე და 70-ე მუხლების წინაპირობები დაცულია და დასაბუთებულია შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებისა და აღსრულების შესახებ, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

20. სპეციალური კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

21.ზემოხსენებულ პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი და არც შუამდგომლობაში მითითებულ მოწინააღმდეგე მხარეს - მოპასუხეს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან მოსაზრება.

22. სპეციალური კანონის 70-ე მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, ხოლო 71-ე მუხლის თანახმად, შუამდგომლობის ავტორს საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულებისათვის, წარმოდგენილი აქვს კანონით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი და ცნობა.

23. „მინსკის კონვენციის“ 54.2-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილ შუამდგომლობას განიხილავს კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში და მიაჩნია, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და იძულებითი აღსრულების შესახებ. ამავე კონვენციის 54.3-ე მუხლით დადგენილია, რომ “იძულებითი აღსრულების წესი განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება“ .

24.ზემოხსენებული სამართლებრივი საფუძვლები წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კომპანია "А.б.р. р."-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ იქნეს და აღსრულდეს ბელარუსის, შუმილინსკის რაიონის, ვიტებსკის ოლქის, 2010 წლის 9 აგვისტოს N2-518/2010 გადაწყვეტილება გ.გ. ძე ბ–თვის კომპანია "А.б.р. р."-ს სასარგებლოდ 53 (ორმოცდაცამეტი) რუბლისა და 11 (თერთმეტი) კაპიკის დაკისრების ნაწილში;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე