საქმე №ა-3304-შ-91-2019 31 ივლისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი –ნ.ფ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – აშშ-ის, ნიუ იორკის, ვაით ფლეინსის უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 20 სექტემბრის დადგენილება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. აშშ-ის, ნიუ იორკის, ვაით ფლეინსის უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 20 სექტემბრის დადგენილებით ნ.მ–ის განცხადება, გვარის შეცვლასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილდა.
2. უცხო ქვეყნის სასამართლოს დადგენილებით დადგენილია, რომ გვარი მ–ი შეიცვალა გვარით ფ–ი.
3. 2019 წლის 8 ივლისს ნ.ფ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა აშშ-ის, ნიუ იორკის, ვაით ფლეინსის უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 20 სექტემბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, გვარის ცვლილების თაობაზე.
4. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ დადგენილება კანონიერ ძალაშია შესული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და დაასკვნა, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის სასამართლო დადგენილებით უდავო წარმოების წესითაა დადგენილი წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გარემოება პირის გვარის შეცვლის თაობაზე, კერძოდ, ნ.მ–ი შეიცვალა გვარით ნ.ფ–ი.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. ამ განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს საქმის მასალების მიხედვით, შესაბამისად, შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად კანონით გათვალისწინებული საფუძვლები დასაბუთებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ფ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს აშშ-ის, ნიუ იორკის, ვაით ფლეინსის უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 20 სექტემბრის დადგენილება, რომლის თანახმადაც ნ.მ–ს შეეცვალა გვარი და იწოდება, როგორც ნ.ფ–ი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე