Facebook Twitter

საქმე№ა-3643-შ-93-2019 31 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა.ღ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ჩეხეთის რესპუბლიკის, ბენეშოვის საოლქო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება #5C366/2018-24

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ჩეხეთის რესპუბლიკის, ბენეშოვის საოლქო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის #5C366/2018-24 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) ა.ღ–ი (დაბ. 18.05.1996 წ. დაბ. ადგილი - მილახვრიანთკარი, საქართველო) ი.ღ–ისა (დაბ. 4.12.1976 წ.) და ე.ს–ას (დაბ. გვარი ჭ–ძე, დაბ. 24.9.1976 წ.) შვილი ცნობილ იქნა რ.ს–ის (დაბ. 23.3.1978 წ. პრაღა 2, მცხოვრები: ჩესკი, შტერნბერკ 93) შვილობილად.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2019 წლის 23 ივლისს, შუამდგომლობით მომართა განმცხადებელმა და მოითხოვა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2019 წლის 10 მაისიდან.

4. შუამდგომლობას თან ერთვის ჩეხეთის რესპუბლიკის, ბენეშოვის საოლქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის დადგენილება, რომლითაც ჩეხეთის რესპუბლიკის, ბენეშოვის საოლქო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის #5C366/2018-24 გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და განმცხადებლის სახელი "რ." შეიცვალა სახელით "რ.".

5. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ივლისის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

6. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ შვილად აყვანის თაობაზე განცხადება მშვილებელმა და ნაშვილებმა ერთობლივად წარადგინეს.

7. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მშვილებელი ჩეხეთის მოქალაქეა, ხოლო ნაშვილები - საქართველოს. შვილად ასაყვანი პირი სრულწლოვანია და მშვილებლის მეუღლის - ე.ს–ას (დაბ. გვარი ჭ–ძე) ბიოლოგიური შვილია. მშვილებელი შვილად ასაყვანზე 18 წლით უფროსია. საქმის განხილვის დროს მშვილებელი 41 წლისაა, ხოლო ნაშვილები - 23 წლის. შუამდგომლობის ავტორი ე.ს–ას ბიოლოგიური შვილია პირველი ქორწინებიდან (მამა - ი.ღ.). მშვილებელი და ნაშვილები ერთად ცხოვრობენ, როგორც ოჯახი და მშვილებელი ნაშვილებზე მამობრივ მზრუნველობასა და სიყვარულს იჩენს.

8. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია ნაშვილების მიერ, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლოში - მშვილებლის მიერ.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

10. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

11. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად დასტურდება შუამდგომლობის მოთხოვნის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან („საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლი - შვილად აყვანა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც განეკუთვნება მშვილებელი შვილად აყვანის დროს. შვილად აყვანა ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მიერ ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელიც ქორწინების ზოგადი შედეგების მიმართ გამოიყენება; სსკ-ის 1239-ე მუხლის 2-ე ნაწილი; 1246-ე მუხლის 2-ე ნაწილი;), აგრეთვე მშვილებლისა და შვილად აყვანილს შორის ასაკობრივი სხვაობა აკმაყოფილებს სსკ-ის 1250-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას (მშვილებელი უფროსი უნდა იყოს შვილად ასაყვანზე თექვსმეტი წლით მაინც).

12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ღ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ჩეხეთის რესპუბლიკის, ბენეშოვის საოლქო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის #5C366/2018-24 გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ღ–ი (დაბ. 18.05.1996 წ. დაბ. ადგილი - მ–ი, საქართველო) ი.ღ–ისა (დაბ. 4.12.1976 წ.) და ე.ს–ას (დაბ. გვარი ჭ–ძე, დაბ. 24.9.1976 წ.) შვილი ცნობილ იქნა რ.ს–ის (დაბ. 23.3.1978 წ. პრაღა 2, მცხოვრები: ჩესკი, შტერნბერკ 93) შვილობილად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე