Facebook Twitter

საქმე №ა-4234-შ-108-2018 30 ივლისი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობამ:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე,მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ვ-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.მ–ი (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის, ვინნიცის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის #902/839/17 გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ვინნიცის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა (შემდეგში: მოსარჩელე, გამყიდველი, კრედიტორი, შუამდგომლობის ავტორი) და ინდივიდუალურ მეწარმე ზ.მ–ს (შემდეგში: მოპასუხე, მყიდველი, მოვალე, მოწინააღმდეგე მხარე) შორის 2017 წლის 11 მაისს გაფორმდა მოხალული შეფუთული მზესუმზირის თესლის ნასყიდობისა და მიწოდების ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება). ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 100,000 აშშ დოლარს შეადგენდა.

2. უკრაინის, ვინნიცის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის #902/839/17 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) გამყიდველის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების 12 776,50 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, რაც 331 604 გრივნისა და 64 კაპიკის ეკვივალენტია; მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა სასამართლო მოსაკრებლის 4 974 გრივნისა და 07 კაპიკის გადახდა.

3. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. ასევე, დასტურდება, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო უცხო ქვეყნის სასამართლოში გასამართი სხდომის თარიღის, დროისა და ადგილმდებარეობის თაობაზე, მოპასუხე უცხო ქვეყნის სასამართლოში საქმის განხილვას ესწრებოდა.

4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2017 წლის 21 მაისს საქონელი, რომლის ღირებულებამ 12 776.5 აშშ დოლარი შეადგინა მოსარჩელემ მიაწოდა ზღვით ბათუმის პორტში და მოპასუხემ საქონელი 2017 წლის 30 მაისს მიიღო. საქმის მასალებში წარდგენილი არ იყო მყიდველის რაიმე პრეტენზია საქონლის ხარისხზე. მოვალეს საქონლის ღირებულება კრედიტორისათვის არ გადაუხდია.

5. საკასაციო სასამართლოში მოსარჩელის მიერ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, 2018 წლის 18 სექტემბერს აღძრული შუამდგომლობით ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულებაა მოთხოვნილი. შუამდგომლობის ავტორმა მოწინააღმდეგე მხარისათვის დოკუმენტების თარგმნისათვის გაწეული ხარჯის 4 000 გრივნის (148,36 აშშ დოლარის ეკვივალენტი) დაკისრება მოითხოვა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, წარმოდგენილი შუამდგომლობა, თანდართული მასალებით, განსახილველად მიიღო.

7. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება შუამდგომლობაზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა მოპასუხეს. მოპასუხეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.

8. არაერთი მცდელობის მიუხედავად სასამართლოს გზავნილი მოწინააღმდეგე მხარეს ვერ ჩაჰბარდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ივლისის განჩინებით მოვალეს კრედიტორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის თაობაზე ეცნობა საჯარო გამოქვეყნების გზით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისს 78-ე მუხლი). საჯარო შეტყობინება საკასაციო სასამართლოს ვებ-გვერდზე 2019 წლის 9 ივლისს განთავსდა. განჩინებით დადგენილ 7-დღიან ვადაში კი შეტყობინება მოწინააღდეგე მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება.

9. მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო სასამართლოსათვის მოსაზრებით არ მოუმართავს და არც საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა მოუთხოვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულებისა (შემდეგში: საერთაშორისო ხელშეკრულება, ძალაშია 1996 წლის 6 დეკემბრიდან) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და აღსრულდეს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება.

10. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დროის, თარიღისა და განხილვის ადგილმდებარეობის შესახებ, რასაც არც მოპასუხე ხდის სადავოდ, რაც სავსებით საკმარისი საფუძველია საკასაციო სასამართლოს დასარწმუნებლად, რომ მოპასუხე უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ ჯეროვნად და სათანადო წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილის, დროის, მხარეებისა და დავის საგნის შესახებ.

11. საერთაშორისო ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც საკუთარი მოქალაქეები. ამ მიზნით მათ უფლება აქვთ, თავისუფლად მიმართონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოებს, პროკურატურისა და სანოტარო კანტორებს (შემდგომში „იუსტიციის დაწესებულებებად“ წოდებულთ) და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები, აგრეთვე განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებანი, იმავე პირობებით, როგორც საკუთარმა მოქალაქეებმა.

12. ამავე ხელშეკრულების მე-2 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, კერძოდ, 40-45 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულებისა და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა და არ მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების ხელმეორედ არსებით განხილვას.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას ერთვის საერთაშორისო ხელშეკრულების 41-ე მუხლით დადგენილი ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წინაპირობების შემოწმების საკითხის გადასაწყვეტად.

14. სპეციალური კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას განემარტა, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, განემარტა ისიც, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ამას მოითხოვდა. როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხემ წერილობითი მოსაზრებები არ წარმოადგინა საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი და აღსასრულებელი გადაწყვეტილების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობაზე.

15. საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და სპეციალური კანონის ზემოხსენებული ნორმებით და აკმაყოფილებს მოსარჩელის შუამდგომლობას.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

17. იქედან გამომდინარე, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ, დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ მოთხოვნი თარგმანისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულებისა 40-45 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ–ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსრულდეს უკრაინის, ვინნიცის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის #902/839/17 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე:

2.1. ზ.მ–ს ვ–ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სასარგებლოდ დავალიანების 12 776,50 (თორმეტი ათას შვიდას სამოცდათექვსმეტი აშშ დოლარი და ორმოცდაათი ცენტი) აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, რაც 331 604 (სამას ოცდათერთმეტი ათას ექვსას ოთხი) გრივნისა და 64 (სამოცდა ოთხი) კაპიკის ეკვივალენტია;

2.2. ზ.მ–ს ვ–ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა სასამართლო მოსაკრებლის 4 974 (ოთხი ათას ცხრაას სამოცდათოთხმეტი) გრივნისა და 07 (შვიდი) კაპიკის გადახდა;

3. ზ.მ–ს ვ–ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სასარგებლოდ დაეკისროს დოკუმენტების თარგმნისათვის გაწეული ხარჯის 4 000 (ოთხი ათასი) გრივნის (148,36 (ას ორმოცდარვა აშშ დოლარი და ოცდათექვსმეტი ცენტი) აშშ დოლარის ეკვივალენტი) გადახდა;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე