საქმე №ას–768–2019 15 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შ. ბ-ის კერძო საჩივრების წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განჩინებებზე, საქმეზე – სს „ს. ბ.“ სარჩელის გამო, შ. ბ-ის მიმართ, საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო თანხის დაკისრების თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ.“ სარჩელი შ. ბ-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 068,43 ლარის გადახდა.
რაიონულ სასამართლოს განცხადებებით მიმართ შ.ბ-ემ და მოითხოვა გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, ასევე, მისი განმარტება, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებებით უარყოფილ იქნა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს ხსენებულ განჩინებებზე კერძო საჩივრები წარადგინა მოპასუხემ, რომლებიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განჩინებებით განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით.
შ.ბ-ემ სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებებით და 2019 წლის 29 იანვრის განჩინების გაუქმება, ასევე, საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განჩინებებით განცხადებები, დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დაუშვებლად იქნა მიჩნეული და დარჩა განუხილველად. ხსენებულ განჩინებებზე კერძო საჩივრები შეიტანა მოპასუხემ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420–ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396–ე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო/კერძო საჩივრის განსახილველად მიღების ერთ-ერთ კანონისმიერ წინაპირობას წარმოადგენს მხარის მიერ საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო საჩივარს განუხილველად დატოვებს. ამავე კოდექსის 416–ე მუხლით კერძო საჩივრის შეტანის ვადა განსაზღვრულია 12 დღით, ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პრრი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განჩინებები ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა შ.ბარელაძეს მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და საფოსტო უკუგზავნილების თანახმად, ადრესატს კორესპონდენცია პირადად ჩაბარდა 2019 წლის 5 აპრილს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–60 მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრების წარდგენის ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 6 აპრილს და ამავე კოდექსის 61–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა 2019 წლის 17 აპრილს,ოთხშაბათს. კერძო საჩივრებზე დართული საფოსტო კონვერტის თანახმად კი, შ.ბ-ემ კერძო საჩივრები ფოსტას ჩააბარა 2019 წლის 1 ივლისს. ეს გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 63-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63–ე, 284–ე, 396–ე, 416–ე, 419–ე, 420–ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. ბ-ის კერძო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განჩინებებზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე