საქმე №ას-768-2019 15 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შ. ბ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განჩინებაზე, საქმეზე – სს „ს. ბ.“ სარჩელის გამო, შ. ბ-ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო თანხის დაკისრების თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს გადმოეცა შერგილ ბარელაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განჩინებაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მაისის განჩინებით, ვინაიდან საკასაცო საჩივარი არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს, მას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა: ა) სახელმწიფო ბიუჯტეში ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის; ბ) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრისა და მისი ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა. საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განჩინებით კი, კასატორის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და მას დაკისრებული საპროცესო მოქმედებების შესასრულებლად გაუგრძელდა ვადა 5 დღით.
სასამართლოს კვლავ მომართა არაერთი განცხადებით კასატორმა და მოითხოვა შემდეგი:
ა) საპროცესო ვადის 5 დღით გაგრძელება;
ბ) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისისა და 11 ივნისის განჩინებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება;
გ) საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისისა და 11 ივნისის განჩინებების განმარტება;
დ) მოსამართლე ზ.ძლიერიშვილისა და მისი თანამშემწის, ნ.კარანაძის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყება;
ე) სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება.
საკასაციო სასამართლო მითითებულთაგან უპირველესად იმსჯელებს საპროცესო ვადის გაგრძელების საკითხზე, რომელიც, ძირითადად მოტივირებულია იმით, რომ კასატორს საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით. მხარე განმარტავს, რომ სამუშაოდ იმყოფებოდა შახტაში და ხმაურის გამო სატელეფონო შეტყობინებიდან ვერ გაიგო ანგარიშის ნომერი, რომელზეც უნდა გადახდილიყო სახელმწიფო ბაჟი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოგვიანებით გაეგზავნა ხსენებული განჩინება და პირადად ჩაბარდა 2019 წლის 25 ივნისს, თუმცა, არც ამ ვადის გასვლის შემდგომ გამოუსწორებია მხარეს ხარვეზი, მან წარმოადგინა ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომლის თანახმადაც 2018 წლის 27 ივნისიდან 2019 წლის 27 ივნისამდე მისი შემოსავალი ჯამში 11 399,87 ლარს შეადგენს, ხოლო დაკავებული თანხა 1 960,21 ლარს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზე, რომ 2019 წლის 27 მაისის განჩინება, რომელიც საჩივრის შინაარსობრივ მხარეს შეეხებოდა და აქვე მითითებული იყო, როგორც სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, ისე _ სახაზინო ანგარიშის ნომერი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის, 368-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 74-ე მუხლის შესაბამისად, ჩაბარდა კასატორის ოჯახის ქმედუნარიან წევრს, შესაბამისად, მხარისათვის ცნობილი იყო ხარვეზის შინაარსი და სასამართლო უფლებამოსილი იყო საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება მხარისათვის ეცნობებინა სატელეფონო შეტყობინებით, უფრო მეტიც, მას არც ამ განჩინების ჩაბარების შემდგომ არ გამოუსწორებია ხარვეზი და არაერთხელ იშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, თუმცა, განცხადებები არ არის საკმარისად დასაბუთებული (სსსკ-ის 215.1 მუხლი), ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საპროცესო ვადის გაგრძელების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მიზნებისათვის, მხარე ვალდებულია უტყუარად დაადასტუროს მატერიალური სახსრების არარსებობის ფაქტი, რათა სასამართლოს გაუჩნდეს შინაგანი რწმენა, რომ მას არ შეუძლია კანონით დადგენილი ბაჟის გადახდის შესაძლებლობა და ამ მხრივ კანონით გარანტირებული შეღავათის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მას დაუსაბუთებლად შეეზღუდება ხელმისაწვდომობა სამართლიან სასამართლოზე (იხ. ევროკონვენციის მუხლი 6). მოცემულ შემთხვევაში, მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით შემოსავლის არარსებობის ფაქტი არ დგინდება, გარდა ამისა, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ მხარემ აღნიშნული შუამდგომლობა, ასევე, შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინა მოგვიანებით და არა საკასაციო საჩივართან ერთად, მაშინ, როდესაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში, ამგვარი ქმედება შეიძლება საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობადაც კი იქნას შეფასებული.
საკასაციო პალატა უარყოფს შ.ბარელაძის მოთხოვნას ხარვეზის დადგენისა და საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებების განმარტების თაობაზე და აღნიშნავს, რომ ამ განჩინებათა სარეზოლუციო ნაწილები არ შეიცავენ ბუნდოვან დებულებებს, მათში გარკვევით და არაორაზროვნადაა გადმოცემული სასამართლოს შეფასებები და დასკვნები, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
რაც შეეხება შ.ბარელაძის მოთხოვნას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მაისისა და 11 ივნისის განჩინებების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, პალატა ამ მოთხოვნას დაუშვებლად მიიჩნევს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ შეამოწმა განცხადებათა დასაშვებობის საკითხი და ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარე არათუ ამავე კოდექსის 422-ე ან 423-ე მუხლებით განსაზღვრულ რომელიმე საფუძველზე მიუთითებს, რომელთა გაზიარებაც თეორიულად მოთხოვნის წარმატებას განაპირობებდა, არამედ, ითხოვს ხარვეზის დადგენისა და საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებების გაუქმებას, მაშინ, როდესაც ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, საქმის წარმოების განახლების ობიექტს ხარვეზის დადგენისა თუ საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება არ წარმოადგენს (პრაქტიკის თვალსაზისით იხ. სუსგ #ა-3290-ა-7-2017, 08.09.2017წელი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 372-ე და 399-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განსახილველად მიღებაზე უარს აცხადებს შ.ბარელაძის იმ მოთხოვნაზე, რომელიც მოსამართლისა და მისი თანაშემწის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას შეეხება, რადგანაც საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს დევნის განმახორციელებელ ორგანოს, არამედ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 90-ე მუხლის პირველი პუნქტითა და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. რაც შეეხება დისციპლინური დევნის საფუძვლებს, ამავე კანონის თანახმად, იგი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და დამოუკიდებელი ინსპექტორის კომპეტენციას წარმოადგენს.
საბოლოოდ საკასაციო პალატა ასკვნის, რომ შერგილ ბარელაძეს არ გამოუსწორებია რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2019 წლის 27 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მის საკასაციო საჩივარს ტოვებს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე, 64-ე, 186-ე, 215-ე, 262-ე, 372-ე, 396-ე, 399-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. ბ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების, სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მაისისა და 11 ივნისის განჩინებების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. შ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
3. შ. ბ-ის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მაისისა და 11 ივნისის განჩინებების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნას დაუშვებლად.
4. კასატორის მოთხოვნას მოსამართლისა და მისი თანაშემწის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების თაობაზე უარი ეთქვას განსახილველად მიღებაზე.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე