Facebook Twitter

საქმე #ას-994-2019 30 ივლისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ვ. ლ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინებაზე, საქმეზე _ ი. პ-ას სარჩელის გამო ვ. ლ-ის მიმართ, ალიმენტის გადახდის დაკისრების თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ლ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 3 (სამი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 25 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივრის წარმოდგენა.

საპროცესო ვადის დადგენის შესახებ განჩინება ვ. ლ-ეს გაეგზავნა კერძო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2019 წლის 18 ივლისს ჩაბარდა პირადად (იხ,ხელწერილი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული სამდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2019 წლის 19 ივლისს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2019 წლის 21 ივლისს, მაგრამ ვინაიდან 21 ივლისი დაემთხვა დასვენების დღეს, საპროცესო ვადა დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ მომდევნო სამუშაო დღეს - 2019 წლის 22 ივლისს.

საქმის მასალებით კი დგინდება, რომ ვ.ლომინაძემ განცხადებითა და მასზე დართული სახელმწიფო ბაჟის ქვითრით სასამართლოს მომართა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დარღვევით - 2019 წლის 26 ივლისს, სადაც უთითებს, რომ არ იმყოფებოდა თბილისში და ამიტომ ვერ შეძლო დადგენილ ვადაში ქვითრის წარმოდგენა.

განცხადების შესწავლის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ ვ.ლ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსუწორებლობის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ #82062579... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 25 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ლ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. ვ. ლ-ეს (პირადი #010090129...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300183150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ #82062579.. საგადახდო დავალებით გადახდილი 25 ლარი

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე