Facebook Twitter

საქმე №ა-3490-გან-7-2019 01 აგვისტო, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – მ. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია

გადაწყვეტილება, რომლის განმარტებასაც განმცხადებელი მოითხოვს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილება

განმცხადებლის მოთხოვნა – გადაწყვეტილების განმარტება

დავის საგანი – პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

I. სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ. ა-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 02 დეკემბრის N306 ბრძანების ბათილად ცნობა, ა(ა)იპ „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის“ დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით მოცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება, ყოველთვიურად 700 ლარის ოდენობით 2014 წლის 02 დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

II. მოპასუხის პოზიცია

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

III. მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება:

3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 2 დეკემბრის №306 ბრძანება მ. ა-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და იგი აღდგენილი იქნა ააიპ ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის ... თანამდებობაზე. დაევალა, ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელეს აუნაზღაუროს სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან იძულებით განაცდური ხელფასი, თვეში 700 ლარის ოდენობით (დაუქვითავი), გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება მ. ა-ის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი, ააიპ ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის ... თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილებით: მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 02 დეკემბრის №306 ბრძანება მ. ა-ის ა(ა)იპ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მ. ა-ე აღდგენილ იქნა ა(ა)იპ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის ... თანამდებობაზე. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა მ. ა-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (ყოველთვიური ხელფასის - 700 ლარის ოდენობით (დაუქვითავი)), სამუშაოდან განთავისუფლების დღიდან (2014 წლის 02 დეკემბრიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

6. გადაწყვეტილებაზე 2016 წლის 22 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

IV. განცხადების საფუძვლები:

7. 2019 წლის 16 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტების (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში „სსსკ-ის“) 262-ე მუხლი) მოთხოვნით განცხადებით მომართა მ. ა-ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიკუთვნებული აქვს ხელფასის სახით ყოვეთვიურად 700 ლარი (დაუქვითავი), რაც გაუგებროობას იწვევს, ვინაიდან გადაწყვეტილების აღსრულებისას ხდება ამ ჩანაწერის სხვადასხვაგვარი განმარტება, კერძოდ, ზოგიერთ შემთხვევაში, მას აღნიშნული თანხიდან უკავებენ 20%-ს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში - არა. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ტერმინ „დაუქვითავის“ განმარტება კანონით დადგენილი არ არის, გაუგებრობისა და ბუნდოვანების თავიდან ასაცილებლად მოითხოვს გადაწყვეტილების განმარტებას იმგვარად, რომ ტერმინი „დაუქვითავი“ გულისხმობს „ხელზე ასაღებ თანხას“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

V. საკასაციო პალატის დასკვნები:

10. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. ვინაიდან, განმცხადებელი მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტებას, მოთხოვნის მართებულების კვლევისათვის საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს სსსკ-ის 262-ე მუხლით.

12. სსსკ-ის 262-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ განმარტებას გადაწყვეტილება ექვემდებარება მხოლოდ გადაწყვეტილებით დადგენილი ქცევის წესის შეუცვლელად და იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიცაა აღიარებული განსამარტი გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგი, ისე, რომ განმარტების გზით არ შეიძლება გადაწყვეტილება სხვა ფაქტობრივ-სამართლებრივ შედეგს დაექვემდებაროს.

13. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილებით: მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 02 დეკემბრის №306 ბრძანება მურთაზ აბაშიძის ა(ა)იპ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მ. ა-ე აღდგენილ იქნა ა(ა)იპ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის დირექტორის თანამდებობაზე. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა მ. ა-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (ყოველთვიური ხელფასის - 700 ლარის ოდენობით (დაუქვითავი)), სამუშაოდან განთავისუფლების დღიდან (2014 წლის 02 დეკემბრიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

14. განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობას, რადგან როგორც აღინიშნა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი განმარტებას მხოლოდ მისი ბუნდოვანების გამო შეიძლება დაექვემდებაროს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ცნობის მიხედვით, რომელიც გაცემულია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2015 წლის 11 თებერვალს - იხ., ს.ფ. 170 - მოსარჩელის ააიპ ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის ... თანამდებობრივი სარგო შეადგენს 700 ლარს თვეში. განსახილველ შემთხვევაშიც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებითაც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მ. ა-ს სასარგებლოდ დაკისრებული აქვს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (ყოველთვიური ხელფასის - 700 ლარის ოდენობით (დაუქვითავი)), რაც გულისხმობს დარიცხულ და არა ხელზე ასაღებ ხელფასს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა თავისთავად წარმოადგენს მისი განმარტების და შესაბამისად, სსსკ-ის 262-ე მუხლის გამოყენების მიზანს. თუმცა, ამ ნორმის გამოყენების ფაქტობრივ გარემოებად კანონმდებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი არა აქვს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 284-ე, 399 და 372-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ა-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე