საქმე №ას-821-2019 1 აგვისტო, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - მ. მ-ი, ვ. ს-ე, გ. ლ-ე, მ. ვ-ი, სს ,,ს. კ. კ. კ. ჯ.“
მესამე პირი - სს ,,კ.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – გადაწყვეტლების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. მ-მა, ვ. ს-ემ, გ. ლ-ემ, მ. ვ-მა, სს ,,ს. კ. კ. კ. ჯ.“ სარჩელი აღძრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს: ა) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 01 ოქტომბრის №B15156350/13 გადაწყვეტილების; 2) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 1 ოქტომბრის №B15156350/14 გადაწყვეტილების; 3) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 30 ნოემბრის №287973 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე არსებული რეგისტრირებული მონაცემების აღდგენა.
2. საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, ჩაერთო სს ,,კ. “.
3. მოსარჩელეთა მითითებით, მოსარჩელეები არიან ს.ს ,,კ.” აქციონერები, მ. მ-ი, ვ. ს-ე და გ. ლ-ე იყვნენ საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, ვ. ს-ე იყო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საზოგადოების დირექტორი იყო მ. ვ-ი. საზოგადოების წესდების თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ცვლილებისათვის საჭიროა აქციათა 75%-ზე მეტის თანხმობა. 2015 წლის 14 ივლისს ს.ს ,,კ.” აქციონერთა რიგგარეშე კრებაზე არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ცვლილების შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თავდაპირველად შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება ერთ-ერთი აქციონერის მიერ წარდგენილ განცხადებაზე სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ცვლილების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, მაგრამ შემდეგ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე უკანონოდ განაახლა სარეგისტრაციო წარმოება და განახორციელა ცვლილების რეგისტრაცია რეგისტრირებულ მონაცემებში.
4. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2015 წლის 14 ივლისს ს.ს ,,კ.” აქციონერთა საერთო კრების ჩატარების მომენტისათვის მოქმედებდა ს.ს ,,კ.” წესდების 2006 წლის 23 აგვისტოს რეგისტრირებული წესდება, სამეთვალყურეო საბჭოს ცვლილებას მხარი დაუჭირა 50%-ზე მეტი ხმის უფლების მქონე აქციონერმა, რაც საკმარისი იყო ცვლილების განხორციელებისათვის.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 1 ოქტომბრის NB15156350/... გადაწყვეტილება. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 1 ოქტომბრის NB15156350/... გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 30 ნოემბრის N2879... გადაწყვეტილება.
6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს ,,კ.” რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 1998 წლის 10 აპრილს.
9. 2014 წლის 27 ოქტომბერს მომზადებული სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, საზოგადოების დირექტორი იყო მ. ვ-ი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ვ. ს-ე (თავმჯდომარე), მ. მ-ი (მოადგილე) და გ. ლ-ე.
10. 2015 წლის 5 ოქტომბერს მომზადებული ამონაწერის მიხედვით საზოგადოების დირექტორია თ. ხ-ი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: თ. ი-ი (თავმჯდომარე), გ. ფ-ი (მოადგილე) და ნ. ხ-ა.
11. სს ,,კავკასრეესტრის” აქციონერთა 2015 წლის 19 მარტის კრების ოქმით დადგენილია, რომ კრებას ესწრებოდა აქციათა 97.43%-ის მფლობელი აქციონერები, კრების თავმჯდომარე იყო ვ. ს-ე, კრებას ესწრებოდა ასევე ნოტარიუსი. დადგენილია, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან ვ. ს-ის გამოწვევას მხარი დაუჭირა აქციათა 68.14%-ის მფლობელმა აქციონერებმა, წინააღმდეგი იყო აქციათა 31.86%-ის მფლობელი აქციონერები. სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან მ. მ-ის გამოწვევას მხარი დაუჭირა აქციათა 69.22%-ის მფლობელმა აქციონერებმა, წინააღმდეგი იყო 30.78%-ის მფლობელი აქციონერები. სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გ. ლ-ის გამოწვევას მხარი დაუჭირა აქციათა 64.84%-ის მფლობელმა აქციონერებმა, წინააღმდეგი იყო 35.16%-ის მფლობელი აქციონერები. კრების ოქმის მიხედვით გადაწყვეტილებები სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ცვლილების შესახებ არ იქნა მიღებული. კრების ოქმი აქციონერებს სადავოდ არ გაუხდიათ.
12. სს ,,კ.“ აქციონერის სს ,,ს. ს. ბ.” მოთხოვნით და საქართველოს ეროვნული ბანკის დავალებით, 2015 წლის 14 ივლისს მოწვეული იქნა სს ,,კ. აქციონერთა კრება, კრებას ესწრებოდა აქციათა 95.38% მფლობელი აქციონერი, კრების თავმჯდომარე იყო ვ. ს-ე, კრებას ესწრებოდა ნოტარიუსი თ. პ-ი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან ვ. ს-ის გამოწვევას და გ. ფ-ის არჩევას მხარი დაუჭირა აქციათა 69.95%-ის მფლობელმა აქციონერებმა, წინააღმდეგი იყო 30.5%-ის მფლობელი აქციონერები. სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან მერაბ მემარნიშვილის გამოწვევას და ნატო ხაინდრავას არჩევას მხარი დაუჭირა აქციათა 69.74%-ის მფლობელმა აქციონერებმა, წინააღმდეგი იყო 30.26%-ის მფლობელი აქციონერები. სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გ. ლ-ის გამოწვევას და თ. ი-ის არჩევას მხარი დაუჭირა აქციათა 65.30%-ის მფლობელმა აქციონერებმა, წინააღმდეგი იყო 34.7%-ის მფლობელი აქციონერები. კრების ოქმში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული. კრების ოქმი აქციონერებს სადავოდ არ გაუხდიათ.
13. 2015 წლის 30 ივლისს, მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა სს ,,კ.” 2015 წლის 14 ივლისის კრების ოქმი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილებების რეგისტრაციის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 30 ივლისის №B15156350... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, რადგან სარეგისტრაციოდ წარდგენილ აქციონერთა საერთო კრების ოქმის მიხედვით გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს ცვლილებასთან დაკავშირებით არ იყო მიღებული, ხოლო საზოგადოების რეგისტრირებული წესდების მიხედვით კრება უფლებამოსილი იყო სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ცვლილების განხორციელებისთვის, მაგრამ აღნიშნული საკითხი ჩათვლილი იყო გადაუწყვეტლად, რის გამოც, აქციონერთა საერთო კრებაზე დამსწრე ნოტარიუსისგან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია.
14. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 5 აგვისტოს №B15156350... გადაწყვეტილებით 2015 წლის 30 ივლისის №B15156350... გადაწყვეტილების მე-2 მუხლს დაემატა 2.6 და 2.7 პუნქტები: იმის დადგენის მიზნით თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით იქნა მითითებული კრების ოქმში, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, კრების თავმჯდომარეს გაეგზავნა №1902.... წერილი; №1869... და №1902... წერილებზე კანონმდებლობით დადგენილ ვადაში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საზოგადოების მოქმედი წესდების შესაბამისად გადაწყვეტილება მიჩნეული იქნებოდა მიღებულად.
15. ნოტარიუს თ. პ-ის 2015 წლის 21 აგვისტოს №171718/17 ინფორმაციით დადგენილია, რომ სს ,,კ.” აქციონერთა 2015 წლის 14 ივლისის კრების მიმდინარეობისას და მისი შედეგების ოქმში ასახვისას, კრებაზე დასმული საკითხების გადაუწყვეტლად მიჩნევის საფუძველი იყო კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე კრების თავმჯდომარის განცხადება მასზედ, რომ კრებაზე დაყენებულ საკითხებზე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული საზოგადოების მოქმედი წესდების შესაბამისად (დამოწმებული 05.09.2014წ. ნოტარიუსის მიერ რ/რ №140949...; ინდ. №41276508129...) და სკანირებული ვერსია ატვირთულია მეწარმეთა და არასამეწარმეო პირთა რეესტრის ელექტრონულ გვერდზე. ნოტარიუსის მიერ დეტალურად იქნა აღწერილი კრების მიმდინარეობა და მიღებული გადაწყვეტილებები (ტომი 3, ს.ფ. 54, 55).
16. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 22 სექტემბრის №B15156350/... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება თ. ხ-ის მიერ წარდგენილ 2015 წლის 30 ივლისის №B151563... განცხადებაზე (ტომი 1, ს.ფ. 29);
17. სს ,,კ.“ 2012 წლის 3 აგვისტოს №1 კრების ოქმით (დამოწმებული 10.08.2012 რეგ. №1208454...) დადგენილია, რომ კრებას ესწრებოდა აქციათა 93.9%-ის მფლობელი აქციონერები, მიღებული იქნა გადაწყვეტილება წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, მათ შორის, ცვლილება შევიდა წესდების 4.3 მუხლში და ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა, ბ, გ, და ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად განისაზღვრა დამსწრე ხმების 75%-ზე მეტის თანხმობა (ტომი 2; ს.ფ. 204-207). დადგენილია, რომ სს ,,კ.” დირექტორმა 2015 წლის 20 აგვისტოს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წესდებაში ცვლილების რეგისტრაცია აქციონერთა საერთო კრების 2012 წლის 3 აგვისტოს ოქმის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 21 აგვისტოს №B15156350/... გადაწყვეტილებით მოთხოვნა წესდების ცვლილების რეგისტრაციის შესახებ დაკმაყოფილდა (#2/50-16; ტომი 1; ს.ფ. 82-83);
18. საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს 2015 წლის 1 ოქტომბრის №B15156350/.. გადაწყვეტილებით, თ. ხ-ის განცხადების საფუძველზე, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 22 სექტემბრის №B15156350/.. გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და №B151563... განცხადებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2015 წლის 14 ივლისის აქციონერთა საერთო კრების ჩატარების მომენტისათვის მოქმედ წესდებას წარმოადგენდა 2006 წლის 23 აგვისტოს რეგისტრირებული წესდება, სამეთვალყურეო საბჭოს ცვლილებას მხარი დაუჭირა 50%-ზე მეტის მფლობელმა აქციონერებმა, რაც საკმარისი იყო სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ცვლილების განხორციელებისათვის (ტომი 1 ს.ფ. 25-27).
19. საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს 2015 წლის 1 ოქტომბრის №B15156350/.-.. გადაწყვეტილებით სს ,,კ.” აქციონერთა 2015 წლის 14 ივლისის კრების ოქმის და სამეთვალყურეო საბჭოს 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებული იქნა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილებების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში (ტომი 1, ს.ფ. 24).
20. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 30 ნოემბრის N2879... გადაწყვეტილებით მ. მ-ს, ვ. ს-ეს, გ. ლ-ეს და მ. ვ-ს უარი ეთქვათ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის 2015 წლის 1 ოქტომბრის №B15156350... გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება, მისი მოქმედება შეწყდა ძალაში შესვლის დღიდან და დაევალა პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტს №B151688... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც განმცხადებელს მოეთხოვებოდა საზოგადოების რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების მოთხოვნაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა (ტომი 1, ს.ფ. 91-103).
21. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლით, რომლის თანახმად, საერთო კრება უფლებამოსილია: „ვ“ - აირჩიოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ან გამოიწვიოს ისინი სამეთვალყურეო საბჭოდან, განსაზღვროს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევის ვადა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აქციონერთა საერთო კრების კომპეტენციას მიეკუთვნება სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევა.
22. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლი განსაზღვრავს აქციონერთა საერთო კრების მოწვევის, მისი ჩატარების წესს, კომპეტენციას და გადაწყვეტილების მიღების წესს. საქმის მასალებით დადგენილი იქნა, რომ სააქციო საზოგადოება „კ.“ წესდებით, ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“, „ბ“, „გ“, და „ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად განისაზღვრა დამსწრე ხმების 75%-ზე მეტის თანხმობა.
23. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, თუ სააქციო საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მისაღებად (ა) მიიღოს ცვლილებები სააქციო საზოგადოების წესდებაში; ბ) მიიღოს გადაწყვეტილება საზოგადოების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ; გ) მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს აქციონერის მიერ ფასიანი ქაღალდების უპირატესი შესყიდვის უფლება (ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში) საჭიროა დამსწრე ხმის მქონე პარტნიორთა ხმების 75%-ზე მეტის თანხმობა, ხოლო ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ყველა სხვა გადაწყვეტილების მისაღებად – დამსწრე ხმის მქონე პარტნიორთა ხმების 50%-ზე მეტის თანხმობა.
24. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება.
25. ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე. სამეწარმეო სუბიექტის წესდება, თავისი არსით, არის სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება, შესაბამისად მხარეები სახელშეკრულებო თავისუფლების პირობებში განსაზღვრავენ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს.
26. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აქციონერთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს გარიგებას და მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებული ნორმები გარიგებათა შესახებ.
27. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე, სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.
28. სააპელაციო სასამართლომ აღინიშნა, რომ ამავე კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო კრება უფლებამოსილია აირჩიოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ან გამოიწვიოს ისინი სამეთვალყურეო საბჭოდან, განსაზღვროს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევის ვადა.
29. ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობა კომპლექსური ხასიათისაა. ერთი მხრივ, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა/გამოწვევა (კორპორაციულ-სამართლებრივი აქტი) და მეორე მხრივ, მაგ. მათთან ხელშეკრულების დადება (სახელშეკრულებო სამართლებრივი აქტი). ამდენად, ვინაიდან სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან საწარმოს ურთიერთობა სახელშეკრულებო სამართლებრივ კომპონენტსაც შეიცავს, აქციონერებსა და სამეთვალყურეო წევრებს შორის ფორმდება ხელშეკრულება.
30. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ სს ,,კ.” აქციონერთა საერთო კრების 2012 წლის 3 აგვისტოს #1 ოქმის (დამოწმებული 10.08.2012; რეგ. #1208454..) თანახმად, დამსწრე აქციონერთა 97.2%-ის თანხმობით (ესწრებოდა 93.9%-ის მფლობელი აქციონერები) მიღებული იქნა გადაწყვეტილება წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, ცვლილება შევიდა წესდების 4.3 მუხლში და ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა, ბ, გ, და ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად განისაზღვრა დამსწრე ხმების 75%-ზე მეტის თანხმობა.
31. დადგენილი იქნა, რომ სს ,,კ.”-ს აქციონერთა საერთო კრების 2012 წლის 3 აგვისტოს #1 ოქმი და წესდებაში განხორციელებული ცვლილებები აქციონერებს სადავოდ არ გაუხდიათ და 2014 წლის 1 ოქტომბერს სს ,,კ.“ დირექტორმა მ. ვ-მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა აქციონერთა საერთო კრების 2012 წლის 3 აგვისტოს ოქმი და წესდების ახალი რედაქცია. წესდების ახალი რედაქციის ელექტრონული ასლი განთავსებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს ვებვერდზე.,,კ.” აქციონერებმა 2015 წლის 19 მარტის საერთო კრებაზე, სადაც განიხილებოდა იგივე საკითხი - სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შეცვლის შესახებ იხელმძღვანელეს წესდების ცვლილებით და ვინაიდან დამსწრე აქციონერთა ხმების 75%-ზე მეტმა მხარი არ დაუჭირა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ცვლილებას, გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ხოლო, 2015 წლის 14 ივლისის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე დამსწრე აქციონერთა ხმების 75%-ზე მეტმა მხარი არ დაუჭირა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ცვლილებას და აქციონერთა საერთო კრებამ დაადგინა, რომ გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ცვლილების შესახებ არ იყო მიღებული, რაც სადავოდ არ გაუხდიათ აქციონერებს.
32. ამდენად, სს ,,კ.“ 2015 წლის 14 ივლისის აქციონერთა კრებამ გადაწყვიტა, რომ არ იყო მიღებული სამეთვალყურეო საბჭოს ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და კრებამ იხელმძღვანელა წესდების ცვლილებით, რაც აქციონერებს სადავოდ არ გაუხდიათ.
33. ნოტარიუს თ. პ-ის 2015 წლის 21 აგვისტოს #171718/... ინფორმაციით დადგენილია, რომ კრებაზე დაყენებულ საკითხებზე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. საზოგადოების მოქმედი წესდების შესაბამისად (დამოწმებული 05.09.2014წ. ნოტარიუს ც.ბერიძის მიერ რ/რ#1409498...; ინდ. #412765081292...), რომლის ელექტრონული ვერსია ატვირთულია მეწარმეთა და არასამეწარმეო პირთა რეესტრის ვებგვერდზე ნოტარიუსის მიერ დეტალურად იქნა აღწერილი კრების მიმდინარეობა და მიღებული გადაწყვეტილებები.
34. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 1 ოქტომბრის #B15156350/... გადაწყვეტილებით განახლდა შეწყვეტილი სარეგისტრაციო წარმოება სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ცვლილებებთან დაკავშირებით, აქციონერთა შეთანხმების (გადაწყვეტილების) საწინააღმდეგოდ, კერძოდ, აქციონერთა კრების მიერ საკითხის გადაუწყვეტლად დადგენის მიუხედავად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, რომ გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ცვლილების შესახებ მიღებული იყო და 2015 წლის 1 ოქტომბრის #B15156350/... გადაწყვეტილებით განახორციელა რეგისტრირებულ მონაცემებში სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა და ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილების რეგისტრაცია.
35. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა საჩივარი მითითებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 30 ნოემბრის #2879... გადაწყვეტილებით.
36. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილებები არ გამომდინარეობს ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნიდან, რომლის მიხედვით, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება, რაც განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა.
37. მოპასუხის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონს და საზოგადოების წესდებას ეწინააღმდეგებოდა აქციონერთა კრების ოქმში დაფიქსირებული გადაწყვეტილება, შესაძლებელია დადგენილიყო მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილი პირის მიერ აქციონერთა საერთო კრების ოქმის კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში.
38. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება აღნიშნული კრების ოქმის საფუძველზე რეგისტრირებულ მონაცემებში სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ცვლილების რეგისტრაციის შესახებ, იმ ვითარებაში, როდესაც აქციონერები სადავოდ არ ხდიან და ეთანხმებიან საზოგადოების აქციონერთა 2015 წლის 14 ივლისის კრების ოქმს, რომლითაც დადგინდა, რომ გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ცვლილების შესახებ არ არის მიღებული.
39. სსკ-ის 327.1. მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
40. სსკ-ის 328.1. მუხლის თანახმად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.
41. სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
42. სსკ-ის 51.1. მუხლის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.
43. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 01 ოქტომბრის #B15156350/... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 01 ოქტომბრის #B15156350/.. გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 30 ნოემბრის #2879... გადაწყვეტილება.
44. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა აპელანტის (მოპასუხე) მიერ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
45. კასატორი მიიჩნევს, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „ბ" და „"გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევები, რომელსაც საქმეზე არასწორი განჩინების გამოტანა მოჰყვა. გარდა ამისა, სადავო განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული და არსებობს მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე" და „ე/1" ქვეპუნქტების შესაბამისად.
46. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რიგ შემთხვევებში, არასწორად განმარტა კანონი, შედეგად, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც ერთიანობაში ქმნის სადავო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.
47. კასატორის განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების უკანონობაზე მსჯელობისას სასამართლო ძირითად აქცენტს აკეთებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სს „კ.“ აქციონერთა საერთო კრების 2012 წლის 03 აგვისტოს N1 ოქმი/ წესდების ახალი რედაქცია (რომლითაც შეიცვალა გადაწყვეტილების მიღების წესი და კვორუმად განისაზღვრა 75%), 2014 წლის 01 ოქტომბერს წარდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მისი ასლი განთავსებულია სააგენტოს ვებ. გვერდზე. ანუ, სასამართლომ წესდების ვებ-გვერდზე განთავსება უკვე ჩათვალა რეგისტრირებულ ცვლილებად, იმ პირობებში როცა თითქმის 1 წლის შემდეგ მოითხოვა დაინტერესებულმა პირმა წესდების ცვლილების რეგისტრაციის განხორციელება.
48. გარდა აღნიშნულისა, პალატა გასაჩივრებული განჩინების 4.3 პუნქტის მე-2 აბზაცში დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ აქციონერთა საერთო კრების 2012 წლის 03 აგვისტოს N1 ოქმი და წესდებაში განხორციელებული ცვლილებები აქციონერებს სადავოდ არ გაუხდიათ და 2014 წლის 1 ოქტომბერს მ. ვ-მა საჯარო რეესტრში წარადგინა აქციონერთა საერთო კრების 2012 წლის 03 აგვისტოს N1 ოქმი და წესდების ახალი რედაქცია. კასატორისთვის გაუგებარია, რატომ მიიჩნია სასამართლომ მხოლოდ ის გარემოება, რომ 2012 წლის 03 აგვისტოს N1 ოქმი არ იყო გასაჩივრებული, კანონით დადგენილი წესდების რეგისტრაციის სავალდებულობის ალტერნატივად. აგრეთვე, იმ გარემოების დასადგენად, რომ თუ არ იყო სადავოდ გამხდარი კრების ოქმი, აღნიშნული ავტომატურად უნდა განხილულიყო რეგისტრირებულად.
49. კასატორი ციტირებს სააპელაციო სასამართლოს განჩინების 4.3 პუნქტის მე–4 აბზაცს და განმარტავს, რომ აღნიშნულ შემთხვევაშიც სასამართლო არასწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ წესდების ცვლილება იყო რეგისტრირებული და იგი წარმოადგენდა საზოგადოების მოქმედ წესდებას რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა მარეგისტრირებელ ორგანოს სადავო გადაწყვეტილებების მიღების დროს.
50. კასატორი ციტირებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის შინაარსს და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების მიღებისას არ გაითვალისწინა აღნიშნული მუხლის დანაწესი.
51. კასატორის განცხადებით, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში დადგენილად მიიჩნია, რომ სს „კ.“ აქციონერთა საერთო კრების 2012 წლის 3 აგვისტოს N1 კრების ოქმით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ, ცვლილება შევიდა წესდების 4.3 მუხლში და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ‘ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად განისაზღვრა დამსწრე ხმების 75%-ზე მეტის თანხმობა. შესაბამისად, სასამართლომ, წესდება, რომლითაც შეიცვალა გადაწყვეტილების მიღების წესი, ისე ჩათვალა შემდგომ ურთიერთობებში გასათვალისწინებლად სავალდებულოდ, რომ არ განხორციელებულა მისი კანონის მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. წესდების ცვლილებას დაქვემდებარებული პუნქტების, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების წესის ცვლილების კანონთან შესაბამისობის დადგენა, უპირველესად წარმოადგენდა საჯარო რეესტრის განსახილველ საკითხს და ასევე, როგორც ზემოთ აღნიშნულ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პრიმა პუნქტშია განმარტებული რეგისტრაციასავალდებულო მონაცემს წარმოადგენს. გამოდის, რომ სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სავალდებულოდ გასათვალისწინებლად მიიჩნია ის წესდება, რომელიც კანონის შესაბამისად სავალდებულო ძალას იძენდა მხოლოდ რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან და მხოლოდ მხარეთა მიერ დადებული გარიგება, რომელსაც არ ჰქონდა მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან კანონით სავალდებულო დადასტურება-რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით. ზემოაღნიშნული მსჯელობისას კი, სასამართლო შეფასებას არ აძლევს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესს.
52. კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, კერძოდ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი; ასევე, არ გამოიყენა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტი. სასამართლო, ყოველგვარი სამართლებრივი შეფასების გარეშე, ყურადღების მიღმა ტოვებს რეგისტრაციის სავალდებულოობის და საჯარო რეესტრის, როგორც მარეგისტრირებელი ორგანოს ინსტიტუტს.
53. კასატორის განმარტებით, მოქმედი საკანონმდებლო ნორმების გამოყენებისა და სასამართლო პრაქტიკის სათანადოდ შეფასების შემთხვევაში, საქმის განმხილველი სასამართლო მივიდოდა იმ ერთადერთ სწორ დასკვნამდე, რომ მოქმედ წესდებაში ცვლილების შესატანად სავალდებულოა მისი რეგისტრაცია, ხოლო წესდების რეგისტრაცია გულისხმობს არა მხოლოდ მის წარმოდგენას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, არამედ საზოგადოების სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში (მოცემულ შემთხვევაში, წესდებაში) ცვლილების რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასაც. თუკი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა, იგულისხმება, რომ საზოგადოების წესდებაში ცვლილებას სამართლებრივი ძალა არ შეუძენია. ამდენად, ის გარემოება, რომ NB140966... სარეგისტრაციო განცხადებაზე 2014 წლის 1 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნა ახალი წესდება, მას სავალდებულო ძალა არ შეუძენია, ვინაიდან NB140966... სარეგისტრაციო განცხადებაზე წესდების ცვლილების რეგისტრაცია არ განხორციელებულა.
54. კასატორი ციტირებს სასაპელაციო სასამართლო განჩინების 4.3 პუნქტის მე-6 აბზაცს და განმარტავს, რომ სასამართლოს აღნიშნული შეფასება ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, 2015 წლის 1 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში წარმოდგენილი სს ,,ს. ს. ბ.“ გენერალური დირექტორის გ. ფ-ის და სს „გ. ე. თ.“ გენერალური დირექტორის ი. კ-ას სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომელშიც აღინიშნა, რომ სს „ს. ს. ბ.“ წარმოადგენს სს „კ.“ აქციათა 57.69 %-ის მფლობელ აქციონერს, ხოლო სს „გ. ე. თ.” - აქციათა 5.48 %-ის მფლობელ აქციონერს, რაც დასტურდება სს „კ.“ აქციონერთა რეესტრით. გ. ფ-ი და ირაკლი კირტავა კი აღნიშნავდნენ, რომ ისინი ესწრებოდნენ სს „კ.“ აქციონერთა 2015 წლის 14 ივლისის საერთო კრებას, რომელზეც დღის წესრიგის პირველ, მეორე და მესამე საკითხებთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რაც კრების ოქმით დასტურდება, თუმცა კრების თავმჯდომარის მიერ არასწორად შეფასდა აქციონერების მიერ გამოხატული ნება, რაც შემდეგ კრების ოქმის გადაწყვეტილების ნაწილშიც არასწორად აისახა.
55. ამდენად, კასატორისთვის გაუგებარია სასამართლოს განმარტება 2015 წლის 14 ივლისის კრების ოქმთან დაკავშირებით, რომლითაც დგინდება, რომ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა დამსწრე აქციონერთა 69.95%-მა, ხოლო, ეს გადაწყვეტილება ასევე შემდგომ მოიწონა აქციონერთა 63.17%-მა. ამასთან, დარღვეული არ ყოფილა კრების მოწვევის პროცედურა. კასატორის განმარტებით, ზემოხსენებული, 2015 წლის 14 ივლისის კრების ოქმის შეფასებისას სასამართლო ავითარებს ფაქტობრივი გარემოებების შეუსაბამო, ურთიერსაწინააღმდეგო და არათანმიმდევრულ მსჯელობას.
56. კასატორის განმარტებით, გაუგებარია სასამართლოს მიდგომა, თუ რატომ მიიჩნია კრების ოქმის სარეზოლუციო ნაწილი უფრო მნიშვნელოვნად, ვიდრე ის ნაწილი, სადაც მითითებულია, რომ გადაწყვეტილების მიღებას მხარი დაუჭირა 50%-ზე მეტმა აქციონერმა, რაც სრულიად საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად. ამ მხრივ, გადაწყვეტილება საერთოდ არ არის დასაბუთებული და მტკიცებულება არ არის სათანადოდ შეფასებული. 14.07.2015 წ. კრების ოქმი 01.10.2015 წ. N197755/... განცხადებასთან ერთად წარმოადგენს რეგისტრაციისათვის საკმარის დოკუმენტაციას, შესაბამისად, ყოვლად გაუგებარია, რატომ უნდა გაეხადათ სადავოდ აღნიშნული კრების ოქმი იმ აქციონერებს, რომელთა სასარგებლოდაც მიღებული იქნა საჯარო რეესტრის გასაჩივრებული გადაწყვეტილებები: გასაჩივრების არც აუცილებლობა არსებობს და არც სამართლებრივი საფუძველი.
57. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად უარი თქვა მართლმსაჯულების განხორციელებაზე და საერთოდ, თავი აარიდა საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულების შეფასებას. როგორც ზემოთ აღინიშნა, გაუგებარია, რატომ მიანიჭა სასამართლომ ოქმის სარეზოლუციო ნაწილს უპირატესობა ოქმის ძირითად ნაწილთან შედარებით. კასატორის განმარტებით, მიმდინარე კანონმდებლობა არ იცნობს აქციონერთა საერთო კრების ოქმის რეკვიზიტებს /ნაწილებს/ და შესაბამისად, არც მათ იერარქიულ ურთიერთდამოკიდებულებას. სწორედ ამიტომ ოქმის შინაარსობრივი წინააღმდეგობისას და ბუნდოვანებისას, აუცილებელია დადგინდეს მხარეთა ნამდვილი ნება. ასეთი ნამდვილი ნება სწორედ 01.10.2015 წ. N197755/.. განცხადებაშია ასახული, რასაც სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია გაუკეთა საჯარო რეესტრმა, სასამართლომ კი, საერთოდ არ შეაფასა. სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა 01.10.2015 წ. N197755/... განცხადება, ხოლო კრების ოქმის შეფასებისას უპირატესობა მიანიჭა მის სარეზოლუციო ნაწილს, ისე რომ აღნიშნული საერთოდ არ დაასაბუთა. მართალია, 14.07.2015 წ. კრების ოქმი არ არის დავის საგანი, თუმცა, სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა მასზე, როგორც საქმის უმთავრეს მტკიცებულებაზე, შეეფასებინა, თუ რა გარემოებას ადასტურებს ან არ ადასტურებს აღნიშნული ოქმი და თუკი მივიდოდა რაიმე დაკვნამდე, ეს დასკვნა სათანადოდ დაესაბუთებინა გადაწყვეტილებაში.
58. კასატორის განმარტებით, სასამართლო ამ შემთხვევაშიც შეფასების გარეშე ტოვებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ნოტარიუს თ. პ-ის 2015 წლის 21 აგვისტოს N04 წერილით პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტს ეცნობა - კრების მიმდინარეობისას და მისი შედეგების ოქმში ასახვისას კრებაზე დასმული საკითხების გადაუწყვეტლად მიჩნევის საფუძველი იყო კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე კრების თავმჯდომარის - ვ. ს-ს განცხადება მასზედ, რომ კრებაზე დაყენებულ საკითხებზე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.
59. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს NB15156350/... (01.10.2015), NNB15156350/... (01.10.2015) და N2879... (30.11.2015) გადაწყვეტილებები კანონიერია და არ არსებობდა მათი გაუქმების არც ფაქტობროვი და არც სამართლებრივი საფუძვლები.
60. კასატორის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, სადავო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394–ე მუხლებით გათვალისწინებული, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
61. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
62. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
63. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (სუსგ №ს 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.). ამასთან, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა კანონისმიერი საფუძვლიდან (სუსგ №ას-1490-2018, 17 აპრილი, 2019 წელი, პ-15).
64. წინამდებარე სარჩელით, მოსარჩელე მოპასუხეებისგან მოითხოვდა: ა) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 01 ოქტომბრის №B15156350/... გადაწყვეტილების ბათილად ცნობას; ბ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 1 ოქტომბრის №B15156350.. გადაწყვეტილების ბათილად ცნობას; გ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 30 ნოემბრის №287973 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე არსებული რეგისტრირებული მონაცემების აღდგენას.
65. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 1 ოქტომბრის №B15156350/13 გადაწყვეტილებით (იხ., სასარჩელო მოთხოვნა „ა“), ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ამავე მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №B151563... განცხადებაზე და მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
66. მარეგისტრირებელი ორგანოს 2015 წლის 1 ოქტომბრის №B15156350/... გადაწყვეტილებით სს ,,კ.” აქციონერთა 2015 წლის 14 ივლისის კრების ოქმის და სამეთვალყურეო საბჭოს 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებული იქნა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილებების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში (იხ., სასარჩელო მოთხოვნა „ბ“).
67. მარეგისტრირებელი ორგანოს 2015 წლის 30 ნოემბრის №287973 გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის 2015 წლის 1 ოქტომბრის №B15156350/... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება, მისი მოქმედება შეწყდა ძალაში შესვლის დღიდან და დაევალა პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტს №B151688.. სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც განმცხადებელს მოეთხოვებოდა საზოგადოების რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების მოთხოვნაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა (იხ., სასარჩელო მოთხოვნა „გ“) .
68. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული სამივე გადაწყვეტილების (იხ., ამ განჩინების პპ: 65-67) გაუქმების მოთხოვნით მოსარჩელეებმა მიმართეს სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება ზემოთმითითებული მოსარჩელეთა სამივე მოთხოვნის (სასარჩელო მოთხოვნები: „ა“, „ბ“ და „გ“) დაკმაყოფილების თაობაზე უცვლელადაა დატოვებული სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, რომელზეც წარდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზეც, განსახილველ შემთხვევაში, მსჯელობს საკასაციო პალატა.
69. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სს ,,კ.“ 2012 წლის 3 აგვისტოს №1 კრების ოქმით დადგენილია, რომ კრებას ესწრებოდა აქციათა 93.9%-ის მფლობელი აქციონერები, მიღებული იქნა გადაწყვეტილება წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, მათ შორის, ცვლილება შევიდა წესდების 4.3 მუხლში და ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა, ბ, გ, და ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად განისაზღვრა დამსწრე ხმების 75%-ზე მეტის თანხმობა. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 21 აგვისტოს №B15156350/... გადაწყვეტილებით მოთხოვნა წესდების ცვლილების რეგისტრაციის შესახებ დაკმაყოფილდა. კასატორი სადავოდ ხდის აქციონერთა საერთო კრების 2012 წლის 03 აგვისტოს N1 ოქმის და წესდებაში განხორციელებული ცვლილებების კანონიერებას და დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს მსჯლეობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან აქციონერებს სადავოდ არ გაუხდიათ დასახელებული კრების ოქმი აღნიშნული ავტომატურად უნდა განხილულიყო რეგისტრირებულად (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები).
70. ზემოაღნიშნულ პრეტენზიას საკასაციო პალატა არ იზიარებს და სსკ-ის 50-ე მუხლის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისაკენ წარმოადგენს გარიგებას. აქციონერთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც გარიგებაა და მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებული ნორმები გარიგებათა შესახებ. თავის მხრივ, ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე. სამეწარმეო სუბიექტის წესდება, თავისი არსით, არის სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება. შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები თავად განსაზღვრავენ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს. ამდენად, სასამართლოს მითითება მასზედ, რომ მითითებული გარიგება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, პირიქით, გაიგება წარედგინა მარეგისტრირებელ ორგანოს და განთავსდა საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს ელექტრონულ რესურსზე, გარიგების ძალაში შესვლის საკითხის გადასაწყვეტად, მართლზომიერად უნდა იქნეს მიჩნეული. მით უმეტეს, რომ ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში არსებული მონაცემების საფუძვლად გამოყენებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ელექტრონული ასლები განთავსებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, საფასურის გადახდის გარეშე. რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებული პირისთვის წინასწარ იყო ცნობილი ამ მონაცემების უზუსტობა.
71. მაშასადამე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ს.ს ,კ.” აქციონერებმა 2015 წლის 19 მარტის საერთო კრებაზე, სადაც განიხილებოდა იგივე საკითხი, კერძოდ, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შეცვლა, იხელმძღვანელეს წესდებაში განხორციელებული ცვლილებით და ვინაიდან დამსწრე აქციონერთა ხმების 75%-ზე მეტმა მხარი არ დაუჭირა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ცვლილებას, გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. არც აღნიშნული კრების გადაწყვეტილება გაუხდიათ სადავოდ აქციონერებს. ამასთან, საგულისხმოა, რომ არც 2015 წლის 14 ივლისის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე დამსწრე აქციონერთა ხმების 75%-ზე მეტმა მხარი არ დაუჭირა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ცვლილებას და აქციონერთა საერთო კრებამ დაადგინა, რომ გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ცვლილების შესახებ არ იყო მიღებული, რაც სადავოდ არ გაუხდიათ აქციონერებს.
72. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სს ,,კ.”-ს 2015 წლის 14 ივლისის აქციონერთა კრებამ გადაწყვიტა, რომ არ იყო მიღებული სამეთვალყურეო საბჭოს ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და კრებამ იხელმძღვანელა წესდების ცვლილებით, რაც აქციონერებს სადავოდ არ გაუხდიათ. ნოტარიუს თამარ პოლოლიკაშვილის 2015 წლის 21 აგვისტოს №171718/... ინფორმაციითაც დადგენილია, რომ კრებაზე დაყენებულ საკითხებზე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული საზოგადოების მოქმედი წესდების შესაბამისად (დამოწმებული 05.09.2014 წ. ნოტარიუს ც.ბერიძის მიერ რ/რ№1409498...; ინდ. №412765081292...), რომლის ელექტრონული ვერსია ატვირთულია მეწარმეთა და არასამეწარმეო პირთა რეესტრის ვებგვერდზე. ნოტარიუსის მიერ დეტალურად იქნა აღწერილი კრების მიმდინარეობა და მიღებული გადაწყვეტილებები.
73. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 1 ოქტომბრის №B15156350/... გადაწყვეტილებით მაინც განახლდა შეწყვეტილი სარეგისტრაციო წარმოება სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ცვლილებებთან დაკავშირებით, აქციონერთა შეთანხმების (გადაწყვეტილების) საწინააღმდეგოდ, კერძოდ, აქციონერთა კრების მიერ საკითხის გადაუწყვეტლად დადგენის მიუხედავად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მაინც დაადგინა, რომ გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ცვლილების შესახებ მიღებული იყო და 2015 წლის 01 ოქტომბრის №B15156350/... გადაწყვეტილებით განახორციელა რეგისტრირებულ მონაცემებში სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა და ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილების რეგისტრაცია. უფრო მეტიც, მოსარჩელეთა საჩივარი მითითებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 30 ნოემბრის №2879... გადაწყვეტილებით.
74. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მაიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილებები არ გამომდინარეობს ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნიდან, რომლის მიხედვით, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება, რაც განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა.
75. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებითაც, რომ სს ,,ს. ს. ბ.“ გენერალური დირექტორი - გ. ფ-ი და სს „გ. ე. თ.“ გენერალური დირექტორი - ი. კ-ა აღნიშნავდნენ, რომ ისინი ესწრებოდნენ სს „კ.“ აქციონერთა 2015 წლის 14 ივლისის საერთო კრებას, რომელზედაც დღის წესრიგის პირველ, მეორე და მესამე საკითხებთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რაც კრების ოქმითაც დასტურდება, თუმცა, კრების თავმჯდომარის მიერ არასწორად შეფასდა აქციონერების მიერ კრებაზე გამოხატული ნება, რაც კრების ოქმის გადაწყვეტილების ნაწილშიც არასწორად აისახა.
76. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ მოცემულობაში, როდესაც სს „კ.“ აქციონერთა 2015 წლის 14 ივლისის საერთო კრების ოქმის გასაჩივრებული არაა, კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების ამავე კრებაზე გამოხატულ ნებასთან შესაბამისობის საკითხზე, სასამართლო ვერ იმსჯელებს მოცემული დავის ფარგლებში. ამავე საფუძვლით არაა გასაზიარებელი კასატორის მითითება მასზე თუ რატომ მიენიჭა კრების ოქმის სარეზოლუციო ნაწილს მნიშვნელობა, ოქმის იმ ნაწილთან შედარებით, სადაც მითითებულია, რომ გადაწყვეტილების მიღებას მხარი დაუჭირა 50%-ზე მეტმა აქციონერმა, რაც სრულიად საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები - ამ განჩინების პპ:54-56).
77. რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ სასამართლო პრაქტიკას - სუსგ Nას-375-359-2016, 17.06.2016, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნულ დავაში სასამართლომ იმსჯელა პარტნიორთა კრების ოქმის ბათილობის საკითხზე და განიხილა გადაწყვეტილების მიღების პროცედურული საკითხები, მათ შორის, კვორუმის არსებობის, ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესის არსებობის საკითხები, რაც განსახილველ დავაში რელევანტური არ არის.
78. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
79. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს სამართლებრივ საკითხზე დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
80. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
81. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ს/კ: 2022386...) უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 12 ივნისს საგადახდო დავალება N15290 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი