Facebook Twitter

საქმე №ას-897-2019 1 აგვისტო, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „T. G.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ. კ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ტ. კ.“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „T. G.“ (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ გაწეული მომსახურებისა და მიწოდებული პროდუქციის დავალიანების – 68 869 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 17 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა მომსახურების, ნასყიდობისა და ბარტერის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს, მის საკუთრებაში არსებული სპეციალიზირებული ტექნიკის მეშვეობით, უნდა გადაეტუმბა ბეტონი სამშენებლო მოედანზე, ასევე, მოპასუხისთვის უნდა მიეწოდებინა ამავე სამშენებლო მოედანზე პემზის სამშენებლო ბლოკები. ამავე ხელშეკრულებით მოპასუხე ვალდებული იყო, გადაეხადა გაწეული მომსახურებისა და მიწოდებული პროდუქციის საფასური.

3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხემ სათანადოდ არ შეასრულა და დაუგროვდა გადაუხდელი დავალაიანება.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ არანაირი ფინანსური დავალიანება არ გააჩნია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 68 869 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის – 2837.40 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ასევე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისი დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლის წარმოდგენა, რამდენი მონაწილეც არის საქმეში, ასევე, ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის CD დისკის დართვა. აღნიშნულისათვის მას განესაზღვრა ვადა – 10 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

8. აპელანტს ხარვეზის შესახებ განჩინება გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 70-78 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სააპელაციო საჩივარსა და შესაგებელში მითითებულ მისამართზე ზედიზედ ორჯერ (2019 წლის 2 აპრილს და 2019 წლის 12 აპრილს), მაგრამ გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. კორესპონდენციის ჩაუბარებლობის მიზეზად უკუგზავნილებში მითითებულია, რომ აღნიშნულ მისამართზე მიმდინარეობს მშენებლობა, მეორე უკუგზავნილის თანახმად, ამ მისამართზე შპს არ არსებობს, ხოლო მითითებული ტელეფონის ნომერი გამორთულია (იხ. ს.ფ 182, 186). უკუგზავნილებით ირკვევა, რომ აღნიშნულ მისამართზე კურიერი ორჯერ იმყოფებოდა, კერძოდ: 05/04/2019წ. 16:06 სთ-ზე. და 15/04/2019წ. 11:42 სთ-ზე, საბოლოოდ, კი გზავნილები დაუბრუნდა სასამართლოს ჩაუბარებლად.

9. სსსკ-ის 372-ე მუხლის, 275-ე მუხლის მეორე ნაწილის, 70-ე მუხლის მესამე ნაწილის, 71-ე მუხლის მეორე ნაწილის, 73-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 76-ე მუხლის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტმა შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში მიუთითა ერთი და იგივე მისამართი. სააპელაციო სასამართლომ გზავნილი გაუგზავნა აღნიშნულ მისამართზე.

10. სასამართლო გზავნილი დაბრუნდა ჩაუბარებელი იმ მიზეზით, რომ ადრესატი არ იმყოფება მისამართზე, სადაც მიმდინარეობს მშენებლობა და ამ მისამართზე ადრესატი შპს საერთოდ არ არსებობს, ხოლო მითითებული ტელეფონის ნომერი გამორთულია (იხ. ს.ფ 182, 186).

11. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის განჩინება ჩაბარებულად ჩათვალა განმეორებით გაგზავნილი უწყების ჩაუბარებლობის დამადასტურებელ აქტში კურიერის მიერ მითითებულ დროს – 2019 წლის 15 აპრილს (იხ. ს.ფ 186).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საპროცესო ვადა აითვალა 2018 წლის 16 აპრილიდან და მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადა ამოიწურა 2018 წლის 25 აპრილს. ვინაიდან, ამ დროის განმავლობაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

14. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან მხარემ სწორად მიუთითა მისამართი. მეტიც, როგორც მოცემულ, ისე სხვა საქმეებში მოპასუხე ყოველთვის უთითებდა აღნიშნულ მისამართს, სადაც შპს რეგისტრირებულია და არცერთხელ მისთვის სასამართლო კორესპონდენციის ჩაბარება არ გართულებულა. არასწორია ფოსტის კურიერის მინაწერი, რომ სადავო მისამართზე მიმდინარეობს მშენებლობა. მოპასუხის ადგილსამყოფელის გვერდით ნამდვილად არის შეჩერებული მშენებლობა, თუმცა აღნიშნული ხელს არ უშლიდა გზავნილების ჩაბარებას. შესაბამისად, ფოსტის თანამშრომელმა გამოიჩინა დაუდევრობა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს უნდა გამოეჩინა გულისხმიერება და სასამართლო გზავნილი ჩაბარებისას პირველი პრობლემის აღმოჩენისას დაკავშირებოდა მხარეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

16. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

17. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

18. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

19. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის – 2837.40 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ასევე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისი დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლის სააპელაციო პალატისათვის წარდგენა, რამდენი მონაწილეც არის საქმეში და ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის CD დისკის დართვა, რისთვისაც განესაზღვრა 10 დღსი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

20. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს ორჯერ უშედეგოდ გაეგზავნა მის მიერ შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და არცერთხელ ადრესატს არ ჩაბარდა.

21. საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილებში საპროცესო დოკუმენტების ჩაუბარებლობის მიზეზად მიეთითა, რომ აღნიშნულ მისამართზე მიმდინარეობს მშენებლობა, დასახელებულ მისამართზე შპს არ არის, ხოლო მითითებული ტელეფონის ნომერი გამორთულია (იხ. ს.ფ 232, 236).

სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად სსსკ-ის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასათანადოდ შეაფასა საქმის მასალები, როდესაც ჩათვალა, რომ აპელანტის მისამართი არასწორია. სარჩელზე დართულია ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც ირკვევა, რომ მოპასუხე რეგისტრირებულია ქ....., რუსთაველის ქ.№30-ში (ს.ფ. 18), ანალოგიური მისამართი ფიქსირდება სარჩელზე თანდართულ იჯარის ხელშეკრულებაში (ს.ფ. 24), ამავდროულად, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ფოსტის უკუგზავნილი, რომლის თანახმად მოპასუხეს სადავო მისამართზე სასამართლოს სხვა გზავნილი 2018 წლის 16 მარტს ჩაბარდა (ს.ფ. 153).

23. ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული მისამართი სწორია და ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო პალატის განჩინების აპელანტისათვის ჩაუბარებლობის მიზეზი, როგორც ამას სააპელაციო პალატა მიუთითებს, საქმეში დაფიქსირებული აპელანტის არასწორი მისამართი არ არის, შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება კანონშეუსაბამოა.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „Tam Geo-ს“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე