Facebook Twitter

საქმე №ა-2627-შ-71-2019 1 აგვისტო, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შ. ქ. ქ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ბრაუნშვაუგის საოლქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – არასრულწლოვან ბავშვზე მეურვეობის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ბრაუნშვაუგის საოლქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით 20... წლის .. იანვარს დაბადებულ ბავშვზე – ლ. შ. ქ. ქ-ზე, მშობლის მეურვეობის განსაკუთრებული უფლება გადაეცა ბავშვის დედას – ნ. გ-ს, რასაც დაეთანხმა ბავშვის მამა – შ. ქ. ქ-ი.

ნათია განძიელის წარმომადგენელმა ე. ლ-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ბრაუნშვაუგის საოლქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 2 ივლისს. შუამდგომლობაზე დართული პასპორტით და რწმუნებულებით დასტურდება, რომ ნ. გ-ი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ივლისის განჩინებით ნ. გ-ის შუამდგომლობა გერმანიის ბრაუნშვაუგის საოლქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის შუამდგომლობა გერმანიის ბრაუნშვაუგის საოლქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის ბრაუნშვაუგის საოლქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით 20... წლის ... იანვარს დაბადებულ ბავშვზე – ლ. შ. ქ. ქ-ზე, მშობლის მეურვეობის განსაკუთრებული უფლება გადაეცა ბავშვის დედას – ნ. გ-ს, რასაც დაეთანხმა ბავშვის მამა – შ. ქ. ქ-ი. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 2 ივლისს. შუამდგომლობაზე დართული პასპორტით და რწმუნებულებით დასტურდება, რომ ნ. გ-ი საქართველოს მოქალაქეა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის ბრაუნშვაუგის საოლქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც 20... წლის ... იანვარს დაბადებულ ბავშვზე – ლ. შ. ქ. ქ-ზე, მშობლის მეურვეობის განსაკუთრებული უფლება გადაეცა ბავშვის დედას – ნ. გ-ს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

რაც შეეხება ამავე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევას, ამ საკითხს არეგულირებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. ამავე კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც გერმანიის ბრაუნშვაუგის საოლქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობით მიიღწევა ის იურიდიული შედეგი, რომლის დადგომაც სურს მხარეს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის მიმართ მხარეს არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც ამ ნაწილში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ-ის შუამდგომლობა გერმანიის ბრაუნშვაუგის საოლქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ბრაუნშვაუგის საოლქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც 2013 წლის 24 იანვარს დაბადებულ ბავშვზე – ლ. შ. ქ. ქ-ზე, მშობლის მეურვეობის განსაკუთრებული უფლება გადაეცა ბავშვის დედას – ნ. გ-ს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე