Facebook Twitter

საქმე №ა-3067-შ-88-2019 8 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს კრიჩევსკის რაიონის ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე – ო. მ-ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის კრიჩევსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - სახელმწიფო ბაჟის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის კრიჩევსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონული განყოფილების მიერ 2008 წლის 29 იანვარს ო. ვ. ძე მ-ისათვის გაცემული მუდმივი ბინადრობის ნებართვა და ო. მ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – სამი საბაზო ოდენობის – 300000 რუბლის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ნაწილობრივ აღსრულდა ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს კრიჩევსკის რაიონის ინსპექციამ შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის კრიჩევსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება დავალიანების – 30 დენომინირებული ბელარუსის რუბლის დაკისრების ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს კრიჩევსკის რაიონის ინსპექციის შუამდგომლობას ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის კრიჩევსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უარი უნდა ეთქვას წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში (მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობაში) უნდა აღინიშნოს მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს), მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. სარჩელში შესაძლოა მოსარჩელემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები. თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), იგი ვალდებულია მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლით დადგენილია სარჩელის (შუამდგომლობის) მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები და ნორმის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არ არსებობს მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების საფუძველი.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს კრიჩევსკის რაიონის ინსპექციამ ვერ წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარე ო. მ-ის ზუსტი მისამართი., მითითებულია მხოლოდ ქალაქი ქარელი, რაც მისი შუამდგომლობის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის მიერ სარჩელის (შუამდგომლობის) მიღებაზე უარის თქმა ხელს არ უშლის პირს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით (შუამდგომლობით), თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 186-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს კრიჩევსკის რაიონის ინსპექციის შუამდგომლობას ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის კრიჩევსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უარი ეთქვას წარმოებაში მიღებაზე.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი