Facebook Twitter

საქმე №ას-852-2019 22 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „..“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „.. ... ...“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „... ... ...“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „...-ს“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „... ... ...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „...-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 11813,97 ლარის გადახდა. შპს „...-ს“ შპს „... ... ...“ სასარგებლოდ დაეკისრა ნარდობის საზღაურის გადაუხდელი ნაწილის – 2101 ლარის გადახდა. შპს „... ... ...“ სარჩელი ნარდობის საზღაურის სახით 4650 ლარის დაკისრების ნაწილში და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის სრულ გადახდამდე, გადასახდელად დარჩენილ ნაშთზე საბანკო დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთის, წლიური 7,5%-ის ოდენობით მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „...-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შპს „... ... ...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი „სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის (13914,97ლარი) სრულ გადახდამდე, გადასახდელად დარჩენილ ნაშთზე საბანკო დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთის, წლიური 7,5%-ის ოდენობით მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში“ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „...-ს“ შპს „... ... ...“ სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა დავალიანების – 13914,97 ლარის წლიური 7,5%-ის გადახდა – 1043,62 ლარის ოდენობით, 2016 წლის 15 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...-მ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ივლისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 852 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კასატორის წარმომადგენელ სულხან ფალავანდიშვილს ჩაბარდა 2019 წლის 4 ივლისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...-ს“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელ სულხან ფალავანდიშვილს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 1 ივლისის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2019 წლის 4 ივლისს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს.ფ.415). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 5 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 9 ივლისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „...-ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი