საქმე №ას-97-2019 5 ივლისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ.ს–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს ,,ლ.ბ–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, ბანკი, კრედიტორი, აპელანტი) და გ.გ–ს (შემდეგში: მოვალე ან მსესხებელი, აწ გარდაცვლილი) შორის, 2014 წლის 17 მარტს, გაფორმდა საბანკო კრედიტის N0002/2014/58766 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებლის სახელზე სესხი - 12000 ლარი, 48 თვის ვადით გაიცა, თვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15.5%-ით. ამავე ხელშეკრულებით, ვალდებულების დარღვევისათვის დადგინდა პირგასამტეხლო, ვადაგადაცილებული თანხის 0.5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. ხელშეკრულება ტ. 1, ს.ფ 17-19);
2. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ბანკსა და ნ.ს–ს (შემდეგში: მოპასუხე, თავდები, კასატორი) შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელმა, მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა 16167.39 ლარის ფარგლებში (იხ. ტ.1, ს.ფ. 23).
3. მსესხებელს 2015 წლის 16 თებერვლიდან წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხდია. დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად, მსესხებლის დავალიანება, 2016 წლის 10 ოქტომბრის მონაცემებით, 14391.93 ლარია (იხ. ტ.1, ს.ფ 15, ტ.2, ს.ფ. 40).
4. მსესხებელმა 2015 წლის 11 მაისს წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით - 710 ლარი გადაიხადა, საიდანაც ძირითადი თანხა 308.36 ლარით, პირგასამტეხლო 17.33 ლარით, ხოლო პროცენტი 384.31 ლარით დაიფარა (იხ. ტ.1, ს.ფ. 50);
5. მსესხებელი 2015 წლის 2 სექტემბერს გარდაიცვალა (იხ. ტ.2,ს.ფ. 40).
6. თავდებმა 2015 წლის 14 დეკემბერსა და 2016 წლის 15 თებერვალს განცხადებით მიმართა ბანკს და აცნობა წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოების, აწ გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრეების ვინაობისა და მათ მიერ სამკვიდროს მიღების შესახებ (იხ. ტ.1, ს.ფ. 51-52);
7. საქართველოს ეროვნული ბანკის წერილში აღნიშნულია, რომ კრედიტორის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მსესხებლის გარდაცვალების მოწმობა ბანკში არ წარდგენილა. ბანკმა წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებულ ფაქტობრივი გარემოების შესახებ ინფორმაცია მიიღო პრობლემური სამსახურის თანამშრომლის მიერ, როდესაც ეს უკანასკნელი მსესხებლის საცხოვრებელ მისამართზე მივიდა, სადავაუდოდ, 2015 წლის ოქტომბერ-ნოემბერში (იხ. ტ.1, ს.ფ. 190).
8. სარჩელის საფუძვლები
8.1 კრედიტორმა 2016 წლის 2 ნოემბერს სარჩელი აღძრა მოვალისა და თავდების წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეთათვის წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 14391.93 ლარის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხა - 9560.06 ლარი, პროცენტი - 1831.87 ლარი და პირგასამტეხლო - 3000 ლარია (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის განჩინებით, მსესხებლის მიმართ მოთხოვნის ნაწილში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შემდეგში: სსსკ-ის 272-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმისწარმოება შეწყდა).
8.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა.
9. მოპასუხის შესაგებელი
9.1 მოვალემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1488-ე მუხლიდან გამომდინარე მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, ასევე - შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოზე.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
10.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით, კრედიტორის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
10.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 153-ე, 891.1-ე, 893-ე, 895-ე, 899-ე, 1328-ე, 1421-ე, 1488-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლით.
10.3 საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ სოლიდარული თავდების მიმართ სასარჩელო მოთხოვნა, სსკ-ის 1488-ე მუხლიდან გამომდინარე, ხანდაზმულია.
10.4 საქალაქო სასამართლომ წინამდებარე განჩინების მე-6, მე-7 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ ბანკს ძირითადი მოვალის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნა სსკ-ის 1488-ე მუხლით დადგენილი ვადის დაცვით არ წარუდგენია.
10.5 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, თავდებობა აქცესორული უფლებაა (სსკ-ის 893-ე მუხლი), კერძოდ, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა.
10.6 საქალაქო სასამართლოს შეფასებით, კრედიტორმა სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დაუცველობით, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკარგა, რაც სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების აბსოლუტური საფუძველია.
10.7 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის (კრედიტორის) განცხადების საფუძველზე, მსესხებლის მიმართ მოთხოვნის ნაწილში, სარჩელზე უარის თქმის გამო, საქმისწარმოება შეწყდა.
10.8 საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ ვინაიდან თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა, რომელზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა, კრედიტორს ამ საფუძვლითაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.
11. სააპელაციო საჩივარი
11.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ (კრედიტორმა).
11.2 აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
12.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის (კრედიტორის) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
12.1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;
12.1.2 კრედიტორის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
12.1.3 მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 11699.26 ლარის გადახდა დაეკისრა, საიდანაც ძირითადი თანხა - 9251.7 ლარი, პროცენტი 1447.56 ლარი და ჯარიმა - 1000 ლარია.
12.2 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოვალის გარდაცვალებისას, თავდებისათვის თანხის დაკისრება. მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 891-899-ე, 1488-ე მუხლებს ეფუძნება.
12.3 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თავდების განმარტება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
12.4 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე სოლიდარული თავდებია, შესაბამისად, კრედიტორის წინაშე მისი ქონებრივი პასუხისმგებლობა არა სამემკვიდრეო, არამედ სახელშეკრულებო სამართლის ნორმებით უნდა გადაწყდეს. უდავოა, რომ მან წერილობითი ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა აწ გარდაცვლილი პირის საკრედიტო ვალდებულების შესასრულებლად (სსკ-ის 891-ე მუხლის პირველი ნაწილი, 892-ე, 893-ე და 898-ე მუხლები).
12.5 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 899-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, თუ ძირითადი მოვალე გარდაიცვლება, თავდებს არ შეუძლია, მიუთითოს მემკვიდრის შეზღუდულ პასუხისმგებლობაზე.
12.6 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 1488-ე მუხლის დანაწესი შეეხება გარდაცვლილის მემკვიდრეებს და არა თავდებ პირებს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოთხოვნა წარუდგინა სოლიდარულ თავდებს ისე, რომ ძირითადი მოვალის მემკვიდრეების მიმართ არ წარუდგენია, თუმცა, სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში, თავდებს მოვალესთან ერთად სოლიდარული ვალდებულება ეკისრება და ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს სსკ-ის 463-ე მუხლის გაგებით. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კრედიტორს შეუძლია, თავისი არჩევანით ვალდებულების შესრულება ერთ-ერთ ან ორივე სოლიდარულ მოვალეს მოსთხოვოს როგორც მთლიანად, ასევე - ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე სოლიდარული მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება სსკ-ის 465-ე მუხლიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია, საკუთარი სურვილისამებრ, შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე, ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება (იხ. სუსგ №ას-1087-1018-2012).
12.7 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 895-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა - სოლიდარული თავდებობა, ჩვეულებრივი თავდებობისაგან იმით განსხვავდება, რომ კრედიტორი უფლებამოსილია, მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე მოსთხოვოს სოლიდარულ თავდებს ვალდებულების შესრულება, თუ ძირითადმა მოვალემ გადახდის ვადას გადააცილა და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 891.1-ე და 895-ე მუხლები წარმოადგენს, ამავდროულად, სსკ-ის 896-ე და 463-ე მუხლების თანახმად, მოპასუხეები სოლიდარულ მოვალეებს წარმოადგენენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორს შეუძლია, საკუთარი არჩევით შესრულება მოითხოვოს, როგორც ერთ-ერთი, ისე - ყველა თავდებისაგან, როგორც მთლიანად, ისე _ ნაწილობრივ. სრულად შესრულებამდე სოლიდარული მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება (სსკ-ის 465-ე მუხლი). სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სოლიდარულ თავდებობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია, რომ კანონი იცნობს თავდების უფლებადამცავ დანაწესებსაც, რომელთაგან, განსახილველ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია სსკ-ის 899-ე მუხლი, რომლის თანახმად, თავდებს ძირითადი მოვალის ყველა შესაგებლის წარდგენის უფლება აქვს, მაშინაც კი, თუ ძირითადი მოვალე უარს იტყვის შესაგებლის უფლებაზე, ამასთან, თუ ძირითადი მოვალე გარდაიცვლება, თავდებს არ შეუძლია, მიუთითოს მემკვიდრის შეზღუდულ პასუხისმგებლობაზე (იხ. საქმე Nას-513-490-2016; საქმე №ას-361-337-2017).
12.8 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კრედიტორმა, მიუხედავად იმისა, რომ უარი თქვა მსესხებლის მიმართ მოთხოვნაზე, სოლიდარული თავდების მიმართ, მას ეს უფლება კვლავ გააჩნია და შესაბამისად, მოთხოვნა ხანდაზმულად ვერ მიიჩნევა.
12.9 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 623-ე, 625-ე, 867-ე, 868-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოვალემ 2015 წლის 11 მაისს ვალდებულების შესასრულებლად 710 ლარი გადაიხადა, საიდანაც ძირითადი თანხა 308.36 ლარით, პირგასამტეხლო 17.33 ლარით, ხოლო პროცენტი 384.31 ლარით დაიფარა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, მოვალის მიერ სსკ-ის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება ნაწილობრივ შეწყდა შესრულებით.
12.10 სააპელაციო სასამართლომ, პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე და მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია და 1000 ლარამდე შეამცირა.
13. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
13.1 თავდებმა (მოპასუხემ) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
13.2 კასატორი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებასაც, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დანიშნა.
13.3 კასატორის მტკიცებით, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის პროცესუალური საკითხი არ არსებობდა, შესაბამისად, პროცესის საჯაროობის წესი დაირღვა. კასატორი უთითებს სსსკ-ის 3761 მუხლზე და განმარტავს, რომ სასამართლომ აღნიშნული მუხლის უგულებელყოფით ახალი ფაქტები დაადგინა, ფაქტობრივ გარემოებებზე იმსჯელა.
13.4 კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დავის საგანი არასწორად განსაზღვრა (იხ. წინამდებარე განჩინების 12.2 ქვეპუნქტი), შესაბამისად, არასწორად განსაზღვრულ დავის საგანთან მიმართებით დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები.
13.5 კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 895-ე მუხლის მიხედვით, თავდების პასუხისმგებლობა და სოლიდარული თავდებობის ინსტიტუტი ერთმანეთში აურია (სსკ-ის 463-ე მუხლი), თუნდაც გამოვლენილიყო სოლიდარული პასუხისმგებლობა, სასამართლოს სსკ-ის 449-ე მუხლით უნდა ეხელმძღვანელა. ამასთან, ვინაიდან კრედიტორმა მსესხებლის მიმართ სარჩელზე უარი თქვა, სასამართლოს საქმე თავდებობის აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე უნდა შეეწყვიტა ან კრედიტორის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
13.6 კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მსჯელობის საგანია კრედიტორის მიერ მოვალის მიმართ სარჩელზე უარის თქმის პირობებში, თავდებს უნდა დაეკისროს თუ არა პასუხისმგებლობა. კასატორის მტკიცებით, არ უნდა დაეკისროს, ვინაიდან კრედიტორის მიერ ძირითადი მოვალის მიმართ სარჩელზე უარის თქმა, მოვალისათვის ვალის პატიებას ნიშნავს, ხოლო, თუ კრედიტორმა მოვალეს აპატია, მაშინ ეს თავდების ვალდებულების ანულირებასაც იწვევს.
13.7 კასატორის განმარტებით, სასამართლო ვალდებული იყო დაესაბუთებინა, მოვალის მიმართ ვალის პატიება, იურიდიულად, რის საფუძველზე და რამდენად ამართლებდა თავდების მიმართ აქცესორული მოთხოვნის განხორციელებასა და პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.
13.8 კასატორი დავობს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ მოპასუხემ თავდებობა იკისრა სსკ-ის 895-ე მუხლის შესაბამისად, სადაც სოლიდარულ თავდებობაზე არ არის საუბარი. სოლიდარული თავდებობა შეიძლება, იკისროს რამდენიმე პირმა, რაც განსხვავდება თავდების ე.წ. სოლიდარული პასუხისმგებლობისაგან. მოცემულ შემთხვევაში, სსკ-ის 895-ე მუხლით გათვალისწინებული თავდების სოლიდარული პასუხისმგებლობა არც სოლიდარულ თავდებობას და არც სოლიდარული მოვალეობის წარმოშობას არ ნიშნავს სსკ-ის 463-ე მუხლის თანახმად.
13.9 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დავალიანების არსებობა, 2016 წლის 10 ოქტომბრის მონაცემებით, უკანონოდ განსაზღვრა. მსესხებელი 2015 წლის 2 სექტემბერს გარდაიცვალა და მოსარჩელე ვალდებული იყო, დავალიანების არსებობა მისი გარდაცვალების დროისათვის ემტკიცებინა, ვინაიდან გარდაცვლილ პირს უფლებაუნარიანობა უწყდება და იგი ვეღარ იქნება უფლება-მოვალეობების სუბიექტი, გარდაცვალების შემდეგ მას ვალდებულების შესრულების გაგრძელდება ვეღარ მოეთხოვება. სასამართლოს უნდა ემსჯელა გარდაცვლილის ვალებზე, როგორც პასივზე, რომელიც გარდაცვალების დროისათვის დარჩა.
13.10 კასატორი მტკიცებით, მოპასუხის მიმართ იმ საფუძვლითაც აღარ არსებობს მოთხოვნის უფლება, რომ კრედიტორს მსესხებლის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნა სსკ-ის 1488-ე მუხლიდან გამომდინარე ვადის დაცვით არ წარუდგენია.
13.11 კასატორის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს დავალიანების დამდგენი დოკუმენტი ძირითადი მოვალის გარდაცვალების დროისათვის არ წარუდგენია, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრებაც დაუსაბუთებელია.
13.12 კასატორი შუამდგომლობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და კრედიტორის სარჩელზე საქმისწარმოების შეწყვეტაზეც.
14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
14.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 201 წლის 12 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
17. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-2017, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
21. კასატორის პრეტენზიის შესახებ, რომელიც სააპელაციო საქმისწარმოების ეტაპზე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე, მხარეთა დაუსწრებლად განხილვას ეხება, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იხილავს კრედიტორის სარჩელს, რომელიც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, შესაბამისად, განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო სსკ-ის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ,,... აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით“ (იხ. 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინება), უფლებამოსილი იყო საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა.
22. წარმოდგენილი საკასაციო შედავების ფაქტობრივი და სამართლებრივ მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, სასამართლო იკვლევს, თუ რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: #ას- 15-29-1443-2012; #ას-973-1208-04; # ას- 664-635-2016).
23. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კრედიტორის მოთხოვნასა და 2014 წლის 17 მარტს გაფორმებულ თავდებობის ხელშეკრულებაზე, რომლის 2.1 ქვეპუნქტის თანახმად, მოპასუხე სოლიდარულ თავდებად დაუდგა მსესხებელს, ბანკის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაზე. თავდებობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 16167.39 ლარით, ხოლო იმავე ხელშეკრულების 3.4 ქვეპუნქტის თანახმად, ბანკი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა უშუალოდ თავდებისაგან მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 895-ე მუხლი წარმოადგენს.
24. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ სამართლებრივ მსჯელობას და დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სოლიდარული ვალდებულების არსებობა ვლინდება, რა დროსაც, კრედიტორს აღარ სჭირდება მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობა, იგი უფლებამოსილია უშუალოდ თავდებს მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება. სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში, თავდებს მოვალესთან ერთად ეკისრება სოლიდარული ვალდებუოლება და ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს სსკ-ის 463-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე. კრედიტორს შეუძლია თავისი არჩევანით მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება ერთ-ერთ ან ორივე სოლიდარულ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ.
25. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომლის თანახმად, კრედიტორს მსესხებლის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნა სსკ-ის 1488-ე მუხლიდან გამომდინარე არ წარუდგენია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 463-ე, 895-ე, 899-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ კრედიტორის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარული თავდებისათვის თანხის დაკისრება, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა სახელშეკრულებო ნორმებიდან გამომდინარეობს, რაზეც სააპელაციო სასამართლომ მართებულად იმსჯელა. ამასთან, მოპასუხე, როგორც თავდები, ვერ მიუთითებს მემკვიდრის შეზღუდულ პასუხისმგებლობაზე (სსკ-ის 899-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება, შდრ. სუსგ ას-171-160-2017, 18.04.2017 წ.).
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრედიტორს, სოლიდარული ვალდებულების დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია მსესხებელს ან თავდებს ვალდებულების მთლიანი, ან/და ნაწილობრივი შესრულება მოსთხოვოს, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ბანკმა მსესხებლის მიმართ სარჩელზე უარი თქვა (იხ. ტ.1, ს.ფ 66-67), აღნიშნული, მოპასუხეს, სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან არ ათავისუფლებს.
27. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის წინამდებარე განჩინების 13.9 ქვეპუნქტში მითითებულ პრეტენზიასაც და განმარტავს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილი, საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებასა და საკასაციო სასამართლოს მხრიდან მათ შეფასებას გამორიცხავს. ამასთან, სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე, წინამდებარე განჩინების 13.9 ქვეპუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას არ შესდავებია. ამასთან, თავდებისათვის ცნობილი იყო მსესხებლის გარდაცვალების შესახებ, შესაბამისად, მოლოდინიც უნდა ჰქონოდა, რომ კრედიტორი მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მას მოსთხოვდა. თუმცა, მოპასუხემ ამ უკანასკნელი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რაც მის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას უსაფუძვლოს ხდის.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ს–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ.ს–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შ.ქ–ძის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 584,96 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2019 წლის 15 მაისი), 70% – 409,47 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე