Facebook Twitter

საქმე №ას-633-2019 5 ივლისი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ბ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, 2016 წლის 4 ოქტომბერს, დაზიანდა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, დეპარტამენტი ან კასატორი) ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება - TOYOTA COROLLA, სახელმწიფო ნომერი SP … SP (ტ.1,ს.ფ. 15-25).

2. აღნიშნული შემთხვევა გამოიწვია გ.ბ–ის (შემდეგში: მოპასუხე) მიერ მანევრირების წესების დარღვევამ, რომელიც მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას MAZDA-ს, სახელმწიფო ნომრით …. მოპასუხე, 2017 წლის 03 თებერვლის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის თანახმად ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის 250 ლარით დაჯარიმდა (ს.ფ. 15-25).

3. სარჩელის საფუძვლები

3.1. დეპარტამენტმა 2017 წლის 5 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა მოპასუხისთვის 8 841.54 ლარის დაკისრება მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.

3.2. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა.

4. მოპასუხის პოზიცია

4.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სასამართლოს მთავარ სხდომაზე კი სარჩელი ცნო - 2 000 ლარის ოდენობით.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

5.1.1. მოპასუხეს დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 2 000 ლარის გადახდა;

5.1.2. სარჩელის მოთხოვნა 6 841.54 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

5.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 992-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-3 და 208-ე მუხლებით.

6. დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დეპარტამენტმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

7.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

7.3. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 316-ე-317-ე მუხლების გათვალისწინებით დელიქტურ ვალდებულებებზე მიუთითა და სსკ-ის 992-ე მუხლის „პირი რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“ საფუძველზე განმარტა, რომ კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენდა, რომლისგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემული იყო დასახელებულ მუხლში.

7.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით დელიქტურ სამართალში მოთხოვნის ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლია, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან (სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე ას-664-635-2016).

7.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ან/და ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-494-463-2010).

7.6. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ საგზაო წესების დარღვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რაც მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს. მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის თაობაზე სასამართლომ იმსჯელა და განმარტა, რომ მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ -2000 ლარის მოთხოვნის ფარგლებში ცნო, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა, ხოლო, დარჩენილ ნაწილში სარჩელის საფუძვლიანობა არ დადასტურდა.

7.7. სასამართლოს შეფასებით საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით არ დგინდებოდა ზიანის ოდენობა, არამედ მითითებული იყო მხოლოდ ის ფაქტი, რომ ზიანის თავიდან აცილებას დეპარტამენტის საკუთრებაში არსებული ავტომობილის მძღოლი ვერ შეძლებდა. ამასთან, საქმეში არსებული შპს „მ.მ–ის“ მიერ გაცემულ ინვოისში ჩამოთვლილი სათადარიგო ნაწილების შეცვლის საჭიროებასა და უშუალოდ ავარიით მიყენებულ ზიანს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი საქმეში არსებული არც ერთი დოკუმენტით არ დგინდებოდა.

8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

8.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ მიყენებული ზარალის ოდენობა მხოლოდ 2 000 ლარი იყო. კასატორის მტკიცებით, მოპასუხემ, მართალია, აღიარა ზიანის მიყენების ფაქტი, თუმცა არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომ ზიანის მოცულობა მხოლოდ 2 000 ლარს შადგენდა. სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა, შპს „მ.მ–ის“ მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც ავტომობილის დაზიანების აღმოფხვრისთვის დაფიქსირებული თანხა საბაზრო ფასების შესაბამის თანხებს წარმოადგენს.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები: №ას-593-568-2016, 14 . 07. 2017 წ; №ას-452-431-2015, 28.09.2015წ; №ას-594-562-2015, 06.11.2015წ; №ას-238-2019, 24.05.2019წ.).

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

15. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და მსჯელობას (იხ. წინამდებარე განჩინების 7.3-7.6 ქვეპუნქტები) და კასატორის პრეტენზიების პასუხად განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილი უდავო გარემოებებით, მათ შორის, მხარის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობით (2 000 ლარის ნაწილში) დასტურდებოდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც გამოწვეული იყო მოპასუხის არამართლზომიერი ქმედებით, დაზიანდა დეპარტამენტის საკუთრებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის დადგომის ფაქტი, რომლის გამომწვევ მიზეზსაც მოპასუხის ქმედება წარმოადგენდა, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს. სადავოა, მხოლოდ ზიანის ოდენობის განსაზღვრა.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელემ ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის შპს „მ.მ–ის“ მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა წარუდგინა სასამართლოს, რომელშიც მხოლოდ ავტომობილის შეკეთებისთვის საჭირო თანხაა მითითებული, რაც ვერ გახდება ზიანის ოდენობის გაანგარიშების საკმარის მტკიცებულებად, რომლითაც შესაძლებელი იქნება იმის დადგენა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთებისთვის, ხარჯთაღრიცხვაში მითითებული თანხა სწორედ სადავო შემთხვევის შედეგად წარმოიშვა, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოპასუხეს ეკისრება.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 342 ლარის 70% – 239.4 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (ს/კ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 342 ლარის (საგადახდო დავალება N387743, გადახდის თარიღი 2019 წლის 10 აპრილი), 70% – 239,4 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე