საქმე №ას-582-2019 6 ივნისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ.წ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.მ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ.მ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელიდ.წ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 59-ე, მე-60, 63-ე, 70-78-ე, 276-ე, 373-ე-374-ე, 365-ე მუხლებით.
4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტი გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა, შესაბამისად იგი ვალდებული იყო, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად (იხ. სსსკ-ის 2591), რაც საქმის მასალებით არ დასტურდება. შესაბამისად, მოპასუხისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 30-ე დღეს - 22 დეკემბერს, თუმცა, ვინაიდან დასახელებული დღე შაბათი იყო (არასამუშო დღე), საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 24 დეკემბერს და ამოიწურა 2019 წლის 8 იანვარს, იმის გათვალისწინებით, რომ უშუალოდ მე-14 დღე 7 იანვარი, ასევე უქმე დღე იყო. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, 2019 წლის 14 იანვარს წარადგინა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.
5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.
5.1. კერძო საჩივრის ავტომა მთლიანად გაიმეორა პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილება/განჩინებაში ასახული მოტივირებული მსჯელობა დავის საგნთან და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმებულიყო და სააპელაციო სასამართლოს განეხილა სააპელაციო საჩივარი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
8. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
9. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.
10. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
11. სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადს გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია“.
12. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე (კერძო საჩივრის ავტორი), პირველი ინსტანციის სასამართლოში ესწრებოდა გადაწყვეტილების ესწრებოდა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, შესაბამისად ზემოხსენებული ნორმების საფუძველზე, მხარე ვალდებული იყო, სათანადო წესით და კანონით დადგენილ ვადაში უზრუნველეყო სააპელაციო საჩივრის წარდგენა სააპელაციო სასამართლოში.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ სარეზოლუციო ნაწილი, რომლის გამოცხადებასაც ესწრებოდა გასაჩივრების მსურველი მხარე, გამოაცხადა 2018 წლის 22 ნოემბერს, შესაბამისად, ზემოთ დასახელებული ნორმების გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორს ეკისრებოდა ვალდებულება, სასამართლოში გამოცხადებულიყო აღნიშნული თარიღიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა - 2018 წლის 22 დეკემბრისა, ხოლო გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14- დღიანი ვადის ათვლა დაიწყებოდა 30-ე დღეს. გამომდინარე იქიდან, რომ 30-ე და შემდგომი დღეც უქმე იყო, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 24 დეკემბერს და ამოიწურა 2019 წლის 8 იანვარს (მე-14 დღე - 6 და 7 იანვარი ასევე უქმე დღეებია), რაზედაც მართებულად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ. დადგენილია და მხარეც ადასტურებს, რომ სააპელაციო საჩივარი არა 8 იანვრამდე, არამედ 14 იანვარს, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევით წარადგინა სასამართლოში, რაც გახდა კიდეც საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
14. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება). ამდენად, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, , რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად და საპროცესო კანონმდებლობა არ დარღვეულა..
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.წ–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე