Facebook Twitter

საქმე №ას-206-2019 5 ივლისი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ე.ჯ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ნ–ი, ა.ნ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ. თბილისში, ..... მდებარე ბინა №33, ს/კ: ....., წარმოადგენს ე.ჯ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე ან კასატორი) საკუთრებას (ტ.1,ს.ფ. 24-27).

2. დასახელებული უძრავი ქონება იმყოფება გიული (დედა) და ა.ნ–ების (ვაჟი) (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები) არამართლზომიერ მფლობელობაში.

3. სარჩელის საფუძვლები

3.1. მესაკუთრემ, 2017 წლის 29 დეკემბერს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, მოითხოვა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების გამოთხოვა თავისუფალ მდგომარეობაში.

3.2. მესაკუთრემ სასარჩელო მოთხოვნა წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა.

4. მოპასუხეების შესაგებელი

4.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და დამატებით განმარტეს, რომ მართლზომიერად ფლობენ სადავო ქონებას. მათი განმარტებით, მოსარჩელეს ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აქვს მიღებული, თუმცა, ქონების პრივატიზებამდე სადავო ქონებაში წილი ეკუთვნოდათ, ამასთან, გამჩუქებლის ანდერძისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენს ერთ-ერთი მოპასუხე - ვაჟი (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს დაევალათ მესაკუთრისათვის უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარებაში გადაცემა და აეკრძალათ უძრავი ნივთით უკანონო სარგებლობა.

5.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-312-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნა იყო ვინდიკაციური, რომლითაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მესაკუთრე საკუთრების ვინდიცირებას ახდენდა.

6. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

7.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხეებმა შესაგებელში მიუთითეს, რომ სადავო ბინის პრივატიზება განხორციელდა ო.ნ–ის სახელზე, თუმცა, ბინა ეკუთვნოდა ოჯახის ყველა წევრს და პრივატიზება შეთანხმებით გაკეთდა. 1966 წლის 28 მაისს კ.ნ–ის (ბაბუის) სახელზე გაიცა №012710 ორდერი, რომელშიც, გარდა ბაბუისა, მითითებული არიან: ო.ნ–ი და შვილები - მ. და გ. ნ–ები, ეს უკანასკნელი იყო მოპასუხე ვაჟის მამა და მოპასუხე დედის მეუღლე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი). აპელანტები რეგისტრირებული არიან სადავო ბინაში, რის გამოც პრივატიზება უნდა განხორციელებულიყო ყველა მათგანზე წილის პროპორციულად.

7.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ აპელანტებმა (მოპასუხეებმა) საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს დააყენეს შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერებისა და საქმეთა გაერთიანების შესახებ. აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა იმ მიზეზით, რომ საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლები არ არსებობდა; კერძოდ, მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ იყო შეუძლებელი განსახილველ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება სხვა საქმის დასრულებამდე.

7.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადგენილი იყო, რომ სარჩელი იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით არ დაკმაყოფილდა, რომ მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდნენ სადავო ქონებას, თუმცა, აპელანტებმა ჯერ კიდევ შესაგებელში მიუთითეს, სადავო ქონების მართლზომიერად ფლობის თაობაზე და სწორედ ამ გარემოების დადგენის მიზნით იშუამდგომლეს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.

7.5. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, აპელანტმა (მოპასუხეთაგან ვაჟმა) განმარტა, რომ მოსამართლე მაია სვიანაძის წარმოებაში მყოფი სარჩელით დასტურდებოდა სადავო ქონებაზე მისი და მეორე აპელანტის (დედის) რეგისტრაციისა და ცხოვრების ფაქტი. ბებიის გარდაცვალების შემდეგ, 2017 წლის 14 ოქტომბერს, აპელანტმა (ვაჟმა) მიმართა ნოტარიუსს ბებიის ხელით შედგენილი ანდერძის საფუძველზე მისი დანაშთი ქონების მისაღებად, რა დროსაც შეიტყო, რომ სადავო ქონება 2017 წლის 27 მარტის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სახელზე იყო აღრიცხული.

7.6. სააპელაციო სასამართლომ „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის #107 დადგენილების საფუძველზე განმარტა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა ბინის გადაცემის, როგორც საკუთრების კონსტიტუციური უფლების დაცვის, დაჩქარების უზრუნველყოფის მიზნით დადგინდა მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში გადაცემა პრივატიზაციის წესით. დადგენილების მე-5 პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლი უსასყიდლოდ გადაეცემოდათ მოქალაქეებს, რომლებსაც ამ სახლის დამქირავებლები ან დამქირავებლების ოჯახის წევრები იყვნენ. სასამართლოს განმარტებით აღნიშნული დადგენილებით სახელმწიფომ დაკავებულ ბინაზე საკუთრების უფლება მიანიჭა, როგორც უშუალოდ დამქირავებლებს, ასევე - მათი ოჯახის წევრებს, მიუხედავად იმისა, ეს უკანასკნელნი იყვნენ თუ არა პრივატიზების ხელშეკრულების მხარეები.

7.7. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულებაზე „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მიუთითა, რომელიც ზემოაღნიშნული დადგენილების მსგავს დებულებებს შეიცავდა.

7.8. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით განმარტა, რომ სადავო უძრავ ქონებაში ჩაწერილი იყვნენ აპელანტის (ვაჟის) ბებია-ბაბუა და ბიძა, ასევე მამა, რომლის გადაცვალებისას, მოპასუხეთაგან ვაჟი 6 წლის იყო და დაბადების დღიდან რეგისტრირებული იყო სადავო ბინის მისამართზე, რის გამოც შესაძლებელი იყო, ამ უკანასკნელს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება ჰქონოდა, რაც დამატებით კვლევას საჭიროებდა და რისი დადგენაც სწორედ საქმეთა გაერთიანების შედეგად და დავის ამ გზით განხილვით იქნებოდა შესაძლებელი.

8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

8.2. კასატორის განმარტებით, სადავო ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დეიდისგან (ო.ნ–ისგან - აპელანტი დედის დედამთილი და აპელანტი ვაჟის ბებია) მიიღო მადლიერების ნიშნად, რომელსაც წლების განმავლობაში უვლიდა.

8.3. კასატორმა რძალ-დედამთილის დაძაბულ ურთიერთობაზე მიუთითა და განმარტა, რომ სადავო ქონება დეიდის სახელზე სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღირიცხა, რა დროსაც მისი წარმომადგენელი აპელანტი (დედა) იყო, რომელსაც არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს.

8.4. კასატორმა დამატებით აღნიშნა, რომ სადავო უძრავი ქონება მის სახელზე იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, რომლის მიმართაც მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ)სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

14.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას;

14.2. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება;

14.3. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე, წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის მიმართაც, სსსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს.

15. წინამდებარე შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და მსჯელობაზე და დამატებით განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უდავოდ დგინდება კასატორის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტი სადავო უძრავ ქონებაზე, მოპასუხეებმა ასეთი უფლების რეგისტრაციის კანონიერების გამომრიცხავ გარემოებებზე მიუთითეს, რომელიც დამატებით კვლევას საჭიროებს.

16. ამდენად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დააბრუნა საქმე საქალაქო სასამართლოში ხელახლა განსახილველად, შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ უნდა იმსჯელოს #2/33467-17 და #2/37508-17 საქმეთა გაერთიანების შესახებ, რათა დადგინდეს, ჰქონდათ თუ არა აპელანტებს (მოპასუხეებს) ნივთის მართლზომიერად ფლობის უფლება და წარმოადგენს თუ არა სადავო ქონებაზე მათი უფლება საკუთრების წარმოშობის საფუძველს, რაც გამორიცხავს ან ზღუდავს კასატორის უფლებას სადავო ქონებაზე (სსსკ-ის 384-385-ე მუხლები) .

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ე.ჯ–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2019 წლის 15 მაისი), 70% – 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე