Facebook Twitter

საქმე №ას-169-2019 5 ივლისი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ლ.გ–ი (მოპასუხე, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.წ–ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ძირითად სარჩელში), გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სესხისა და იპოთეკის სამართალურთიერთობის დადგენა ( შეგებებულ სარჩელში)

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ.გ–მა (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, გამყიდველი, აპელანტი ან კასატორი), 2016 წლის 12 აგვისტოს ლ.წ–ს (შემდეგში: მოსარჩელე, მყიდველი ან მესაკუთრე) მიჰყიდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ..... (ს/კ: .....), გამოსყიდვის უფლებით (ტ.1,ს.ფ. 14-19).

2. ხელშეკრულების თანახმად, გამოსყიდვის ვადის გასვლის შემდეგ გამყიდველი კარგავს გამოსყიდვის უფლებას, ხოლო მყიდველი იძენს შეუზღუდავი საკუთრების უფლებას ნასყიდობის საგანზე, რაზედაც მყიდველი უფლებამოსილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართოს ცალმხრივად, პირადი განცხადებით შეზღუდვის მოხსნის შესახებ (იხ. ხელშეკრულება, პ.4; ტ.1,ს.ფ. 16;).

3. სარჩელის მოთხოვნა

3.1. მესაკუთრემ, 2017 წლის 27 აპრილს, სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების გამოთხოვა თავისუფალ მდგომარეობაში და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება მოითხოვა.

4. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

4.1. გამყიდველმა, წარდგენილი შეგებებული სარჩელით მოითხოვა მხარეთა შორის, 2016 წლის 12 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების, როგორც თვალთმაქცური გარიგების აღიარება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებად.

5. მოპასუხის პოზიცია

5.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

6. შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია

6.1. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეს დაევალა მესაკუთრისთვის უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა. მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

7.2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

7.3. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე, 56-ე, 170-ე, 172-ე, 312-ე, 477-ე, 509-ე, 513-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 268-270-ე მუხლებით.

8. გამყიდველის სააპელაციო საჩივარი

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გამყიდველმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მესაკუთრის სარჩელის უარყოფა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

9.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). დადგენილი იყო, რომ სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო მოსარჩელის სახელზე და მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა მას.

9.3. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ მოპასუხეს (გამყიდველს) საცხოვრებელი ბინა უნდა გამოესყიდა 2017 წლის 12 თებერვლამდე. მისივე განმარტებით, ამ მიზნით ცდილობდა ბანკიდან თანხის მიღებას, მაგრამ ვინაიდან ბინა 2016 წლის 16 აგვისტოდან წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას, ვერ შეძლო სესხის აღება (სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ამ გარემოების დასადასტურებლად მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოში სს ,,საქართველოს ბანკის“ 2017 წლის 26 აპრილის წერილი წარადგინა- ტ.1,ს.ფ. 65). ბანკის წერილიდან ირკვევა, რომ მოპასუხემ 2016 წლის 19 დეკემბერს მიმართა ბანკს და მოითხოვა სალომბარდე სესხი, რომლის უზრუნველსაყოფად წარადგინა ცნობა უძრავი ქონებაზე საკადასტრო კოდით: N ..... (სადავო ქონება). ამავე წერილში აღნიშნულია, რომ ,,უძრავი ქონების რეალური კვადრატულობის დაურეგისტრირებლობის გამო სესხის მოთხოვნის პროცედურა გაუქმებულია“. აპელანტის მტკიცებით, მას სურდა, აღნიშნულ ბინასთან დაკავშირებით შეხვედროდა მოსარჩელეს (მყიდველს), რაც ვერ მოახერხა.

9.4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტი გარიგების თვალთმაქცურობის დასადასტურებლად მოწმეთა ჩვენებაზე, დისკის სახით წარდგენილ ჩანაწერსა და სადავო ხელშეკრულების უკანა გვერდზე გაკეთებულ მინაწერზე უთითებდა.

9.4.1. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო სამართალურთიერთობის დადგენის (მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ხელშეკრულების სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებად დადგენის) მიზნით ვერ გაიზიარებდა ვერც უშუალოდ მხარის ახსნა-განმარტებას, ვინაიდან, იგი თავად წარმოადგენდა პროცესის მონაწილეს, რომელიც უშუალოდ იყო დაინტერესებული საქმის შედეგით, ასევე მოწმეთა ჩვენებებს, ვინაიდან ისინი ხელშეკრულების გაფორმებისას მიმდინარე მოლაპარაკებებს არ ესწრებოდნენ, ასევე არ იცოდნენ, თუ რა გარიგების დადება სურდა მოპასუხეს და რა გარიგება დაიდო ფაქტობრივად.

9.4.2. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებებზე, რომლებიც აპელანტის ახლობლებს წარმოადგენენ. მათი ჩვენებებიდან დგინდებოდა, რომ სადავო სამართალურთიერთობის შესახებ მათთვის ცნობილი გახდა თავად აპელანტისგან.

9.4.3. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილ აუდიო ჩანაწერის პასუხად საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკაზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც პირადი საუბრის ფარული ჩაწერა, ხოლო შემდეგ სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუვალობას, ასევე კონსტიტუციის მე-16 მუხლს, რომელიც პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას ეხება. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცული სამართლებრივი სიკეთე - კომუნიკაციის თავისუფლება, გულისხმობს კომუნიკაციის დაცვას გარეშე პირთა არასასურველი მონაწილეობისაგან. კომუნიკაციის თავისუფლება ინდივიდს აძლევს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს კომუნიკაციის შინაარსი და პარტნიორი, რაც უზრუნველყოფს ადამიანის იმგვარ თავისუფალ თვითგამოსახვას, რომელიც თავისუფალია გარეშე წამკითხველისა და მარეგისტრირებელი სუბიექტის ჩარევით განპირობებული თავშეკავებისაგან. აზრის თავისუფლების ძირითადი უფლებით დაცულია არა მხოლოდ აზრის გამოხატვა, არამედ მისი ადრესატამდე მისვლაც. შესაბამისად, აზრის თავისუფლება დაცული უნდა იყოს მესამე პირთა მხრიდან მისი შინაარსის გაცნობისაგან. ადამიანის უფლებები ირღვევა, როდესაც ინდივიდი ცხოვრობს იმის შეგრძნებით, რომ მისი ნებისმიერი სიტყვა, რაიმე, თუნდაც, გაუაზრებელი და სპონტანური აზრის გამოხატვა, განვითარების პროცესში არსებული დიალოგისას გამოთქმული წინასწარი პოზიცია, ან რაიმე ფორმულირება, რომლის ნამდვილი შინაარსის გაგება მხოლოდ კონკრეტული სიტუაციის ცოდნის შემთხვევაშია შესაძლებელი, სხვა გარემოებებში და სხვა კონტექსტში შეიძლება იქნას გამოყენებული. ინდივიდმა კერძო საუბრები უნდა აწარმოოს იმის ეჭვისა და შიშის გარეშე, რომ საიდუმლო ჩანაწერს ვინმე მისი ნებართვის გარეშე და ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენებს. კომუნიკაციის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებით დაცულია კომუნიკაციის მონაწილე ყველა პარტნიორი, როგორ გარე, ასევე შიდა ჩარევისაგან, რაც იმას ნიშნავს, რომ კომუნიკაციის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებით დაცულია არა მხოლოდ მესამე პირთა მეშვეობით განხორციელებული ჩარევა, არამედ, კომუნიკაციის ერთ-ერთი მონაწილის მხრიდან დანარჩენ მონაწილეთა თანხმობის გარეშე პირადი კომუნიკაციის განსაჯაროვება (სუსგ 2015 წლის 04 მაისის გადაწყვეტილება, საქმე Nას-1155-1101-2014).

9.4.4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან საქმე ეხებოდა პირადი შეხვედრისას განხორციელებული საუბრების ფარულ აუდიოჩანაწერს, რაც გულისხმობს ასეთ ჩაწერას მეორე მხარის ნებართვის გარეშე, ითვლება, რომ იგი კანონდარღვევითაა მოპოვებული და ვერ იქნებოდა გაზიარებული.

9.5. აპელანტის პრეტენზიაზე, რომ უძრავი ქონება გაცილებით მაღალი ღირებულების იყო, ვიდრე ხელშეკრულებით იქნა გათვალისწინებული, რაც, აპელანტის მტკიცებით, ადასტურებდა, რომ მასში დაფიქსირებული თანხა სესხს წარმოადგენდა და არა - ნასყიდობის საფასურს, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების საგანსა და მის ღირებულებას შორის არსებითი სხვაობა გარიგების მოჩვენებითად ცნობის ერთადერთ საფუძველს არ შეიძლება წარმოადგენდეს, თუმცა, სხვა ნიშნებთან ერთად, გარიგების საგანსა და მის ღირებულებას შორის არსებითი სხვაობა მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რაც განსახილველ შემთხვევაზე ვერ გავრცელდებოდა.

9.6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ხელშეკრულების უკანა გვერდზე გაკეთებული ჩანაწერი, რამდენადაც ხსენებული მინაწერიდან არ დგინდებოდა სესხის თანხის ოდენობა და პირველი ორი თვის პროცენტის გადახდის ფაქტი, ასევე, არ დგინდებოდა, სესხის სამართალურთიერთობის ფარგლებში მხარეთა მოლაპარაკების შედეგად შეთანხმებული არსებითი პირობები, სესხის ვადა, გადახდის წესი, პროცენტის ოდენობა და ა.შ.

10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

10.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები და არ მიიჩნია დადგენილად, რომ სადავო სამართალურთიერთობა წარმოადგენდა თვალთმაქცური გარიგების შედეგად დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომელიც რეალურად სესხის სამართლებრივი ურთიერთობა იყო, აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ სადავო ქონების საბაზრო ღირებულება გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ღირებულება.

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ)სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

15.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას;

15.2. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება;

15.3. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე, წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის მიმართაც, სსსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. კასატორმა, შეგებებული სარჩელით შედავებული გარემოებების თაობაზე ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება, ან კანონით გათვალისწინებული წესით მესაკუთრის შეუზღუდავი საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, აგრეთვე, სადავო ხელშეკრულების თვალთმაქცურად მიჩნევის საფუძველი.

16. კასატორის პრეტენზია, რომ ხელშეკრულების საგნის ღირებულება და ხელშეკრულებაში მითითებული ფასი, მათ შორის არსებული სხვაობის გამო, უპირობოდ წარმოადგენს ხელშეკრულების თვალთმაქცურად მიჩნევის საფუძველს, ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ. ამასთან, გასათვალისწინებელია, ხელშეკრულების დადების დროს სანოტარო ფორმის გამოყენება და აღნიშნულის შემდეგ სადავო ქონების საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე განსაზღვრული ვადით, გამოსყიდვის უფლებით აღრიცხვა, ხოლო შემდეგ, ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული წესით, შეუზღუდავი საკუთრების უფლების რეგისტრაცია ასევე მოსარჩელის სახელზე.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადავადებული აქვს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ლ.გ–ს (პ/ნ ......) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით (საქმე № ას-169-2019) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 1120 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის 30 %-ის 336 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე