Facebook Twitter

5 აგვისტო, 2019 წელი,

საქმე №ა-3412-შ-92-2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.ნ. ასული ბ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე - ს.ა. იოღლი ი–ვი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარის ანდროპოვსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

დავის საგანი – ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარის ანდროპოვსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ.ნ. ასული ბ–ვას სასარჩელო განცხადება, ს.ა. იოღლი ი–ვის მიმართ, რომლითაც ის მოითხოვდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, დაკმაყოფილდა. არასრულწლოვან მ.ს. ძე ი–ვის (დაბადებული 2012 წლის 9 დეკემბერს) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედასთან მ.ნ. ასულ ბ–ვასთან (დაბადებული 1984 წლის 24 მაისს) ერთად ცხოვრება.

2. მ.ნ. ასულმა ბ–ვამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარის ანდროპოვსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ 2013 წლის 15 ივნისს მ.ნ. ასული ბ–ვა და ს.ა. იოღლი ი–ვი დაქორწინდნენ. მათ საერთო ქორწინებიდან ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი მ.ს. ძე ი–ვი, რომელიც დაბადებულია 2012 წლის 9 დეკემბერს. მხარეები განქორწინდნენ 2016 წლის 6 თებერვალს. განქორწინების შემდეგ მ.ნ. ასული ბ–ვა შვილთან ერთად მუდმივსაცხოვრებლად გადავიდა ქ. პიატიგორსკში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვი იზრდებოდა დედასთან და ძმასთან. ბავშვებს ფინანსურად მხოლოდ დედა უზრუნველყოფდა. მამა ფაქტობრივად არ მონაწილეობდა ბავშვის აღზრდაში. საქართველოში წამოყვანამდე ბავშვი ცხოვრობდა რუსეთში, და იგი რეგისტრირებულია შემდეგ მისამართზე - სტავროპოლის მხარე, ქ. პიატიაგორსკი, სოფ. ...... 2018 წლის ნოემბერში მამა ჩავიდა მოსკოვში და ბავშვის დედას სთხოვა ბავშვის 3 დღით საქართველოში გაშვება, იმ მიზეზით, რომ მამას საკუთარი ბავშვის მეგობრის ქორწილში წაყვანა უნდოდა. დედა დაეთანხმა აღნიშნულზე. ბავშის საქართველოში წამოყვანის, 2018 წლის 20 ნოემბრის შემდეგ მამამ დედას განუცხადა, რომ ის ბავშვის რუსეთში დაბრუნებას აღარ აპირებდა. შესაბამისად, რამდენიმე თვეა შუამდგომლობის ავტორ დედასა და ბავშვს შორის ინტენსიური ურთიერთობა შეწყვეტილია.

4. გადაწყვეტილების შინაარსიდან ირკვევა, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ს.ა. იოღლი ი–ვი არ გამოცხადდა, თუმცა, სასამართლო განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ინფორმირებული იყო სათანადო წესით. რფ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ აუცილებლად მიიჩნია აღნიშნული საქმის დაუსწრებელი წარმოების წესით განხილვა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 23 აპრილს. შუამდგომლობის ავტორის მიერ შუამდგომლობაზე თანდართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი, მოწინააღმდეგე მხარე და ბავშვი რუსეთის მოქალაქეები არიან. ამჟამად მოწინააღმდეგე მხარე ს.ა. იოღლი ი–ვი არასრულწლოვან ბავშვთან მ.ს. ძე ი–ვთან ერთად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის განჩინებით, მ.ნ. ასული ბ–ვას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარის ანდროპოვსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. ამავე განჩინებით სასამართლოს დაევალა მოწინააღმდეგე მხარისათვის შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლების გაგზავნა. განჩინებით მხარეს ასევე განემარტა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტების გადაცემიდან 3 დღის ვადაში წერილობითი მოსაზრების წარმოდგენის უფლება ჰქონდა. ზემოაღნიშნული განჩინებით ასევე დაინიშნა შუამდგომლობის ზეპირი განხილვის თარიღი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის განჩინების ასლი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა ორივე მხარეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე. მოწინააღმდეგე მხარეს გზავნილი 2019 წლის 20 ივლისს ჩაჰბარდა. თუმცა მას დადგენილ ვადაში არანაირი წერილობითი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის.

7. 2019 წლის 26 ივლისს შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა სოციალური მომსახურების სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს პასუხები, მის განცხადებებზე, რომლითაც დასტურდება, რომ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით არ დაწყებულა და არ მიმდინარეობს აღსრულება.

8. 2019 წლის 29 ივლლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ საქმის ზეპირ განხილვაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე. პროცესს ესწრებოდა მხოლოდ შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელი. სასამართლო სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე და განხილვის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 5 აგვისტო. აღნიშნული ინფორმაცია გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს, თუმცა მას რაიმე მოსაზრება კვლავ არ წარმოუდგენია საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა (შემდეგში - „მინსკის კონვენცია“) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, რის გამოც ის უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ უნდა იქნეს და აღსრულდეს რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარის ანდროპოვსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

9. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საფუძველზე ირკვევა, რომ არასრულწლოვანის დედის მიერ წარდგენილ სარჩელს ფაქტობრივ საფუძვლად დაედო ის გარემოებები, რომ:

9.1. 2016 წლის 6 თებერვალს მხარეები განქორწინდნენ. განქორწინების შემდეგ მ.ნ. ასული ბ–ვა შვილთან ერთად მუდმივსაცხოვრებლად გადავიდა ქ. პიატიგორსკში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვი იზრდებოდა დედასთან და ძმასთან.

9.2. მოწინააღმდეგე მხარე ფაქტობრივად არ მონაწილეობდა ბავშვის აღზრდაში.

9.3. 2018 წლის ნოემბერში მოწინააღმდეგე მხარე ჩავიდა მოსკოვში და ბავშვის დედას სთხოვა ბავშვის 3 დღით საქართველოში გაშვება, იმ მიზეზით, რომ მამას საკუთარი ბავშვის მეგობრის ქორწილში წაყვანა უნდოდა. დედა დაეთანხმა აღნიშნულზე. ბავშვის საქართველოში წამოყვანის, 2018 წლის 20 ნოემბრის შემდეგ მამამ დედას განუცხადა, რომ ის ბავშვის რუსეთში დაბრუნებას აღარ აპირებდა.

9.4. ამჟამად მოწინააღმდეგე მხარე არასრულწლოვან ბავშვთან მ.ს. ძე ი–ვთან ერთად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე.

10. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხეს (არასრულწლოვანის მამას) კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დროისა და თარიღის შესახებ. მას რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გაეგზავნა შეტყობინება, თუმცა გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია სასამართლოსათვის და არც სასამართლოს განხილვის გადადება არ მოუთხოვია. რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, მას დაენიშნა ადვოკატი, რომელმაც სასამართლოს სთხოვა მოცემულ საქმეზე კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება, მცირეწლოვანი ბავშვის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვით.

11. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

13. „მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.

14. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა და არ მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების ხელმეორედ არსებით განხილვას.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას ერთვის „მინსკის კონვენციის“ 53-ე მუხლით დადგენილი ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღიარებისა და აღსრულების წინაპირობების შემოწმების საკითხის გადასაწყვეტად, ასევე, არ არსებობს ამავე კონვენციის 55-ე მუხლით დადგენილი რომელიმე წინაპირობა წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილი სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და მის აღსრულებაზე უარსაყოფად.

16. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია, ამდენად, მ.ნ. ასული ბ–ვას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარის ანდროპოვსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას და უნდა აღსრულდეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, "მინსკის კონვენციის" 51-55-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ნ. ასული ბ–ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და აღსრულდეს რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარის ანდროპოვსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება რომლითაც, მ.ნ. ასული ბ–ვას სასარჩელო განცხადება ბავშვის ს.ა. იოღლი ი–ვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ დაკმაყოფილდა. არასრულწლოვან მ.ს. ძე ი–ვის (დაბადებული 2012 წლის 9 დეკემბერს) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედასთან მ.ნ. ასული ბ–ვასთან (დაბადებული 1984 წლის 24 მაისს) ერთად ცხოვრება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი