Facebook Twitter

საქმე №ას-932-2019 2 აგვისტო, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ. ც-ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე – მ. მ-ის სარჩელის გამო, მ. ც-ას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ც-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ივლისის განჩინებით კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელწმიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისა და მისი გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო განაცხადისა და სახელწმიფო ბაჟის - 150 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. ხოლო, ამავე პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით გ. გ-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 (ხუთი) დღით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო განაცხადისა და სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის წარმოსადგენად.

სასმართლოს მიერ დადგენილ ვადაში სასამართლოს განცხადებით მომართა მთვარისა ციმინტიას წარმომადგენელმა გ. გ-ემ და წარმოადგინა სახელწმიფო ბაჟის- 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც შეეხება დაზუსტებულ საკასაციო განაცხადს, მხარეს ის არ წარმოუდგენია. უნდა აღინიშნოს, რომ მოთხოვნა არც 2019 წლის 29 ივლისის #ა-3743-19 დამატებით განცხადებაშია დაზუსტებული. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი სრულყოფილად არ არის გამოსწორებული, ამასთან, მხარეს არც საპროცესო ვადის გაგრძელება უთხოვია, აღნიშნული კი მისი საკასაციო საჩივრის განუხილიველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორ მ. ც-ას უნდა დაუბრუნდეს გ. გ-ის მიერ 2019 წლის 24 ივლისის #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ც-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. მ. ც-ას (პირადი #6200401...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300183150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ. გ-ის მიერ 2019 წლის 24 ივლისის #0 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარი

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე