Facebook Twitter

საქმე №ას-1035-2019 30 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – თ. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ძირითად სარჩელში) და უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე, თანხის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ი. გ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

ი. გ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე თ. მ-ის მიმართ და მოითხოვა უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე, თანხის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. და ი. გ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.თბილისში, ... მე-2მ/რ-ის, №.. კორპუსის მე-.. სადარბაზოს მე-2 სართულზე მდებარე ბინა №... (ს/კ 01.12.15.001....) და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა თ. მ-ეს. ი. გ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თ. მ-ეს ი. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ქ.თბილისში, ... მე-2მ/რ-ის, №... კორპუსის მე-... სადარბაზოს მე-2 სართულზე მდებარე ბინა №3-ის1 (ს/კ 01.12.15.001.004....) შიდა სარემონტო სამუშაოზების ღირებულების –2919,52 ლარისა და გარე სამუშაოების ჩატარებაზე გაწეული ხარჯის – 6607 ლარის გადახდა. ი. გ-ის მოთხოვნა თ. მ-ისათვის შიდა სარემონტო სამუშაოზების ღირებულების – 7080,48 ლარისა და გარე სამუშაოების ღირებულების –15393 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიოშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო ამავე სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. გ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორ ინგა გასოიანის წარმომადგენელ ნ. ბ-ეს ჩაბარდა 2019 წლის 17 ივლისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კერძო საჩივრის ავტორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ინგა გასოიანის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი კერძო საჩივრის ავტორ ი. გ-ის წარმომადგენელ ნ. ბ-ეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2019 წლის 17 ივლისს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.3, ს.ფ.60(. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 18 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 22 ივლისს, ვინაიდან 20-21 ივლისი იყო დასვენების დღეები – შაბათი-კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კერძო საჩივრის ავტორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. გ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი