საქმე №ა-5189-შ-139-2017 27 ივლისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით
შუამდგომლობის ავტორები – რ. და რ. ჰ. ფ-ები (წარმომადგენელი - მ. ნ-ი)
მოწინააღმდეგე მხარეები - გ. მ-ა (წარმომადგენელი გ. ჯ-ი) და ვ. შ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორები მოითხოვენ – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰეხინგენის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – არასრულწლოვანზე მზრუნველობის დაწესება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰეხინგენის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით (შემდგომში - „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილება“ ან „საცნობი გადაწყვეტილება“) მზრუნველობის უფლება ბავშვზე, 20... წლის ... იანვარს დაბადებულ დ. მ-ზე (შემდგომში - „არასრულწლოვანი“), ჩამოერთვათ ბავშვის მშობლებს; მეუღლეები რ. (შემდგომში - „არასრულწლოვნის ბებია“) და რ. ფ-ები (შემდგომში ერთობლივად - „შუამდგომლობის ავტორები“), მცხოვრებნი 72406 ბიზინგენში, გ. ...-ში, დაინიშნენ ბავშვზე მზრუნველ პირებად.
2. შუამდგომლობის ავტორებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა, რომლის იურიდიულ ინტერესად მიუთითეს იმაზე, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ არასრულწლოვანზე საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისთვის საჭიროა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. ჰეხინგენის საოლქო საოჯახო სასამართლოს მიერ 2018 წლის 23 იანვარს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ საცნობი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
5. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნათ არასრულწლოვნის მშობლებს გ. მ-სა (შემდგომში - „არასრულწლოვნის მამა“ ან „მოწინააღმდეგე მხარე“) და ვ. მ-ას (შემდგომში - „არასრულწლოვნის დედა“). მათვე განემარტათ, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდათ აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავიანთი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მათ შეეძლოთ მოეთხოვათ საქმის ზეპირი განხილვა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში არასრულწლოვნის მამამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება და იშუამდგომლა მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე. მან მიუთითა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ საფუძვლებზე:
6.1. არასრულწლოვნის მამამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სასამართლოდან დოკუმენტები მიიღო სასამართლო სხდომის დღეს, შესაბამისად, ვერ შეძლო მასზე დასწრება;
6.2. მან თანხმობა მისცა არასრულწლოვნის ბებიას მისი შვილის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამკურნალოდ წაყვანაზე და არა - სასამართლოს მიერ მშობლის უფლებების ჩამორთმევაზე;
6.3. საცნობ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ 2012 წლის 16 აპრილს სხდომაზე მოსმენილ იქნა პირადად ბავშვის მშობლების ჩვენებები და, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ სასამართლო პროცესის თაობაზე, არის სიცრუე. მას არანაირი ჩვენებები არ მიუცია და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში არასოდეს ყოფილა.
7. მოწინააღმდეგე მხარის საპასუხოდ, შუამდგომლობის ავტორებმა მათ მიერ წარმოდგენილ განცხადებაში განმარტეს, რომ არასრულწლოვნის მამას ჰეხინგენის რაიონული საოჯახო სასამართლოს განხილვაში მონაწილეობის მიღება არ სურდა. აღნიშნული გარემოება დადასტურდა სასამართლოს მიერ. ამასთან, იგი არ დავობს, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სასამართლოს დოკუმენტაცია მიიღო. შესაბამისად, მას ნებისმიერ დროს ჰქონდა შესაძლებლობა გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება. თუმცა, მას არანაირი პროცესუალური მოქმედება არ განუხორციელებია.
8. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილითა და სრს ფოთის სამსახურის მიერ 2009 წლის 19 მარტს რეგისტრირებული განქორწინების აქტის ჩანაწერით დგინდება, რომ არასრულწლოვნის დედამ გვარი - მ-ა შეიცვალა გვარზე - შ-ა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით დადგინდა შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვა. ზეპირი სხდომები გაიმართა 2018 წლის 25 ივლისსა და ამავე წლის 27 ივლისს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ. და რ. ჰ. ფ-ების შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰეხინგენის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 პუნქტი].
12. მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 16.1 პუნქტი]. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქეა (იხ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილი. ტ. 1. ს. ფ. 120). გამომდინარე აქედან, საქართველოს სასამართლოს გააჩნია საერთაშორისო კომპეტენცია წარმოდგენილი შუამდგომლობის განსახილველად.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.
14. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით [ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს].
15. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰეხინგენის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით მზრუნველობის უფლება ბავშვზე, 2001 წლის 20 იანვარს დაბადებულ დ. მ-ზე ჩამოერთვათ ბავშვის მშობლებს; მეუღლეები რ. და რ. ფ-ები, მცხოვრებნი 72406 ბიზინგენში, გ. ...-ში, დაინიშნენ ბავშვზე მზრუნველ პირებად. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
16. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ 2012 წლის 16 აპრილის სხდომაზე განხილულ იქნა პირადად ბავშვის მშობლების, თვითონ ბავშვის და ბავშვზე მზრუნველობადაკისრებული მეუღლეების ჩვენებები.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო უწყების ჩაბარების საკითხი რეგულირდება იმ ქვეყნის საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც განიხილავს მხარეთა შორის წარმოშობილ დავას. შესაბამისად, წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტში ასახული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სასამართლოს მითითება ქმნის პრეზუმფციას, რომ არასრულწლოვნის მშობლები ინფორმირებული იყვნენ სასამართლოს განხილვის თაობაზე.
18. სამოქალაქო საქმეთა პალატა მიუთითებს, რომ, მართალია, მოწინააღმდეგე მხარე (არასრულწლოვნის მამა) მის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებაში სადავოდ ხდიდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სასამართლოს განხილვის თაობაზე მისი დროულად ინფორმირების საკითხს, თუმცა, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ ზეპირ სხდომაზე არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე (არასრულწლოვანს საშუალება მიეცემა აიღოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი) აღნიშნული საკითხი სადავო აღარ გახადა.
19. „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას, ამავე კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მათ შორის, მოქალაქეობა, სახელი და ოჯახური ურთიერთობა, როგორც გათვალისწინებულია კანონით, ამასთან, არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ჩარევა.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესის დაცვისას დაუშვებელია სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვნისათვის კანონით მინიჭებული უფლებები, არამედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება – განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის. სახელმწიფოს სახელით გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება არასრულწლოვნის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი.
21. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.
22. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72) (სუსგ №ას-967-916-2015, 2016 წლის 25 თებერვალი).
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰეხინგენის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
24. რაც შეეხება შუამდგომლობის ავტორების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, სამოქალაქო საქმეთა პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით [სსსკ-ის პირველი მუხლის პირველი ნაწილი]. სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ [სსსკ-ის 104.1 მუხლი]. სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ, წარმოდგენილი დოკუმენტები, გარდა 2005 წელს შედგენილი სანოტარო აქტისა (რომლითაც დასტურდება, რომ არასრულწლოვნის მშობლები თანახმანი არიან არასრულწლოვანი შვილი წაიყვანოს ბებიამ როზა ფრელიხმა საქართველოდან გერმანიაში), ამოღებულ უნდა იქნას საქმიდან და დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. და რ. ჰ. ფ-ების შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰეხინგენის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰეხინგენის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც მზრუნველობის უფლება ბავშვზე, 2001 წლის 20 იანვარს დაბადებულ დ. მ-ზე, ჩამოერთვათ ბავშვის მშობლებს; მეუღლეები რ. და რ. ფ-ები, მცხოვრებნი 72406 ბიზინგენში, გ. ...-ში, დაინიშნენ ბავშვზე მზრუნველ პირებად;
3. შუამდგომლობის ავტორებს რ. და რ. ჰ. ფ-ებს დაუბრუნდეთ საქართველოს უზენაეს სასამართლოში მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (2018 წლის 20 ივლისის №ა-3514-18 განცხადება თანდართული დოკუმენტებით (ტომი 2, ს.ფ. 1-71); 2018 წლის 23 ივლისის №ა-3571-18 განცხადება თანდართული დოკუმენტებით (ტომი 2, ს.ფ. 72-82); 2018 წლის 23 ივლისის №ა-3564-18 განცხადება თანდართული დოკუმენტებით (ტომი 2, ს.ფ. 83-116; 118-167)), მთლიანობაში „166“ ფურცლად;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ე.გასიტაშვილი
ბ. ალავიძე