Facebook Twitter

28 ივლისი, 2016 წელი,

№ას-419-402-2016 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – შპს „ქ.ა... ს.ს.“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „ლ.ხ.ს.კ–ა“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – წარმომადგენლის (ადვოკატის) დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს ”ლ.ხ.ს.კ–ამ” (შემდეგში კლინიკა, მოსარჩელე ძირითად საქმეში, მოპასუხე განსახილველ დავაზე) 2013 წლის 8 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით აღძრა სარჩელი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს, ქალაქ ქუთაისის მერიისა და შპს ”ქ.ა. №.. ს.ს–ის” (შემდეგში მოპასუხე ძირითად საქმეში, მოსარჩელე განსახილველ დავაზე, აპელანტი, კასატორი) მიმართ, ინიდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალდებულების მოთხოვნით.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით, კლინიკის სარჩელი ქ. ქუთაისის საკრებულოს, ქ. ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის, ქალაქ ქუთაისის მერიისა და სამშობიაროს მიმართ არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

3. ძირითად დავაში მოპასუხის ინტერესებს იცავდა ადვოკატი ზ.ხ–ა, რომელსაც საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ მოუთხოვია ადვოკატის მომსახურების ხარჯის მოსარჩელისათვის დაკისრება.

4. 2015 წლის 23 იანვარს და 27 თებერვალს ძირითად საქმეში მოპასუხემ ზ.ხ–ას ჩაურიცხა საადვოკატო მომსახურების თანხა - 2000 ლარი.

5. საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დავალებების თანახმად, აღნიშნული თანხით ანაზაღაურდა ადმინისტრაციულ საქმეზე გაწეული საადვოკატო მომსახურება, რომელზეც სამართალწარმოება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 4 დეკემბრის განჩინებით დასრულდა.

6. 2015 წლის 20 მაისს სასამართლოს სარჩელით მიმართა ძირითად საქმეზე მოპასუხე სუბიექტმა, რომელმაც ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 2000 ლარის კლინიკისათვის დაკისრება მოითხოვა.

7. განსახილველ დავაზე მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სასამართლოში წარდგენილი მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით განმარტა, რომ აღნიშნული საკითხი მხარეთა შორის ძირითადი დავის განხილვის დროს უნდა გადაწყვეტილიყო.

8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 249 და 261-ე მუხლებით, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 709-ე და 710-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

8.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული გარემოებები.

8.2. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის არცერთ სტადიაზე არ მოუთხოვია მოპასუხისთვის ადვოკატის მომსახურების ხარჯის დაკისრება და, შესაბამისად, არც სასამართლოს არ უმსჯელია თავის გადაწყვეტილებაში შესაბამის საკითხზე, მხარეს არც დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის გზით არ მოუთხოვია სასამართლო ხარჯების საკითხის გადაწყვეტა. განსახილველ დავაზე მოსარჩელემ ადვოკატის მომსახურების თანხის სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდგომ გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენით შეეცადა, დაესაბუთებინა ადვოკატის ხარჯების მოპასუხისთვის დამოუკიდებელი სარჩელით დაკისრების მოთხოვნის კანონშესაბამისობა. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია და აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარეს შეეძლო, ძირითადი საქმის განხილვისას დაეყენებინა საკითხი ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურების შესახებ და, თუკი იმ დროისათვის არ იყო გაწეული ამგვარი ხარჯი, შეეძლო, წარედგინა მხარეებს შორის დადებული დავალების ხელშეკრულება. სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია მოპასუხისთვის იმ ხარჯის გადახდის დაკისრება, რომლის შესახებაც მისთვის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე ცნობილი არ ყოფილა და ამაზე კლიენტსა და ადვოკატს შორის შეთანხმების არსებობა დადასტურებული არ იყო.

9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

9.1. აპელანტის განმარტებით, დავალების ხელშეკრულება ზეპირად დაიდო. ამ ტიპის ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადების ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსი არ განსაზღვრავდა.

9.2. სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას არასწორად გამოიყენა სსსკ-ის 261-ე მუხლი, რადგან ეს ნორმა აწესრიგებდა შემთხვევას, როცა სასამართლოს გამორჩა, და არ გადაწყვიტა იმ ხარჯების საკითხი, რომელიც გაცხადებული იყო საქმის განხილვისას. აპელანტის მოსაზრებით, სსსკ-ს 261-ე მუხლზე აპელირება იმ ვითარებაში, როცა საადვოკატო ხარჯი საქმის დასრულების შემდეგ გაიღო, არამართებული იყო.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

10.2. პალატამ სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასებისას სსსკ-ის 53-ე, 54-ე და 249-ე მუხლის მე-5 ნაწილი მოიხმო და განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი. პალატის მოსაზრებით, მხარეებს პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) თაობაზე უნდა მიეთითებინათ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქმნებოდა ვარაუდი, რომ შესაბამის მხარეს პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნდა. დავის გადაწყვეტისას ამ უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა კი, მხარეს ართმევდა უფლებას, დამოუკიდებელი სარჩელით მოეთხოვა სხვა დავაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

10.3. დავის გადაწყვეტისას პალატამ, საქართველოს უზენაეს სასამართლოს Nას-165-158-2018 საქმეზეც მიუთითა და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამებოდა ერთგვაროვან სამოსამართლო პრაქტიკას.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

11.1. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეზე წინამდებარე განჩინების 10.3. პუნქტში მითითებული პრაქტიკის გავრცელებას და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხმობილი საქმის გარემოებები არ შეესაბამებოდა განსახილველი დავის შინაარსს, კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო სამართალწარმოება დასრულდა 2014 წლის 4 დეკემბერს, ხოლო სასამართლოს გარეშე ხარჯი მოსარჩელემ გაწია 2015 წლის 23 იანვარსა და 27 თებერვალს. კასატორის მითითებით, საადვოკატო მომსახურების ხარჯის გაწევის წესზე, კერძოდ, მისი საქმის დასრულების შემდგომ გადახდის შესაძლებლობაზე მარწმუნებელი და რწმუნებული დავალების ხელშეკრულების დადებისთანავე შეთანხმდნენ. შესაბამისად, უშუალოდ დავის განხილვისას, იმ ხარჯების გადახდის მოთხოვნა, რომელიც მოსარჩელეს ჯერ არ ჰქონდა გაწეული, სარჩელთან ერთად სასამართლოში წარდგენილი ვერ იქნებოდა. კასატორის მოსაზრებით, საქმეზე არ არსებობდა ეჭვის საფუძველი, რომ მოსარჩელეს ხარჯების ანაზღაურების იურიდიული ინტერესი არ გააჩნდა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მოყვანილი პრაქტიკის ამ დავაზე გავრცელება დავის არსთან მიმართებით არარელევანტური იყო.

11.2. კასატორის მოსაზრებით, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის შემდეგი გარემოებები: კანონი არ კრძალავს მხარესა და ადვოკატს შორის შეთანხმებას, რომ მომსახურება ანაზღაურდეს დავის დასრულების შემდგომ და კანონი არ ავალდებულებს საქმის მონაწილე მხარეებს, რომ სასამართლოს გარეშე ხარჯი აუცილებლად აანაზღაურონ დავის დაწყებამდე ან მის დასრულებამდე.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ივნისის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია , რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად არ დაკმაყოფილდა, სახელდობრ:

16.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სწორია.

16.2. განსახილველ საკითხზე სტაბილური ერთგვაროვანი სამოსამართლო პრაქტიკა არსებობს. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: რაკი არსებობს დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი, ხოლო საპროცესო კანონი სპეციალურ რეგულაციას არ იცნობს, მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა (შდრ. სუსგ: საქმე N1706-1600-2012. 18 თებერვალი,2014 წელი.)

16.3. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი საკასაციო საჩივრით ადვოკატის ხარჯის მოთხოვნას დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით იმ გარემოებით ამართლებს, რომ დავალების ხელშეკრულების შინაარსის თანახმად, მხარეები იმთავითვე შეთანხმდნენ საადვოკატო მომსახურების გაწევის საფასურის დავის დასრულების შემდგომ გადახდაზე, რის გამოც კასატორი მოკლებული იყო შესაძლებლობას, ძირითადი დავის პროცესში მოეთხოვა სასამართლოს გარეშე ხარჯის ანაზღაურება. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მიუთითებს, რომ კასატორის არგუმენტაცია ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რაც მხარის იურიდიულ ინტერესშია. კასატორი თავადვე მიუთითებს საკასაციო საჩივარში, რომ მოსარჩელე მოქმედებდა დავალების ხელშეკრულების ფარგლებში და მათ იურიდიული მომსახურების გაწევაზე შეთანხმებისთანავე განსაზღვრეს თანხის გადახდის წესი. თავისთავად, ცხადია, რომ წინასწარვე იყო განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების არსებითი პირობაც -გაწეული მომსახურების საფასური. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იურიდიული მომსახურების ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლიანობისთვის განმსაზღვრელია არა გადახდის წესი, ანუ, თუ როდის გადაიხდიდა მოსარჩელე ამ თანხას - დავის დასაწყისში, მის დასრულებამდე თუ დასრულების შემდგომ, არამედ - როდის გამოხატა ნება შესაბამისი იურიდიული ინტერესის მქონე პირმა, რომლისთვისაც იმთავითვე ცნობილი იყო ამგვარი ხარჯის გაწევის აუცილებლობის თაობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელე, რომელიც მოქმედებდა ადვოკატთან დადებული ზეპირი დავალების ხელშეკრულებით, ინფორმირებული იყო სასამართლოს გარეშე ხარჯის არსებობის თაობაზე, თუმცა მას დავის მიმდინარეობის განმავლობაში სასამართლოს წინაშე არ გამოუხატავს ნება, მის მიერ გასაწევი სასამართლოს გარეშე ხარჯის წაგებული მხარისათვის დაკისრების თაობაზე. სასამართლო კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლოს გარეშე ხარჯს მოწინააღმდეგე მხარეს მხოლოდ დაინტერესებული პირის ამგვარი ქმედებისადმი შესატყვისი ნების გამოხატვის შემთხვევაში აკისრებს.

16.4. საპროცესო ხარჯების დაკისრების წესის მარეგულირებელი ნორმათა ანალიზი, ასევე საკასაციო სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა, ქმნის ცალსახა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იმის თაობაზე, რომ დაინტერესებულ მხარეს აქვს სრული შესაძლებლობა, ისარგებლოს ზემოხსენებული საპროცესო მექანიზმებით და მოითხოვოს საქმის განხილვასთან დაკავშირებით მის მიერ გაწეული პროცესის ხარჯების ანაზღაურება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ ისარგებლებს ამ შესაძლებლობით, იგი კარგავს პროცესის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ვინაიდან ასეთ მოთხოვნას მატერიალურსამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და არ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი სარჩელის დავის საგანი.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: 1706-1600-2012. 18 თებერვალი,2014 წელი, 165-158-2013, 27 იანვარი 2014 წელი).

18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ქ.ა.#. ს.ს–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ქ.ა. #. ს.ს–ს“ დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150.00 ლარის, საგადახდო დავალება #137, გადახდის თარიღი 25.04.2016) 70% – 105.00 ლარი;

3. კასატორ შპს „ქ.ა.№.. ს.ს–ს“ დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150.00 ლარი (საგადახდო დავალება #192, გადახდის თარიღი 23.05.2016);

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი