Facebook Twitter

№ას-832-798-2016 12 ნოემბერი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) – შპს „ი–ა“

წარმომადგენელი - ა.მ–ძე (ადვოკატი)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) – შპს „P–E“

წარმომადგენელი - გ.შ–ი (საწარმოს დირექტორი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში

დავის საგანი – შესრულებული სამუშაოს ღირებულებისა და პირგასამტეხლოს გადახდა (სარჩელში), ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2013 წლის 11 სექტემბერს, შპს „P–E“-სა (შემდეგში - დამკვეთი, მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან შეგებებული მოპასუხე) და შპს „ი–ას” (შემდეგში - მენარდე, მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, საკუთარი მასალით, საკუთარი მოწყობილობებისა და დანადგარების გამოყენებით, მოეწყო და დაემონტაჟებინა სარეკლამო ბანერი თბილისში, ..... მდებარე მოპასუხის კუთვნილ შენობაზე. თავის მხრივ, მოპასუხე ვალდებული იყო შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ მოსარჩელისთვის გადაეხადა 17 980 ლარის საზღაური (დღგ-ს ჩათვლით).

2. მხარეთა შეთანხმებით, საზღაურის პირველი ნაწილი - 8 990 ლარი მოპასუხემ ავანსის სახით მიიღო, ხოლო საზღაურის მეორე ნაწილის - 8 990 ლარის გადახდის ვადად შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღე განისაზღვრა.

3. ხელშეკრულების 5.4. პუნქტის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო სამუშაოს დასრულების შემდეგ აღედგინა სამუშაოს დაწყებამდე არსებული მდგომარეობა, მათ შორის, სამუშაოს დასრულების შემდეგ გაეთავისუფლებინა სამუშაო ადგილი საკუთარი მოწყობილობების, ხელსაწყოების და სხვა ობიექტებისგან, დაესუფთავებინა სამუშაო ადგილი, არ დაეშვა სამუშაო ადგილზე სამუშაოს ნარჩენების დატოვება.

4. ხელშეკრულების 7.2 პუნქტის მიხედვით, დამკვეთს საზღაურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დაეკისრებოდა გადაუხდელი თანხის 0.1% პირგასამტეხლო, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ამავე ხელშეკრულების 7.3. პუნქტის თანახმად, სამუშაოს დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოსარჩელეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის (იხ. ტომი 1, ს.ფ. 13-18).

5. 2013 წლის 11 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებაზე თანდართული N1 ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის თანახმად, მოსარჩელემ სამუშაოების დამთავრების შემდეგ სახურავის საფარის აღედგინის ვალდებულებაც იკისრა.

6. მოსარჩელემ თბილისში, ..... მდებარე მოპასუხის კუთვნილ შენობაზე სარეკლამო ბანერის სამონტაჟო სამუშაოები 2013 წლის 31 დეკემბერს დაასრულა.

7. 2014 წლის 24 იანვარს, მოპასუხემ მოსარჩელეს წერილით აცნობა, რომ არ იყო განხოციელებული გარკვეული სახის სამუშაოები, ასევე არ იყო შეღებილი სარეკლამო ბანერები. მითითებული სამუშაოს შესრულების მიზნით, მოპასუხემ მოსარჩელეს ერთი კვირის ვადა განუსაზღვრა.

8. 2014 წლის 31 იანვარს, მოპასუხემ მოსარჩელეს წერილით აცნობა 2013 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულების მოშლის თაობაზე (იხ. ტომი 1, ს.ფ. 100).

9. 2014 წლის 13 თებერვალს, მოპასუხესა და შპს „თ. და „თ–ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, შპს „თ.თ–მა“ იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა თბილისში, ..... მდებარე, შპს ,,ი–ას” კუთვნილი, შენობის სახურავის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები (იხ. ხელშეკრულება ტ.1.ს.ფ.109). ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შპს „თ.თ–მა“ 2014 წლის 20 თებერვალს დაასრულეს, რისთვისაც მოპასუხემ 3200 ლარი გადაიხადა (იხ.მიღება-ჩაბარების აქტი ტომი 1, ს.ფ. 110).

10. დამკვეთს მენარდესთვის 2013 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაურის მეორე ნაწილი - 8 990 ლარი არ აუნაზღაურებია.

11. 2014 წლის 27 მაისს მენარდემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების 7 994,19 ლარისა და პირგასამტეხლოს 1 542 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

11.1. მოსარჩელის განმარტებით, მან ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო დაასრულა და სარეკლამო ბანერი მოაწყო 2013 წლის 31 დეკემბერს, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისათვის დადგენილი თარიღის 81 დღის ვადაგადაცილებით. მოსარჩელის მტკიცებით, ვადაგადაცილებული 81 დღიდან 38 დღის განმავლობაში სამუშაოს შესრულება შეუძლებელი იყო ხშირი და ძლიერი ქარების, წვიმის და ყინვის გამო, რაც საფრთხეს უქმნიდა სახურავზე მომუშავე პირებს. მოსარჩელემ საქმეზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა წარადგინა, რომლის მიხედვით, დაზიანებული სახურავის აღდგენისათვის საჭირო თანხა - 262,67 ლარს შეადგენდა. მოსარჩელის მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მან ვადის დარღვევით შეასრულა სამუშაო სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა, თუმცა პირგასამტეხლოს დასაკისრებელი ოდენობის მითითებისას, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ 81 ვადაგადაცილებული დღიდან 38 დღეზე, რომლის პერიოდშიც ფორსმაჟორული გარემოებების არსებობაზე აპელირებდა, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობდა და იგი უნდა დაანგარიშებულიყო მხოლოდ ვადაგადაცილებულ 43 დღეზე (81-38=43; 17,98X43=733,14). შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცებით მისი ვალდებულება დამკვეთის წინაშე საერთო ჯამში 995,81 ლარს შეადგენდა, საიდანაც 262,67 ლარი დაზიანებული სახურავის აღდგენისთვის საჭირო თანხას, ხოლო 733,14 ლარი სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილების გამო დარიცხულ პირგასამტეხლოს წარმოადგენდა. მოსარჩელემ აღნიშნული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნის განსაზღვრისას გაითვალისწინა და განმარტა, რომ მითითებული გარემოებებზე დაყრდნობით დამკვეთს მისთვის გადასახდელი 8 990 ლარიდან, დასახელებული თანხის გამოქვითვის ხარჯზე - 7 994,19 ლარი უნდა დაკისრებოდა.

11.2. მოსარჩელის მტკიცებით, ხელშეკრულების თანახმად, დამკვეთს აღნიშნული თანხა სამუშაოს დასრულებიდან ხუთი დღის განმავლობაში, ანუ 2014 წლის 5 იანვრამდე უნდა გადაეხადა. რაც მას არ განუხორციელებია. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების მე-7 პუნქტის საფუძველზე დამკვეთს შესრულების ანაზღაურების ვადაგადაცილებისათვის წარმოეშვა პირგასამტეხლოს (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 7 994,19 ლარის 0,1%-ის, 7,99 ლარის) გადახდის ვალდებულება. მოსარჩელის დაანგარიშებით, 2014 წლის 5 იანვრიდან 2014 წლის 17 ივლისამდე მოსაპუხის მიერ გადასახდელმა პირგასამტეხლოს მოცულობამ - 1 542 ლარი შეადგინა.

12. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სასამართლოში მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა შემდეგი საფუძვლებით:

12.1. 2013 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოსარჩელემ სრულად არ შეასრულა. კერძოდ, მოსარჩელეს არ შეუსრულებია შემდეგი სამუშაოები: თუნუქის აღდგენა პარაპეტსა და სახურავზე, მათ შორის, უშუალოდ პარაპეტზე და გარე კიდეზე, ასევე, საცრემლურების აღდგენა, სახურავზე საყრდენი ბოძების ამოსვლის ადგილებში თუნუქის საფარის აღდგენა, სამშენებლო ნარჩენების გატანა სახურავიდან და სხვენიდან, მეტალო-კრამიტის სახურავის აღდგენა (ან გამოცვლა) და მისი მოყვანა თავდაპირველ მდგომარეობაში, სამერცხლურების აღდგენა, სარეკლამო ბანერების შეღებვა. მოპასუხის მტკიცებით, შესაბამისი სამუშაოების შესრულების მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის მიუხედავად, მოსარჩელემ სამუშაო არ შეასრულა, რის გამოც მოსარჩელეს ხელშეკრულების მოშლის თაობაზე აცნობა. იმ სამუშაოების დასასრულებლად კი, რომლის შესრულებაც მოსარჩელეს ევალებოდა, ხელშეკრულება სხვა მენარდესთან გააფორმა და დამატებით 3 200 ლარის ხარჯი გასწია.

12.2. მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის განმარტებას, რომ ვადაგადაცილებული 81 დღიდან 38 დღის განმავლობაში გარემოს ბუნებრივი პირობების გამო შეუძლებელი იყო მუშაობა. მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელეს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო უნდა დაესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. მითითებული ვადის განმავლობაში ბუნებრივ სტიქიას ადგილი არ ჰქონია, სამუშაოს შესრულების ვადის გასვლის შემდეგ არსებული ბუნებრივი პირობები კი გავლენას ვერ მოახდენდა მოსარჩელის ვალდებულებებზე.

12.3. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს პირგასამტეხლო უნდა დაკისრებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოთა დასრულების სახელშეკრულებო თარიღიდან - 2013 წლის 10 ოქტომბრიდან - ხელშეკრულების მოშლის მომენტამდე - 2014 წლის 31 იანვრამდე, 112 ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც შესაბამისი პერიოდისთვის 2 013,76 (112*17,98) ლარს შეადგენდა. მოპასუხის მტკიცებით, დამკვეთს არ ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ვინაიდან მან ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.

13. 2014 წლის 28 ივლისს მოპასუხემ შეგებებული სარჩელი წარადგინა სასამართლოში, რომლითაც შეგებებული მოპასუხისათვის 10 080 აშშ დოლარის მიუღებელი შემოსავლისა და 500 ლარის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

13.1. შეგებებული მოსარჩელის მითითებით, მენარდის მიერ ხელშეკრულების დარღვევის გამო, მან ვერ გააფორმა ხელშეკრულებები პოტენციურ დამკვეთებთან, კერძოდ, ვერ გააქირავა 5 სარეკლამო ბანერი. თითოეული სარეკლამო ფარის ყოველთვიური ქირა შეადგენდა 540 აშშ დოლარს. შესაბამისად, 2013 წლის 10 ოქტომბრიდან 2014 წლის 31 იანვრამდე დამკვეთის მიუღებელმა შემოსავალმა 10 080 აშშ დოლარი (90*112=10 080) შეადგინა. გარდა ამისა, შეგებებული მოსარჩელის მტკიცებით, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, დაზიანებული სახურავიდან წყალი ჩავიდა დამკვეთის გარემონტებულ ფართში და ჭერი დააზიანა. ჭერის აღდგენისთვის საჭირო ხარჯმა კი 500 ლარი შეადგინა.

13.2. შეგებებულმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სარჩელის უსაფუძვლობაზე მიუთითა.

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოების ღირებულების 4 876,24 ლარისა და პირგასამტეხლოს 784,07 ლარის გადახდა დაეკისრა. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ( შემდეგში სსკ-ის) 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე, 394-ე, 408-ე, 409-ე, 417-ე, 418-ე, 442-ე, 444-ე, 636-ე, 411-ე, 412-ე და 992-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

14.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში მითითებული გარემოებები.

14.2. სასამართლომ საქმის გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე დაასკვნა, რომ 2013 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილება არ მომხდარა ობიექტური (ფორსმაჟორული) გარემოებების გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელშეკრულებო პერიოდში კლიმატისა და ტემპერატურის იმგვარი გაუარესება, რაც აბსოლუტურად შეუძლებელს გახდიდა მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა.

14.3. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ სამუშაოების წარმოებისას დაზიანდა მეტალო-კრამიტის სახურავი, საყრდენი ბოძების ამოსვლის ადგილებში თუნუქის საფარი, საცრემლურები და ორი სამერცხლური.

14.4. სასამართლოს შეფასებით, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის ოდენობამ 2 100 ლარი შეადგინა. კერძოდ, მოპასუხემ გასწია შემდეგი ხარჯი - არსებული მეტალო-კრამიტის სახურავის დემონტაჟისათვის - 75 ლარი, მეტალო-კრამიტის სახურავის მონტაჟი-აღდგენისთვის - 1 455 ლარი, პარამეტრზე საცრემლურების და თუნუქის მოწყობისთვის - 210 ლარი, სახურავზე ამოშვერილი სარეკლამო დაფების დამჭერი ლითონის ბოძების ირგვლივ თუნუქით მოპირკეთებისთვის (6 ადგილზე) - 270 ლარი და ორი ერთეული სამერცხლურის მოწყობისთვის - 90 ლარი.

14.5. საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოდავე მხარეებს გააჩნდათ ურთიერთმოთხოვნები, რომელიც გაქვითვას ექვემდებარებოდა. ერთი მხრივ მოპასუხე ვალდებული იყო მოსარჩელესთვის გადაეხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 8 990 ლარი, ხოლო მეორე მხრივ ვალდებულების დამრღვევ მენარდეს მოპასუხესთვის უნდა აენაზღაურებინა სამუშაოს არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული 2 100 ლარის ზიანი და ამავდროულად სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებისთვის გადაეხადა 2 013,76 ლარის პირგასამტეხლო. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხეს მოსარჩელესთვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანგარიშში - 4 876,24 ლარი (8990-2100-2013,76) უნდა დაკისრებოდა.

14.6. რაც შეეხება, დამკვეთისათვის სამუშაოს ანაზღაურების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნას, აღნიშნულ საკითხზე სასამართლომ განმარტა, რომ 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მოსარჩელეს სრულყოფილად არ ჰქონდა შესრულებული სამუშაო, რაც შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, მოპასუხეს 2014 წლის 5 იანვრიდან პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება არ წარმოშობია. სასამართლომ მიუთითა, რომ 2013 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულება მოპასუხემ 2014 წლის 31 იანვრის წერილის საფუძველზე მოშალა და შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებაც სწორედ ამ დროს წარმოიშვა. ხელშეკრულების 3.2.2. პუნქტის მიხედვით, საზღაურის მეორე ნაწილი 8 990 ლარი მოპასუხეს უნდა აენაზღაურებინა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ხუთი დღის ვადაში. ამდენად, მოპასუხე ვალდებული იყო 2014 წლის 31 იანვრიდან 2014 წლის 5 თებერვლის ჩათვლით მოსარჩელისთვის გადაეხადა სამუშაოს ღირებულების დარჩენილი ნაწილი, რაც არ შეუსრულებია. შესაბამისად, 2014 წლის 6 თებერვლიდან მოპასუხეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, 2014 წლის 6 თებერვლიდან 2014 წლის 17 ივლისამდე ვაგადაცილებული იყო 161 დღე, ხოლო დასაკისრებელმა პირგსასამტეხლომ (4 876,24 ლარის 0,1% - 4,87 ლარს X 161) მთლიანობაში 784,07 ლარი შეადგინა.

14.7. შეგებებული სარჩელის მოთხოვნები სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია დაუსაბუთებლობის გამო. სასამართლომ აღნიშნა, დამკვეთმა ვერ დაამტკიცა, რომ მენარდის მიერ ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, იგი ნამდვილად მიიღებდა 10 080 აშშ დოლარის შემოსავალს, რაც შეეხება დამკვეთის მტკიცებას, რომ კუთვნილ ფართში წყლის ჩასვლა შეგებებული მოპასუხის თანამშრომლების მიერ სახურავის დაზიანებამ გამოიწვია, სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის შესაძლო ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ფართში წყლის ჩასვლას, შორის მიზეზობრივი კავშირი არ გამოიკვეთა.

15. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. აპელანტმა მიუღებელი შემოსავლის ნაწილში შეამცირა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა და ამ ნაწილში შეგებებული მოპასუხისათვის 2016 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

15.1. სააპელაციო საჩივარი ძირითადად შესაგებელსა და შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოებებს ემყარება.

15.2. აპელანტის მტკიცებით, მენარდის სახელშეკრულებო ვალდებულება მხოლოდ ბანერის დამონტაჟებით არ ამოიწურებოდა. მონტაჟის საფასურის გადახდის ვალდებულება დამკვეთს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ წარმოეშობოდა. მოცემულ შემთხვევაში კი, ბანერი არ იყო შეღებილი, რაც ვალდებულების არასრულად შესრულებას ადასტურებდა.

15.3. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ შპს „თ.თ–მა“ ის სამუშაო შეასრულა, რაც მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა და სწორედ, ამ სამუშაოს შესრულებისათვის გადაიხადა 3200 ლარი.

15.4. აპელანტის მითითებით, მოპასუხესა და შპს „ი–ოს“ შორის გაფორმებული სარეკლამო ფარის გაქირავების შესახებ 15.05.2014 წლის ხელშეკრულება ადასტურებდა, რომ ერთი სარეკლამო ფარის საბაზრო ღირებულება 540 აშშ დოლარს შეადგენდა. მენარდის მიერ ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების გამო კი დამკვეთმა ხელიდან გაუშვა 2160 აშშ დოლარის (540X4) მოგების მიღების შესაძლებლობა.

15.5. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ სამუშაოების დაწყებამდე სახურავი დაზიანებული არ ყოფილა. აქედან ლოგიკურად გამომდინარეობდა დასკვნა, რომ ჭერი სწორედ, მოსარჩელის მიერ გაფუჭებული სახურავიდან ჩამონადენი წყლით დაზიანდა.

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

18.1. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულება საბოლოოდ 3776,24 ლარით უნდა განსაზღვრულიყო და მიიჩნია რომ ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის ოდენობა 2100 ლარს აღემატებოდა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს 13.02.2014 წლის ხარჯთაღრიცხვაში ჩამოთვლილი სამუშაოებიდან უარი ეთქვა მხოლოდ ძველ სახურავზე თუნუქის დაზიანების აღმოფხვრის, მუშაობის დროს დაგროვილი ნაგავის გატანა-გასუფთავების და რეკლამის დაფების შეღებვასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებაზე, რაც ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ჯამში 1100 ლარს შეადგენდა. პალატის მოსაზრებით მოპასუხეს მართებდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც უტყუარად დაადასტურებდა, რომ სახურავზე თუნუქი მოსარჩელემ დააზიანა, ასევე, მუშაობის დროს დაგროვილი ნაგავი არ გატანილა, ხოლო რეკლამის დაფები - არ იყო შეღებილი, თუმცა აპელანტს ამ კუთხით დასაბუთებული მტკიცება სასამართლოსათვის არ შეუთავაზებია. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ შპს „თ.თ–მა“ 3200 ლარის ანგარიშში სწორედ ის სამუშაო შეასრულა, რაც მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა. ანუ არ დადგინდა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის მიერ ზემოაღნიშნული ხარჯების (1100 ლარის) გაწევასა და მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტს შორის.

18.3. პალატამ აღნიშნა, რომ ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოპასუხე მიიღებდა შემოსავალს 2160 აშშ დოლარის ოდენობით, არ დასტურდებოდა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით. მოპასუხის მიერ წარდგენილი ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ 2013 წლის 31 დეკემბერს დამონტაჟებული 5 სარეკლამო დაფიდან მხოლოდ ერთი დაფის გაქირავება შეძლო სამუშაოების დასრულებიდან (2014 წლის 20 თებერვლიდან) თითქმის 3 თვის შემდეგ (2014 წლის 15 მაისს). აღნიშნული გარემოება პალატის მოსაზრებით, არ ქმნიდა ვარაუდის საფუძველს, რომ 2013 წლის 10 ოქტომბრიდან (რა დროსაც სამუშაო უნდა დასრულებულიყო) სარეკლამო დაფა აუცილებლად გაქირავდებოდა.

18.4. პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხის კუთვნილ შენობის ნაწილზე შესრულებული იყო ახალი გადახურვა, ხოლო ნაწილზე - ძველი გადახურვა. მოპასუხის წარმომადგენლის მითითებით, წყალი ჩავიდა ძველი გადახურვის დაზიანების შედეგად. მოწმის ჩვენებით კი დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ სამუშაოების დაწყებამდე ძველი სახურავი სხვადასხვა ადგილებში დაზიანებული იყო, რის გამოც პერიოდულად ხდებოდა დაზიანებული ადგილების გამაგრება სილიკონით (იხ. სასამართლოს 2014 წლის 08 დეკემბრის სხდომის ოქმი, 15:46:13-16:26:28 სთ). ასეთ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელის თანამშრომლების მიერ სახურავის ექსპლუატაციის გამო ძველი სახურავის დაზიანების ფაქტობრივი გარემოება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ იყო დადასტურებული, დამდგარ შედეგსა (ფართში წყლის ჩასვლას) და მოპასუხის ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირი და შესაბამისად, მოპასუხისათვის ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოება არ იყო დასაბუთებული.

18.5. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს კანონიერად დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების მოშლის მომენტიდან. მოცემულ საკითხზე პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს იდენტური მსჯელობა განავითარა და მიიჩნია, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლო 161 ვადაგადაცილებული დღისათვის 784,07 ლარის ოდენობით უნდა გადაეხადა.

19. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა შემდეგი დასაბუთებით:

19.1. კასატორმა სააპელაციო საჩივრის იდენტურ პრეტენზიებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრება შესაძლებელი იქნებოდა თუ იგი დაარღვევდა ნაკისრ ვალდებულებას, ეს კი არ მომხდარა. საზღაურის მეორე ნაწილი 8990 ლარის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო სამუშაოების მთლიანად დასრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 დღის ვადაში, მოსარჩელეს კი ვალდებულება არ შეუსრულებია და მიღება-ჩაბარების აქტიც არ შემდგარა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გეთვალისწინებინა ის ზიანი, რაც მოპასუხე კომპანიამ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით განიცადა. კასატორის განმარტებით, მას თანხა გადასახდელი არ ჰქონდა, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ განცდილი ზიანი აღემატებოდა მოსარჩელის მიერ ნაწილობრივ შესრულებული ვალდებულების ღირებულებას. კასატორის შეხედულებით, ხელშეკრულების მოშლა ნიშნავს, რომ მოშლის მომენტიდან ის აღარ მოქმედებს და ამდენად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ხელშეკრულების მოშლის მომენტიდან გამოყენება, თანაც იმ მხარის სასარგებლოდ, რომელმაც დაარღვია ვალდებულება უსაფუძვლოა. სასამართლომ არ გაითვალისწინა მის მიერვე დადგენილი ფაქტი, რომ მოსარჩელეს ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია და არც მიღება-ჩაბარების აქტი არ გაუფორმებია. მოპასუხე კომპანიამ იმ სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად, რისი შესრულებაც ევალებოდა მოსარჩელეს, მაგრამ არ შეასრულა, ხელშეკრულება სხვა მენარდესთან გააფორმა და 3200 ლარი გადაუხადა. სასამართლომ დაადგინა, რომ მართალია მოსარჩელემ არ შეასრულა ვალდებულება, მაგრამ მიიჩნია, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კრედიტორს ზიანი არ მისდგომია.

19.2. კასატორის მითითებით, მოსარჩელის ბრალით მან ვერ გააფორმა ხელშეკრულება პოტენციურ დამკვეთთან, რითაც განიცადა ზიანი 10 800 აშშ დოლარის განიცადა. აღნიშნული მოთხოვნა შეამცირა სააპელაციო სამართალწარმოების სტადიაზე, თუმცა მოთხოვნა არც შემცირებული ოდენობით დააკმაყფილდა. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელის მიერ სამუშაოთა შეუსრულებლობის გამო, წყლის ჩამოსვლის შედეგად დაზიანებული ჭერის აღდგენის ღირებულება 500 ლარი, მოსარჩელის მიერ მისთვის მიყენებულ ასანაზრაურებელ მატერიალურ ზიანს წარმოადგენდა.

19.3. სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სარეკლამო ბანერი დამონტაჟდა 2013 წლის 31 დეკემბრისთვის, რაც კასატორის მოსაზრებით, არასწორი შეფასებაა, რადგან, ბანერი შეუღებავი იყო, ანუ, არ ყოფილა მოყვანილი ხელშეკრულებით განსაზღვრულ კონდიციამდე. ამასთან, მოსარჩელის ვალდებულება არ ამოიწურებოდა მხოლოდ ბანერის დამონტაჟებით და შესაბამისად, კასატორის ვალდებულება გადაეხადა შეთანხმებული საზღაური არ წარმოიშვებოდა მხოლოდ ბანერის დამონტაჟების შედეგად. გადახდის ვალდებულება წარმოიშვებოდა მოსარჩელის მიერ ყველა ვალდებულების შესრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, რაც არ მომხდარა.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 31 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო.

21. 2018 წლის 12 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და სასამართლოს წინაშე მისი დამტკიცების მოთხოვნით იშუამდგომლეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

22. საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

23. სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებულია სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის მნიშვნელოვანი დისპოზიციურობის პრინციპი, რაც უმთავრესად ნიშნავს მხარეთა მიერ საკუთარი ნების საფუძველზე კანონით მათთვის მინიჭებული უფლებების განკარგვას. მათ შორისაა ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლება, მხარეებმა დავის შეწყვეტის მიზნით, მიაღწიონ შეთანხმებას გარკვეულ პირობებზე (მორიგდნენ), რომელიც ორმხრივ მავალდებულებელია და სასამართლოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში ექვემდებარება აღსრულებას.

24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მორიგების აქტით განსაზღვრული პირობები გამოხატავს მხარეთა ნებას, რაც მათ სხდომაზეც დაადასტურეს, ამავდროულად, მორიგების აქტის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კანონს.

25. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეებისათვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმის წარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება, განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

26. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ. იმავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 218-ე, 264.3-ე, 272-ე, 49-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მხარეთა შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. დამტკიცდეს მორიგება შემდეგი პირობებით:

2.1. ერთი მხრივ, შპს „ი–ა“ (ს/კ ....) წარმოდგენილი ა.მ–ძის (პ/ნ ......) სახით და, მეორე მხრივ, შპს შპს „პ–სე“ (შპს „P–e“ (ს/კ .....) წარმოდგენილი მისი დირექტორის გ.შ–ის (პ/ნ ....) სახით გამოხატავენ ნებას, რომ მათ შორის არსებული სასამართლო დავა დასრულდეს მორიგების შემდეგი პირობებით:

2.1.1. შპს „პ–სე“ ვალდებულია, საკუთარი ხარჯითა და მასალით შეაკეთოს ქ. თბილისში, ..... მდებარე შპს „ი–ის“ სავაჭრო დარბაზში სახურავიდან ჩამოსული წვიმის წყლით დაზიანებული ჭერი და კედლები. სავაჭრო დარბაზის ნაწილი, სადაც უნდა ჩატარდეს შეკეთების სამუშაოები, მოცემულია მორიგების აქტის დანართში და გაფერადებულია;

2.1.2. შპს „პ–ემ“ 2.1.1. პუნქტში მითითებული სამუშაო უნდა დაასრულოს 2019 წლის იანვრის ბოლომდე;

2.1.3. შპს „პ–სე“ ვალდებულია, 2.1.1. პუნქტში მითითებული სამუშაო შეასრულოს ობიექტის არასამუშაო საათებში;

2.1.4. შპს „პ–ემ“ სამუშაოს დასრულების შემდეგ, მათ შორის მიმდინარე დღის სამუშოებისა, უნდა აღადგინოს სამუშაოს დაწყებამდე არსებული მდგომარეობა, მათ შორის, სამუშაოს დასრულების შემდეგ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი საკუთარი მოწყობილობების, ხელსაწყოებისა და სხვა ობიექტებისაგან, დაასუფთაოს სამუშაო ადგილი, არ დატოვოს სამუშაო ნარჩენები;

2.1.5. სამუშაოს დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, შპს „პ–ეს“ დაეკისრება პირგასამტეხლო შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების (5660.31 ლარი) 0.1 პროცენტის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის;

2.1.6. სამუშაოს ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, შპს „ი–ა“ ვალდებულია, გადაუხადოს შპს „პ–ეს“ 5660 ლარი და 31 თეთრი;

2.1.7. სამუშაო უნდა შესრულდეს ხარისხიანად და დამტკიცდეს მხარეთა მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით;

2.1.8. 2.1.6. პუნქტით გათვალისწინებული თანხა გადახდილი უნდა იქნეს სამუშაოების დასრულების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 5 სამუშაო დღეში.

3. გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განჩინება და მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება;

4. განემარტოთ მხარეებს, რომ იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით და იმავე მხარეებს შორის დავა აღარ დაიშვება;

5. შპს „ი–ას“ (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 2016 წლის 10 ოქტომბერს #136 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 543.24 (ხუთას ორმოცდასამი ლარი და ოცდაოთხი) ლარი;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და აღარ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი