Facebook Twitter

საქმე №ას-36-2019 27 ივნისი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ლ.მ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ე.ო–ი (მოპასუხე)

მესამე პირი - ს.მ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულებების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - სარჩელის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2014 წლის 10 სექტემბერს ქ.თბილისის ნოტარიუსმა - ს.მ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ნოტარიუსი) დაამოწმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ე.ო–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი, კრედიტორი ან იპოთეკარი) ლ.მ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მსესხებელი) ერთი წლით 110000 აშშ დოლარი ასესხა. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, გამსესხებლის სასარგებლოდ, იპოთეკა დადგინდა ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში მდებარე მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, ს/კ-ით ..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის საკუთრება, უძრავი ქონება/ნივთი ან იპოთეკის საგანი). იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების გაჭიანურების შემთხვევაში, შეთანხმება ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემას ითვალისწინებდა.

2. 2014 წლის 10 ნოემბერს ნოტარიუსთან გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანის შესახებ წერილობითი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ მოპასუხისაგან დამატებით 40 000 აშშ დოლარი ისესხა და სესხის მთლიანმა მოცულობამ ჯამურად 150 000 აშშ დოლარი შეადგინა. მსესხებელმა სესხი დადგენილ ვადაში არ დააბრუნა.

3. კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, ნოტარიუსმა 2015 წლის 2 ოქტომბერს გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელის ვალდებულება მოპასუხის მიმართ განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 150 000 აშშ დოლარით, ხოლო სარგებელი - 8250 აშშ დოლარით. ამავე სააღსრულებო ფურცლით იპოთეკის საგნის რეალიზაცია დადგინდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 74-76).

4. მოსარჩელეს 2014 წლის 10 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანის შესახებ 2014 წლის 10 ნოემბრის შეთანხმების გაფორმების მომენტში, ნება არ გამოუვლენია. მოსარჩელის პირადობის მოწმობის გამოყენებით ხელშეკრულებას ხელი მოაწერა მისმა ქალიშვილმა - ლ.მ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის ქალიშვილი, მოსარჩელის შვილი ან მსჯავრდებული).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლოს საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, მოსარჩელის ქალიშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. განაჩენის თანახმად, მსჯავრი მოსარჩელის შვილს შემდეგ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულისთვის დაედო:

5.1. 2014 წლის 9 სექტემბერს, მოსარჩელემ შვილის სახელზე გასცა მინდობილობა, რომლის თანახმად, ეს უკანასკნელი უფლებამოსილი იყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი გაექირავებინა. ამავდროულად, მოსარჩელემ ქალიშვილს მისი კუთვნილი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა გადასცა.

მსჯავრდებული მოქმედებდა რა თაღლითური განზრახვით, დედის პირადობის მოწმობის გამოყენებით ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის უზრუნველყოფით სოლიდური თანხის მიღება გადაწყვიტა. დანაშაულებრივი განზრახვის განხორციელების მიზნით, შუამავლის მეშვეობით დაუკავშირდა მოპასუხესა და დ.ო–ს, რომელთაც შეეძლოთ გარკვეული თანხის გასესხება და თავი მოსარჩელედ წარუდგინა. სახლის დათვალიერების შემდეგ, მოსარჩელის მოთხოვნით, მოპასუხემ და დ.ო–მა 110 000 აშშ დოლარის გასესხება გადაწყვიტეს.

2014 წლის 10 სექტემბერს, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, სანოტარო ბიუროში გამოცხადდა მსჯავრდებული, რომელმაც ნოტარიუსს თავი მოსარჩელედ წარუდგინა და იდენტიფიცირების მიზნით, მოსარჩელის პირადობის მოწმობა გადასცა. იმავე დღეს, სანოტარო ბიუროში გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანხმად, მოსარჩელემ მოპასუხისაგან უძრავი ქონების უზრუნველყოფით, ერთი წლის ვადით 110 000 აშშ დოლარი ისესხა. მისმა ქალიშვილმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას ხელი მოსარჩელის სახელით, მოაწერა.

ამის შემდეგ, 2014 წლის 10 ნოემბერს, სანოტარო ბიუროში მსჯავრდებულის მოთხოვნით 2014 წლის 10 სექტემბერს დადებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სესხის ოდენობა 150 000 აშშ დოლარით განისაზღვრა. აღნიშნულ შეთანხმებასაც ხელი მოსარჩელის სახელით მსჯავრდებულმა მოაწერა (იხ. ტ.2, ს.ფ. 70-75).

6. მოსარჩელემ 2015 წლის 3 სექტემბერს შეადგინა წერილობითი დოკუმენტი - „თანხმობა“, რომელზეც მოსარჩელის ხელმოწერა დამოწმებულია სანოტარო წესით. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, 2014 წლის 10 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე, ასევე, მასში ცვლილებების შეტანის შესახებ იმავე წლის 10 ნოემბრის შეთანხმებაზე, პიროვნების იდენტიფიკაციის არასწორად დადგენის გამო, მოსარჩელის მაგივრად ხელშეკრულებებსა და თანხის მიღების აქტს ხელი მოსარჩელის ქალიშვილმა მოაწერა. მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მისთვის ხელშეკრულებების შინაარსი და პირობები ცნობილი და მისაღები იყო, ის ეთანხმებოდა და საცილოდ არ ხდიდა მათ (იხ. ტ.1, ს.ფ. 85,86; 88,89).

7. კერძო აღმასრულებელმა 2015 წლის 8 ოქტომბერს მოსარჩელეს წერილობით მიმართა და 2015 წლის 2 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულება მოსთხოვა.

8. 2015 წლის 10 ნოემბერს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:

8.1. 2014 წლის 10 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

8.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანის შესახებ 2014 წლის 10 ნოემბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

8.3. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა;

8.4. ის ამტკიცებდა, რომ 2015 წლის 9 ოქტომბერს, მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, კერძო აღმასრულებლის წინადადება ჩაჰბარდა, იცოდა მოპასუხესთან გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესახებ, რომლის საფუძველზეც სასესხო ვალდებულება მას უნდა შეესრულებინა. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებზე მას ხელი არ მოუწერია, რაც როგორც გარიგებების ისე ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობის საფუძველი იყო.

9. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნოტარიუსმა 2014 წლის 10 სექტემბერს დაამოწმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ თანხა არა უცნობ პირს, არამედ, მოსარჩელის ქალიშვილს ასესხა. მოსარჩელემ 2015 წლის 3 სექტემბერს შედგენილ „თანხმობაში“ მიუთითა, რომ 2014 წლის 10 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე პიროვნების იდენტიფიკაციის არასწორად დადგენის გამო, მის მაგივრად ხელშეკრულებასა და თანხის მიღების აქტს ხელი მისმა შვილმა მოაწერა. მანვე აღნიშნა, რომ ხელშეკრულების პირობები მისთვის მისაღები იყო და სადავოდ არ ხდიდა. სადავო ხელშეკრულებების არსებობის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა არა აღმასრულებლის მიერ მისთვის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარების შემდეგ, არამედ 2015 წლის მაისში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

10. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა - ნოტარიუსმა, წერილობით წარდგენილ „მოსაზრებაში“ აღნიშნა, რომ მისთვის არ იყო ცნობილი იმ გარემოების თაობაზე, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშკრულებას ხელს პირადად მოსარჩელე არ აწერდა. ნოტარიუსს არ ჰქონდა სანოტარო ბიუროში გამოცხადებულ პიროვნებაში ეჭვის შეტანის საფუძველი. 2015 წლის 3 სექტემბერს მან დაამოწმა მოსარჩელის მიერ შედგენილი წერილობით დოკუმენტი - „თანხმობა“, რომელშიც ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე პიროვნების იდენტიფიკაციის არასწორად დადგენის გამო, მის მაგივრად ხელშეკრულებასა და თანხის მიღების აქტს ხელი მისმა ქალიშვილმა მოაწერა. მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ხელშეკრულების პირობები და სადავოდ არ ხდიდა მათ.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით - სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 54-ე და 61-ე მუხლები გამოიყენა.

12. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13.1. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 3 სექტემბერს მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება სარჩელით სადავოდ არ გამხდარა და არც მისი ნამდვილობის დამაბრკოლებელი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოდგენილა საქმეში. სარჩელში აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ მოსარჩელისთვის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობის თაობაზე ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილების შესრულების შესახებ კერძო აღმასრულებლის წინადადება ჩაჰბარდა. სარჩელში მოცემული განმარტებებისგან განსხვავებით, ის გარემოება, რომ 2015 წლის 3 სექტემბერს თანხმობის/დადასტურების ნების გამოვლენამდე, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მისი კუთვნილი უძრავი ნივთის შვილის მიერ იპოთეკით დატვირთვის თაობაზე, დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე თავად მოსარჩელის დაკითხვის ოქმითაც, სადაც ცალსახად იკვეთება, რომ მოსარჩელემ იცოდა კუთვნილი უძრავი ქონების მისი ნების გამოვლენის გარეშე იპოთეკით დატვირთვის შესახებ;

13.2. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 61-ე მუხლზე მითითებით, განმარტა, რომ ბათილი გარიგების დადასტურება შეიძლება, გამოყენებულ იქნეს ყველა ბათილი გარიგების მიმართ, მიუხედავად გარიგების ბათილობის საფუძვლისა. ვინაიდან შეუძლებელია ბათილი გარიგების გამოსწორება, ბათილი გარიგების დადასტურების გზით გარიგების მონაწილეებს შეუძლიათ, მიაღწიონ დასახულ მიზანს. დადასტურება ბათილ გარიგებას კი არ ასწორებს, ე.ი. მას კი არ აქცევს ნამდვილად, არამედ ნიშნავს გარიგების ხელახლა დადებას. დადასტურებით მხარეები ასწორებენ იმ ნაკლს, რამაც გარიგების ბათილობა გამოიწვია. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის სანოტარო წესით დამოწმებული ნება („თანხმობა“) სსკ-ის 61-ე მუხლით გათვალისწინებულ დადასტურებას წარმოადგენდა, როდესაც მხარემ ახალი გარიგება დადო.

საყურადღებო იყო, რომ დადასტურება განახორციელა მესაკუთრემ, რომელსაც ჰქონდა როგორც მისი კუთვნილი უძრავი ქონების განკარგვის/იპოთეკით დატვირთვის, ისე - ფულადი ვალდებულების აღება/შესრულების უფლებამოსილება. თავდაპირველი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ბათილია სწორედ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის ნების გარეშე დაიდო/მოსარჩელის ქონება იპოთეკით დაიტვირთა, ბათილობის ეს კონკრეტული საფუძველი კი, 2015 წლის 3 სექტემბერს დადასტურებით აღმოიფხვრა ანუ, ფაქტობრივად, ამ დროს დაიდო ახალი გარიგება - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც უკვე უშუალოდ მოსარჩელემ გამოავლინა ნება, შეესრულებინა სასესხო ვალდებულება და ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაეტვირთა მისი კუთვნილი უძრავი ქონება. ასეთი ნების გამოვლენა თავისთავად არ ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებსა და საჯარო წესრიგის მოთხოვნებს.

14. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :

14.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ მოსარჩელემ 2015 წლის 3 სექტემბერს გამოვლენილი ნებით სადავო ბათილი ხელშეკრულებები დაადასტურა. გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობა, რომ მოსარჩელის მიერ შედგენილი წერილობითი დოკუმენტი - „თანხმობა“ სსკ-ის 61-ე მუხლით გათვალისწინებულ დადასტურებას წარმოადგენდა და, შესაბამისად, მხარეებს შორის ახალი გარიგება დაიდო, სამართლებრივად დაუსაბუთებელია;

14.2. დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომ საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია, თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით. განკარგვა ხდება ნამდვილი, თუ უფლებამოსილი პირი მას მოიწონებს. საყურადღებოა, რომ მოსარჩელეს წინასწარი თანხმობა საგნის იპოთეკით დატვირთვის თაობაზე არ გამოუთქვამს, აღნიშნული არც საქმეში წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება. გარდა ამისა, მოსარჩელეს სადავო ხელშეკრულებები არც შემდგომში მოუწონებია;

14.3. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ დაასკვნეს, რომ სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობებში მოპასუხე კეთილსინდისიერი იყო.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე განხილულია დაუშვებელი სარჩელი, შესაბამისად, როგორც გასაჩივრებული განჩინება, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებებზე მითითებით :

16. მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში ვლინდებოდა საპროცესო სამართლის ნორმების არსებითი დარღვევა, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ისე დატოვა ძალაში, რომ არ იმსჯელა, რამდენად დასაშვები იყო სარჩელი, რომლითაც სადავო ხელშეკრულებებისა და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა იყო მოთხოვნილი, რითაც დარღვეულ იქნა სსსკ-ის 393-ე მუხლის მოთხოვნები.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება, სამართლის საკითხია და, აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის.

ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად.

პალატა განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს მოსარჩელეს ამგვარი აღიარებით. იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ, აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით, ინტერესი მოიცავს შედეგს, რომელიც კონკრეტული აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ობიექტურად მიიღწევა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტური და რეალური დაცვა უნდა იყოს. ის არ უნდა იყოს ფორმალური ხასიათის, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება.

საქმეზე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე, იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად, შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია,

18. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელით მოსარჩელის ინტერესი - თავი დააღწიოს 2015 წლის 2 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ძირითადი ვალდებულების შესრულებას და, აქედან გამომდინარე, მოპასუხის სასარგებლოდ არსებული იპოთეკა გაუქმდეს, ვერ მიიღწევა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სადავო ხელშეკრულებები უცილოდ ბათილია, ვინაიდან, კონტრაჰენტად მითითებულ პირს - მოსარჩელეს ნება არ გამოუვლენია, (სსკ-ის 54-ე მუხლი) ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს სადავო ხელშეკრულებების დადების ნება არ გამოუვლენია და მისი პირადობის მოწმობის გამოყენებით შეთანხმებებს ხელი მისმა ქალიშვილმა მოაწერა, თავისთავად არ აქცევს მათ არარა გარიგებებად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ქალიშვილმა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე დედის სახელით დადო 2014 წლის 10 სექტემბრისა და 10 ნოემბრის შეთანხმებები, რომელთა ნამდვილობა დამოკიდებული იყო მოსარჩელის (წარმოდგენილი პირის) თანხმობაზე (სსკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილი). 2015 წლის 3 სექტემბერს, მოსარჩელემ ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ხელმოწერით, წერილობით დაადასტურა, რომ მისთვის მითითებული შეთანხმებების შინაარსი და პირობები ცნობილი იყო, ეთანხმებოდა და საცილოდ არ ხდიდა მათ. ეს თანხმობა მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, აღნიშნულით მან ნამდვილობა მიანიჭა არა უცილოდ, არამედ მერყევად ბათილ სადავო შეთანხმებებს.

ამრიგად, რადგანაც მოსარჩელეს შეეძლო, მიკუთვნებითი სარჩელი აღეძრა, ვალის არარსებობის გამო, უძრავ ქონებაზე მოპასუხის სასარგებლოდ დადგენილი იპოთეკის გაუქმების მოთხოვნით, აღიარებითი სარჩელი დაუშვებელი იყო (შდრ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: # ას-437-409-17 29.09.17, #-ას 916—857-17 12.09.17, #ას-302-285-17, 16.06.17, #ას-244-232-17 19.05,17 #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას- 17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას- 773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას- 323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ. ასევე იხილეთ .ჰ.ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილების მიღება, თბილისი, 2004 წელი, გვ.106-107)

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.

20. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმისწარმოების პირველივე ეტაპზე. შესაბამისად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების (რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება) გაუქმების სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც მიღებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

21. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან, საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაჰბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (შდრ.სუსგ-ები №ას-302-285-2017, 16 ივნისი, 2017 წელი; №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი).

22. ამრიგად, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

23. სსსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული, პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს მისი უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ნოემბრის განჩინებით საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც.

24. კასატორს სახელმწიფო ბაჟის 30% - 1800 ლარი, გადახდილი აქვს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 187.2-ე, , 264.3, 1991, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.მ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება;

3. ლ.მ–ის სარჩელი დარჩეს განუხილველად;

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ნოემბრის განჩინებით საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ს.მ–ძის მიერ გაცემული #151091789 სააღსრულებო ფურცლის სუფუძველზე კერძო აღმასრულებელ გ.ბ–ის წარმოებაში არსებულ #A15079821 საქმეზე სააღსრულებო წარმოება;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ბესარიონ ალავიძე