¹ბს-31-31(კს-05) 7 ივნისი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსნებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპრი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ქ. ჩ.-ე
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 28.09.05წ. და 29.11.05წ. განჩინებები
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.09.04წ. განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული ქ. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 29.04.04წ. გადაწყვეტილებაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.01.05წ. განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.09.04წ. განჩინება.
04.04.05. ქ. ჩ.-მ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 10.01.05წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დარღვევა მოხდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. კერძოდ, სახაზინო წესით დანიშნულმა ადვოკატმა უარი განუცხადა რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე და არც ხანდაზმულობის ვადის შესახებ აცნობა. პირადი ნაცნობების დახმარებით დაწერა სააპელაციო საჩივარი, მაგრამ სად უნდა წარედგინა იგი მისთვის უცნობი იყო. სააპელაციო საჩივარი წარადგინა თბილისის საოლქო სასამართლოში, სადაც განუცხადეს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა წარედგინა რაიონულ სასამართლოში, რაც ვერ მოასწრო დღის 6 საათამდე.
განმცხადებლის განმარტებით იგი არის რეპრესირებული ოჯახის შვილი, მარტოხელა. განმცხადებელი ითხოვდა აღნიშნული გარემოებების ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნევას, ხანდაზმულობის ვადის საპატიოდ ჩათვლას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.01.06. განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 03.05.05წ. განჩინებით ქ. ჩ.-ის განცხადება გაჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა უფლებამოსილ თბილისის საოლქო სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 28.09.05წ. განჩინებით ქ. ჩ.-ის განცახდება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლობის მოტივით დარჩა განუხილველად, იმ საფუძვლით, რომ დარღვეული იყო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების შეტანის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა.
აღნიშნულ განჩინებაზე ქ. ჩ.-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, რომელშიც მიუთითა, რომ სსსკ-ის 426-ე მუხლით დადგენილი განცხადების შეტანის ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა მხარემ გაიგო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა შესახებ. მისთვის ახლად აღმოჩენილი გარემოება ცნობილი გახდა 2005 წლის აპრილის თვეში, რის გამოც მის მიერ დაცულია განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.11.05წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულიო სამართლის და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.09.04წ. განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეტა პალატის 10.01.05წ. განჩინების გამოტანისთანავე, ხოლო განცხადება საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით სასამართლოში წარდგენილ იქნა 04.04.05წ., სსსკ-ის 426-ე მუხლის საფუძველზე განცხადება დაუშვებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეამოწმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების კანონიერება - დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ქ. ჩ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
ქ. ჩ.-ე 04.04.05წ. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადებაში სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაცდენის მიზეზად ასახელებს სახაზინო ადვოკატის მიერ საჩივრის შედგენაზე უარის თქმას, საჩივრის წარდგენის წესის არასწორ განმარტებას, განმცხადებელი აღნიშნავს აგრეთვე, რომ არის რეპრესირებული მშობლების შვილი, მარტოხელა, რაც განმცხადებლის აზრით ახლად აღმოჩენილ გარემოებად უნდა იქნეს მიჩნეული. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 17.09.04წ. განჩინებით ქ. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული (სსკ-ის 369.1 მუხ.) სააპელაციო საჩივრის წარდგენის ერთთვიანი ვადის გაცდენის გამო (ტ.1., ს.ფ. 196). სააპელაციო პალატის 17.09.04წ. განჩინება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 10.01.05წ. განჩინებით (ტ.1., ს.ფ. 209-212). განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ ქ. ჩ.-მ სასამართლოში 04.04.05წ. წარადგინა. სსკ-ის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ სასამართლოში შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან ქ. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული სააპელაციო პალატის 17.09.04წ. განჩინებით, ამდენად განჩინების მიღების პერიოდისათვის ქ. ჩ.-ისათვის ყველა შემთხვევაში ცნობილი იყო სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის უარი საჩივრის შედგენაზე. სააპელაციო პალატის 17.09.04წ. განჩინება უცვლელად იქნა დატოვებული საკასაციო სასამართლოს მიერ 10.01.05წ. განჩინებით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ განცხადება 17.09.04წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განმცხადებლის მიერ 04.04.05წ. იქნა წარდგენილი სასამართლოში. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქ. ჩ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ პროცესუალური კანონმდებლობით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით იქნა შეტანილი, სსკ-ის 426-ე მუხლით განსაზღვრული განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა აღმკვეთი ხასიათისაა და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
საფუძველსმოკლებულია აგრეთვე ქ. ჩ.-ის კერძო საჩვარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ერთთვიანი ვადის გაცდენა განპირობებული იყო იმით, რომ მას არასწორად აუხსნეს საჩივრის შეტანის ადგილი. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 29.04.04წ. გადაწყვეტილებაში, რომელიც ქ. ჩ.-ეს ჩაბარდა 08.06.04წ. (ტ.1. ს.ფ. 163), სასკ-ის მე-12 მუხლის მოთხოვნათა დაცვით არის განმარტებული გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გადაწყვეტილების გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი.
ქ. ჩ.-ე ახლად აღმოჩენილ გარემოებად უთითებს აგრეთვე იმას, რომ იგი არის რეპრესირებული მშობლების შვილი, მარტოხელა. სსკ-ის 423-ე მუხლის ,,ვ" ქვეპუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ქ. ჩ.-ის განცხადებაში მოყვანილი გარემოებები არ გამოიწვევდა სხვა შედეგს, განმცხადებელი არ უთითებს, თუ რის გამო დადგებოდა სხვა შედეგი. სსკ-ის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ განცხადებაში აღნიშნული გარემოების თაობაზე, კერძოდ ის. რომ ქ. ჩ.-ე არის რეპრესირებული მშობლების შვილი, ქ. ჩ.-ე არაერთხელ მიუთითებდა საქმის განხილვის განმავლობაში (ტ.1, ს.ფ. 2, 103, 179), ადვოკატის მიერ სააპელაციო საჩივრის შედგენაზე უარის თქმის შესახებ ქ. ჩ.-ე უთითებდა ჯერ კიდევ სააპელაციო პალატის 17.09.04წ. განჩინებაზე შეტანილ კერძო საჩივარში, რომელიც სააპელაციო პალატის 19.10.04წ. და საკასაციო პალატის 10.01.05. განჩინებებით არ დაკმაყოფილდა. ამდენად, 17.09.04წ. განჩინების გამოტანისას საქმის წარმოების განახლების შესახებ ქ. ჩ.-ის განცხადებაში მოყვანილი გარემოებები ცნობილი იყო სასამართლოსათვის, რაც გამორიცხავს განცხადებაში მოყვანილი გარემოებების ახლად აღმოჩენილად მიჩნევის შესაძლებლობას. ამდენად, საფუძველსმოკლებულია განსახილველ კერძო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა თაობაზე კერძო საჩივრის ავტორისათვის ცნობილი გახდა 2000 წლის აპრილის თვეში, რის გამო მის მიერ დაცულია სსკ-ის 426-ე მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ. ჩ.-ის განცხადება არ პასუხობს განცხადების დასაშვებობის პირობებს, კერძოდ განმცხადებელი ვერ უთითებს იმ საფუძველზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს სააპელაციო პალატის 17.09.04წ. განჩინების გაუქმება (სსკ-ის 427-ე მუხლის UI-ლი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი); განცხადება არ შეიცავს მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე (სსკ-ის 427-ე მუხლის I-ლი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ქ. ჩ.-ის განცხადების დასაშვებობის პირობები, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ. ჩ.-ის განცხადება დაუშვებელია, რის გამო არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე, 427-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ჩ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 28.09.05წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.