27 ივნისი, 2019 წელი,
საქმე №ას-374-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.გ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2017 წლის 5 მაისს შპს „მ–იმ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კომპანია ან საწარმო) სარჩელი აღძრა მ.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან კასატორი) წინააღმდეგ 2400 ლარის დაკისრების მოთხოვნით, მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ 2016 წლის 12 ივლისს კონსიგნაციის ფორმით მოპასუხეს 4260.50 ლარის ფარიკის პროდუქცია გადასცა, თუმცა ამ უკანასკნელს პროდუქციის საფასური არ გადაუხდია. მოსარჩელემ მოპასუხისაგან მხოლოდ ის პროდუქტი წამოიღო, რომლის რეალიზაციაც ამ უკანასკნელმა ვერ მოასწრო. მოპასუხეს გადასახდელი დარჩა 2400 ლარი, თუმცა, მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მან ხსენებული თანხა, არ აანაზღაურა.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით, სარჩელი ნაწილობრივ ცნო. მისი განმარტებით, მხარეთა შუამავალს - თ.გ–ძეს, მოსარჩელისათვის გადასაცემად ნივთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა - 400 ლარი გადასცა. შესაბამისად, მოსარჩელის წინაშე მას 2400 ლარის დავალიანება არ გააჩნდა.
3. აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა 2018 წლის 7 ივნისს, 11:00 საათზე დაინიშნა. მოსარჩელე კომპანიისათვის განკუთვნილი უწყება და შესაგებელი ა.მ–მა, ხოლო მოპასუხისათვის განკუთვნილი, უშუალოდ მოპასუხემ ჩაიბარა.
4. 2018 წლის 7 ივნისს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მხოლოდ მოპასუხე გამოცხადდა.
5. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებასა და სარჩელის უარყოფაზე იშუამდგომლა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა.
7. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ იმ საფუძვლით, რომ ის სხდომის თარიღის შესახებ კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული არ ყოფილა, სახელდობრ, ა.მ–ს მოსარჩელისათვის უწყება არ გადაუცია, ვინაიდან ის არა მოსარჩელის, არამედ სხვა ორგანიზაციის წარმომადგენელია, შესაბამისად, არც იყო ვალდებული უწყება გადაეცა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, საჩივარი იმავე სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების თაობაზე, უარყოფილ იქნა.
9. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მათი გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა.
10.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ მოსარჩელეს 2018 წლის 7 ივნისს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის თაობაზე, კანონით დადგენილი წესით ეცნობა. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი და საქმეში არსებული მტკიცებულებები არასწორად შეაფასა.
საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელისათვის გაგზავნილი წერილობითი კორესპონდენცია, 2018 წლის 13 მარტს ჩაჰბარდა ა.მ–ს, რომელმაც უკუგზავნილზე ხელი მოაწერა, როგორც უსაფრთხოების უფროსმა (იხ. ს.ფ. 56).
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანცელარიის ან მსგავსი უფლებამოსილების მქონე პირის არყოფნისას, გზავნილის მიმღებად სსსკ-ის 73.8 მუხლი ასახელებს „ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს“, შესაბამისად, ცალსახაა, რომ გზავნილის მიმღები ადრესატი ორგანიზაციის თანამშრომელი უნდა იყოს. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელის დირექტორის ახსნა-განმარტებით, 2017 წლის ივნისიდან საზოგადოებას წარმოება შეჩერებული აქვს, უფრო მეტიც, ა.მ–ი მოსარჩელე კომპანიის თანამშრომელი არ არის და არც არასდროს არ ყოფილა. საქმეში წარმოდგენილია შპს „პ–ის“ 2018 წლის 30 ივლისის ცნობაც, სადაც საზოგადოების დირექტორი აღნიშნავს, რომ ა.მ–ი 2016 წლის აპრილიდან დასაქმებულია შპს „პ–ში“ დაცვის თანამშრომლად.
ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია რა, რომ ა.მ–ი არ იყო უფლებამოსილი პირი მოსარჩელისათვის გაგზავნილი კორესპონდენცია ჩაებარებინა, დაასკვნა, რომ იქმნებოდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების წინაპირობები.
11. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების უცვლელად დატოვების მოთხოვნით, კასატორის მტკიცებით:
11.1. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა რომ მოსარჩელე კომპანიისათვის განკუთვნილი სასამართლო უწყება, უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა - ა.მ–მა ჩაიბარა. მოსარჩელის განმარტება, რომ ა.მ–ს მოსარჩელესთან არასდროს უმუშავია, სიმართლეს არ შეესაბამება. შპს „პ–ის“ მიერ 2018 წლის 30 ივლისს გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ ა.მ–ი შესაძლებელია მუშაობდეს როგორც შპს „პ–ში“, ასევე - მოსარჩელე კომპანიაში;
11.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, ის გარემოება, რომ შპს „პ–ის“ მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ა.მ–ი სასამართლო უწყების ჩაბარებისას, მოსარჩელე კომპანიის ქონებას იცავდა, სხვა შემთხვევაში, ფოსტის კურიერი მას გზავნილს არ ჩააბარებდა მოსარჩელისათვის გადასაცემად.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
14.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. კასატორის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომ მოსარჩელე სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის თაობაზე, სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ინფორმირებული არ ყოფილა, რის გამოც ვლინდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების წინაპირობები.
16. სსსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
17. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, წინამდებარე სარჩელთან დაკავშირებით, 2018 წლის 7 ივნისს, 11:00 საათზე დანიშნულ მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადდა; ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელისათვის გაგზავნილი წერილობითი კორესპონდენცია, 2018 წლის 13 მარტს ჩაჰბარდა ა.მ–ს, რომელმაც უკუგზავნილზე ხელი მოაწერა, როგორც უსაფრთხოების უფროსმა (იხ. ს.ფ. 56); 2018 წლის 7 ივნისს პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა და მოსარჩელის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. იმავე სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ უარყოფილ იქნა.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. შესაბამისად, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთ-ერთ ასეთ წინაპირობას წარმოადგენს გამოუცხადებელი მხარის სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით მიუწვევლობა (შდრ. სუსგ -ები: #ას-914-876-2014, 19.02.2014, # ას-1243-1166-2015, 9.03.2016).
19. სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ორგანიზაციისათვის გაგზავნილი კორესპონდენცია უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ანალოგიური უფლებამოსილების მქონე სტრუქტურულ ერთეულს ან პირს და მხოლოდ მათი არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც გზავნილს ადრესატს გადასცემს, ამასთან, გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება, უნდა არსებობდეს შესაბამისი ჩანაწერი. მხოლოდ ამ შემთხვევაშია სასამართლო უფლებამოსილი, გზავნილი ჩაბარებულად მიიჩნიოს. კანცელარიის ან მსგავსი უფლებამოსილების მქონე პირის არყოფნისას გზავნილის მიმღებად ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მიჩნეულია ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი, შესაბამისად, ცალსახაა, რომ გზავნილის მიმღები ადრესატი ორგანიზაციის თანამშრომელი უნდა იყოს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელე კომპანიის დირექტორის ახსნა-განმარტება, სადაც ეს უკანასკნელი განმარტავს, რომ 2017 წლის ივნისიდან საზოგადოებას წარმოება შეჩერებული აქვს, უფრო მეტიც, ა.მ–ს მოსარჩელესთან არასდროს უმუშავია. საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს „პ–ის“ 2018 წლის 30 ივლისის ცნობა, სადაც ხსენებული საზოგადოების დირექტორი მიუთითებს, რომ ა.მ–ი 2016 წლის აპრილიდან დასაქმებულია შპს „პ–ში“ დაცვის თანამშრომლად. მოპასუხეს საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა.მ–ი მოსარჩელისათვის განკუთვნილი კორესპონდენციის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს არ წარმოადგენდა.
20. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეს, მოსამზადებელი სხდომის თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ეცნობა, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
21. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.
22. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. მ.გ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება #19457559, გადახდის თარიღი 27.02.2019წ და საგადახდო დავალება #19788520, გადახდის თარიღი 01.04.2019წ.) 70% - 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ბესარიონ ალავიძე