27 ივნისი, 2019 წელი,
საქმე №ას-439-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ე.ჯ.ე.ჯ.კ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ F-P” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 იანვრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ე.ჯ.ე.ჯ.კ–იმ” (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მყიდველი) 2016 წლის 20 სექტემბრიდან 2017 წლის 26 აპრილის ჩათვლით, შპს „ F-P“-ისაგან (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამყიდველი) 37 620 ლარად ღირებული პროდუქცია - ბეტონის მზა დანამატი, შეიძინა (იხ. საგადასახადო ანგარიშფაქტურები, ს.ფ 11-15).
2. გამყიდველმა 2017 წლის აპრილის ჩათვლით მყიდველს ჯამურად 37 620 ლარად ღირებული პროდუქცია მიაწოდა, თუმცა მოპასუხემ ნასყიდობის საფასურის მხოლოდ ნაწილი - 8580 ლარი აანაზღაურა.
3. მხარეებმა 2017 წლის 9 ოქტომბერს შეადგინეს შედარების აქტი, რომლითაც დაადასტურეს, რომ მითითებული დროისათვის მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 29 040 ლარს შეადგენდა.
4. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს დავალიანების სრულად დაფარვის მოთხოვნით, თუმცა აღნიშნულს შედეგი არ მოჰყოლია.
5. 2017 წლის 13 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, ნასყიდობის საფასურის დარჩენილი ნაწილის - 29 040 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. ის ამ განჩინების 1-4 პუნქტებში აღწერილ ფაქტებზე მითითებით ამტკიცებდა, რომ ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოპასუხე ნასყიდობის საფასურის დარჩენილ ნაწილის ანაზღაურებაზე უარს აცხადებდა.
6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მისი წერილობითი შესაგებელი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 201-ე მუხლის მოთხოვნებს და, აქედან გამომდინარე, არაკვალიფიციური (დაუსაბუთებელი) იყო.
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 29 040 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 316-ე-317-ე, 327-ე, 361-ე, 477-ე და 483-ე მუხლები გამოიყენა.
8. აღნიშნული გადაწყვეტილება 2018 წლის 29 ივნისს სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, 2018 წლის 21 სექტემბერს, 24 ოქტომბერსა და 26 ნოემბერს, მოპასუხემ მოსარჩელეს ნასყიდობის საფასურის დარჩენილი ნაწილიდან - 29 040 ლარიდან, 13 000 ლარი გადაუხადა (იხ. ს.ფ 136-138), რის საფუძველზეც მოსარჩელემ ანაზღაურებული 13 000 ლარის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე უარი განაცხადა.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის შუამდგომლობა სასარჩელო მოთხოვნაზე ნაწილობრივ უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა მოპასუხისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, 29040 ლარიდან 13000 ლარის დაკისრების ნაწილში; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, 16040 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 872 ლარის დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელად; მოპასუხისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, 13000 ლარის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში საქმისწარმოება შეწყდა.
10.1. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ აპელანტმა (მოპასუხემ) ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, რის გამოც, 13 000 ლარის დაკისრების ნაწილში მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო და სარჩელზე წარმოება შეწყვეტილიყო (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი);
10.2. სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ მოპასუხე წარდგენილი შესაგებლით სარჩელში მითითებულ გარემოებებს არსებითად არ შეწინააღმდეგებია, რის გამოც, აღნიშნულ ფაქტებზე შედავების უფლება საქმის არსებითი განხილვის დროს მას დაკარგული ჰქონდა;
10.3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და აღნიშნა, რომ სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოპასუხე ვალდებული იყო, მოსარჩელისათვის, ნასყიდობის დარჩენილი საფასური გადაეხადა. პალატის დასკვნით, საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებითა და „შედარების აქტით“, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ ერთმნიშვნელოვნად დასტურდებოდა, ამ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები კი მას სასამართლოსათვის არ წარუდგენია. ამრიგად, მოთხოვნის დარჩენილ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები არ არსებობდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩენილიყო.
11. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :
11.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად მიიჩნიეს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომ მოპასუხეს ნასყიდობის საფასური სრულად არ გადაუხდია;
11.2. სააპელაციო სასამართლომ აპელანტს არასწორად დააკისრა სრულად სახელმწიფო ბაჟის გადახდა სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილზე, რომელზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა და შეწყდა საქმისწარმოება.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
14.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);
15. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ნასყიდობის საფასურის დარჩენილი ნაწილის ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან (მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) გამომდინარეობს.
16. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ უდავოდ მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, სახელდობრ: მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელისაგან 37 620 ლარის პროდუქცია (ბეტონის მზა დანამატი) შეიძინა; სარჩელის აღძვრამდე მოპასუხემ პროდუქციის ღირებულების მხოლოდ ნაწილი - 8580 ლარი გადაიხადა, შესაბამისად, გადასახდელი დარჩა 29 040 ლარი; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხემ მოსარჩელეს დარჩენილი ნასყიდობის საფასურიდან - 13 000 ლარი გადაუხადა, რის შემდეგაც, მითითებულ ფარგლებში მოსარჩელემ სარჩელზე უარი განაცხადა და აღნიშნულ ნაწილში საქმისწარმოება შეწყდა.
17. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხე წარდგენილი შესაგებლით სარჩელში მითითებულ გარემოებებს კვალიფიციურად არ შესდავებია, რის გამოც, მან დაკარგა უფლება აღნიშნული მოქმედება საქმის არსებითი განხილვის დროს განეხორციელებინა. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება, რომელმაც სათანადო და დასაშვებ მტკიცებულებებზე მითითებით მისი მტკიცების საგანში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება ვერ შეძლო. ამ თვალსაზრისით, პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, სახელდობრ: სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში, კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს (შდრ. სუსგ №ას-517-490-2014; 15.09.2014).
ამდენად, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება კასატორის მხრიდან ნასყიდობის საფასურის დარჩენილი დავალიანების გადახდის ფაქტობრივი გარემოება, საკასაციო პალატის შეფასებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები, არ იკვეთება.
18. საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის პრეტენზია სახელმწიფო ბაჟის სრულად არასწორად დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილზე, რომელზეც მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, საქმისწარმოება შეწყდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში საპროცესო ხარჯების გაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, კასატორს 13 000 ლარზე დაეკისრა გადავადებული სახელმწიფო ბაჟი განახევრებული ოდენობით (2%). სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 %-ს. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სარჩელზე უარი თქვა სააპელაციო სასამართლოში, მთავარ სხდომაზე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნულ ნაწილში აპელანტს მართებულად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა განახევრებული - 2 %-ის ოდენობით.
19. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობასა და დასკვნებს და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
21. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 561.4 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ე.ჯ.ე.ჯ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ე.ჯ.ე.ჯ.კ–ის“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 802 ლარის (საგადასახადო დავალება #1, გადახდის თარიღი 10.04.2019წ.) 70% - 561.4 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ბესარიონ ალავიძე