საქმე №ას-612-2019 27 ივნისი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ს–ს.კ." (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც შეგებებული სარჩელის ავტორი, ძირითადი მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი ან მერია) და შპსს–ს.კ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ძირითადი მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კომპანია ან მენარდე) შორის 2014 წლის 16 ოქტომბერს დაიდო სახელწიფო შესყიდვების ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ხელშეკრულება), რომლის მიხედვითაც, მენარდეს ქ. თბილისში, ისნის რაიონში, დ–ის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეესრულებინა. ხელშეკრულების ღირებულება 455 990 ლარით, ხოლო შესრულების ვადა 75 დღით, 2014 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის, 629.1 მუხლი).
2. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სამუშაოთა შეუსრულებელი ნაწილის ღირებულების 0.5%-ით განისაზღვრა (სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლები).
3. 2014 წლის 29 დეკემბერს მხარეებმა შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით, მენარდემ მთლიანად შეასრულა 68596, 65 ლარად ღირებული სამუშაოები. აღნიშნული თანხა, მერიამ მენარდეს სრულად აუნაზღაურა (იხ. ტომი I, ს.ფ.157-161).
4. გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილის თანახმად, ქ. თბილისის ვაშლიჯვრის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2014 წლის 10 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ნალექი აღინიშნა: 17, 19, 20, 22, 24, 25, 26,28, 29, 30 ნოემბერს, ასევე, 01, 06, 07, 14 დეკემბერს - სულ 14 დღე (იხ. ტომი I, ს.ფ. 41).
5. 2015 წლის 26 თებერვალს მერიამ კომპანიას წერილობით მიმართა და აცნობა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, მას პირგასამტეხლო - 106 533.17 ლარი დაეკისრა, რომელიც მენარდეს შემჭიდროებულ ვადებში უნდა გადაეხადა.
6. 2016 წლის 19 ოქტომბერს ძირითადმა მოსარჩელემ სარჩელი აღძრა ძირითადი მოპასუხის წინააღმდეგ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის (75 დღის) გადაცილებაში მენარდის ბრალის არარსებობის დადგენის, მერიის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლის უსაფუძვლოდ ცნობისა და ხელშეკრულებიდან გასვლის გამო, ზიანის ანაზღაურების (მიუღებელი შემოსავლის) სახით 413 117,09 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
7. ძირითადმა მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოგვიანებით, მან შეგებებული სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და პირგასამტეხლოს - 106533.17 ლარის დაკისრება მოითხოვა. ის წინამდებარე განჩინების 1-3-ე, ასევე, მე-5 პუნქტებში აღწერილ ფაქტებზე მითითებით ამტკიცებდა, რომ კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვადის დარღვევით შეასრულა, შესაბამისად, მენარდე ვალდებული იყო, შემკვეთის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო გადაეხადა.
8. ძირითადმა მოსარჩელემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოიშვა ფორსმაჟორული ვითარება, კერძოდ, სამშენებლო სამუშაოებისას 14 დღის განმავლობაში, უხვი ატმოსფერული ნალექისგან ნიადაგის სისველის გამო მოსახლეობა ნებას არ რთავდა კომპანიას, გამოეყენებინა მძიმე ვიბროსატკეპნი ტექნიკა. ერთ მონაკვეთზე დაზიანდა 600 მმ მილის გადაბმის ადგილი და 10 დღე მიედინებოდა წყალი. ამასთან, ზამთარში ვერც ნიადაგის გაშრობა ვერ ხერხდებოდა. სწორედ ამიტომ, ვერ დასრულდა სამუშაოები ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. გარდა ამისა, დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და ის გონივრულ ოდენობამდე უნდა შემცირებულიყო.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით - ძირითადი სარჩელი უარყოფილ იქნა, ხოლო შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მენარდეს, მერიის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს - 15495,60 ლარის გადახდა დაეკისრა. დავის მოსაწესრიგებლად, სასამართლომ სსკ-ის 417-ე, 418-ე, 420-ე და 629-ე მუხლები გამოიყენა.
10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მერიამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11.1. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა რა შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობა, პირგასამტეხლოს ფუნქცია, გამოიტანა დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მენარდისათვის დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და ის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად შემცირდა გონივრულ და სამართლიან ოდენობამდე.
11.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულება 387 393.35 ლარს შეადგენდა, ხოლო 2015 წლის 23 თებერვლამდე ვადაგადაცილება 54 დღე იყო. საქმის მასალებში წარმოდგენილი გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილით დასტურდებოდა, რომ 2014 წლის 10 ნოემბრიდან იმავე წლის 19 დეკემბრის ჩათვლით ნალექი აღინიშნა 14 დღის განმავლობაში, ასფალტბეტონის ნარევებისაგან გზის ზედაპირისა და საფუძვლის მოწყობის სამუშაოები კი, მშრალ ამინდში უნდა შესრულებულიყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მითითებულ 14 დღეზე, რომლის განმავლობაშიც, მენარდე მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, მას პირგასამტეხლო არ უნდა დაჰკისრებოდა.
12. აღნიშნული განჩინება მერიამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით. კასატორის მტკიცებით :
12.1. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძველი. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უგულებელყვეს ის ფაქტი, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა (0.5%), მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად იყო განსაზღვრული.
12.2. უსაფუძვლოა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებში განვითარებული მსჯელობა, რომ მენარდე 14 დღის განმავლობაში, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოკლებული იყო შესაძლებლობას, ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები შეესრულებინა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
15.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);
16. პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლები. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და, ძირითადად, სამართლებრივად სწორად შეაფასა, სახელდობრ:
16.1. დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად: კომპანიას ქ. თბილისში, ისნის რაიონში, დ–ის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეესრულებინა; ხელშეკრულების მე-9 პუნქტით მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,5 %; უდავოა, რომ მენარდემ სამუშაოები ვადის დარღვევით შეასრულა, რისთვისაც შემკვეთმა (მერიამ) მას ჯარიმის სახით მთლიანად - 106 533.17 ლარი დააკისრა. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ ძირითადი მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 0,5 %, შეუსაბამოდ მაღალი იყო და ჯარიმა 0,1 %-მდე შეამცირეს.
16.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
16.3. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);
16.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა, საქმის კონკრეტულ გარემოებებს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან, აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად მიიჩნიეს გონივრულად მენარდისათვის პირგასამტეხლოს, ნაცვლად 106 533.17 ლარისა, 15495,60 ლარით განსაზღვრა.
17. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმ ნაწილშიც, რომ მენარდეს პირგასამტეხლო არ უნდა დაჰკისრებოდა იმ დღეთა რაოდენობაზე, როდესაც ეს უკანასკნელი, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოკლებული იყო შესაძლებლობას, ნაკისრი ვალდებულებები შეესრულებინა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სამუშაოს შესრულების ვადაგადაცილება 54 დღეს შეადგენს. ასევე, დადგენილია, რომ 2014 წლის 10 ნოემბრიდან იმავე წლის 19 დეკემბრის ჩათვლით, ქ. თბილისში 14 დღის განმავლობაში ნალექიანი ამინდი იყო.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საავტომობილო გზების შეკეთებისა და შენახვის ტექნიკური წესების“ СНиП 3.06.03-85-ის 10.16 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ასფალტბეტონის ნარევებისაგან გზის ზედაპირისა და საფუძვლის მოწყობის სამუშაოები მშრალ ამინდში უნდა განხორციელდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის აზრით, 14 დღის განმავლობაში, მენარდის მხრიდან სამუშაოების შესრულება, სპეციფიკის გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო, შესაბამისად, მითითებულ პერიოდში ვლინდება მენარდის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი ობიექტური გარემოება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად განსაზღვრეს ძირითადი მოსარჩელის ბრალით ვადაგადაცილების პერიოდი 40 (54-14) დღით და სწორად დააკისრეს მითითებულ დროის მონაკვეთზე შემცირებული პიგასამტეხლო.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: 2019 წლის 27 მაისის №ას-232-2019 განჩინება; 2019 წლის 17 იანვრის №ას-1373-2018 განჩინება; 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება; 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება; 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება; 2012 წლის 28 დეკემბრის №ას-1560-1463-2012 განჩინება).
19. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
21. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ბესარიონ ალავიძე