Facebook Twitter

საქმე №ას-656-2019 27 ივნისი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ბ–ი (მოსარჩელე)

მოპასუხე - თ.ჩ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ. თბილისში, ......, მდებარე N7ა ბინა, ს/კ-ით N ...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის საკუთრება, უძრავი ქონება/ნივთი ან საცხოვრებელი ბინა), 2016 წლის 23 ივნისიდან ქ.ბ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან მესაკუთრე) საკუთრებას წარმოადგენს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის განაჩენით, თ.ჩ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე), სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასჯელის სახით ჯარიმა - 15000 ლარი შეეფარდა.

3. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს ჰყავთ საერთო შვილები, თუმცა, ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, ამასთან, თითქმის ხუთი წელია, ერთად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთობლივ საოჯახო მეურნეობას.

4. 2017 წლის 11 ივლისს, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე ან აღსრულების ეროვნული ბიურო) შეადგინა ნივთების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი N134553, რომლითაც ყადაღა დაედო მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში განთავსებულ შემდეგ მოძრავ ნივთებს: 1) „VESTEL-ის“ მაცივარს, 2) „SAMSUNG-ის“ სარეცხი მანქანას, 3) „SAMSUNG-ის“ ტელევიზორს, 4) სამზარეულოს მაგიდას 4 სკამით, 5) ნაჭრის დივანს, 6) პერსონალური კომპიუტერის კომპლექტს, 7) საოფისე სავარძელსა და 8) ტანსაცმლის კარადას (აღნიშნული ნივთები შემდეგში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოძრავი ნივთები, მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთები ან ყადაღადადებული ქონება).

5. 2017 წლის 7 აგვისტოს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა პირველი და მეორე მოპასუხეების, ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე, კასატორი ან სამინისტრო; პირველი, მეორე და მესამე მოპასუხე შემდეგში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები) წინააღმდეგ და კუთვნილი მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება მოითხოვა. მოსარჩელე წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში აღწერილ გარემოებებზე მითითებით ამტკიცებდა, რომ საკუთარი შვილების მამას, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯარიმის გადახდა დაეკისრა, რის საფუძველზეც, აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიმდინარეობს სააღსრულებო საქმისწარმოება. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, 2017 წლის 11 ივლისს, აღმასრულებელმა პირველი მოპასუხის დავალიანების ამოღების მიზნით, სრულიად უსაფუძვლოდ დააყადაღა მოსარჩელის მიერ შეძენილი სადავო მოძრავი ნივთები, რომლებიც განთავსებულია მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობდა სადავო ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების საფუძველი.

6. პირველმა მოპასუხემ სარჩელი ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

7. სამინისტრომ სარჩელი არ ცნო, მისი წერილობითი შესაგებელი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 201-ე მუხლის მოთხოვნებს და, აქედან გამომდინარე, არაკვალიფიციური (დაუსაბუთებელი) იყო. მან მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ, სსსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, განსახილველ დავაში არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და მე-40 მუხლის პირველი პუნქტი, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1158-ე მუხლი გამოიყენა.

9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა და 2017 წლის 11 ივლისს ყადაღადადებული სადავო მოძრავი ნივთები ყადაღისაგან გათავისუფლდა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილებით, მოპასუხეებს (თ.ჩ–ძეს, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს), მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის, ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარისა და მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება.

11.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე და პირველი მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებიან. მათი რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა, უფრო მეტიც, თავად პირველმა მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ის გარემოება, რომ მხარესთან ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა, ამასთან, ისინი თითქმის ხუთი წელია, რაც ერთად აღარ ცხოვრობენ (იხ. 2019 წლის 22 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:03 წთ). მანვე განმარტა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა, სადაც განთავსებულია ყადაღადადებული მოძრავი ნივთები, შეძენილია მოსარჩელის მამის მიერ, შესაბამისად, ხსენებული უძრავი ქონება ერთობლივი სახსრებით არ უყიდიათ და არ წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას, ამასთან, ის არც საცხოვრებელი ბინაშია რეგისტრირებული, რაც დასტურდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომების კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის განაჩენითაც, რომელშიც მითითებულია, რომ პირველი მოპასუხე რეგისტრირებულია ლანჩხუთის სოფელ ა–ში;

11.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ 2016 წელს შეძენილი საცხოვრებელი სახლი, ისევე, როგორც ამ სახლში განთავსებული მოძრავი ნივთები, მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენდა.

12. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრისა და იმავე წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებები, საკასაციო წესით გაასაჩივრა სამინისტრომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სამინისტრო, როგორც მოპასუხე მხარე, უსაფუძვლოდ დატოვეს განსახილველ დავაში, ამასთან, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად, სხვა მოპასუხეებთან ერთად სოლიდარულად, არასწორად დააკისრეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საყურადღებოა, რომ სამინისტრო სამართალურთიერთობის არცერთ ეტაპზე არ წარმოადგენს მხარეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც. ის ვერ იქნება სარჩელზე პასუხისმგებელი პირი და სასამართლოს მიერ მისთვის რაიმე ვალდებულების დაკისრება, თუნდაც მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, საფუძველს მოკლებულია.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

15.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას, იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 (თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით. სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს) პუნქტები.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტითა და სსსკ-ის 105-ე მუხლით და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად განაწილების, ასევე, მტკიცებულებათა სწორი ანალიზით, მართებულად დაადგინა მოსარჩელის საკუთრების უფლება ყადაღადადებულ ნივთებზე.

საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, რომელიც დადგენილია მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე. ამ კატეგორიის დავებში საკასაციო სასამართლოს მიდგომა შემდეგია: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ, მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში - მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ (შდრ. სუსგ-ები №ას-1777-1755-2011, 04.06.2012; №ას-1107-1027-2017, 23.02.2018). საქმის მასალებით ცალსახადაა დადგენილი, რომ მოსარჩელე და პირველი მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში არც ადრე და არც ამჟამად არ იმყოფებიან. მათი ქორწინებაში ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულება მტკიცების ტვირთის მქონე მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. პირველი მოპასუხის მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე იმ გარემოების დადასტურება, რომ მხარესთან ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა და ისინი თითქმის ხუთი წელია ერთად აღარ ცხოვრობენ, დამაჯერებლად არ ყოფილა გაქარწყლებული სათანადო მტკიცებულებებით მეორე მხარის მიერ.

17. კასატორის პრეტენზია მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ განსახილველ დავაში სამინისტრო სსსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე, არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენს, რაც არ გაითვალისწინეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მხრიდან სსსკ-ის 85-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი არ დასტურდება, გამომდინარე იქიდან, რომ მათ სათანადო მოპასუხის საკითხი დაუკავშირეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-2 პუნქტს (თუ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკას ან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს წარმოადგენს ის სახელმწიფო ორგანო/პირი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზედაც წარმოებს აღსრულება ან/და რომლის მიმართვის საფუძველზედაც გამოიტანა სასამართლომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება), რაც სრულად შეესაბამება მსგავსი საკითხის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (შდრ. სუსგ №ას-168-162-2011, 16 ივნისი, 2011 წელი; სუსგ №586-561-2016, 29 ივლისი, 2016 წელი).

18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: №ას-1777-1755-2011, 04.06.2012; №ას-1107-1027-2017, 23.02.2018; №ას-168-162-2011, 16.06.2011; №586-561-2016, 29.07.2016; №ას-658-625-2014, 5 05.12.2014; №ას-914-954-2011, 27.10.2011).

19. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

21. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ბესარიონ ალავიძე