საქმე №ას-657-2019 4 ივლისი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ც–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - მ.გ–ი, თ.კ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.ც–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მსესხებელი ან მოვალე), თ.კ–ძესა (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, პირველი კრედიტორი ან პირველი გამსესხებელი) და მ.გ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, მეორე კრედიტორი ან მეორე გამსესხებელი; პირველი და მეორე მოპასუხე ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარეები, კრედიტორები, გამსესხებლები ან იპოთეკარები) შორის 2015 წლის 19 თებერვალს დაიდო სესხისა და იპოთეკის წერილობითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც პირველმა გამსესხებელმა მსესხებელს საკუთრებაში 32 000 აშშ დოლარი, ხოლო მეორე გამსესხებელმა 18 000 აშშ დოლარი, შვიდი თვით, 2015 წლის 19 სექტემბრამდე, ყოველთვიური სარგებლის სესხის ძირითადი თანხის 2.5%-ის დარიცხვით გადასცა. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ......, კორპუსი 5, ბინა 69 (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის საკუთრება, უძრავი ქონება ან იპოთეკის საგანი).
2. ხელშეკრულების 1.3 პუნქტის თანახმად, სარგებელი ყოველი თვის 19 რიცხვში უნდა გადახდილიყო, ამასთან, სარგებლის ან სესხის გადახდის შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ კრედიტორების სავალდებულო ხელმოწერით დოკუმენტის შედგენის უპირობო ვალდებულებაზე.
3. მსესხებელმა ვალდებულება დაარღვია, მან სესხის ძირითადი თანხა არ დააბრუნა. მხარეთა შორის გაფორმებული ხელწერილების თანახმად, მოსარჩელემ კრედიტორებს სესხის სარგებლის (პროცენტის) სახით მთლიანად 8750 აშშ დოლარი (2015 წლის აგვისტოში - 1250 აშშ დოლარი, 2015 წლის ოქტომბერში - 1250 აშშ დოლარი, 2016 წლის თებერვალში - 1250 აშშ დოლარი, 2017 წლის ივნისში - 1250 აშშ დოლარი, 2015 წლის ნოემბერში - 1250 აშშ დოლარი, 2016 წლის მარტში - 1250 აშშ დოლარი და 2017 წლის სექტემბერში - 1250 აშშ დოლარი) გადაუხადა.
4. 2017 წლის 13 ნოემბერს, კრედიტორების მოთხოვნის საფუძველზე, ნოტარიუსმა გასცა №171325490 (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც პირველი სააღსრულებო ფურცელი) და №171325447 (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც მეორე სააღსრულებო ფურცელი) სააღსრულებო ფურცლები, რომელთა მიხედვითაც, მოსარჩელის ვალდებულება პირველი გამსესხებლის მიმართ, სესხის ძირითადი თანხით - 32000 აშშ დოლარით, ხოლო მეორე გამსესხებლის მიმართ, სესხის ძირითადი თანხით - 18000 აშშ დოლარით განისაზღვრა.
5. 2017 წლის 20 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა :
5.1. პირველ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა და სესხის ძირითადი თანხის, 32000 აშშ დოლარის ნაცვლად, 23 350 აშშ დოლარით განსაზღვრა;
5.2. მეორე სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა და სესხის ძირითადი თანხის, 18 000 აშშ დოლარის ნაცვლად, 13 150 აშშ დოლარით განსაზღვრა.
5.3. მოსარჩელე წინამდებარე განჩინების პირველ-მე-2, ასევე მე-4 პუნქტებში აღწერილ ფაქტებზე მითითებით ამტკიცებდა, რომ პირველ გამსესხებელს მოსარჩელე სარგებელს უხდიდა როგორც ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ისე მისი ამოწურვის შემდეგაც, რვა თვის განმავლობაში, შესაბამისად, მას 8650 აშშ დოლარი ზედმეტად აქვს მიღებული, რაც არ ასახულა სააღსრულებო ფურცელში. ამასთან, მეორე გამსესხებელმაც ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ზედმეტად მიიღო 9 თვის სარგებელი - 4850 აშშ დოლარი, რაც ასევე უნდა გამოჰკლებოდა სესხის ძირითად თანხას. მისი აზრით, საყურადღებო იყო, რომ სარგებლის ყოველი გადახდის შემდეგ მხარეთა შორის ფორმდებოდა ხელწერილები. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ გაფორმებული ხელწერილები პირველი გამსესხებლის შემთხვევაში, 2016 წლის მაისის ჩათვლით, ხოლო მეორე გამსესხებლის შემთხვევაში, იმავე წლის ივნისის ჩათვლით, სარგებლის გადახდის ფაქტს ადასტურებდა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ კრედიტორებისათვის გადახდილი თანხები სესხის ძირითად თანხას უნდა გამოჰკლებოდა და სააღსრულებო ფურცლებში შესაბამისი ცვლილებები უნდა ასახულიყო
6. მოპასუხეებმა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სააღსრულებო ფურცლებით აღსასრულებელი ვალდებულება განსაზღვრული იყო სწორედ იმ მოცულობით, რისი გადახდის ვალდებულებაც მოსარჩელეს ჰქონდა. მოპასუხეთა განმარტებით, ისინი მოვალისაგან ერთიანად იღებდნენ სარგებელს - 1250 აშშ დოლარს და შემდეგ, გასესხებული თანხების პროპორციულად, ურთიერთშორის თვითონვე ინაწილებდნენ. ხელშეკრულების შესაბამისად, მხარეთა შორის ყოველი გადახდისას ფორმდებოდა ხელწერილი, რომლებშიც აისახებოდა მსესხებლის მიერ სარგებლის სახით გადახდილი თანხები. მოსარჩელეს, გარდა სარგებლის გადახდის თაობაზე შედგენილი ხელწერილებისა, სხვა მტკიცებულებები, რომლებითაც მოსარჩელის მხრიდან სესხის ძირითადი თანხის გადახდა დადასტურდებოდა, სასამართლოსთვის არ წარუდგენია, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლი, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 623-ე მუხლი გამოიყენა.
8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად დაასკვნა, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მთლიანად გადახდილი თანხა არ აღემატებოდა სესხის შვიდი თვის სარგებელს. ამდენად, სარჩელი უსაფუძვლო იყო და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ ვლინდებოდა.
10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და, გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოითხოვა სააღსრულებო ფურცლებში მოსარჩელის მიერ პირველი გამსესხებლის მიმართ, აღსასრულებელი ვალდებულების ნაცვლად 32 000 აშშ დოლარისა, 28 000 აშშ დოლარით, ხოლო მეორე გამსესხებლის მიმართ, ნაცვლად 18 000 აშშ დოლარისა, 15 750 აშშ დოლარით განსაზღვრა. კასატორის მტკიცებით:
10.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ისე უარყვეს სასარჩელო მოთხოვნა, რომ არ გაითვალისწინეს შემდეგი ფაქტი: მოსარჩელეს კრედიტორებისათვის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც ჰქონდა სარგებლის სახით გადახდილი თანხები, რაც სააღსრულებო ფურცლებში ცვლილების შეტანის უპირობო საფუძველს ქმნიდა;
10.2. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებში არასწორად განიმარტა სსკ-ის 429-ე მუხლის მე-3 ნაწილი. ამასთან, სასამართლოებმა დავის მოსაწესრიგებლად უსაფუძვლოდ არ იხელმძღვანელეს სსკ-ის 625-ე და 403-ე მუხლებით;
10.3. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა არასწორად გაანაწილეს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი. სწორედ მოპასუხეებს უნდა ემტკიცებინათ, თუ რას გულისხმობდა ხელწერილებში მითითებული სარგებლის სახით გადახდილი თანხის ოდენობა და რომელი პერიოდისთვის იყო განკუთვნილი კონკრეტული გადახდა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 30 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში სსსკ-ის), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
13.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სააღსრულებო ფურცლებში ცვლილების შეტანით სესხის ძირითადი თანხის შემცირების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 427-ე (ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება)) და 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მუხლები. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და, ძირითადად, სამართლებრივად სწორად შეაფასა.
15. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო სააღსრულებო ფურცლებში ცვლილების შეტანის საფუძველი არ გამოვლინდა, სახელდობრ:
15.1. დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 19 თებერვალს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ პირველი კრედიტორისაგან 32 000 აშშ დოლარი, ხოლო მეორე კრედიტორისაგან 18 000 აშშ დოლარი, 7 თვით, სარგებლის, ძირითად თანხაზე ყოველთვიურად 2.5%-ის დარიცხვით ისესხა. ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მოვალეს სარგებლის სახით გადასახდელი ვალი ნაწილ-ნაწილ, ხოლო ძირითადი ვალდებულება ხელშეკრულების დასრულების დღეს - 2015 წლის 19 სექტემბერს, ერთიანი გადახდით უნდა დაეფარა. მხარეები შეთანხმდნენ სარგებლის ან სესხის გადახდის შემთხვევაში იპოთეკარის ხელმოწერით წერილობითი დოკუმენტის უპირობო შედგენის ვალდებულებაზე.
უდავოა, რომ მხარეებს ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ გაუგრძელებიათ.
15.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მას სესხის შვიდი თვის სარგებლის გადახდის გარდა, ნაწილობრივ შესრულებული აქვს სესხის ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულებაც.
პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა განაწილდეს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცებაც მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე დავის ფარგლებში, გამსესხებლის მტკიცების ვალდებულება შემოიფარგლება სესხის სახით თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთს სესხის თანხის დაფარვის დადასტურება წარმოადგენს.
15.3. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
პალატა განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სსსკ-ის 105-ე მუხლი).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა ხელშეკრულებით თავად განსაზღვრეს სესხის გადახდის ფაქტობრივი გარემოების დამამტკიცებელი მტკიცებულების წერილობითი ფორმა, შესაბამისად, პალატა მოსარჩელის მხრიდან სესხის დაბრუნების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მხოლოდ წერილობით საბუთს განიხილავს.
საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით (ხელწერილებით) დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეებს ჯამურად გადაუხადა 8750 აშშ დოლარი, რაც სესხის 7 თვის პროცენტს უტოლდება.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეებისთვის სესხის ძირითადი თანხის გადახდის ფაქტობრივი გარემოება არ დასტურდება.
15.4. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მის მიერ კრედიტორების სასარგებლოდ თანხის გადახდის დამადასტურებელი უკანასკნელი ხელწერილები ქმნიან პრეზუმფციას, რომ მას, პირველი კრედიტორის მიმართ 2016 წლის მაისის ჩათვლით, ხოლო მეორე კრედიტორის მიმართ, იმავე წლის ივნისის ჩათვლით, გადახდილი აქვს სესხის სარგებელი
სსკ-ის 429-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როდესაც ვალის გადახდა ხდება პერიოდულად, ნაწილ-ნაწილ, მაშინ დოკუმენტი მისი ბოლო ნაწილის გადახდის შესახებ, ვიდრე სხვა რამ არ დადასტურებულა, იძლევა იმის ვარაუდს, რომ გადახდილია წინა ნაწილიც.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული სამართლებრივი ნორმა ვრცელდება პერიოდულად შესასრულებელ სახელშეკრულებო ვალდებულებებზე. შესაბამისად, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ, ვინაიდან მოსარჩელეს სესხის სარგებლის ნაწილ-ნაწილ გადახდის ვალდებულება მხოლოდ 2015 წლის 19 სექტემბრამდე გააჩნდა, მისი მხრიდან, ხელშეკრულების ვადის გასვლიდან რამდენიმე თვეში სარგებლის გადახდის შესახებ დოკუმენტის შედგენა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმის დასტურად, რომ სესხზე სარგებლის გადახდას მოვალე ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც, ყოველთვიურად აგრძელებდა, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში აღნიშნულის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულებები არ მოიპოვება.
15.5. ამრიგად, პალატას მიაჩნია, რომ სარჩელი მართებულად იქნა უარყოფილი და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
17. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 599.9 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ც–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ.ც–ს (პ/ნ ....) დაუბრუნდეს დ.ჭ–ის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 857 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 20.05.2019წ.) 70% - 599.9 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი