Facebook Twitter

საქმე №ას-665-2019 4 ივლისი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს–ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანა, სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებულად აღიარება, სატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებული გირავნობების გაუქმება, უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ს–ა-სა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მსესხებელი ან დამგირავებელი) და შპს „ს-ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, კრედიტორი ან მოგირავნე) შორის 2015 წლის 20 იანვარს დაიდო №0820 (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც პირველი ხელშეკრულება) და №0821 (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც მეორე ხელშეკრულება) სესხისა და გირავნობის წერილობითი ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც, მოპასუხემ მსესხებელს 6 თვით, 2015 წლის 18 ივლისამდე, საკუთრებაში ორჯერ 76507650 აშშ დოლარი, სულ 15300 აშშ დოლარი გადასცა, თითოეულ სესხზე გაცემული თანხის ფიქსირებული 6%-ის (459 აშშ დოლარის) ყოველთვიურად სარგებლის დარიცხვით.

2. პირველი სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა MERCEDES BENZ AXOR 1840, სახელმწიფო ნომრით .... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი ავტომანქანა ან პირველი გირავნობის საგანი), ხოლო მეორე სესხის უზრუნველსაყოფად - მსესხებლის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა MERCEDES BENZ AXOR 1840, სახელმწიფო ნომრით .... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე ავტომანქანა ან მეორე გირავნობის საგანი).

3. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის შეთანხმება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს - გასესხებული ფულადი თანხის 0.3%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

4. მხარეებმა ორივე ხელშეკრულების მოქმედების ვადა 6 თვით, 2016 წლის 20 იანვრამდე გააგრძელეს.

5. 2016 წლის 13 მაისს მოსარჩელეს კერძო აღმასრულებელმა წინადადებით მიმართა და აცნობა, რომ მის წარმოებაშია სააღსრულებო საქმე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურების სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მომსახურების სააგენტო) მიერ 2016 წლის 15 იანვარს გაცემული და კრედიტორის მიერ წარდგენილი №006241 გირავნობის მოწმობის აღსრულების შესახებ და გირავნობის საგნების (ავტომანქანების) მისთვის ნებაყოფლობით გადაცემა შესთავაზა.

6. პირველ ავტომანქანაზე 2016 წლის 29 ივლისიდან რეგისტრირებულია აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ყადაღა. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება იმყოფება მოსარჩელესთან.

7. მეორე ავტომანქანაზე 2016 წლის 29 ივლისიდან რეგისტრირებულია აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ყადაღა. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მოპასუხესთან იმყოფება.

8. პირველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხეს მთლიანად გადაუხადა 19634.4 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 6802.07 აშშ დოლარი, პროცენტი - 9407.82 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 3424.51 აშშ დოლარი; მეორე ხელშეკრულების ფარგლებში კი, მოსარჩელემ სულ გადაიხადა 18991.8 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 6802.07 აშშ დოლარი, პროცენტი - 9407.82 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2781.91 აშშ დოლარი. ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოპასუხეს სულ გადაუხადა 38 610 აშშ დოლარი.

9. 2017 წლის 24 მაისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:

9.1. პირველ სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს ოდენობის - ნაცვლად, 0.3%-ის, 0.03%-ით განსაზღვრა;

9.2. პირველი სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების შესრულებულად მიჩნევა, ასევე, პირველ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის გაუქმება და მისი უკანონო მფლობელისაგან გამოთხოვა;

9.3. მეორე სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯარიმის 0.3%-ის ნაცვლად - 0.03%-ით განსაზღვრა.

9.4. მეორე სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების შესრულებულად მიჩნევა, ასევე, მეორე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის გაუქმება და მისი უკანონო მფლობელისაგან გამოთხოვა.

9.5. მოსარჩელე წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში აღწერილ ფაქტებზე მითითებით ამტკიცებდა, რომ 2015 წლის 20 იანვარს მხარეთა შორის დაიდო სესხისა და ავტომანქანების გირავნობის ორი წერილობითი - შეთანხმება, რომელთა საფუძველზეც, მოსარჩელემ მოპასუხისაგან 6 თვით მთლიანად 15300 აშშ დოლარი ისესხა. სესხის უზრუნველსაყოფად, მოპასუხის სასარგებლოდ დაგირავდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ორი ავტომანქანა. მოსარჩელე კეთილს–დისიერად და ჯეროვნად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და დადგენილი გრაფიკების მიხედვით, ყოველთვიურად იხდიდა სესხზე დარიცხულ პროცენტებს. სესხის ვადის ამოწურვის შემდეგ, ხელშეკრულების 3.2.12. პუნქტის თანახმად, სესხის დაბრუნების ვადა გაგრძელდა 6 თვით - 2016 წლის 20 იანვრამდე. მოსარჩელე აღნიშნულ პერიოდშიც 5 თვის განმავლობაში დროულად იხდიდა სესხის პროცენტებს, მან მხოლოდ 2015 წლის დეკემბრის პროცენტი ვერ გადაიხადა დროულად, რის გამოც, რამდენიმე დღეში - 2016 წლის 15 იანვარს მოპასუხემ მომსახურების სააგენტოდან გამოითხოვა გირავნობის მოწმობები სესხის უზრუნველყოფის მიზნით დაგირავებული ავტომანქანების მფლობელობაში გადაცემის მოთხოვნით და იძულებითი წესით აღსრულების პროცედურები დაიწყო. აღნიშნული ქმედებით მოპასუხემ ფაქტობრივად პრეტენზია გამოთქვა მოსარჩელის მიმართ, რაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების 3.2.12. პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულებების შეწყვეტის საფუძველია მეორე ექვსთვიანი ვადის ამოწურვისთანავე, ანუ 2016 წლის 20 იანვარს. მოპასუხემ 2016 წლის 12 მაისს იძულებითი აღსრულების მიზნით განცხადება წარუდგინა კერძო აღმასრულებელს, რომელმაც მეორე დღესვე - 2016 წლის 13 მაისს გახსნა სააღსრულებო წარმოება და მოსარჩელეს წინადადებით მიმართა გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, ხოლო მომდევნო დღეებში განახორციელა იძულებითი აღსრულების ღონისძიებები და დაასრულა აღსრულება. მიუხედავად ამ გარემოებებისა, მოპასუხემ 2016 წლის 12 მაისიდან კვლავ გააგრძელა სესხის ძირითად თანხაზე პროცენტებისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა, როგორც ხელშეკრულებების მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ, ასევე, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აღსრულების დაწყების შემდეგაც.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ პერიოდში მოსარჩელის მიერ პროცენტისა და პირგასამტეხლოს სახით გადახდილი თანხები ძირითადი თანხის გადახდის ანგარიშში უნდა ჩათვლილიყო და ხელშეკრულებები შესრულებულად მიჩნეულიყო.

გარდა ამისა, ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლო - 0.3% შეუსაბამოდ მაღალი იყო და 0.03%-მდე უნდა შემცირებულიყო, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დასაფარად ზედმეტად გადახდილი თანხებით სესხის ძირი უნდა დაფარულიყო.

10. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მან მიუთითა, რომ მოსარჩელემ 2016 წლის 28 ოქტომბრიდან შეწყვიტა გადახდა. მან 6 თვის განმავლობაში არაერთხელ მიმართა მოსარჩელეს დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, თუმცა, უშედეგოდ. მოგვიანებით, მან გააფრთხილა მოსარჩელე მოსალოდნელი შედეგების თაობაზე, კერძოდ იმაზე, რომ მიმართავდა კანონით გათვალისწინებულ ზომებს გირავნობის საგნების ჩამორთმევისა და მათი შემდგომი რეალიზაციისათვის. მოსარჩელემ მას გადასცა მფლობელობაში ერთ-ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება იმ პირობით, რომ დაახლოებით 10 დღეში მთლიანად დაფარავდა დავალიანებას, მეორე მანქანის გამოყენებით შემოსული თანხიდან. მოსარჩელემ აღნიშნული პირობაც დაარღვია და ექვსთვიან პერიოდში თანხა საერთოდ არ გადაუხდია. ის იძულებული გახდა, მიემართა მომსახურების სააგენტოსათვის და ავტოსატრანსპორტო საშუალების მის სახელზე რეგისტრაცია მოეთხოვა. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, კრედიტორმა ხელშეკრულების პირობების თანახმად, ყველა წარმოშობილ პირგასამტეხლოზე (მცირე და უმნიშვნელო პირგასამტეხლოს გარდა) მოსარჩელეს გაუნახევრა ჯარიმის ოდენობა. პირგასამტეხლოს საშუალო ოდენობა სესხის ძირითად თანხასთან შედარებით წელიწადში შედგენს დაახლოებით 15%-ს, შესაბამისად, დარიცხული ჯარიმა შეუსაბამოდ მაღალი არ იყო. ფულადი დავალიანების ოდენობა 2017 წლის 24 აპრილის ვითარებით შემცირებულია და მოსარჩელეს ორივე ხელშეკრულებიდან დასაბრუნებელი აქვს 847.93-847.93 აშშ დოლარი.

11. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ცვლილება შევიდა პირველ სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებაში და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს ოდენობა 0.3%-დან 0.03%-მდე შემცირდა; აღნიშნული ხელშეკრულება მიჩნეულ იქნა შესრულებულად; გაუქმდა პირველ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობა; ცვლილება შევიდა მეორე სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებაში და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს ოდენობა 0.3%-დან 0.03%-მდე შემცირდა; მეორე სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება შესრულებულად ჩაითვალა; გაუქმდა მეორე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობა და აღნიშნული ავტომანქანა გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 172-ე, 254-ე, 316-317-ე, 319-ე, 417-ე-418-ე და 420-ე მუხლები გამოიყენა.

12. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი და ექვემდებარებოდა შემცირებას გონივრული 0.03%-ის ოდენობამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ პირგასამტეხლოს სახით ზედმეტად გადახდილი თანხები სწორად ჩათვალა სესხის დაფარვის ანგარიშში.

13.2. სააპელაციო სასამართლოს განმატებით, გირავნობა აქცესორული უფლებაა და იგი დამოკიდებულია ძირითადი მოთხოვნის არსებობაზე. ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში, შესრულებით შეწყდა სასესხო ვალდებულება, აღარ არსებობდა ავტომობილებზე გირავნობის უფლების შენარჩუნების საფუძველი.

13.3. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები უკანონო მფლობელობიდან მეორე ავტომობილის გამოთხოვის თაობაზე. პალატამ აღნიშნა, რომ მეორე ავტომობილი იმყოფებოდა მოპასუხესთან, რომელსაც არ გააჩნდა მისი ფლობის უფლება, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან მისი გამოთხოვის შესახებ საფუძვლიანი იყო.

14. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

14.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და შეამცირეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.3%-დან 0.03%-მდე. სსკ-ის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილით კანონმდებელმა დაადგინა პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც ძირითადი თანხის 0.27%-ს შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შესაბამისად, საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი არ გააჩნდათ.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

17.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

18. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, პირგასამტეხლოს შემცირების, სესხის სახელშეკრულებო ვალდებულების შეწყვეტილად აღიარების, გირავნობის უფლების შეწყვეტისა და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ავტომანქანის გამოთხოვის მოთხოვნების სამართლებრივი საფუძვლებია: სსკ-ის 420-ე (სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო), 427-ე (ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება), 270-ე (გირავნობის უფლება წყდება იმ მოთხოვნის გაუქმებასთან ერთად, რომლის უზრუნველსაყოფადაც იგი არსებობს) და 172.1 (მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება) მუხლები. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა, სახელდობრ:

18.1. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აისახა. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...“, „პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა)პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ)პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).

18.2. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014).

19. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სსკ-ის 625.5 მუხლის უგულებელყოფით არასწორად შეამცირეს პირგასამტეხლო 0.3%-დან 0.03%-მდე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას სასამართლო ხელმძღვანელობს სსკ-ის 420-ე მუხლში მოცემული დანაწესით, რომლითაც მოსამართლეს მინიჭებული აქვს დისკრეცია ზემოთ განხილული გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. რაც შეეხება კასატორის მითითებას სსკ-ის 625.5 მუხლზე (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს თითოეული დღისთვის), საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმა აწესებს პირგასამტეხლოს დასაშვებ მაქსიმალურ ოდენობას და მასში დაწესებული მოცულობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირებაზე სსკ-ის 420-ე მუხლით დადგენილ სასამართლოს კომპეტენციას არ ცვლის (შდრ. სუსგ №ას-1465-2018, 21.12.2018).

მოცემულ შემთხვევაში, ვადაგადაცილების ხანგრძლივობის, არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული შესაძლო ზიანისა და გადახდის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის აზრით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნეს პირგასამტეხლოს პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0.3% შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და შეამცირეს 0.03%-მდე.

ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული სამართლებრივი მსჯელობა შეესაბამება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, კასატორის მითითებული არგუმენტი წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობა ვერ გახდება.

20. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ პირგასამტეხლოს შემცირების შედეგად ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა ჩათვლილიყო სესხის ძირის დაფარვაში, რის შემდეგაც მოსარჩელის ვალდებულება მოპასუხის მიმართ, შესრულებით წყდებოდა.

განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ პირველი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, მოსარჩელეს გადახდილი აქვს სესხის ძირითადი თანხა - 6802.07 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 3424.51 აშშ დოლარი; მეორე ხელშეკრულების ფარგლებში კი, ძირითადი თანხაა - 6802.07 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 2781.91 აშშ დოლარი.

ამდენად, უდავოა, რომ უკანასკნელი გადახდიდან მოსარჩელის დავალიანება მოპასუხის მიმართ განისაზღვრებოდა მხოლოდ ძირითადი თანხით, თითოეულ ხელშეკრულებაზე 847.93 - 847.93 აშშ დოლარით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს 0.3%-დან 0.03%-მდე შემცირების შედეგად, შეიქმნა ვითარება, როდესაც მოსარჩელემ ორივე ხელშეკრულებაზე გადაიხადა არსებულ დავალიანებაზე მეტი თანხა, შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ შესრულებით მხარეთა შორის ფულადი ვალდებულება შეწყვეტილია.

21. გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნა შეწყდა, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვლინდება გირავნობის უფლების შეწყვეტისა და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის გამოთხოვის ყველა წინაპირობა.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

23. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 509.8 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ს–ს“ (ს/კ ....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 728.35 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 16.05.2019წ.), 70% - 509.8 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი