ბს-314-298(კს-06) 2 ოქტომბერი, 2006წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ ქალაქ თბილისის მერიის ... სამსახური
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) _ დ. გ.-ე, თ. გ.-ე, მ. ი.-ი, ვ. ს.-ე, თ. კ.-ე, დ. ა.-ი, ი. ც.-ე, მ. მ.-ა
მესამე პირები _ გ. თ.-ე, ჯ. დ.-ე, გ. ბ.-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ... სამსახურის 2005 წლის 21 მარტის ზეპირი მოსმენის ¹ა/წ-22 სხდომის ოქმი და 2005 წლის 16 აპრილის ¹10 ბრძანება, ქ. თბილისის მერიის ... სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა (ს.ფ. 100-103).
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თბილისის მერიის ... სამსახურისა და მესამე პირების _ გ. თ.-ის, ჯ. დ.-ისა და გ. ბ.-ის მიერ (ს.ფ. 128-132).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 იანვრის განჩინებით გ. თ.-ის, ჯ. დ.-ისა და გ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში (ს.ფ. 137).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 იანვრის განჩინებით ქალაქ თბილისის მერიის ... სამსახურს მიეცა ვადა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დგინდებოდა სააპელაციო საჩივარზე ხელმომწერი პირის ვინაობა, თანამდებობა (საერთოდ გაურკვეველი იყო ვინ აწერდა ხელს) და არ იყო წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი გასაჩივრების უფლებამოსილების მითითებით. აღნიშნული განჩინებით სასამართლომ მხარეს განუმარტა, რომ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღებოდა და დარჩებოდა განუხილველი (ს.ფ. 135-136).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მერიის ... სამსახურის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ მოტივით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი აპელანტმა, ქალაქ თბილისის მერიის ... სამსახურმა არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში (ს.ფ. 154-155).
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ქალაქ თბილისის მერიის ... სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის დადებითად გადაწყვეტა.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, განჩინების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული შენიშვნა არ იყო საფუძვლიანი. სამსახურის სააპელაციო საჩივრის შეტანისას ხელმოწერის უფლებამოსილების საკითხი არ უნდა გამხდარიყო სადავო, რადგან თბილისის მერიის 2005 წლის 5 მაისის ¹38 ბრძანებით დამტკიცებული თბილისის მერიის ... სამსახურის დებულების მე-4 მუხლის «ე» პუნქტით სამსახურის უფროსს მიენიჭა მისდამი დაქვემდებარებული სამსახურის მოადგილეებისა და სტრუქტურული ერთეულების (ქვედანაყოფების) ხელმძღვანელებზე თავის უფლებამოსილებათა ნაწილობრივი დელეგირების უფლებამოსილება. აღნიშნული განხორციელდა 2005 წლის 14 ოქტომბრის ¹15ა/შგ ბრძანებით. ამდენად, ... განყოფილების უფროსი სააპელაციო საჩივარზე ხელმოწერისას მოქმედებდა ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად (ს.ფ. 180-181).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 აპრილის განჩინებით ქალაქ თბილისის მერიის ... სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ შეიცავდა მითითებას იმ გარემოებებზე, თუ ვის მიერ იქნა ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი, კონკრეტული პირის მონაცემებს (გვარი, სახელი, თანამდებობა), არ შეიცავდა მითითებას იმ გარემოებაზე და არ იქნა წარდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა დადგენილი ხარვეზის შესავსებად მათი მხრიდან გაშვებული იყო საპატიო მიზეზით. ამასთან, მათ არ მოუთხოვიათ კანონმდებლობით დადგენილი წესით ხარვეზის შევსებისათვის საპროცესო ვადის გაგრძელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მერიის ... სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 30 იანვრის განჩინებით ქალაქ თბილისის მერიის ... სამსახურს მიეცა ვადა (განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე) ხარვეზის შესავსებად, იმ მოტივით, რომ დგინდებოდა სააპელაციო საჩივარზე ხელმომწერი პირის ვინაობა, საერთოდ გაურკვეველი იყო ვინ აწერდა ხელს და არ იყო წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი გასაჩივრების უფლებამოსილების მითითებით. აღნიშნული განჩინებით სასამართლომ მხარეს განუმარტა, რომ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღებოდა და დარჩებოდა განუხილველი (ს.ფ. 135-136). თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 თებერვლის განჩინებით სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო ქალაქ თბილისის მერიის ... სამსახურის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად (ს.ფ. 154-155).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 იანვრის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ ქალაქ თბილისის მერიის ... სამსახურს ჩაბარდა 2006 წლის 9 თებერვალს (ს.ფ. 141), შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზი უნდა შეევსო არაუგვიანეს 2006 წლის 20 თებერვლისა, მიუხედავად ამისა, მას 2006 წლის 23 თებერვლამდე არ გამოუსწორებია ხარვეზი და არც შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის მიცემის საფუძვლის არარსებობას. სააპელაციო საჩივრიდან სრულიად გარკვევით ჩანს, რომ მას ხელს აწერს არა სამსახურის უფროსი ნ. ჩ.-ე, როგორც მასშია მითითებული, არამედ პიროვნება, რომლის სახელი და გვარი იწყება «მ» ასოთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მერიის ... სამსახურის კერძო საჩივარი, მითითებულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 420-ე მუხლის თანახმად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ქალაქ თბილისის მერიის ... სამსახურის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მერიის ... სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 თებერვლისა და 27 აპრილის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.