Facebook Twitter

საქმე №ას-704-2019 4 ივლისი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე–ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და ძირითადი სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების არარსებობის აღიარება (ძირითად სარჩელში), პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ძირითადი მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი ან მერია) და შპს „ე–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ძირითადი მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კომპანია ან მენარდე) შორის 2016 წლის 19 აგვისტოს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ხელშეკრულება), რომლის მიხედვითაც, მოსარჩელეს ქ. თბილისში, .... საკანალიზაციო კოლექტორის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოები უნდა შეესრულებინა. ხელშეკრულების ღირებულება 1 433 399 ლარით, სამუშაოს შესრულების ვადა კი, დავალების მიცემიდან 90 კალენდარული დღით განისაზღვრა.

2. ხელშეკრულების 6.1 პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მიიჩნეოდა. ამასთან, სამუშაოების (ან მისი ნაწილის) შესრულების თარიღად ჩაითვლებოდა „შესრულებული სამუშაოების აქტში“ (ფორმა №2) მითითებულ სამუშაოთა დასრულების თარიღი.

3. საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, განისაზღვრა პირგასამტეხლო, ვადაგადაცილებით წარმოდგენილი და მიღება-ჩაბარების აქტით გაფორმებული დადასტურებული სამუშაოების ღირებულების 0.1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

4. 2016 წლის 18 აგვისტოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „თ.ბ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ბანკი ან გარანტი) გასცა შესრულების საბანკო გარანტია (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საბანკო გარანტია) 35 834.98 ლარის ფარგლებში.

5. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში წარმოქმნილი საკითხების სიმრავლის გამო, სამუშაოების მიწოდების ვადა 2017 წლის 14 მარტის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2019 წლის 14 აპრილის ჩათვლით განისაზღვრა.

6. 2017 წლის 14 მარტს მოსარჩელესა და მერიას შორის დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმად, საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილებების გამო, სამუშაოების მიწოდების ვადა 2017 წლის 4 აპრილის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით განისაზღვრა.

7. 2017 წლის 30 მაისს მხარეები წერილობით შეთანხმდნენ საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილებებისა და ახალი სამუშაო ადგილების დამატების გამო, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლითაც გაიზარდა შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა და ღირებულება. სახელდობრ, სამუშაოს ღირებულება გაიზარდა 143291.99 ლარით და ნაცვლად 1 433 399 ლარისა, 1 576 690.99 ლარით განისაზღვრა.

8. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 29 ივნისს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, 2016 წლის 16 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობისას, აუცილებელი გახდა გარკვეულ სამუშაოთა მოცულობის ცვლილებები, რამაც ხარჯთაღრიცხვის კორექტირება მოითხოვა. სამუშაოთა მოცულობის შესრულების მიზნით, მენარდემ წარადგინა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა ხელშეკრულების ღირებულების გაუზრდელად, რის საფუძველზეც, ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში, სამუშაოების ღირებულება შემცირდა 0.50 ლარით და, ნაცვლად 1 576 690.99 ლარისა, განისაზღვრა 1 576 690.49 ლარით.

9. მხარეთა შორის ეტაპობრივად შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები ფორმდებოდა. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი მათ 2017 წლის 4 აგვისტოს შეადგინეს, რომლითაც დაადასტურეს, რომ ქ. თბილისში, ... საკანალიზაციო კოლექტორის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოები შესრულებული იყო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ მთლიანად 1 561 307.39 ლარი შეადგინა. სამუშაოთა დასრულების თარიღად მითითებულია 2017 წლის 25 ივნისი (იხ. ტ.1, ს.ფ. 81).

10. მენარდეს საბანკო გარანტია დაუბრუნდა და 2017 წლის 29 ივნისის შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულება სრულად აუნაზღაურდა.

11. მერიამ 2017 წლის 7 სექტემბერს მენარდეს წერილობით შეატყობინა, რომ ამ უკანასკნელს ხელშეკრულების 9.6. პუნქტის შესაბამისად, საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო, ვადაგადაცილებით წარმოდგენილი და მიღება-ჩაბარების აქტით გაფორმებული დადასტურებული სამუშაოების ღირებულების 0.1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც საერთო ჯამში 66 529.68 ლარს შეადგენდა. შემკვეთმა მენარდეს ხსენებული ჯარიმის უმოკლეს ვადაში გადახდა მოსთხოვა.

12. 2018 წლის 3 იანვარს, ძირითადმა მოსარჩელემ სარჩელი აღძრა ძირითადი მოპასუხის წინააღმდეგ და პირგასამტეხლოს - 66 529.68 ლარის გადახდის ვალდებულების არარსებობის აღიარება მოითხოვა. მოსარჩელე წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში აღწერილ გარემოებებზე მითითებით ამტკიცებდა, რომ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულა. მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების უკანასკნელი აქტით, დასტურდებოდა, რომ მოპასუხეს, სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ ჰქონია, ამასთან, ამ უკანასკნელმა მენარდეს შესრულებული სამუშაოების ღირებულება სრულად აუნაზღაურა. მოგვიანებით, მოპასუხემ, წერილობით აცნობა მოსარჩელეს, რომ სამუშაოთა შესრულების ვადაგადაცილების გამო დაეკისრა პირგასამტეხლო - 66529.68 ლარი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაშიც, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავდა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც, მენარდეს ვალდებულება არ დაურღვევია, რაც მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით თავად დაადასტურა მოპასუხემ, არ არსებობდა მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

13. ძირითადმა მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა ვადის დარღვევით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მენარდეს პირგასამტეხლო სახელშეკრულებო შეთანხმების ფარგლებში დაეკისრა.

14. მოგვიანებით, შემკვეთმა შეგებებული სარჩელი წარადგინა ძირითადი მოსარჩელის წინააღმდეგ და ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამ უკანასკნელისათვის პირგასამტეხლოს - 66 529.68 ლარის დაკისრება მოითხოვა. მისი მტკიცებით, შესასრულებელი სამუშაოების მიწოდების ვადა თავდაპირველად განისაზღვრა 90 კალენდარული დღით, 2017 წლის 14 მარტს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად კი, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 4 აპრილის ჩათვლით. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, დასტურდებოდა, რომ მენარდემ სამუშაოები ვადის დარღვევით დაასრულა, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი ვალდებული იყო, შემკვეთისათვის პირგასამტეხლო - 66 529.68 ლარი გადაეხადა.

15. ძირითადმა მოსარჩელემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო. მან ძირითად სარჩელში აღნიშნულ გარემოებებზე მიუთითა (იხ. პ. 12).

16. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა, ხოლო ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, აღიარებულ იქნა 2016 წლის 19 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი მოსარჩელის მიერ პირგასამატეხლოს - 66 529.68 ლარის გადახდის ვალდებულების არარსებობა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, მე-8, 115-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 417-ე და 629-ე მუხლები გამოიყენა.

17. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძირითადმა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღების, ძირითადი სარჩელის უარყოფისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

18.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის (მერია) პოზიცია დარიცხული პირგასამტეხლოს მართლზომიერებასთან დაკავშირებით და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, დადგენილად მიიჩნია, რომ ძირითად მოსარჩელეს (მენარდეს) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა არ დაურღვევია.

პალატამ აღნიშნა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სამუშაოების მიწოდების ვადა თავდაპირველად განსაზღვრული იყო - წერილობითი დავალების მიცემიდან 90 კალენდარული დღით, თუმცა მოგვიანებით, სამუშაოების მიწოდების ვადები სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში წარმოქმნილი შეფერხებებისა თუ პროექტის ცვლილებებთან დაკავშირებით, რამდენჯერმე გაიზარდა. საქმეში არსებული 2017 წლის 30 მაისისა და იმავე წლის 29 ივნისის შეთანხმებებით დასტურდებოდა, რომ სამუშაოთა მიმდინარეობისას აუცილებელი გახდა გარკვეული ცვლილებები, რაც განპირობებული იყო, როგორც თავად სამუშაოთა მოცულობის გაზრდით, ასევე, საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილებებით, შესაბამისად, განხორციელდა ხარჯთაღრიცხვის დაკორექტირებაც. საბოლოოდ, სამუშაოების მიწოდების ვადა 2017 წლის 14 მარტის შეთანხმებით განსაზღვრული იყო 2017 წლის 4 აპრილის ჩათვლით, ამდენად, ივარაუდებოდა, რომ მითითებული ვადა გაგრძელდა შესასრულებელი სამუშაოების მიმდინარეობის შესაბამისად. ამასთან, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო, რომ ძირითად მოპასუხეს შესრულების ხარისხთან ან სამუშაოს მიწოდების ვადებთან დაკავშირებით, რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს. მხარეებმა 2017 წლის 4 აგვისტოს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით დაადასტურეს, რომ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოები შესრულდა 2016 წლის 19 აგვისტოს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სამუშაოების დასრულების თარიღად კი, 2017 წლის 25 ივნისი მიუთითეს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაასკვნა, რომ მენარდეს ვალდებულება არ დაურღვევია, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა აღიარებული ძირითადი მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს - 66 529.68 ლარის გადახდის ვალდებულების არარსებობა, რაც თავისთავად გამორიცხავდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.

19. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ძირითადმა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღების, ძირითადი სარჩელის უარყოფისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

19.1. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ისე მიიჩნიეს მენარდის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ხელშეკრულების პირობების შესაბამისად შესრულებულად, რომ არ გაითვალისწინეს მხარეთა 2017 წლის 14 მარტის წერილობითი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები 2017 წლის 4 აპრილს უნდა დასრულებულიყო.

საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით დასტურდებოდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ვადის დარღვევით დასრულდა, სახელდობრ, მხარეთა შორის უკანასკნელად შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი, ადასტურებდა, რომ სამუშაოები საბოლოოდ არა 2017 წლის 4 აპრილს, არამედ, 2017 წლის 25 ივნისს დასრულდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვლინდებოდა მენარდისათვის პირგასამტეხლოს - ვადაგადაცილებით წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებული სამუშაოების ღირებულების, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.1 %-ის (66529.68 ლარი) დაკისრების საფუძველი.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

22.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

23. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, ძირითადი მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან ამ უკანასკნელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ დაურღვევია.

23.1. პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლებიდან გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვრის არარსებობა და აქედან გამომდინარე, შეგებებული მოთხოვნის უსაფუძვლობა და, ძირითადად, სამართლებრივად სწორად შეაფასა.

23.2. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ერთადერთ სადავო საკითხს წარმოადგენს მენარდის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეთანხმებულ ვადაში შესრულება.

ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ძირითად მოსარჩელეს სამუშაოების შესრულების ვადა არ გადაუცილებია და შესაბამისად, ვალდებულებაც არ დაურღვევია.

აღნიშნული დასკვნის გამოტანის საფუძველს ქმნის საკასაციო საქმეზე უდავოდ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, სახელდობრ: მხარეთა შორის 2017 წლის 30 მაისსა და იმავე წლის 29 ივნისს გაფორმებული შეთანხმებებით დასტურდება, რომ სამუშაოთა მიმდინარეობისას აუცილებელი გახდა ხელშეკრულების პირობებში გარკვეული ცვლილებების განხორციელება, რაც განპირობებული იყო, სამუშაოთა მოცულობის გაზრდით, რამაც თავის მხრივ, აუცილებელი გახადა საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილებები, შესაბამისად, განხორციელდა ხარჯთაღრიცხვის კორექტირებაც. აღნიშნული მიზეზით, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოთა მიწოდების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა. 2017 წლის 4 აგვისტოს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით მხარეებმა დაადასტურეს, რომ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოები შესრულდა 2016 წლის 19 აგვისტოს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სამუშაოების დასრულების თარიღად კი, 2017 წლის 25 ივნისი მიუთითეს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, 2017 წლის 14 მარტის შეთანხმებით სამუშაოების მიწოდების ვადა განსაზღვრული იყო 2017 წლის 4 აპრილის ჩათვლით, თუმცა ზემოაღნიშნული უდავო ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ერთობლივად ანალიზის საფუძველზე, გასაზიარებელია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა, რომ შესრულების ვადა გაგრძელდა კორექტირებული სამუშაოების მიმდინარეობის შესაბამისად. ამასთან, ამ თვალსაზრისით, ყურადსაღებია, რომ ძირითად მოპასუხეს შესრულების ხარისხთან ან სამუშაოს მიწოდების ვადებთან დაკავშირებით, რაიმე პრეტენზია უკანასკნელი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას არ გამოუთქვამს და, უფრო მეტიც, მან უკან დაუბრუნა ძირითად მოსარჩელეს საბანკო გარანტია და სრულად აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოების საზღაური.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მენარდეს სახელშეკრულებო ვალდებულება არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობდა მისთვის პირგასამტეხლოს - 66 529.68 ლარის დაკისრების საფუძველი.

24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. №ას-1058-1018-2016, 17.02.2017).

25. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

27. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი