საქმე №ას-715-2019 4 ივლისი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ა(ა)იპ ქ. თბილისის #.. საბავშვო ბაგა - ბაღი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.მ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, დასაქმებული ან დირექტორის მოადგილე) ა(ა)იპ ქ. თბილისის №...-ე საბავშვო ბაგა-ბაღში (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი ან საბავშვო ბაღი) დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე უვადო შრომითი ხელშეკრულებისა და 2008 წლის 1 აპრილის №20 ბრძანების საფუძველზე იყო დასაქმებული. მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 600 ლარს (დარიცხული) შეადგენდა (საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ-ის, მე-6 მუხლი; იხ. ს.ფ. ტ.1, 20).
2. დასაქმებულის მიმართ რაიმე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ გამოყენებულა. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების სანიმუშოდ შესრულებისათვის გამოეცხადა მადლობა.
3. დამსაქმებლის 2016 წლის 3 ივნისის ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლებას საფუძვლად სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი, საბავშვო ბაღის წესდების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და შინაგანაწესის დანართის - ეთიკის კოდექსის 3.3. მუხლი დაედო (იხ. ტ.1, ს.ფ. 27).
4. მოსარჩელემ 2016 წლის 13 ივნისს განცხადებით მიმართა დამსაქმებელს, ხელშეკრულების შეწყვეტისა და გათავისუფლების საფუძვლების წერილობით დასაბუთების მოთხოვნით, რაზეც დამსაქმებელმა იმავე დღეს წერილობით გასცა პასუხი. დასაბუთებაში მითითებულია, რომ მისი გათავისუფლების საფუძველია ეთიკის კოდექსის დარღვევა კოლეგებთან მიმართებით.
5. 2016 წლის 12 ივლისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების, ბათილად ცნობის, ასევე, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, გათავისუფლების დღიდან - 2016 წლის 6 ივნისიდან სამსახურში აღდგენამდე, თვეში 600 ლარის გათვალისწინებით. მოსარჩელე წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში აღწერილ გარემოებებზე მითითებით ამტკიცებდა, რომ ის საბავშვო ბაღში წლების განმავლობაში მუშაობდა და დაკისრებულ მოვალეობებს კეთილსინდისიერად ასრულებდა. 2016 წლის 25 მაისს ბაღში შეიცვალა ხელმძღვანელობა და დაინიშნა ახალი დირექტორი, რის შემდეგად მოსარჩელის მიმართ მიზანმიმართული დევნა დაიწყო. მოსარჩელის მტკიცებით, სამსახურში პროვოკაცია არასდროს გამოუწვევია, რეალურად, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მისი პოლიტიკური შეხედულებებით იყო განპირობებული, სახელდობრ კი, იმ ფაქტით, რომ დასაქმებული ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და უბნის კოორდინატორი იყო.
6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარდგენილი შესაგებლით გამორიცხა მოთხოვნა და განმარტა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან კანონიერად გათავისუფლდა, სახელდობრ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების საფუძველს წარმოადგენდა ეთიკის კოდექსის 3.3 პუნქტის დარღვევა, რაც მოსარჩელის მხრიდან ბაღის ახალი დირექტორის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით, პროვოკაციული ქმედებებითა და დავალებების შეუსრულებლობით გამოიხატა.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა საბავშვო ბაღის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 2016 წლის 6 ივნისიდან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება დაეკისრა, მისი ყოველთვიური ხელფასის - 600 ლარის (დაუბეგრავი ოდენობით) გათვალისწინებით. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი, სშკ-ის მე-2, 22-ე, 32-ე, 37-ე, 38-ე მუხლები, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 54-ე და 115-ე მუხლები გამოიყენა.
8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნია, რომ არ იკვეთებოდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ის სხვა ობიექტური გარემოება, რომლითაც დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა კანონიერად მიიჩნეოდა. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანი იყო და მართებულად დაკმაყოფილდა;
9.2. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, სადავო ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო 2016 წლის 1 ივნისის „ინციდენტი“, როდესაც, მოსარჩელემ ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელსა და ბაღის დირექტორს შორის კომუნიკაციის დამყარება სცადა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელის მხრიდან 2016 წლის 1 ივნისს რაიმე პროვოკაციის ფაქტი არ დასტურდებოდა, უფრო მეტიც, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა (ს.ტ–ი, ი.ქ–ა, დ.დ–ი, თ.ქ–ი და დ.ზ–ძე) მოსარჩელის მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტი არ დაადასტურეს. ამასთან, მოწმის სახით დაკითხულმა ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელმა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა 2016 წლის 1 ივნისის „ინციდენტში“, ცალსახად დაადასტურა, რომ დასაქმებულს პროვოკაცია არ გამოუწვევია და არც ეთიკის ნორმები დაურღვევია. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ დირექტორს შეატყობინა, რომ მისი ნახვა ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელს სურდა, არ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ დასაქმებულმა დაარღვია საბავშვო ბაღის ეთიკის კოდექსის 3.3 პუნქტი. პალატის შეფასებით, დამსაქმებელმა შესაბამის სარწმუნო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ უზრუნველყო მოსარჩელის მხრიდან დირექტორის მიმართ 2016 წლის 1 ივნისს შეურაცხყოფისა და არაეთიკური მიმართვის ან/და დამოკიდებულების ფაქტის დადასტურება;
9.3. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა დასაქმებულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის, ბაღის დოკუმენტაციის ხელოვნურად გაბნევისა და დირექტორის მითითებების დაუმორჩილებლობის ფაქტებიც, შესაბამისად, აღნიშნულის თაობაზე მხოლოდ აპელანტის ზეპირსიტყვიერი მითითება, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს არ ქმნიდა;
9.4. ვინაიდან ვლინდებოდა, სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და დასაქმებულის სამსახურში აღდგენის წინაპირობები, სშკ-ის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, პალატამ დასკვნა გამოიტანა, რომ იკვეთებოდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველიც.
10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით :
10.1. უსაფუძვლოა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებში განვითარებული მსჯელობა, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ ვლინდებოდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სხვა ობიექტური გარემოება, რომლითაც მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლება კანონიერად მიიჩნეოდა;
10.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ მოსარჩელე საბავშვო ბაღის ახალდანიშნული დირექტორის მიმართ ღიად გამოხატავდა უარყოფით დამოკიდებულებას და არ ემორჩილებოდა მას. დასაქმებული მუდმივად ცდილობდა, შეელახა დირექტორის რეპუტაცია და ეჭვქვეშ დაეყენებინა მისი პროფესიონალიზმი, რათა თანამშრომლები ამ უკანასკნელის წინააღმდეგ განეწყო;
10.3. 2016 წლის 1 ივნისს საბავშვო ბაღის აღსაზრდელის ერთ–ერთი მშობელი დასაქმებულის მეშვეობითა და ხელშეწყობით დაუკავშირდა დირექტორს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას. აღნიშნული ფაქტი ცხადყოფდა, რომ მოსარჩელე პროვოკაციას აწყობდა. მითითებული გარემოება დაადასტურეს სასამართლო პროცესზე დაკითხულმა მოწმეებმაც;
10.4. მოპასუხე მიზანმიმართულად არ გაუფრთხილდა საბავშვო ბაღის იმ მნიშვნელოვან დოკუმენტაციას (საბავშვო ბაგა–ბაღში დასაქმებული პირთა პირადი ინფორმაცია, სხვადასხვა აქტები და ოქმები), რომელიც მასთან ინახებოდა;
10.5. ის ფაქტი, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას, საბავშვო ბაღის დირექტორი კანონის მოთხოვნათა სრული დაცვითა და მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა, სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს და, აქედან გამომდინარე, არასწორი დასკვნებიც გამოიტანეს.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
13.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება,), 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შესრულებულია აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წინაპირობები. ამასთან, არ ვლინდება მოთხოვნის გამომრიცხველი/ან შემწყვეტი გარემოებები.
15. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა მართლზომიერად შეწყდა, სახელდობრ:
15.1. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი, საბავშვო ბაღის წესდების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და შინაგანაწესის დანართის - ეთიკის კოდექსის 3.3. მუხლი დაედო.
15.2. სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების მოშლისთვის აუცილებელია: ა) შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი იყოს განსხვავებული იმავე მუხლში მითითებული სხვა საფუძვლისაგან; ბ) იგი არ იყოს დამოკიდებული დამსაქმებლის სუბიექტურ ნებაზე; გ) იყოს ფაქტობრივი, ე.ი. იმგვარი, რომლის დამტკიცება და უარყოფა შესაძლებელია; დ) გარეშე, ნეიტრალური დამკვირვებლის თვალში წარმოადგენდეს საკმარის მიზეზს შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის. ამასთან, ნების გამოხატვის საფუძვლად არსებულ ქმედებასა და ნების გამოვლენას შორის უნდა არსებობდეს შედეგობრივი კავშირი და ე) ხელშეკრულების მოშლით დამდგარ ფაქტობრივ შედეგს ხელშეკრულების შენარჩუნებით დამდგარ ფაქტობრივ შედეგთან უპირატესობა ჰქონდეს.
კასატორი სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნტით გათვალისწინებული „სხვა ობიექტური გარემოების“ არსებობის ფაქტობრივ საფუძვლად უთითებს იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელე საბავშვო ბაღის დირექტორის მიმართ მკვეთრად უარყოფითად იყო განწყობილი, არ ემორჩილებოდა მას, მოქმედებდა პროვოკაციულად და მუდმივად ცდილობდა, ეჭვქვეშ დაეყენებინა მისი საქმიანი რეპუტაცია.
15.3. დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, შრომითსამართლებრივ დავებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურება ახასიათებს, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. ამდენად, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ. სუსგ # ას-483-457-2015, 07.10.2015).
15.4. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, სახელდობრ კი, მან ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად დასახელებული გარემოებების უტყუარობის გაქარწყლება და მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება.
ამ თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმის პირველი ინსტანციით განხილვის დროს, თავად მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულმა მოწმეებმა ერთმნიშვნელოვნად გამორიცხეს მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს რაიმე დისციპლინური გადაცდომა ან ეთიკის ნორმების დარღვევა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ობიექტური, ხელშეკრულების მოშლისათვის საკმარისი საფუძველი არ გააჩნდა და მისი სადავოდ გამხდარი ქმედება ეწინააღმდეგება მხარეებს შორის უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს.
16. ვინაიდან მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა, არსებობდა თანმდევი სასარჩელო მოთხოვნების (სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება) დაკმაყოფილების წინაპირობებიც.
17. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობასა და დასკვნებს და აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანი იყო და მართებულად დაკმაყოფილდა.
18. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.
19. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 252 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ ქ. თბილისის #... საბავშვო ბაგა - ბაღის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ა(ა)იპ ქ. თბილისის #... საბავშვო ბაგა - ბაღს (ს/კ ....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 360 ლარის (საგადასახადო დავალება #1556607928, გადახდის თარიღი 30.04.2019წ.) 70% - 252 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი