საქმე № ას-938-2019 25 ივლისი, 2019 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - ნ.ო–ძე, ი.კ–ძე (მოპასუხეები, მოსარჩელეები შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ჟ–ძე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
მოპასუხეები - სს „ქ.ფ–მი“, ჯ.ნ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხვა (თავდაპირველ სარჩელში), უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით გ.ჟ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა კერძოდ:
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხეებს - სს „ქ.ფ–სა“ და ჯ.ნ–ს შორის 2007 წლის 10 ოქტომბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ქ. ქარელში, ..... ს/კ - ით #..... (სადავო უძრავი ქონება);
1.2. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე - ჯ.ნ–სა და ი.კ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) შორის 2016 წლის 30 მარტს დადებული სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
1.3. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი აპელანტსა და ნ.ო–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) შორის 2016 წლის 30 მარტს დადებული სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
1.4. მოსარჩელე გახდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე;
1.5. მოპასუხეების შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა - ი.კ–ძემ და ნ.ო–ძემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რასაც საფუძვლად გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 14-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევა დაედო. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 2591-ე, 369-ე, 374-ე მუხლებით.
3.1. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი (2019 წლის 15 თებერვალი) ცნობილი იყო აპელანტებისთვის, რომლებიც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა არ გამოცხადებულან სასამართლოში და არ ჩაუბარებათ გადაწყვეტილების ასლი, შესაბამისად გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების ჩაბარებისთვის დადგენილი 30 - დღიანი ვადის გასვლის მეორე დღიდან, 2019 წლის 18 მარტიდან და ამოიწურა 2019 წლის 1 აპრილს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი ხაშურის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ იქნა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ 2019 წლის 18 აპრილს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტებმა დაარღვიეს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადა.
3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენა, კანონით დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით განაპირობებს მის დაუშვებლობას, რაც, თავის მხრივ, წარმოშობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.
4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: კერძო საჩივრის ავტორებმა სსსკ-ის 2591-ე მუხლით განსაზღვრულ ვადებში, 2019 წლის 13 მარტს მიმართეს ხაშურის რაიონულ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. რამდენიმე დღეში კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელი დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს განცხადებაზე რეაგირების დაზუსტების მიზნით. აღმოჩნდა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება გაგზავნილი იყო წარმომადგენლის მისამართზე, თუმცა ბინის ნომრის მიუთითებლობის გამო გზავნილი დაუბრუნდა სასამართლოს. აღსანიშნავია, რომ მითითებულ მისამართზე მდებარეობს „ნ.ვ.უ–ი“, ბინას კი არ აქვს ნომერი, თუმცა საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ უფრო ადრე მოსარჩელის წარმომადგენლის გზავნილი კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელს ანალოგიურ მისამართზე ჩაჰბარდა.. აღნიშნული დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებს ჩაჰბარდათ 2019 წლის 4 აპრილს და 14-დღიანი გასაჩივრების ვადის დაცვით, 2019 წლის 17 აპრილს, წარადგინეს სააპელაციო საჩივარი ხაშურის რაიონულ სასამართლოში.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დასაბუთებულია. შესაბამისად, ის უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, "კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით." ხოლო 410-ე მუხლის თანახმად კი, "საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას."
7. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების საფუძველზე მოპასუხეების სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის მართლზომიერება. ამ კონტექსტში საკასაციო სასამართლო იზიარებს მოპასუხეების მსჯელობას სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
8. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
9. მოცემულ შემთხვევაში ხაშურის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა 2019 წლის 15 თებერვალს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელმა - ნ.ტ–მა 2019 წლის 13 მარტს განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 26-ე დღეს (იხ. ტ.2, ს.ფ. 177-178), რის შემდეგად 2019 წლის 15 მარტს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი გაიგზავნა წარმომადგენლის მიერ განცხადებაში მითითებულ მისამართზე. 2019 წლის 19 მარტის უკუგზავნილით დასტურდება, რომ წარმომადგენელს მის მიერ მითითებულ მისამართზე გზავნილი ვერ ჩაჰბარდა ბინის ნომრის მიუთითებლობის გამო (იხ. ტ.2, ს.ფ. 183). 2019 წლის 27 მარტის უკუგზავნილის დეტალებით ირკვევა, რომ იმავე მიზეზით კვლავაც ვერ ჩაჰბარდა გზავნილი ადრესატს (იხ. ტ.2, ს.ფ. 185).
10. კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლის პოზიციას გზავნილის ჩაბარების თაობაზე, კერძოდ აღნიშნულ მისამართზე მდებარეობს შპს „ნ.ვ.უ–ი“ და მის ბინას არ აქვს ნომერი, თუმცა საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ მისამართზე 2019 წლის 28 იანვარს ჩაბარებულია გზავნილი (იხ. ტ.2, ს.ფ. 240-241). პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას კერძო საჩივრის ავტორების მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების 2019 წლის 4 აპრილს ჩაბარების თაობაზე, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეფექტური სასამართლო დაცვის უფლება გულისხმობს, სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეების შესაძლებლობას, გამოიყენონ გასაჩივრების უფლება იმ მომენტიდან, როცა მათ შეუძლიათ ეფექტურად შეაფასონ სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება დაარღვიოს მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები. საქმეში „გ.ნ.მ–ი რუსეთის წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „სასამართლომ ვადის შემზღუდველი პროცედურული ნორმა ისეთნაირად განმარტა, რომ ხელი შეუშალა მომჩივნის საჩივრის გამოკვლევას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის სასამართლოს ეფექტური დაცვის უფლება დაირღვა.“ (Georgiy Nikolayevich Mikhayliv v. Russia, 4543/04, $57, 2010, ECHR). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ როდესაც საკითხი უკავშირდება სამართლებრივი სიცხადის პრინციპს (Legal certainty), ეს არ არის უბრალოდ სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის პრობლემა, არამედ არსებობდა პროცედურული მოთხოვნის არაგონივრულ კონსტრუქცია, რამაც გამოიწვია ეფექტური სასამართლო დაცვის უფლების დარღვევა. მხარეებს უნდა შეეძლოთ, გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR).
12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა ყველა შესაძლებლობა გადაეცა მოპასუხეებისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილება, მან მოპასუხეების წარმომადგენელს ორჯერ გაუგზავნა გადაწყვეტილების ასლი, თუმცა ვერც ერთხელ ვერ ჩაჰბარდა ადრესატს მითითებულ მისამართზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა მხარის უფლება, გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გასაჩივრების წესების დაცვით, მას ყველა შესაძლებლობა უნდა გამოეყენებინა მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, კერძოდ გზავნილის წარმომადგენლისთვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, აღნიშნული უნდა გაგზავნილიყო მოპასუხეების მისამართზე, მით უფრო, რომ საქმის მასალებიდან აღნიშნულ მისამართებზე შეტყობინების ჩაბარების შემთხვევები ფიქსირდება (იხ. ტ.1. ს.ფ 132, 271; ტ.2. ს.ფ 227), ამასთან თუ უკანასკნელ შემთხვევაშიც ვერ მოხდებოდა მხარეებისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება, სასამართლოს შეეძლო შეტყობინების სხვა რომელიმე ფორმა გამოეყენებინა, მაგალითად საჯარო შეტყობინება შესახებ აქტი, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში უკვე არაერთხელ იქნა გამოყენებული სხვადასხვა პირებზე (იხ. ტ.2. ს.ფ. 6-11, 186-190). სასამართლოს მიერ საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობამ, მოპასუხეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაუბარებლობამ ხელყო მოპასუხეების გასაჩივრების უფლება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი დასაბუთებულია იმ საფუძვლით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებამდე მოპასუხეები მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას, გაესაჩივრებინათ გადაწყვეტილება. ზემოაღნიშულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა: „საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული“ (შდრ. სუსგები # ას-558-533-2016, 15.07.2016წ; #ას-562-537-2016, 15.07.2016წ; #ას-299-284-2016, 22.04.2016წ;).
13. ამდენად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეებისთვის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების საპროცესო ვადა არ უნდა ჩაითვალოს გასულად.
14. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლო აუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებას და საქმე უბრუნდება იმავე სასამართლოს მოპასუხეების სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ო–ძისა და ი.კ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი